ეროვნული ლიგა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა – საბა, კვარა, ზუკა, არაბა…

“მეტალისტ 1925”-ის ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ საფეხბურთო კლუბ “გაგრასთან” კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ზაფხულამდე შეუერთდა.

მანამდე, ბათუმის “დინამოში” რუსეთიდან ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდნენ.

ქუთაისის “ტორპედოში” გიორგი არაბიძე თამაშობს, რომელმაც დღეს “ლოკომოტივს” შეუგდო.

საერთო ჯამში, ელიგაში თუ ნაკრების წევრობის კანდიდატებს არ ჩავთვლით, 8 ფეხბურთელი დაგროვდა, რომლებიც სანიოლმა ბოლო შეკრებაზე გამოიძახა: დავითაშვილი, კვარაცხელია,  მამუჩაშვილი, კობახიძე, კუპატაძე, ჩაბრაძე – ბათუმიდან. ანზორ მექვაბიშვილი – თბილისიდან. საბა კვირკველია – გაგრადან. პლუს, ირაკლი აზაროვი, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მუდმივად გამოძახებულთა სიაშია და საბა ხვადაგიანსაც შანსი ხშირად ეძლევა. იქვეა, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია, ელგუჯა ლობჯანიძე, სერგო კუხიანიძე და ლევან ხარაბაძე. “ტორპედოში” და “დინამო ბათუმში” ლევან მჭედლიძე და ჯანო ანანიძე. მართალია, პაპუნაშვილი ბოლო პერიოდია ცუდ ფორმაშია, მაგრამ 27 წლის ასაკში კვლავ შეუძლია ნაკრებისთვის გამოსადეგი იყოს.

შესაძლებელი იყო, გიორგი წიტაიშვილს კარიერა ივნისამდე თბილისის “დინამოში” გაეგრძელებინა, სადაც ვარჯიშობდა კიდეც, მაგრამ პოლონეთში წავიდა.

ფაქტია, ეროვნულ ლიგა ასე ძლიერი არასდროს ყოფილა და წინ საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის.

რამზან კადიროვმა ამჯერად კალათბურთში მოსინჯა ძალები, მაგრამ (ვიდეო)

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა სხვადასხვა სპორტში მცდელობების შემდეგ, ამჯერად კალათბურთში მოსინჯა ძალები.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ტენ ჰაგი ჩაიბარებს

გამოცემა ESPN იუწყება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” მომავალი სეზონიდან ამსტერდამის “აიაქსის” მოქმედი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს.

“წითელი ეშმაკები” გუნდის თავკაცის პოსტზე ოთხ კანდიდატურას განიხილავდნენ: თომას ტუხელი (“ჩელსი”), ხულენ ლოპეტეგი (“სევილია”), ერიკ ტენ ჰაგი (“აიაქსი”) და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები). როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელთა არჩევანი ნიდერლანდელ სპეციალისტზე შეჩერდა.

წყაროს თანახმად, ტენ ჰაგის თანაშემწედ შესაძლოა, რენე მელენსტენი დაინიშნოს, რომელიც 2007-დან 2013 წლამდე სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე გასული წლის 3 დეკემბრიდან 63 წლის გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი მუშაობს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

ოფიციალურად: დავითაშვილმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ტულის “არსენალთან” კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ინფორმაციას რუსული კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

“საქართველოს ნაკრების ბანაკში მყოფმა ზურიკო დავითაშვილმა კლუბში კონტრაქტის გაწყვეტის თხოვნით განცხადება გამოაგზავნა. ნახევარმცველმა საკუთარი გადაწყვეტილება ოჯახური გარემოებებით ახსნა”, – ნათქვამია ტულის “არსენალის” განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს.

დე ბრუინი: “კარიერაში პირველად ვნახე, რომ გუნდმა 5-5-0 ტაქტიკით ითამაშა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “სიტიმ” მადრიდული კლუბი საკუთარ მოედანზე მიიღო და სწორედ დე ბრუინის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

“ეს ორი განსხვავებული სტილის მქონე გუნდის დაპირისპირება იყო, ამიტომაც რთული თამაში გამოვიდა. ვიცი, რომ გულშემატკივრებისათვის ასეთი მატჩის ყურება ძნელია, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ იმ სტილს, რითაც მეტოქე მოედანზე გამოდის.

როგორც წესი, მოწინააღმდეგეები ძალიან დაცვით ფეხბურთს გვიპირისპირებენ, მაგრამ დღეს კარიერაში პირველად ვნახე, რომ გუნდი 5-5-0 ტაქტიკით თამაშობდა… უთავდამსხმელოდ. სივრცეების პოვნა რთული იყო”, – განაცხადა დე ბრუინმა.

“ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი გუნდი გახდა, რომელსაც ერთ მატჩში კარისკენ დარტყმის მცდელობაც კი არ ჰქონია.

დავით კერესელიძე: “სულელი უნდა ვიყო, 8 მილიონი წყალში გადავყარო”

ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის შედეგების შესახებ ისაუბრა.

“ახლაც ვერ გამოვდივარ შოკიდან, არ მჯერა რომ ასეთი რამ მოხდა. განსაკუთრებით ის, რომ ეს მოხდა იმ ლოჟიდან, სადაც სხედან საზოგადოების პატივსაცემი წევრები. მე მთავარი მწვრთნელის პოზიციასაც არ ვამართლებ, მე არ მომწონს უშვერი სიტყვები მოედანზე. უკიდურესად შეძრწუნებული და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა. მე გეუბნებით, თუ გია ცეცაძე წავა კლუბიდან, ეს პროცესი მხოლოდ მისი შეცვლით არ დასრულდება”, – თქვა კერესელიძემ, რომლის კომენტარს ადგილობრივი ვებ-გვერდი, Kutaisipost-ი აქვეყნებს.

შეკითხვაზე, წარუმატებელი მატჩებისა და გუნდში არსებული გამოწვევების ფონზე, შესაძლოა თუ არა, რომ ინვესტორმა უარი თქვას კლუბზე, დავით კერესელიძემ თქვა, რომ გამორიცხული არაფერია.

“ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი უნდა მოხდეს, რომ ჩვენ დავნებდეთ. ასე ადვილად არ დავნებდებით. ცეცაძის მოყვანის მთავარი მამოძრავებელი იყო სწორედ ის, რომ მას ყოველთვის აქვს “რომანტიკა” შემტევი, ლამაზი ფეხბურთის. ეს “რომანტიკა” ჯერ რომ ვერ ამართლებს, დავინახეთ. ჩვენ მერიასთან არ გვაქვს ხელშეკრულება დადებული, კლუბი არის ჩვენი საკუთრება, კლუბი გასხვისებულია და ჩვენ ვართ მესაკუთრე. სულელი უნდა ვიყო, რომ როცა კლუბს ამ მომენტში აქვს რვა მილიონზე მეტი ბიუჯეტი, ეს თანხა ნაგავში გადავყარო”, – თქვა დავით კერესელიძემ.

“ტორპედოს” ელიგაში 4 ტურის შემდეგ 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.

Kutaisipost.ge

ძველი ჩაკვე დაბრუნდა! – ქართველმა 11 წუთში უბრალოდ იფრინა

მე-2 ბუნდესლიგის გადადებულ მატჩში “ჰამბურგმა” “აუტსაიდერი” “ერცგებირგე” მიიღო და 4-0 გაანადგურა. ჩაკვე სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა, როცა “ჰამბურგს” მატჩი 3-0 მიჰყავდა.

ჩაკვე თამაშში ისე ჩაერთო, გერმანელი გულშემატკივრები მის ძირითადში დაყენებას ითხოვენ.

გიორგი 11 წუთში ბურთს 17-ჯერ შეეხო

1 გრძელი პასი

1 კარში ზუსტი დარტყმა

5-დან 5 წარმატებული დრიბლინგი

5-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა

რამდენჯერმე შერბენა გააკეთა 3-4 ფეხბურთელში და მიცემული დრო საოცრად ნაყოფიერად გამოიყენა

“ჩაკვეტაძე მომდევნო მატჩებში სასტარტოში უნდა იყოს. მისი მიდგომა, პასები, დრიბლინგი ალიდუზე მაგარი იყო. ექსტრემალურად გააფრთრებული შემოვიდა”

ანჩელოტი “რეალს” ლონდონში არ გაჰყვა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართება. “სამეფო კლუბი” ინგლისში მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გარეშე ჩაფრინდა. იტალიელ სპეციალისტს კორონავირუსი აქვს.

“რეალი” ლონდონში თავკაცის გარეშეა, თუმცა გადაჭრით ჯერ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ხვალინდელ შეხვედრას გუნდი ანჩელოტის გარეშე ჩაატარებს. თუ იტალიელის კოვიდტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, შესაძლოა, მწვრთნელი ხვალ ინგლისში ჩაფრინდეს.

ანჩელოტის შემთხვევაში კორონავირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. იტალიელმა სპეციალისტმა შაბათს, პრიმერაში “სელტასთან” გამართული შეხვედრა (2:1) გამოტოვა.

“ჩელსისა” და “რეალს” შორის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას კლემან ტიურპენის ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შახტარი: “დინამო თბილისს” დიდ მადლობას ვუხდით”

თბილისის “დინამოს” ჰუმანიტარული დახმარება ლვოვში ჩავიდა და “ლვივის არენაზე” მოწყობილ თავშესაფარში გადანაწილდება. “დინამომ” უკრაინელებისთვის აუცილებელი ნივთები შეიძინა, რაც უკრაინულ გუნდებთან კომუნიკაციით გადაწყდა და ტრაილერებით გაიგზავნა.

დახმარების ჩასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია დონეცკის “შახტარის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და “დინამოს” მადლობა გადაუხადა რთულ მდგომარეობში გვერდში დგომისთვის.

არჩილ ბერიძის ვრცელი ინტერვიუ, თუ რა ხდება ბათუმის “დინამოში”

რუსულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Championat-მა “დინამო ბათუმის” პრეზიდენტთან, არჩილ ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

– კვარაცხელია “დინამოში” მამუკა ჯუღელთან თქვენი მეგობრობის გამო მოხვდა?
— სხვადასხვა ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი. ფეხბურთელსაც სურდა ჩვენთან.

– როგორ შეხვდა ამას “რუბინის” გენ.დირექტორი საიმანოვი?
– ასეთ დეტალებზე არაფერი ვიცი. ყველაფერი აგენტის მეშვეობით გადაწყდა

– ბევრი საუბარია, რომ ბათუმი შეიძლება იქცეს ტრამპლინად “ნაპოლიში”, “არსენალში” ან “მილანში” გადასასვლელად
– დღეს კვარაცხელია “დინამოს” მოთამაშეა. ვფიქრობთ, როგორ გამოავლინოს თავის სრულად აქ.

– ცდილობთ მის შენარჩუნებას?
– რა თქმა უნდა, მაგრამ გვესმის, რომ ეს მარტივი არაა

– ვინ იხდის მის ხელფასს?
– ჩვენი კლუბი, სრულად.

– მისი გაყიდვიდან “რუბინს” ერგება რამე?
– ეს კითხვაც მამუკას ეკუთვნის.

– ზურიკო დავითაშვილი მალე გახდება თქვენი ფეხბურთელი?
– ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება

– რატომ არ თამაშობს ჯანო ანანიძე?
– ჯანომ თურქეთში კოვიდი გადაიტანა, შემდეგ რაღაც პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა კარგადაა.

– კვარაცხელია ტრანსფერის შემდეგ თქვენი გუნდის ღირებულება 24 მილიონი ევროა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ რუსული კლუბები, “შახტარი” და კიევის “დინამო” არიან წინ. ეს თქვენ ეგოს მაღლა წევს?
– საქმე ამაში არ არის, თუმცა ეს ჩვენი ამბიციების მაჩვენებელია. ჩვენ აუცილებლად გვსურს ევროტურნირებზე მოხვედრა. თუ ჩემპიონთა ლიგა არა, ევროპა ლიგაზე აუცილებლად.

– როგორია კლუბის ბიუჯეტი?
– ეს საიდუმლოა.

– საუბარია, თქვენ სახელმწიფოს მიერ მოცემულ ლარზე ხუთს ზემოდან ამატებთ. ასეა?
– დაახლოებით, 4-5.

– ქართული ბიზნესი დიდი სიხარულით ხარჯავს ფულს ფეხბურთში?
– ბათუმი, ეს სულ სხვა შემთხვევაა. თქვენ ხედავთ, რა ხდება სტადიონზე.

– აჭარის მთავრობა გეხმარებათ?
– იქ “დინამოს” ძველი გულშემატკივრები არიან, რომლებიც, რა თქმა უნდა, განზე არ დგებიან.

– რამდენი მაყურებელი შეგმატათ ხვიჩამ?
– ვფიქრობ, 30 პროცენტი. რაოდენობრივად და ემოციურად.

– წავიკითხე თქვენი რამდენიმე ინტერვიუ. როგორც ჩანს, საფეხბურთო მოედანზე თავს უკვე თავდაჯერებულად გრძნობთ?
– მე ფეხბურთში ახალი არ ვარ. 16 წლამდე ვითამაშე, ჩვენი სამშენებლო კომპანია ბევრ კლუბს უჭერდა მხარს. ფეხბურთით ვცხოვრობ. 35 წელია “მილანის” გულშემატკივარი ვარ. ჩემ თავს პროფესიონალს არ ვეძახი, მაგრამ ვცდილობ, გარკვეული ნიუანსები შემოვიტანო. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავი. “აიაქსისა” და “ატლეტიკოს” ბაზებმა მაგრად გამაოცა. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ.

– მიუხედავად ასეთი სტადიონისა და ბაზისა?
– გვჭირდება სრულყოფილი აკადემია და საფეხბურთო ვერტიკალის აშენება.

– ფეხბურთი საქართველოში ცოცხლობს?
– რა თქმა უნდა და ვითარდება.

გიორგი წიტაიშვილის ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონურ “ვისლაში” გააგრძელებს.

წიტაიშვილი პოლონეთში იჯარის წესით ივნისამდე წავა და შემდეგ სხვა კლუბში გადაბარგდება.

“ვისლა” ექსტრაკლასაში 27 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია. გუნდი 34 წლის თურქი ადემ ბუიუკის დამატებასაც ფიქრობდა, თუმცა არჩევანი გიორგიზე შეჩერდა.

წიტაიშვილი ოდესის “ჩერნომორეციდან” წამოსვლის შემდეგ თბილისის “დინამოში” ვარჯიშობდა.

ჭანტურიადან ჩხუბამდე – გია ცეცაძის წარმოუდგენლად საშინელი შედეგები

გია ცეცაძეს ბოლო 2 წელია სამწვრთნელო კარიერაში ძალიან ცუდი პერიოდი უდგას. ახლა ცეცაძე “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელია, წასვლაზე განცხადებაც დაწერა, თუმცა ჯერ არ დაუკმაყოფილეს.

2020 წლის 8 იანვარს გია ცეცაძე “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გუნდში გიორგი ჭანტურია მიიყვანა და 1 თვეში გუნდი დატოვა.

2020 წლის 22 ივნისს ცეცაძემ უკრაინი “ლვივი” ჩაიბარა. 12 მატჩი ჩაატარა, 9-ჯერ წააგო და 3 ფრე ითამაშა. ბოლოს საკუთარი სურვილით წავიდა.

2021 წლის 7 თებერვალს ეროვნული ლიგის დაწყებამდე “სამტრედიაში” დაბრუნდა. ჩაატარა 31 შეხვედრა და პრაქტიკულად გავარდნილი კლუბიდან სულ მალე “ტორპედოში” მივიდა, რომელთან ერთად, პლეი-ოფი ითამაშა და სასწაულებრივად, “მერანთან” სერიაში გამარჯვება შეძლო.

ახალი სეზონი მიმდინარე წლის 27 თებერვალს და თბილისის “დინამოსთან” 4-0 მარცხით დაიწყო. ელიგაში “ტორპედოს” 3 მარცხი და 1 მოგება აქვს. ბოლოს გულშემატკივართანაც იჩხუბა.

რომ შევაჯამოთ, გიას ბოლო 2 წელი ასე გამოიყურება.:

52 მატჩი

8 მოგება

35 წაგება

9 ფრე

ცეცაძის დარჩენა-არდარჩენა გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.