ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთიდან საფრანგეთში გადაიტანეს

დღეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან გამოწვეულ გამოწვევებზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.

კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში, “სტად დე ფრანსზე” გაიმართება. შეხვედრის ჩატარების თარიღი უცვლელია – 28 მაისი, 23:00 საათი.

გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რუსული და უკრაინული კლუბები და რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებები მომდევნო დადგენილებამდე საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარებენ.

საჭიროების შემთხვევაში, უეფა სამართლებრივი და ფაქტობრივი სიტუაციის გადასახედად და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად რიგგარეშე შეხვედრებს კვლავ ჩაატარებს.

პელე უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

“წლების გადის, მაგრამ ცოტა რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბავშვი ვიყავი. ტრაგედიებმა, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ, უნდა ესწავლებინა ჩვენთვის, რომ უფრო მშვიდობიანი მსოფლიო აგვეშენებინა. მე სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. ვლოცულობ მათთვის და ღმერთს ვთხოვ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს”, – წერს პელე ტვიტერზე.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და უახლესი ინფორმაციით, რუსეთის ჯარის შენაერთები კიევიდან 10 კილომეტრში არიან.

“თელავმა” 15 ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 2022 წლის სეზონისთვის 15 ახალი ფეხბურთელი დაიცავს, ხოლო გიორგი ჭელიძის სამწვრთნელო შტაბში ლევან ხომერიკთან და ბუხუ ოდიკაძესთან ერთად, წარსულში ცნობილი კიდევ ერთი ფეხბურთელი, 51 წლის ივანე მახარაძე იმუშავებს.

33 ბოგდან ბეზკროვნი – დაიბადა: 1998 წლის ნოემბერს; სიმაღლე: 185სმ; წონა: 80 კგ; ამპლუა: მეკარე; ბოლო კლუბი: “გარეჯი” (საგარეჯო)

3 ზურაბ გიგაშვილი – დაიბადა: 2001 წლის 20 ნოემბერს; სიმაღლე: 189 სმ; წონა: 80 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “კრივბასი” (კრივოი როგი, უკრაინა)

19 კონსტანტინე ღაღანიძე – დაიბადა: 1994 წლის 3 თებერვალს; სიმაღლე: 185 სმ; წონა: 80 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “გარდაბანი” (გარდაბანი)

22 ვაკო ბაჩიაშვილი – დაიბადა: 1992 წლის 4 ნოემბერს; სიმაღლე: 179 სმ; წონა: 76 კგ; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: “მერანი” (თბილისი)

6 საბა ფირანიშვილი – დაიბადა: 1999 წლის 19 ოქტომბერს; სიმაღლე: 177 სმ; წონა: 72 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ტორპედო” (ქუთაისი)

7 გიორგი ქანთარია – დაიბადა: 1997 წლის 27 აპრილს; სიმაღლე: 184 სმ; წონა: 77 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ნემანი” (გროდნო, ბელარუსი)

8 სტრაჰინია პავიშიჩი – დაიბადა: 1996 წლის 29 მაისს; სიმაღლე: 195 სმ; წონა: 84 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “სამტრედია” (სამტრედია)

13 ბიძინა მახარობლიძე – დაიბადა: 1992 წლის 10 ოქტომბერს; სიმაღლე: 172 სმ; წონა: 70 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “ტორპედო” (ქუთაისი)

15 ლაშა ქოჩლაძე – დაიბადა: 1995 წლის 22 აგვისტოს; სიმაღლე: 186 სმ; წონა: 73 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “სიონი” (ბოლნისი)

29 ელდარ პარკინაშვილი – დაიბადა: 2002 წლის 29 დეკემბერს; სიმაღლე: 178 სმ; წონა: 68 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “საბურთალო II” (თბილისი)

10 გურამ გოშთელიანი – დაიბადა: 1997 წლის 5 იანვარს; სიმაღლე: 175 სმ; წონა: 74 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “პირინი” (ბლაგოევგრადი, ბულგარეთი)

11 ლაშა კოხრეიძე – დაიბადა: 1998 წლის 18 ნოემბერს; სიმაღლე: 188 სმ; წონა: 73 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “საბურთალო” (თბილისი)

17 გიორგი კვერნაძე – დაიბადა: 2003 წლის 7 თებერვალს; სიმაღლე: 183 სმ; წონა: 67 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “საბურთალო” (თბილისი)

21 ნოდარ თუთაშვილი – დაიბადა: 2003 წლის 1 იანვარს; სიმაღლე: 188 სმ; წონა: 78 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “ჩიხურა” (საჩხერე)

23 დავით მუჯირი – დაიბადა: 1999 წლის 28 იანვარს; სიმაღლე: 187 სმ; წონა: 82 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “ზლატე” (მორავცე, სლოვაკეთი)

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფი გულშემატკივრები უკრაინელ კალათბურთელებს ფეზე წამოუდგნენ და ისინი ტაშით გააცილეს.

ლევან მჭედლიძის შუა თითი პუტინის ცვილის ფიგურას

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდის, ახლა ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელის ფოტო პუტინის ცვილის ფიგურასთან ბოლო დროს კვლავ პოპულარული გახდა და ბევრი ფანი იხსენებს.

მჭედლიძე მაშინ, როცა “ემპოლის” რიგებში თამაშობდა, პუტინის ცვილის ფიგურასთან მივიდა და შუა თითები უჩვენა.

მაშინ ლევანის ეს საქციელი ბევრმა დაგმო, მაგრამ დღეს ალბათ, ყველა ეთანხმება.

ანდრეი შევჩენკო: “ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა”

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

“დილით ადრე რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი თავდასხმის ქვეშ არის. უკრაინასა და მის მოსახლეობას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა სურს. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ქვეყანას და მოვუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა. ომი არ არის პასუხი”, – აღნიშნა შევჩენკომ.

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება.

Rugby.ge

გადაწყვეტილია: რუსეთი ჩემპიონთა ლიგის ფინალს აღარ უმასპინძლებს

Associated Press, BBC და სხვა ევროპული გამოცემების მიხედვით, სანკტ-პეტერბურგი ჩემპიონთა ლიგის ფინალს აღარ უმასპინძლებს.

“უეფა” გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ხვალ გამოაცხადებს, მაგრამ ყველა ავტორიტეტული წყარო უკვე ამაზე საუბრობს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა “უეფას” სანაცვლოდ უემბლის სტადიონი შესთავაზა.

ლუკაკუ “ინტერში” დაბრუნებისთვის ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს მილანის “ინტერში” დაბრუნება სურს და ამისთვის მზად არის, ხელფასის დაკლებასაც დათანხმდეს.

წყაროს თანახმად, ბელგიელი ფეხბურთელის “ნერაძურიში” დაბრუნების ერთადერთი გზა საიჯარო ხელშეკრულებაა.

თავის მხრივ, უცნობია, რამდენად დათანხმდებიან მილანელები ლუკაკუს დაბრუნებას, ვინაიდან გუნდს “სასუოლოს” ფორვარდ ჯანლუკა სკამაკის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ “ინტერიდან” “ჩელსიში” 2021 წლის 12 ავისტოს გადავიდა. ბელგიელ ფეხბურთელსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს.

რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში ათი ბურთი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ზურაბიშვილი: “რა რაგბი, ხალხო, სერიოზულად განიხილავთ ამას?”

ცნობილი კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩი არ უნდა გაიმართოს.

“რა რაგბი ხალხო, სერიოზულად განიხილავთ რომ თამაში უნდა ჩატარდეს? ბოროტების იმპერიამ ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. რა დროს მაგათთან თამაში და თამაშის მერე პურის ჭამაა? სანახაობის დროა ახლა, როდესაც ჩვენ მეგობარ ქვეყანას ბომბავენ და ხალხს ხოცავენ? რაღაც წმინდა ხომ არსებობს მართლა და მართლა?!”, – ამბობს ზურაბიშვილი.

რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესიის შემდეგ, შესაძლებელია, გაუქმდეს საქართველოს სარაგბო მატჩი და საერთოდ, რუსეთის ნაკრებებს სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალონ.

ვიტალი კლიჩკო: “უკრაინას აგრესორი დაესხა თავს, უნდა გავუძლოთ!”

ლეგენდარულმა უკრაინელმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ, რომელიც ახლა კიევის მერია, კიევის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ძვირფასო კიევის მოსახლეობავ, უკრაინას აგრესორი დაესხა თავს. ჩვენი მთავარი მტერი ახლა პანიკაა. გქონდეთ თქვენი საგანგებო ზურგჩანთა მზად, მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტები, რათა თავშესაფარში ადვილად მოხვდეთ. ქალაქის მართველები დედაქალაქში რჩებიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქალაქმა ფუნქციონირება განაგრძოს. ერთად იდექით, უნდა გავუძლოთ”, – თქვა კლიჩკომ.

ვიტალიმ რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იარაღს აიღებს და სამხედროებს შეუერთდება.

“მე ხშირად გავდივარ სასროლეთის პოლიგონზე. თითქმის ყველა იარაღიდან შემიძლია სროლა. თუ საჭიროება დადგა, არაფერს მოვერიდები”.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა დილით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კიევიც დაიბომბოს.

დარია ბილოდიდი: “ჩვენ სიცოცხლე გვინდა! რუსეთო და ბელარუსო, გაჩერდით!”

უკრაინელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დარია ბილოდიდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

21 წლის სპორტსმენი წერს, რომ უკრაინელ ხალხს სიცოცხლე და მშვიდობა სურს. მან რუსეთსა და ბელორუსს გაჩერებისაკენ მოუწოდა.

“დღეს, დილის 6 საათზე, კიევში სროლების ხმამ გამაღვიძა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. შეშინებული ვარ და ცლოცულობ ჩემი ოჯახისა და ქვეყნისათვის. რუსეთმა ჩვენი დაბომბვა დაიწყო, ომი დაწყებულია. აქამდე, არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. რატომ? რატომ სპობთ ადამიანების სიცოცხლეებს? რუსეთო და ბელარუსო, გაჩერდით! ჩვენ მშვიდობა გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ!” – წერს ბილოდიდი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ქვეყანას უტევენ ბელარუსის საზღვრებიდანაც. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, სროლისა და აფეთქებების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის.