ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს

ტელეწამყვანი ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და ქართველ ფეხბურთელს მიმართავს.

“ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა დავწერო.

ბევრს ადამიანს დასწყვიტა გული ჩემმა სტატუსმა. ბევრმა მომწერა კიდეც. მეც, როგორც ბევრმა სხვამ, გულშემატკივრის პოზიციიდან დავწერეთ ჩვენი გულისწყრომა, რადგან არ გვინდოდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინაში ამ საშინელი ომის ფონზე რუსულ კლუბში დარჩენილიყო.

რადგან დადასტურდა, რომ რუბინი დატოვა და ბათუმში გააგრძელებს კარიერას, პირადად მე ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც კროტიკულად იყო განწყობილი. რუსეთში რომ დარჩენილიყო, ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებდი საქართველოს ნაკრებში. ვფიქრობ, დააგვიანა წამოსვლა და ამის გაკეთება უფრო მკაფიოდაც შეიძლებოდა, როგორც არა ერთმა სპორტსმენმა გააკეთა, მაგრამ მთავარია, წამოვიდა. სხვა დანარჩენს ახლა აღარ მივანიჭებ მნიშვნელობას. ისე, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც, მანამდე უნდა გადასულიყო რომელიმე ევროპულ გუნდში, დასაწყისისთვის თუნდაც საშუალო დონის კლუბში.

დავუბრუნდები რუსეთსა და სპორტს – თავის დროზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანზე იგივე დამოკიდებულება მქონდა და ახლა უკვე თავადაც აღიარა, რომ საერთოდ არ უნდა გადასულიყო რუსეთის არმიელთა კლუბში.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ ბათუმის დინამოს მიმართ დიდი პატივისცემისა, ცხადია, კვარაცხელიასთვის დროებითი კლუბი უნდა იყოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს.
დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელია, როგორც საქართველოს პატრიოტი, ისევ გაგვახარებს თავისი გოლებით. წარმატებას ვუსურვებ და ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე. გული რომ არ შეგვტკიოდეს, არც არაფერს დავწერდით კრიტიკულს.

ერთი სიტყვით, წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ყოველთვის გავამხნევებთ” – წერს სანაია.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ეს კომენტარი დაწერა: გითხარით, შიგნიდან ანგრევს-მეთქი რუბინს და არ გჯერათ. პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს”.

ზვიად კუპატაძე: “ბოდიშს ვუხდი მაგდა კლდიაშვილსა და საზოგადოებას” (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ ბოლო დროს მასსა და ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით მორიგი მიმართვა ჩაწერა.

“რატომ მოვხვდი ამ გადაცემაში (სპორტი დიდ ქალაქში – რედ) და რატომ შეატრილეს, ისე როგორც ჩვევიათ. შენ დაგესხმებიან თავს, ოჯახს, მერე მიიღენ საკადრის პასუხს, მერე ხდებიან მსხვერპლი, თურმე აგრესიის. საწყალი ჟურნალისტები, საწყალი ჟურნალისტი მაგა კლდიაშვილი”

“რასაც წერენ სიცრუეა, რომ მე გამაღიზიანა მაგდას კითხვამ. მე გამაღიზიანა მაგდას იქ ყოფნამ. ჩვენს შორის კონფლიქტი 2017 წლიდან დაიწყო, დავბლოკე და მას შემდეგ კონტაქტი არ მქონია”

“4 დღე მირეკავდნენ მიწვევაზე. მაფრთხილებდნენ, რომ იქნებოდა პროვოკაციები, არ დავთანხმებულიყავი. “მთავარი” არ შედიოდა ტელევიზიების ჩამონათვალში და არ უნდა მიმეცა ინტერვიუ. მიუხედავად ამისა, მე ვარ საქართველოს ნაკრების კაპიტანი და არ ვყოფ არც პოლიტიკურად ტელევიზიებს. თუ აქვთ სურვილი, მე ყოველთვის გახსნილი ვარ და დასამალი არაფერი მაქვს. არც მიცხოვრია ისე, რომ რამე დავმალო. 4 დღე მთხოვდნენ – ეს გადაცემა უნდა ყოფილიყო ხვიჩას კვარაცხელიას დასახმარებლად. მაბავდნენ და ახლა ვხვდები რა ხდება. იციან, რომ მე აქ ოჯახი მყავს, მეუღლე არის რუსი. საბოლოოდ შემაბეს, რომ ჩავრთულიყავი გადაცემაში. ერთი კითხვაც არ არის დასმული ხვიჩაზე. ვხვდებით, რომ ეს სპეცოპერაცია დაიწყო ჩემი შებმით. სპეცოპერაციის ნაწილი იყო მაგდა კლდიაშვილიც და მათ დაასმევინეს მაგდას კითხვა. მე საქმით დავამტკიცე, რომ ვარ პატრიოტი”

“ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და მაგდასაც, მაგრამ როცა დედა გირეკავს, დედა, რომელიც შეწუხებულია, 1 წელიც არ გასულა მამის გარდაცვალებიდან, შეიძლება უფრო რბილად და თავშეკავებულადაც კი იყო ვიდეო ჩაწერილი. ის სიცრუეა, რომ რასც იძახის მაგდა და ბოდიშის მოხდა თუ ვინმესთვის პრინციპულია, ბოდიშს ვუხდი. ჩემი ემოციებიდან გამომდინარე, მე მქონდა ამის უფლება. მე მომიწვიეს ხვიჩას გამო”

“დიდი მადლობა ყველას და არავის ეგონოს, გულს ავიცრუებ ნაკრებზე. ამით მე ვძლიერდები. ჰო, იმედია, მაგდანს იმდენს არ იზამს, რომ არ მიმიწვენ ნაკრებში და იქნებ, ქვეყანაშიც არ შემიშვან.”

“ჩემი მიზანია ბიჭებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ და მიუხედავად იმისა, რომ 42 წლის ვარ, ყველაფერს ვეცდები” – განაცხადა კუპატაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გუშინ საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ ფეხბურთელს მაგდასა და საზოგადოების მიმართ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

“ნაპოლი”: ხვიჩა უფასოდ თუ 15 მილიონად?

Gazzetta dello sport, Corriere dello Sport და სხვა იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ზაფხულში მისი გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა არის 2 ვარიანტი: კვარა ზაფხულში ნეაპოლში უფასოდ წავა ან 15 მილიონის სანაცვლოდ.

Gazetta-ს ინფორმაციით, “ნაპოლი” ყაზანის “რუბინთან” მოლაპარაკებას ჯერ არ იწყებს და ელოდება Fifa-ს მიერ მომდევნო მოქმედებებს. შესაძლოა, 30 ივნისამდე, მაშინ, როცა ფეხბურთელებს რუსეთში დაბრუნება უწევთ, Fifa-მ დამატებითი რეგულაციები აამოქმედოს და მოთამაშეებს ხელშეკრულების გაწყვეტა ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე შეეძლოთ.

შესაბამისად, “ნაპოლი” “რუბინთან” კონტაქტზე ზაფხულში გავა. თუ უფასოდ არ გამოვიდა, იტალიელებს კვარაცხელიასთვის 15 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული.

“სამგურალმა” “ზენიტის” ფეხბურთელი დაიმატა

წყალტუბოს “სამგურალმა” “ზენიტის” 21-წლამდე გუნდის მოთამაშე დაიმატა.

“წყალტუბოს “სამგურალმა” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე დაიმატა. ჩვენი გუნდის ახალწვეული ბოლოს სანკტ პეტერბურგის “ზენიტის” 21 წლამდე გუნდში თამაშობდა. “სამგურალში” კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. “სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. გიორგი ჭელიძე “სამგურალში” 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე ჭელიძე მოსკოვის ,,დინამოს” აკადემიაში თამაშობდა. 2017 წელს დააწინაურეს “დინამოს” დუბლებში, საიდანაც ბელგიურ ,,ტუბიცეში” გადავიდა. 2019–2020 წლებში თამაშობდა ერევნის “არარატში”. 2020–2021 წლების სეზონში კი “ზენიტი” 2–ში ასპარეზობდა.
გიორგი ჭელიძეს რუსეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. იყო რუსეთის 16, 17 ,18, 19 და 20 წლამდე ნაკრებების წევრი” – წერია “სამგურალის” განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიბერ ეროვნულ ნაკრებს ქმნის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიბერ სპორტში ჩართვა გადაწყვიტა.

“მოხარული ვართ გაცნობოთ FIFAe Nations Series 2022- თან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ.

აპრილის თვეში პროფესიონალ კიბერ მოთამაშეებს შორის საქ. კიბერ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად FiFa 2022-ის ტურნირს ჩავატარებთ, გათამაშების საუკეთესო მოთამაშეები კი პირველი საფეხბურთო კიბერ ეროვნული ნაკრების წევრობის სტატუსს მიიღებენ და ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვა ქვეყნების უძლიერეს გეიმერებს დაუპირისპირდებიან.

The road to the FIFAe Nations Cup 2022” – წერია ფედერაციის განცხადებაში.

ეროვნული ლიგის რამდენიმე გუნდს უკვე ჰყავს ინდივიდუალური მოთამაშეები, რომლებიც მათი სახელით სხვადასხვა ტურნირზე გამოდიან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ მაგდა კლდიაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს მიმართა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “მთავარი არხის” ეთერში კუპატაძეს რუსეთიდან წამოსვლაზე და რუსეთის უკრაინაში ომის შესახებ ჰკითხა.

არ ვაპირებდი არაფრის ჩაწერას, გუშინ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რაღაც საიტზე, არამზადა და კლავიატურის ვირთხა მაგდა კლდიაშვილი და ვიღაცები, რაღაცებს წერენ ჩემზე, ჩემ ოჯახზე, ჩემი ოჯახი როგორ საუბრობს რუსულად თუ ქართულად, მე ქართველი ვარ თუ არა.”

“ჯერ რაღა საქმე გააკეთეთ კლავიატურის ვირთხებო, რომელთაც საქართველოსთვის და არავისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. მერე ისაუბრეთ ჩემზე, ჩემ ოჯახზე. მე რა გავაკეთე საქართველოსთვის. ეს ვირთხები, ვინც ჩემ ოჯახს შეურაცხყოფას აყენებთ, შეგინებით არ შევიგინები, თვითონ ქართველები მოგხედავენ შენ, მაგდა კლდიაშვილო, საზიზღარო ადამიანო და კლავიატურის ვირთხავ. მე ვარ ამაყი, რომ ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, რომელსაც აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ოცნებობენ ამ გუნდში თამაშზე. ეს არის სპორტი, მე ვარ სპორტსმენი. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქართველს ემტერებით. ჩემი ჩამოსვლა იგივეა, ქვეყნებს, რომელთა ზღვა არ აქვთ, მეზღაურებს ეძახდნენ. რამდენი რამ ჩაიდო, რომ საქართველოსდან თავი დაეღწია სპორტსმენს და რაღაცისთვის მიეღწია. ხან, კვარაცხელიას აგინებთ და ერთმანეთს გაუფრთხილდით, სპორტსმენებს. აზრზე მოდით რეებს აკეთებთ და სამშობლოს სიყვარულზე ვის გალანძღავთ” – თქვა კუპატაძემ.

იხილეთ ვიდეო:

კვირას მთავარი არხის გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წამყვან დავით ერაძეს ჟურნალისტები მაგდა კლდიაშვილი და ნანიკო ჩოკორაია ჰყავდა მიწვეული. სტუმრებმა ისაუბრებს ქართველი ფეხბურთელების რუსეთის ლიგაში თამაშზე, მათ შორის, ხვიჩაზე და ასევე, ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიაზე. შემდეგ გადაცემაში ზვიად კუპატაძე მოიწვიეს და კლდიაშვილმა ეს შეკითხვა დაუსვა.

“მე გულდაწყვეტილი ვარ, შენ ხარ ნაკრების კაპიტანი, გავიგე მიზეზები, რომ ოჯახი რუსეთში გყავს. მე ვუყურებ რუსი სპორტსმენების კომენტარებს, ისინი ნაკრებში ბავშვების ხოცვას დენაციფიკაციას ეძახიან. შენ თამაშობ “გაზრომ იურგაში”, უხერხულობის გრძნობა მაინც არ გიჩნდება იმ ხალხის გვერდით თამაშის დროს, რომლებიც ბავშვების ხოცვას დენაციფიკაციას ეძახიან. შენი პოზიცია როგორია, შენც ასე ფიქრობ, ეს მაინტერესებს, კი თუ არა. ხოცავს თუ არა რუსეთი უკრაინაში ხალხს ან რატომ არ გინდა დაბრუნდე ოჯახით სამშობლოში. რუსეთი არის სრულ იზოლაციაში და დიდი ხანი ვერ გაექცევა ამას. ჩვენ გვინდა რომ დაბრუნდე, შენ ხარ ნაკრების კაპიტანი და ბევრი მისია გაქვს. რატომ ხარ ჩუმად, ჩვენ მაინც გვითხარი, შენც ხომ არ ფიქრობ, რომ დენაციფიკაციაა ეს”.

კუპატაძის შეურაცხმყოფელი მიმართვის შემდეგ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, მხარდაჭერა გამოუცხადა კლდიაშვილს, დაგმო მეკარის მიმართვა და მას ჟურნალისტისა და საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული სპორტსმენების მხრიდან ქართველი სპორტული ჟურნალისტების მისამართით შეურაცხყოფების ფრქვევას დასასრული არ აქვს. ამჯერად, ახალი შეურაცხყოფების ადრესატი ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, ხოლო ავტორი – საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზვიად კუპატაძე გახდა. განსაკუთრებით გულსატკენია, რომ ლანძღვა გავიგეთ იმ სპორტსმენისგან, რომელმაც სულ მცირე ხნის წინ უკაპიტნა გუნდს, რომელმაც დაძლია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ტურნირის ბარიერი და დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა. დროა ვისწავლოთ სწორი ურთიერთობები და კომუნიკაცია მედიასთან. რაც კუპატაძემ გააკეთა, არ ჯდება არც კაცურ, არც ტრადიციულ, არც თანამედროვე და არც ცივილიზებულ აღქმაში. ჟურნალისტის, მეტადრე მანდილოსანი ჟურნალისტის მისამართით ასეთი მდაბალი და უინტელექტო შეტევა ქართველ სპორტსმენს, მით უმეტეს, ეროვნული ნაკრების კაპიტანს, არ შეშვენის. გვინდა გვჯეროდეს, რომ ზჳიადი მიხვდა თავისი არასწორი საქციელის სიმდაბლის მასშტაბებს, რომელიც, ვფიქრობთ, გაუაზრებლად და იმპულსური ემოციების ფონზე ჩაიდინა და ბოდიშს მოიხდის როგორც მაგდა კლდიაშვილის, ისე ზოგადად ქართველი სპორტული ჟურნალისტების და ქართული საზოგადოების წინაშე.

და კიდევ, ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანს გვსურს შევახსენოთ და მკაფიოდ დავუფიქსიროთ: სპორტულ ჟურნალისტს აქვს უფლება, რომ დასვას ნებისმიერი შეკითხვა, რაოდენ უხერხულად და მიუღებლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ. თქვენ კი გაქვთ სრული უფლება და თავისუფლება, უპასუხოთ ან არ უპასუხოთ ამ შეკითხვას. მაგრამ არავის აქვს უფლება, შეკითხვის გამო, რაოდენ არაკომფორტულიც არ უნდა იყოს ის თქვენთვის, ჟურნალისტს შეურაცხყოფები მიაყენოს. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სოლიდარულია მაგდა კლდიაშვილის მიმართ და მოუწოდებს ზვიად კუპატაძეს, გააცნობიეროს თავის არასწორი საქციელი” – წერს ასოციაცის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ან ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთო ასათიანი მომხდარს არ გამოხმაურებიან.

ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე წლებია რუსეთის “გაზპრომ იურგაში” თამაშობს.

ტაჰა აკგული გენო პეტრიაშვილთან გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

თურქეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტაჰა აკგულმა ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც იცით, თურქმა მოჭიდავემ 30 მარტს კონტინენტის პირველობა მეცხრედ მოიგო. მან ფინალში გენო პეტრიაშვილი 5:2 დაამარცხა.

“მე-9 ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა ღმერთს. ამ მედლისათვის ბევრი ვიშრომე, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ვგრძნობ გულშემატკივრების გვერდში დგომას. იმედი მაქვს წარმატებულ ასპარეზობას გავაგრძელებ”, – წერს აკგული Instagram-ში.

“თქვენ საზიზღარი არსებები ხართ!” – რუსი ჟურნალისტი პოლონელ ფეხბურთელებს (ვიდეო)

რუსული სპორტული სატელევიზიო არხის ჟურნალისტმა, ანტონ ანისიმოვმა პირდაპირ ეთერში პოლონელებს “საზიზღარი არსებები” უწოდა.

როგორც იცით, პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს უნდა შეხვედროდა, თუმცა აგრესორი ქვეყნის ნაკრები დისკვალიფიკაციით დასაჯეს. პოლონეთი, ავტომატურად, ფინალში გავიდა, სადაც შვედეთი 2:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

“მე მინდა, ჩემი სახელით ვისაუბრო და არა – არხის. პოლონეთის ნაკრებს, ლევანდოვსკისთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდ წარუმატებლობას ვუსურვებ. ბიჭებო, წარმატებები, თქვენ საზიზღარი არსებები ხართ!” – განაცხადა ანისიმოვმა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი-შვედეთის მატჩის მიმდინარეობისას, პოლონელი ფანების მხრიდან რუსეთის საწინააღმდეგო შეძახილები ხშირად ისმოდა.

კიდევ ერთი არგენტინელი “ინტერში”?

შესაძლოა, მილანის “ინტერის” რიგებს კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელი შეემატოს.

“რადიო კონტინენტალის” ცნობით, “ნერაძური” “რივერ პლეიტიდან” ფაბრისიო ანხილერის გადმობირებას აპირებს.

28 წლის ფეხბურთელი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და იტალიელები მას ივან პერიშიჩის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებენ. ხორვატ ნახევარმცველს კონტრაქტი ივნისში ეწურება და მხარეებს ახალი შეთანხმება ჯერ არ მიუღწევიათ.

ფაბრისიო ანხილერისა და “რივერ პლეიტს” შორის არსებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა ივნისში გაუვა. შესაბამისად, “ინტერს” მისი უსასყიდლოდ დამატების შესაძლებლობა აქვს. არგენტინელ ფეხბურთელს ევროპაში თამაშის გამოცდილება არ აქვს.

კანტემ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა იუარა

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენს” ლონდონის “ჩელსიდან” ნგოლო კანტეს გადმობირება სურდა. წყაროს თანახმად, იანვრის ბოლოს პარიზული კლუბის წარმომადგენლები ფრანგ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და “პსჟ”-ში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა კანტემ ტრანსფერზე უარი თქვა.

31 წლის ფეხბურთელსა და “ჩელსის” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. ნგოლო კანტე ლონდონური კლუბის დატოვებას ჯერ არ აპირებს.

ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კანტეს სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

ოფიციალურად: ვან ნისტელროი “პსვ”-ს უთავკაცებს

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი “პეესვე ეინდჰოვენს” უთავკაცებს. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი მომავალი სეზონიდან ამოქმედდება და ძალაში 2025 წლის ზაფხულამდე იქნება.

გუნდის მოქმედი მთავარი მწვრთნელი როგერ შმიდტი პოსტს მიმდინარე კამპანიის დასრულების შემდეგ დატოვებს.

რუდ ვან ნისტელროი “პსვ”-ს ღირსებას მოთამაშის რანგში 1998—2001 წლებში იცავდა. ის ამ დროისთვის “პსვ”-ს სარეზერვო გუნდს წვრთნის. ვან ნისტელროი 2014 წლიდან ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და “წითელ-თეთრთა” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა.

“პსესვე ეინდჰოვენს” ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და ლიდერ ამსტერდამის “აიაქსს” 2 ქულით ჩამორჩება.

“ქართველ ფეხბურთელებზე და მათ ოჯახებზე ზეწოლა იყო”

“ურალის” პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა ქართველი ფეხბურთელების, ლუკა გაგნიძისა და ლუკა წულუკიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, ივანოვს გაგნიძის ახალი ნავსაყუდელის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ჰქონდა.

“დიახ, მათ FIFA-ს რეგულაციით ისარგებლეს და გუნდი დატოვეს, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ფეხბურთელებზე და მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლა იყო. ეს სწორია? კარგია, რომ ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ  მოძებნა, მაგრამ ორივე ლუკა კვლავ უკლუბოდაა. არადა, გაგნიძემ ადაპტაცია გაიარა, გუნდს კარგად შეეწყო და ბოლოს დაგვტოვა. ახალგაზრდა მოთამაშისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის და პრაქტიკაც საჭიროა” – აცხადებს ივანოვი.

გაგნიძე კარიერას პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, “რაკუვში” აგრძელებს. წულუკიძე, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს.