ოფიციალურად: ნიკა მალი “დინამოს” ფეხბურთელია

“დინამო თბილისმა” საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსთან” ნიკა მალის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მარჯვენა მცველი დინამოს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

ნიკა მალი საბურთალოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. მალიმ თბილისურ კლუბთან ერთად სამივე შიდა ტურნირი – ეროვნული ლიგა (2018), საქართველოს თასი (2019, 2021) და საქართველოს სუპერთასი (2020) მოიგო. ამასთან ერთად მან გუნდთან ერთად ევრო ტურნირებზეც იასპარეზა. ​

რაც შეეხება ნიკა მალის სანაკრებო კარიერას, მარჯვენა მცველს საქართველი 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებებში 10-10 მატჩი გამართული. 2020 წელს კი, მან ერთი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც გამართა.

Fcdinamo

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის.

საქართველოს რაგბის კავშირმა კლუბებს წერილი დაუგზავნა, რომ მორაგბეებს შეკრებაზე გაშვების უფლება მისცენ.

“მოიწვიეს ლიეტუვა, არ დახვდნენ, თქვეს რომ არ მოგვიწვევიაო, არ ეთამაშეს, არ გააცილეს, მერე თავხედები ეძახეს, ხურციძემ და კავშირმა. ახლა ვხედავთ, ჩამოდის რუსეთი, ერთად გაივლიან შეკრებას, ერთად ივარჯიშებენ, იცხოვრებენ, ერთად შეჭამენ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ჰქონდა ფსიქოლოგიური ბარიერი, 17 წელია ვერ გვიგებენ, მაგრამ ისე დავუმეგობრდით, ესეც აღარ იქნება პრობლემა. პემზამ მოუგო ნაკრების ბაზაზე აწყობილ გუნდს, ცოტა ხანში აგერ რუსეთს ვეთამაშებით და ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული ექნებათ და არ არის გამორიცხული მოგვიგონ, დამთავრდება მოგებების სერია. როცა სტრატეგიულ პარტნიორს ესე ცუდად ვექცევით, ოკუპანტს კი ხელებგაშლილი ვხვდებით. არ ვიცი, რატომ კეთდება ეს ყველაფერი და იქნებ ახსნას”, – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ სიმონ მაისურაძემ.

27 თებერვალს, 18 საათზე, ბორჯღალოსნების ისტორიული, 250-ე თამაში გაიმართება, რომელშიც საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება დინამო არენაზე!

კურტ ზუმამ კატას მუცელში ჯერ ფეხი უთავაზა, შემდეგ სახეში ხელი გაარტყა (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Snapchat-ში “ვესტ ჰემის” ცენტრალური მცველის, კურტ ზუმას ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის ჯერ კატას ფეხს ძალიან მაგრად ურტყამს, შემდეგ კი სახეში ხელს არტყამს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ზუმას სერიოზული პრობლემები შეექმნა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ისინი გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან საუბარი ექნება, მანამდე კი ზუმამ ბოდიში უკვე მოიხადა და განაცხადა, რომ ეს ცალკეული შემთხვევაა და მის სახლში კატები იდეალურ გარემოში ცხოვრობენ და თავს ევლებიან.

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის – 1 გაუშვეს, სილესენი 10 მილიონად იყიდება

2021 წლის ბოლოს ვწერდით, რომ “ვალენსია” იჯარით მე-4 მეკარე კრისტიან რივეროს არა ამერიკაში, არამედ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უშვებდა და რივერო 2 კვირის წინ “ალკორკონში” წავიდა.

გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ნიდერლანდელი იასპერ სილესენის ზაფხულში 10-12 მილიონად გაშვებაზე. როგორც ესპანური პრესა წერს, იმ ფონზე, რომ “ვალენსიას” ხარჯების შემცირება სურს, ხაუმე სათასო შეხვედრებისთვის სრულიად საკმარისია, მამარდაშვილს კი პირველი მეკარეობისთვის ამზადებენ – “ის მომავალია, მთავარი მომავალი” – წერს ესპანური AS.

სილესენი ზაფხულში გასაყიდად დადგება და “ღამურები” მზად არიან ის თუნდაც 8 მილიონად გაყიდონ. არ აქვს მნიშვნელობა ბორდალასი კვლავ იქნება თუ კლუბის მთავარი მწვრთნელი, პრეზიდენტთან პეტერ ლიმთან მამარდაშვილის მომავალი გარკვეულია. მან პირადად დართო სპორტულ დირექტორიატს მასში 1 მილიონი გადაეხადა და ფინანსური პრობლემების ფონზე, საკითხების განხილვისას პირველი სწორედ მისი საკითხი გადაწყდა.

მთავარია, მამარდამ ძველებურად ვარჯიში და შრომა გააგრძელოს…

“ბარსელონა” დემბელეს ყველგან და ყველანაირად ბლოკავს (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” დემბელეს 14 მილიონი შესთავაზა, მაგრამ ფრანგმა უარი განაცხადა . მართალია, ჩავიმ ის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ “ბარსა” ფეხბურთელს ყველანაირად ბლოკავს. მაგალითად, “ატლეტიკოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ ჩავიმ მთელი გასახდელი შემოიარა და გუნდის ოფიციალურ ვიდეოებში დემბელესთან ხელის ჩამორთმევის მომენტი ამოჭრილია. შეგიძლიათ მე-14 წამს დააკვირდეთ.

ახლა ამ ბიჭს მსურველები არ ჰყავს? – კვარას შოუ “რუბინის” ვარჯიშზე (ვიდეო)

ბოლო რამდენიმე დღეა ყაზანის “რუბინის” სოციალურ ქსელში პრაქტიკულად მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშის ვიდეოები იდება.

დღეს “რუბინი” ბათუმის “დინამოს” ამხანაგურად გაეჯიბრება. ვარჯიშებზე კვარა, შეიძლება ითქვას, დაფრინავს და მაგარ ფორმაშია, არადა “რუბინის” ხელმძღვანელობა უკვე 1 წელია აცხადებს, რომ ქართველის სანაცვლოდ შეთავაზება საერთოდ არ მიუღიათ.

იტალიას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

იტალია ფეხბურთში ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის სამასპინძლოდ განაცხადის წარდგენას აპირებს.

ანსა-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას უკვე აცნობა, რომ ტურნირის მასპინძლობის მზადყოფნას გამოთქვამს. აქამდე აპენინებზე ევროპის ჩემპიონატი ორჯერ გამართულა: 1968 წელს, როდესაც ჩემპიონი მასპინძელი გუნდი გახდა და 1980 წელს, როცა ტურნირი გერმანიის ნაკრებმა მოიგო. ევრო-2020-ის რამდენიმე მატჩი რომშიც ჩატარდა.

ევროპის 2028 და 2032 წლების მასპინძელ ქვეყნებს 2023 წლის სექტემბერში დაასახელებენ. ევრო-2024-ს გერმანია მიიღებს.

ბუდუმ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო – უნგრეთში ქართული შემტევი დუეტი იქმნება

უნგრული პრესის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძე გუნდს იცვლის და კარიერას “უიპეშტიში” გააგრძელებს.

1 თვის წინ ბუდუს იჯარით დამატებით “ზალაეგერშეგი” იყო დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელმა მაშინ “ფეჰერვარში” დარჩენა ამჯობინა. ჩვენებურს მწვრთნელმა შანსი კვლავ არ მისცა, მაგალითად, ბოლო მატჩში განაცხადშიც არ იყო და ზივზივაძემაც წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“უიპეშტი” მის გამოსყიდვას აპირებს და “ფეჰერვარიც” გარკვეულ თანხას მიიღებს. მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში მთავრდება.

“უიპეშტში” ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბერიძე გამოდის და გუნდს ქართული შემტევი დუეტი ეყოლება და იმედი, რომ ბოლოსწინა ადგილიდან თავს დააღწევენ.

ქვილითაიას წლის აცილება და 1 წუთში გასწორებული მიზანი (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში “აპოელმა” სტუმრად ძალიან დაძაბულ მატჩში ლიმასოლის “აელი” 2-3 დაამარცხა. დუბლი ქვილითაიამ შეასრულა, ოქრი 26-ე წუთზე შემოვიდა, დაუშვილმა სრულად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 73-ე წუთზე ქვილითაიამ ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო, თუმცა ზუსტად 45 წამში გიორგიმ მიზანი გაისწორა და გამარჯვების ბურთი შეაგდო.

ჩემპიონატში ჩვენბურს 9 გოლი დაუგროვდა.

ოვერმარსს “აიაქსიდან” წასვლა ქალი კოლეგებისთვის არასასურველი მესიჯების გაგზავნის გამო მოუწია

“აიაქსის”, “ბარსელონას” და “არსენალის” გამორჩეულ ნიდერლანდელ ფეხბურთელს მარკ ოვერმარსს, რომელიც ბოლო 10 წელი “აიაქსის” სპორტული დირექტორი იყო, გუნდიდან წასვლა ქალი კოლეგებისთვის შეუსაბამო წერილების გაგზავნის გამო მოუწია.

როგორც გაირკვა, 48 წლის ოვერმარსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ქალებს არასასურველ მესიჯებს უგზავნიდა, რაც ცნობილი უკანასკნელ დღეებში გახდა.

“მრცხვენია, სამწუხაროდ, მე ვერ გავაანალიზე, რომ ყველა ზღვარს გადავედი. მოულოდნელად უდიდესი ზეწოლა ვიგრძენი, ბოდიშს ვიხდი. უეჭველია, ჩემი პოსტისთვის ჩემი საქციელი მიუღებელია, მე ამას ახლა ვხვდები, მაგრამ უკვე გვიანია. სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა “აიაქსის” დატოვებისა. ამას ახლა უდიდესი გავლენა ექნება ჩემს პირად სიტუაციაზე, ამიტომ ყველას ვთხოვ, მე და ჩემი ოჯახი მარტო დაგვტოვოს“, – განაცხადა ოვერმარსმა.

“აიაქსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ საარმა თანამშრომლებს უსაფრთხო გარემოში მუშაობას დაპირდა.

“ჩემი როლიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობას მეც ვრძნობ კოლეგების წინაშე. უსაფრთხო სპორტი და უსაფრთხო სამუშაო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამას.

მე და მარკი 1990-იანი წლიდან მოყოლებული ვთამაშობდით “აიაქსში”, ნიდერლანდების ნაკრებში და შემდეგ “აიაქსის” მენეჯმენტში უკვე 10 წელზე მეტია ერთად ვართ. ეს ჩემთვის უბრალოდ გასროლილი ინფორმაციასავით იყო. ჩვენ “აიაქსში” მნიშვნელოვან და მშვენიერ რაღაცებზე ვმუშაობთ და ეს ამბავი ყველა შეძრავს, ვისაც კლუბი უყვარს”, – თქვა ედვინმა.

ოვერმარსმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2025 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა გუნდი უკვე დატოვა.

სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების მეკარეს უთხრა, საით დაარტყამდა მანე (ვიდეო)

6 თებერვალს, აფრიკის თასის ფინალი გაიმართა. ეგვიპტისა და სენეგალის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითად დროში გოლი არ გასულა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უკეთესად დარტყმები სენეგალელებმა შეასრულეს.

იქამდე, შეხვედრის მე-4 წუთზე სენეგალის ნაკრების სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ამის შემდეგ, სალაჰი საკუთარი გუნდის მეკარესთან მივიდა და უთხრა, რომელ კუთხეში დაარტყამდა სადიო მანე. როგორც იცით, ისინი “ლივერპულში” ერთად თამაშობენ.

მეკარე აბუ გაბალმა სალაჰს დაუჯერა და პენალტი მოიგერია.