“დინამო თბილისი” ლეგიონერებს იმატებს, “დინამო ბათუმმა” ელიგას შეუტია

“დინამო თბილისი” ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად აქტიურობს და გუნდმა უკვე 3 ფეხბურთელი დაიმატა, სამივე ლეგიონერია.

პირველი უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკია, რომელიც ბოლოს ბელარუსულ “დუნაისკა სტრედაში” თამაშობდა და 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო.

“დინამოსთვის” იჯარით 2 მოთამაშე, “იაგელონიიდან” 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი გოდფრი სტეფენ ბიტოკი, სერბული “სლავენ ბელუპოდან” კი 24 წლის ნახევარმცველი ნემანია გლავჩიჩი გაირჯება. გლავჩიჩი Transfermartk-ზე 1 მილიონად არის შეფასებული.

“დინამო ბათუმი” ჯერჯერობით ფეხბურთელებს ეროვნულ ლიგაში ეძებს და გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი, “დინამო თბილისიდან” მილან რადინი დაიმატა.

გავრცელებული ცნობით, ბათუმელები “ლოკომოტივიდან” თორნიკე კირკიტაძის, “სამგურალიდან” სერგო კუხიანიძის გადაბირებას ცდილობენ.

თბილისური კლუბი 5 წლის შემდეგ ბაქარ ქარდავამ დატოვა, დიდი ალბათობით, არენდით გაუშვებენ გიორგი კუციასა და დავით კობოურს.

ბათუმიდან ლაშა შინდაგორიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიული მანჯგალაძე, ვაკო თევდორაძე და გიორგი ნიქაბაძე წავიდნენ.

ბელგიის ეროვნული ნაკრების სახალისო საახალწლო ბარათები (ფოტო)

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა შობა-ახალი წლისათვის ბარათები დაამზადა. ფეხბურთელებს ფოტოები სახალისო სიტუაციაში გადაუღეს და ისინი ინტერნეტსივრცეშიც გამოქვეყნდა.

სად გაქრა ნიკოლოზ ქუთათელაძე? “პსჟ”-დან რუსეთში ახალგაზრდულ ლიგაში

20 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე ბოლო დროს ნაკლებად ჩანს და დიდად შედეგიანობითაც ვერ გამოირჩევა.

ქუთათელაძე მოსკოვის “სპარტაკის” მე-2 გუნდში თამაშობს, რომელიც რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში გამოდის. ნიკოლოზმა 26 ნოემბერს “უფას” დუბლი შეუსრულა, თუმცა ეს იყო მისი ყველაზე გამოსარჩევი ეპიზოდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ორივე გოლი დასწრებაზე შეაგდო.

ქუთათელაძეზე რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როცა “პსჟ”-ს 17 წლამდე აკადემიაში ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ საფრანგეთიდან რუსეთში წავიდა. ჯერ “ანჟიში”, მერე კი “სპარტაკ 2”-ს შეუერთდა. მიიღო რუსეთის მოქალაქეობაც და ბოლოს ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებში 2017 წელს ითამაშა.

ფაქტია, ნიკოლოზის კარიერა ისე არ ვითარდება, როგორც ამას თავიდან მოელოდნენ და უცნობია, კვლავ სურს თუ არა საქართველოს სახელით გამოსვლა.

ქუთათელაძის 4-წლის წინანდელი მომენტები

კავანი და “ბარსელონა” შეთანხმდნენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა. 34 წლის ფორვარდმა “ბლაუგრანასთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი იანვრის პირველ დღეებში უნდა გააფორმოს, მანამდე კი “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს.

“ბარსელონა” სხვა თავდამსხმელების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი ედინსონ კავანიზე შეაჩერა, რაც რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ურუგვაელი ფეხბურთელი თავად იყო კლუბის გამოცვლით დაინტერესებული. გარდა ამისა, კავანი თანახმაა, პირველი ექვსი თვე ხელფასის ოდენობა შეიმციროს, რათა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ სახელფასო ჭერს არ ასცდეს.

ედინსონ კავანიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

ლაშა ტალახაძე: “ძალიან ბევრი სპორტსმენი სათამაშო ბიზნესის სპონსორობით სულდგმულობს”

მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრა.

“სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე მათგანს შეუწყდება ეს დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი მათგანი მათით სულდგმულობს და მათი მამოძრავებელი ძალაა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შეწყვეტენ დაფინანსებას, მითუმეტეს, როგორი რთული განცხადებაც გაავრცელეს”, – განაცხადა ტალახაძემ “ფორმულასთან” ინტერვიუში.

ტალახაძე სათამაშო ბიზნესის მხარდასაჭერ პრესკონფერენციაზე საგინაშვილთან, კოსტა ჯანაშიასთან, ნინო ოძელაშვილთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად გამოჩნდა. სათამაშო ბიზნესი შეზღუდვების დაკანონების შემთხვევაში აპირებს ქართული სპორტის სპონსორობას სრულიად ჩამოშორდეს.

ლევან საგინაშვილი: “ან ქვეყნიდან წასვლა მომიწევს ან სპორტისთვის თავის დანებება”

მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა, მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა (ჰალკი) სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა.

“დღეს თუ რეგულაციები ამ სახით შევა ძალაში, თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს იქნება სპორტისთვის დამღუპველი. მე პირადად, მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან სპორტისთვის თავის დანენება. მე სახელმწიფოდან არაფერი არ მაქვს, ვარ მხოლოდ სპონსორობაზე დამოკიდებული და სახელმწიფოსგან ღირსეული დაფინანსება მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენს აქვს”, – განაცხადა საგინაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.

დღეს საგინაშვილმა, ლაშა ტალახაძემ, კოსტა ჯანაშიამ, ნინო ოძელაშვილმა და სხვა სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესის მხარდამჭერი პრესკონფერენცია გამართეს.

“უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სტადიონზე სათამაშოები დატოვეს

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თანამედროვე აკადემიაა, რომელშიც 100-ზე მეტი აღსაზრელი ირიცხება და ყველა მათგანი გათავისუფლებულია გადასახადისგან. ამჯერად, “უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სახლიდან სათამაშოები მოიტანეს.

“ფეხბურთის მთავარი იდეა სიკეთე და სხვებზე ზრუნვაა.
ჩვენი აკადემიის თითეულმა აღსაზრდელმა სეზონის ბოლოს სტადიონზე თითო საჩუქარი დატოვა, რათა ჩვენ იმ ბავშვებს გადავცეთ, რომლებიც ახალ წელს უსაჩუქროდ ხვდებიან.
მოგიწოდებთ ყველას – ვაკეთოთ სიკეთე ყველამ ერთად” – წერს “უქიმერიონი”.
ეს ესპანური ტრადიციაა, როდესაც გულშემატკივრები ტრიბუნებიდან სტადიონზე სათამაშოებს ყრიან იმ ბავშვებისთვის, რომლებთაც გაჭირვების გამო არ აქვთ.

“უქიმერიონი თბილისი” მხოლოდ შემოწირულობებით ფუნქციონირებს და ყველა აღსაზრდელი გადასახადისგან გათავისუფლებულია.

გარდა ამისა, “უქიმერიონისთვის” გაღებული თანხა ნებისმიერ მსურველს კლუბის აქციონერად აქცევს და მომავალში, შესაძლოა, ეს საკმაოდ მომგებიან ინვესტიციად იქცეს.

“ვალენსიამ” მამარდაშვილი 30 მილიონად შეაფასა

“ვალენსიამ” 21 წლის გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა და “დინამო თბილისს” უახლოეს პერიოდში 1 მილიონამდე ევროს გადაუხდის.

“ვალენსიასთან” დაახლოებული ჟურნალისტის, სალვა გომისის ინფორმაციით, კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდება და გამოსასყიდ თანხა 20 მილიონი ევრო დაფიქსირდება, რომელიც 2024/25 წლების სეზონში 30 მილიონამდე გაიზრდება.

გარდა ამისა, შეიძლება, მამარდა იჯარით ლა ლიგის რომელიმე გუნდში გაანათხვორონ, რათა სათამაშო დრო მიიღოს.

გიორგიმ ლა ლიგის პირველ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

როჯერ გუედეში – ფეხბურთელი, რომელმაც შური 4 წლის შემდეგ იძია! (ვიდეო)

25 წლის ბრაზილიელმა შემტევმა როჯერ გუედეშმა შური “პალმეირასზე” 4 წლის შემდეგ იძია.

21 წლის ასაკში გუედეში “პალმეირასში” თამაშობდა, 2017 წლის 2 ოქტომბერს კი მის დაბადების დღეზე, ვარჯიშზე საშინელი რამ გაუკეთეს. საერთოდ, ბრაზილიაში მიღებული წესია, როდესაც ვინმეს დაბადების დღე აქვს, თავზე ტუალეტის ქაღალდი შემოახვიო, კვერცხი ესროლო და მსგავსად გაეხუმრო, თუმცა გუედეშმა გაცილებით მეტი მიიღო. დაიჭირეს, თოკით შებოჭეს, ფეხებს ურტყამდნენ და ა.შ. მალევე ფეხბურთელი იჯარით “ატლეტიკო მინეიროში” გაუშვეს.

ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ გუნდის დიდ ნაწილს გუედეში პიროვნულად არ მოსწონდა და კარგი მომენტი ნახეს შეურაცხყოფისთვის. ვიდეოში ცნობილი ფეხბურთელებიც ჩანს, მათ შორის, იერი მინა, ფელიპე მელო და ზე რობერტო. მე-2 მხრივ, ამბობდნენ, რომ როჯერი ცდილობდა გუნდში სხვების ადგილი დაეკავებინა და როცა ძირითადში თამაში არ უწევდა, ხშირად წვეულებებზე დადიოდა და კლუბის სანქციებსაც ყურადღებას არ აქცევდა. მოკლედ, მიუღებელი აღმოჩნდა “პალმეირასისთვის”.

“პალმეირასმა” 9.6 მილიონ ევროდ ჩინეთში გაყიდა, საიდანაც 2021 წელს “კორინთიანსში” დაბრუნდა და “პალმეირასის” წინააღმდეგ გამოვიდა.

გუედეში მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოოდ გამოიყურებოდა და 2 გოლი გაიტანა, მე-2 კი ძალიან მაგარი გამოუვიდა.

ასე იძია შური ბრაზილიელმა 4 წლის შემდეგ.

კლოპი მსაჯს: “შენ ფეხბურთი არასოდეს გითამაშია” (ვიდეო)

19 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელი მწვრთნელი მთავარ არბიტრ პოლ ტირნის გაესაუბრა და მას უთხრა: “შენ ფეხბურთი არასოდეს გითამაშია.”

კლოპი: “ლივერპული” არავაქცინირებულ ფეხბურთელს არ შეიძენს”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბი აუცილებლად გაითვალისწინებს იმას, არის თუ არა ფეხბურთელი აცრილი.

“ჯერ-ჯერობით რომელიმე ტრანსფერთან ახლოს არ ვართ, მაგრამ ვაქცინაციის სტატუსს აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუ ფეხბურთელი ვაქცინირებული არაა, ის ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თუ არავაქცინირებულ მოთამაშეს შევიძენთ, მან სხვა გასახდელში უნდა ჩაიცვას, სხვა დარბაზში მიირთვას კერძი, სხვა ავტობუსით იმგზავროს… შესაბამისად, ვაქცინაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მირორი”.