პაატელაინენი: “მსაჯი შეცდა, თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ დაინიშნა”
ლატვიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქსუ პაატელაინენმა, საქართველოს ნაკრებთან “დინამო არენაზე” განცდილი მარცხის (1:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“შეხვედრა სწორედ ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. მინდა ჩემი გუნდი შევაქო დისციპლინისთვის, თავდადებისთვის. საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში განეიტრალებული გვყავდა. ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, შანსების გამოუყენლობის შემთხვევაში ისჯები. ძალიან მოხარული ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით, თუმცა ვნანობ, რომ ასეთი გოლი გავუშვით.
თუ ყველა დარჩენილ თამაშს მოვიგებთ, ბუნებრივია, გასვლის შანსი გვექნება. ამავდროულად ვიაზრებთ იმ ფაქტს, რომ საქართველო ჯგუფის ფავორიტია. თუმცა ჯგუფში მებრძოლი ნაკრებები არიან, ანდორაც ბოლომდე ეცდება სასურველი შედეგის მიღწევა და გამორიცხული არაა, საქართველომაც დაკარგოს ქულები. ერთა ლიგის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდა, ისინი ევროპის სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ, რისი სიამოვნებაც სხვა ნაკრებებს არ აქვთ.
ჩემი გადმოსახედიდან, პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, არავითარ შემთხვევაში. მსაჯები უფრო მეტად უნდა იყვნენ გარკვეულნი ასეთ სიტუაციებში, როდესაც ფეხბურთელები სიმულირებენ. თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ დაინიშნა. არ მინდა ყოველი მომენტი გავარჩიო პრესასთან, ყვითელი ბარეთები მივიღეთ, ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა და ვერაფერს შევცვლით.
ლატვიის ნაკრები დღეს გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ანდროასთან შეხვედრაში. ანდორასთან მატჩში პირველ ნომრად ვთამაშობდით, ასეთ დროს თავს არც ისე კომფორტულად ვგრძნობთ. დღევანდელის მსგავს თანაბარ თამაშებში ჩვენს შესაძლებლობებს უკეთ ვიყენებთ,” – განაცხადა პაატელაინენმა.