გადაწყდა: როდის წარადგენს “ჰალი” არველაძეს?

შოთა არველაძე სულ მალე ჩემპიონშიპის ბინადარ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს და საქმეში ოფიციალურად ჩაერთვება.

BBC-ის ინფორმაციით, არველაძის წარდგენა ხვალ, პარასკევს მოხდება, რომელსაც პირადად შოთას მეგობარი, “ჰალის” ახალი მფლობელი აჯუნ ილიჯალი წარუძღვება.

გარდა ამისა, არველაძემ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი მოითხოვა და ყოფილი “ლივერპულელის”, 35 წლის რაიან ბაბელის ტრანსფერი დაბლოკა. მას “ფენერბაჰჩეს” დიმიტრის პელკასის და ტანზანიელი მბვანა სამატას გადმობირება ურჩევნია, რომელიც ბოლოს “ასტონ ვილასას” და “ფენერბაჰჩეში” თამაშობდა.

ჯუღელის კვალი? იმრანი რუსეთში მიდის

თბილისის “ლოკომოტივის” 24 წლის მაროკოელი ნახევარმცველი ულად-ომარ იმრანი “როტორს” თურქულ შეკრებაზე გაყვა.

ფინანსური პრობლემების გამო “ლოკომოტივმა” ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შეძლო და მათ შორის, იმრანიც წავიდა.

დიდი ალბათობით, ომარი “როტორში” მამუკა ჯუღელის დამსახურებით მოხვდა, რომელმაც გასულ სეზონში ბათუმის “დინამოდან” გუნდში ჯოვინო წაიყვანა.

“როტორში” იმრანს ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე და ნიკოლაი ყიფიანი დახვდებიან.

51 მატჩში მაროკოელს “ლოკოს” შემადგენლობაში 13 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს შესრულებული.

ზვიად კუპატაძე: “ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა”

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მეკარე ზვიად კუპატაძე იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არაერთი შესანიშნავი სეივი გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კომენტარი გააკეთა:

„მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში. მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ”, – განაცხადა კუპატაძემ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ლაშა ბექაურმა ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეო დადო, სადაც აქტიურად ემზადება ახალი შეჯიბრებისთვის. როგორც ჩანს, ლაშამ ბოლო დროს მისი მთავარი მეტოქე – ტრავმა ბოლომდე დაამარცხა.

“ნოდარისთვის” – ქუმარიტაშვილის გვარი ოლიმპიადაზე ბრუნდება

ციგა საბა ქუმარიტაშვილის ოჯახის ბიზნესია. საქართველოში ამ სპორტის შემოტანა მის ბაბუას, ალეკო ქუმარიტაშვილს უკავშირდება, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, ნახევარი საუკუნის წინ. მამა, ფელიქს ქუმარიტაშვილი ფედერაციას უძღვება – წერს ამერიკული გამოცემა Associated Press და საბა ქუმარიტაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

სამშობლოში, მისი ოჯახი ციგაობათან არის გაპიროვნებული, ოლიმპიადაზე მწუხარებასთან. ცოტა ხნის წინ საბა ქუმარიტაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის ლიცენზია მოიპოვა.

12 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც საბას ბიძაშვილი, ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერის თამაშებზე ტრაგიკულად დაიღუპა. ნოდარი 21 წლის იყო, როცა ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა. საბა ახლა 21 წლის არის და იმედია, მწუხარებასთან ერთად ოლიმპიადაზე მის გვართან სხვა განცდაც იქნება ასოცირებული.

“ჩვენი ოჯახის ყველა თაობაში 1 მოციგავე მაინც იყო და ახლა, მე და მამაჩემი მივსდევთ ამ ტრადიციას და ნოდარის ნაბიჯებს. მასზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ დიდ ძალას მაძლევს.”

“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი ოჯახი და ქვეყანა ოლიმპიადაზე წარვადგინო. მე დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ, რადგან ჩემგან კარგ შედეგებს ელიან. ეს დიდი მოტივაციაა და ვეცდები ყველაფერი გავცე”, – ამბობს საბა.

“ნოდარისთვის” – ყველას გვახსოვს ნოდარის ტრაგედია და ყოველ წელს ვიხსენებთ მას. საბას შესახებ საზოგადოებაში პირველი ინფორმაციის გავრცელებიდან, ბევრს ნოდარის ძმა ეგონა. იმედია, პეკინში ქუმარიტაშვილების გვარი საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს და სწორედ ამის სურვილი აქვს საბას, საბა ქუმარიტაშვილს.

Associated Press

ელგუჯა ლობჯანიძე “დინამოში” დაბრუნდა

29 წლის ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “დინამო ბათუმში” გააგრძელებს.

ელგუჯა ბოლოს ყაზახურ “ტობოლში” თამაშობდა, რომელთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და ყაზახეთში დარჩენას ბათუმში თამაში არჩია.

“დინამოს” სწორედ ფორვარდი სჭირდებოდა და ლობჯანიძე მშვენიერი დანამატია.

თავდამხმელი 2017 წელს “დინამოში” ერთხელ უკვე ასპარეზობდა და სწორედ აქედან წავიდა რუსულ “ორენბურგში”.

ლობჯანიძეს საქართველოს ნაკრების 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

“თელავმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა

“თელავი” სეზონის დასრულების შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი რუხაძე, თორნიკე ძოწენიძე, ნიკოლოზ და მიხეილ ბაშელეიშვილები, ლაშა შერგელაშვილი და ზაზა ციცქიშვილი არიან. მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე “სამგურალში” გადავიდა.

გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა, თუმცა კახელებმა ვარჯიში 20 იანვარს დაიწყეს და პრესსამსახურის ინფორმაციით, “თელავში” დარჩა “ძველი” ფეხბურთელებიც. კლუბის მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭელიძე გახდა, რომელიც ბოლოს “საბურთალო 2”-ს წვრთნიდა.

“თელავის” პირველი ტრანსფერი 29 წლისს თავდამსხმელი ბიძინა მახარობლიძე იქნება. ბიძინამ გასული სეზონი “ტორპედოში” დაასრულა და ქუთაისმაც ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

კახეთში ბრუნდება ნახევარმცველი ვაკო ბაჩიაშვილიც.

შოთას პირველი საფიქრალი – “ტოტენჰემი” “ჰალის” ვუნდერკინდში 8 მილიონს იხდის

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” საჭეს სულ მალე ჩაიბარებს, თუმცა “ჰალი” უკვე შესწავლილი ექნება და იცის, რომ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კინ ლუის-პოტერია.

პოტერი 20 წლის მარცხენა ვინგერია, რომელმაც ჩემპიონშიპის ამ სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი გააკეთა. “ბლექბერნთან” მატჩის დროს ფეხბურთელის დასაკვირკვებლად ანტონიო კონტეს სკაუტები იყვნენ. “ტოტენჰემმა” წინა მფლობელებს 8 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარით გაისტუმრეს.

როგორც Hulldaily წერს, ილიჯალი პოტერის საკითხზე არველაძეს ესაუბრა და მათ არ სურთ მოთამაშის გაყიდვა ამ სეზონში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადება მინიმუმ 14 მილიონიდან დაიწყება.

ლუისი ამომავალი ინგლისელი ვარსკვლავია და საინტერესოა, როგორ იმუშავებს ჩვენებურთან ერთად. გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ანჩელოტი: “ჩემი ბრალია, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა”

23 იანვარს, ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის 33-ე წუთზე მადრიდელთა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა. ფრანგმა, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში თერთმეტმეტრიანი მეოთხედ შეასრულა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან გოლი ვერ გაიტანა.

“ჩემი ბრალიცაა, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა. მას ვუთხარი, რომ მეტოქეები ანალიზს აკეთებდნენ და ის ყოველთვის ერთ კუთხეში ურტყამდა. ამიტომ, კარიმმა გადაწყვიტა კუთხე შეეცვალა. ჩემი შეცდომაა, წყნარად უნდა ვყოფილიყავი”, – უთხრა ანჩელოტიმ DirectTV-ის.

აღსანიშნავია, რომ ბენზემა, მიმდინარე სეზონში, პენალტებს მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში ურტყამდა.

გვარამია ბასილაშვილზე: “ყველაფერზე მისი შერჩეული ადვოკატი მეტყველებს”

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ნ1 ჩოგანზე, ნიკა ბასილაშვილზე სოციალურ ქსელში დაწერა.

“ნიკა ბასილაშვილზე, ყველანაირ ჩანაწერებზე უკეთ, მისი შერჩეული ადვოკატი – ირმა ჭკადუა და მისი შერჩეული PR – ირაკლი მამალაძე მეტყველებს. ქურდების და ბარიგების დაქალი და დეკანოზ მამალაძის ფარულად ჩამწერი და ცნობილი და გამოჩენილი ნაძირალა სუსის აგენტი.

რატომ გადავიდა ეს კაცი სრული თვითგანადგურების რეჟიმში?”.
ბასილაშვილის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც “ტვ პირველმა” ნიკას და ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ფარული ვიდეო-ჩანაწერები გამოაქვეყნა.

შოთა არველაძეს ინგლისში პირველი ფან-სიმღერა მიუძღვნეს

48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე სულ მალე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს.

მთელი დღეა ერთ-ერთი მთავარი თემა ბრიტანულ ფეხბურთში სწორედ არველაძის დანიშვნაა და “ჰალ სიტის” ფანები აქტიურად განიხილავენ შოთას კარიერას და მის პიროვნებას.

ინგლისელები ფან-სიმღერებით გამოირჩევიან, რომლებსაც თამაშის დროს მღერიან და შოთას “ჰალის” ფანმა უკვე მიუძღვნა სიმღერა.

“არველაძის მაგია, არველაძეს მაგიური ქუდი ახურავს
და როცა მან დაინახა “ჰალ სიტი”, თქვა, ვაუ, წარმოიდგინე ეს
ის ჩვენთან საქართველოდან მოვიდა, ჩვენ არ შეგვიძლია მისი სახელის წარმოთქმა,
ახლა აჯუნის კაცი საქმეშია, ჩვენ ყველა მატჩს მოვიგებთ
ოჰ, არველაძის მაგია”

შესაძლოა, ტექსტი დიდად რითმული არ იყოს, მაგრამ როცა სტადიონზე 10 000 ფანი ერთად მღერის, მაშინ სულ სხვა მუღამი ეძლევა. დაე, შოთაზე მრავალი სიმღერა შეიქმნას.

“უოტფორდმა” ჰოჯსონი დანიშნა

“უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონი დაინიშნა. მას რეი ლევინგტონი დაეხმარება. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება.

შეგახსენებთ, რომ 74 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე კლაუდიო რანიერი შეცვალა. თავის მხრივ, იტალიელმა “უოტფორდი” მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ინგლისურმა კლუბმა ჩისკო მუნიოსი გაათავისუფლა. ჰოჯსონი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდისთვის მესამე ახალი მთავარი მწვრთნელია.

“უოტფორდს” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.