კავანი “დორტმუნდში” მიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

“ბილდის” ცნობით, 35 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი დორტმუნდის “ბორუსიაში” ითამაშებს. შესაძლო ტრანსფერის მთავარი პრობლემა კავანის ხელფასია, რომელიც წელიწადში ათ მილიონ ევროს აჭარბებს.

დიდი ალბათობით, “ბორუსია” ედინსონ კავანის ფინანსურ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ ფეხბურთელი შემოსავლის შემცირებას უნდა დათანხმდეს.

ედინსონ კავანიმ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ოცი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ის 1-ელი ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

კავანის კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერის გაგრძელებას ესპანეთის პრიმერადივიზიონში აპირებს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ 34 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავს. მისთვის კარიერის გაგრძელების პრიორიტეტული ვარიანტი ესპანეთის პრიმერადივიზიონია.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანის სამშობლოს გარდა იტალიაში, საფრანგეთსა და ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს.

კავანი და “ბარსელონა” შეთანხმდნენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა. 34 წლის ფორვარდმა “ბლაუგრანასთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი იანვრის პირველ დღეებში უნდა გააფორმოს, მანამდე კი “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს.

“ბარსელონა” სხვა თავდამსხმელების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი ედინსონ კავანიზე შეაჩერა, რაც რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ურუგვაელი ფეხბურთელი თავად იყო კლუბის გამოცვლით დაინტერესებული. გარდა ამისა, კავანი თანახმაა, პირველი ექვსი თვე ხელფასის ოდენობა შეიმციროს, რათა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ სახელფასო ჭერს არ ასცდეს.

ედინსონ კავანიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კავანისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდის 34 წლის თავდამსხმელ ედინსონ კავანის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

მხარეებს შორის გაფორმებულ ახალ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2020 წლის ოქტომბერში “პარი სენ-ჟერმენიდან” გადავიდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში “წითელი ეშმაკების” ფორმით 35 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

“ბოკა ხუნიორსს” კავანის დამატება სურს

“ბოკა ხუნიორსს” “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანის დამატება სურს. ამის შესახებ არგენტინული კლუბის დირექტორმა ხორხე ბერმუდესმა განაცხადა.

“კავანი ჩვენს გუნდს ნამდვილად გააძლიერებდა. ვფიქრობ, ის “ბოკაში” თამაშის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. თუ ჩვენს შორის შეთანხმება შედგება, ეს ურუგვაელის პირადი არჩევანი იქნება.

ვიცი, რომ ედინსონს კარგი ურთიერთობა აქვს ხუან რომან რიკელმესა და დიეგო ფორლანთან. ეს ფაქტორი ამ პროცესს დააჩქარებს”, – ციტირებს ბერმუდესის სიტყვებს Radio Cooperativa.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ედინსონ კავანისა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

კავანიმ მესის, რონალდუსა და იბრაჰიმოვიჩს აჯობა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.

ურუგვაელ ფეხბურთელს ტურნირზე 22 გოლის გასატანად 41 მატჩი დასჭირდა. ჩემპიონთა ლიგაზე ამდენივე რაოდენობის ბურთი ლიონელ მესიმ 42, კრიშტიანუ რონალდუმ 58, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 72 შეხვედრაში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ედინსონ კავანიმ მიმდინარე სეზონში უკვე 16 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

ვის რამდენი მატჩი დასჭირდა 22 გოლის გასატანად:

  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 72 მატჩი
  • კრიშტიანუ რონალდუ: 58 მატჩი
  • რაული: 45 მატჩი
  • დიდიე დროგბა: 44 მატჩი
  • ლეო მესი: 42 მატჩი
  • ედინსონ კავანი: 41

“იუვენტუსი” კავანისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იტყობინება, რომ ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლებმა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეხვედრა ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩამდე შედგა. ურუგვაელი ფეხბურთელი სამწლიან კონტრაქტსა და სუფთა ჯამაგირის სახით წელიწადში 5,5 მილიონ ევროს დათანხმდა.

“პარი სენ-ჟერმენი” ედინსონ კავანის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “იუვენტუსში” იმედოვნებენ, რომ 29 წლის თავდამსხმელს უფრო ნაკლებს ფასად დაიბევებენ.

 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კავანის შესაძლო ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის შეტევითი ხაზის გაძლიერებას აპირებს.

ESPN-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” უახლოეს პერიოდში “პარი სენ-ჟერმენს” ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მიმართავენ. წყაროს თანახმად, 28 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ედინსონ კავანიმ 17 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა.

 

კავანი “ნაპოლიში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “ნაპოლიში” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანური კლუბის ღირსებას 2010-დან 2013 წლამდე იცავდა.

“როდესაც ვახერხებ, “ნაპოლის” თამაშებს ტელევიზორში ვუყურებ. მე მიყვარს ეს გუნდი. “ნაპოლი” ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებს. მჯერა, ეს გუნდი სერია A-ს მწვერვალზე ასვლას მოახერხებს. დავბრუნდები თუ არა “ნაპოლიში”? რატომაც არა?! ფეხბურთში არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. პარიზში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შესაძლოა, მომავალში ნეაპოლში დავბრუნდე”, – ციტირებს კავანის კომენტარს “კორიერე დელ მეცოჯორნო”.

 

გონსალო ხარასთვის კოპა ამერიკა დასრულებულია

ჩილეს ნაკრების მცველ გონსალო ხარასთვის კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშება დასრულებულია.

29 წლის ფეხბურთელმა ტურინის მეოთხედფინალურ ეტაპზე ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ მომხდარი ინციდენტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გონსალო ხარამ თავისი ედინსონ კავანი პროვოკაციაზე წამოაგო და იმდენი ქნა, რომ მსაჯს ურუგვაელი თავდამსხმელი მოედნიდან გააძევებინა.

 

ბინძური პროვოკატორები

მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ ეტაპზე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში განვითარდა, როდესაც მასპინძელთა მცველმა გონსალო ხარამ სტუმართა თავდამსხმელი ედინსონ კავანი პროვოკაციაზე წამოაგო და იმდენი ქნა, რომ არბიტრს მეტოქე მოედნიდან გააძევებინა.

ჩვენი პორტალის მომხმარებლებს ბოლო წლებში მომხდარ საფეხბურთო პროვოკაციებს გაგახსენებთ.

იყო დრო, როდესაც საფეხბურთო მოედანზე პროვოკაციის მოწყობა ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარკ ჰეიტლი, რომელიც 80-იან წლებში “მილანში” თამაშობდა, იხსენებს: “იტალიაში ეს თამაშის განუყოფელი ნაწილია. პროვოკაციების მოწყობით განსაკუთრებით მცველები არიან დაკავებულნი. ისინი ცდილობენ, რომ მეტოქე წყობიდან გამოიყვანონ. ხანდახან ანერწყვებენ კიდეც. სურთ, რომ რეაქცია გამოიწვიონ. ადრეც ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება”.

დღესდღეობით ფეხბურთელები საკუთარ იმიჯზე გაცილებით მეტს ზრუნავენ, თუმცა ხანდახან მიზნისკენ სავალ გზაზე ცდუნებას ვერ უძლებენ და მართალია, უფრო ფრთხილად, თუმცა მაინც – მეტოქის პროვოცირებას ცდილობენ. სტადიონზე დამონტაჟებული ათობით კამერიდან თუ ყველა არა, ერთი მაინც დააფიქსირებს უმსგავსო საქციელს და მაყურებელს მთელი ბრწყინვალებით წარმოუჩენს. არიან მოთამაშეები, რომლებიც კვარცხლბეკზე ასასვლელად საკუთარ რეპუტაციას უყოყმანოდ ლახავენ.

ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე ჩილესა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაშიც. ცოტა არ იყოს, უხერხულია იმის აღწერა, რაც ხარამ გააკეთა. ეს ის შემთხვევაა, როცა მოყოლას ნახვა სჯობია, ამიტომ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ, თუმც დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ეპიზოდი უკვე არაერთხელ გექნებათ ნანახი. კავანიმ ხარას ლოყაზე “მოთათუნებით” უპასუხა. ამჯერად ჩილელმა მცველმა მსახიობური ნიჭი გამოავლინა და “ნოკდაუნში ჩავარდა”. სამწუხაროდ, არბიტრმა ეპიზოდი სწორად ვერ შეაფასა და კავანი მოედნიდან გააძევა, თუმცა კონმებოლმა იმსჯელა და პროვოკატორ ხარას ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

გონსალო ხარა თუ ვინმეს მოგვაგონებს, ეს, პირველ რიგში, მარკო მატერაცი იქნება, რომელსაც მეტსახელად “მკვლელიც” კი შეარქვეს. იტალიელმა მცველმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული “გმირობა” მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს “ინტერსა” და “სიენას” შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში “ბიანკონერის” მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერებმა ეს ეპიზოდი ვერ დააფიქსირეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე “ინტერის” მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის “გმირული” საქციელის შედეგი.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში “ფრთიან ანგელოზად”. “იუვენტუსის” რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით “ამკობდა”. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, “სკუადრა აძურამ” ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თანამედროვე ფეხბურთში “პროვოკატორთა სკოლის” თვალსაჩინო წარმომადგენელი დიეგო კოსტაა. გაესპანელებულ ბრაზილიელს იმდენად აქვს სახელი გატეხილი, რომ “ჩელსის” მეტოქე გუნდის მწვრთნელები საკუთარ მცველებს აფრთხილებენ, კოსტას პროვოკაციებს არაფრის დიდებით არ წამოეგოთო. სწორედ ასე დაარიგა “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა ლორან ბლანმა თავისი შეგირდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე.

დიეგო კოსტამ რეპუტაცია ჯერ კიდევ “ატლეტიკოში” ყოფნის დროს გაიფუჭა. ესპანეთის თასის 2012/13 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ ანდალუსიელთა იმდროინდელმა თავდამსხმელმა ალვარო ნეგრედომ მოხდენილად თქვა, ჩვენი ფეხბურთელები დიეგო კოსტას მახეში გაებნენო. მართლაც, გაესპანელებულმა ბრაზილიელმა შეხვედრის განმავლობაში გაუთავებელი კინკლაობითა და სიმულაციებით სისხლი გაუშრო “სევილიას” მოთამაშეებს. გარი მედელმა და ჟოფრე კონდოგბიამ ნერვები ვეღარ მოთოკეს და კოსტას ფეხი უთავაზეს, რის გამოც არბიტრმა ისინი მოედნიდან გააძევა.

დიეგო კოსტას ყოფილმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “გამოიჩინა თავი”. მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის მეხუთე წუთზე სიმეონე მეტოქის საჯარიმოში ბრიტანელთა კიპერ დევიდ სიმენს თავისივე ინიციატივით წამოეგო და არბიტრს პენალტი დაანიშნინა, რომელიც გაბრიელ ბატისტუტამ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი არგენტინელი ძირს დაცემისას 23 წლის დევიდ ბექჰემს მთელი ძალით დააწვა ზურგზე, ინგლისელმაც ვეღარ მოითმინა და უკნიდან წიხლი ამოკრა, რის გამოც მსაჯმა იგი უყოყმანოდ გააძევა მინდვრიდან.

2010 წელს იტალიის თასის ფინალში მარიო ბალოტელის მსახიობური ნიჭის გამოვლენა არ დასჭირვებია მოედნიდან ფრანჩესკო ტოტის გასაძევებლად. “ინტერის” თავდამსხმელმა რომაელთა კაპიტანს გადაკრულად ჰკითხა, თამაშს აპირებ თუ ბავშვივით უნდა მოიქცეო, რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ ტოტისგან ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო. რომაელთა კაპიტანს არც უცდია, ეს ყველაფერი ფარულად გაეკეთებინა. არბიტრმა ფრანჩესკოს უმალ წითელი ბარათი აუფრიალა.

2004 წლის ევროპის ჩემპიონატიც გვახსოვს, როდესაც ტოტიმ დანიელთა ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს შეაფურთხა. რა უთხრა მაშინ დანიელმა იტალიელს, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მომხდარის გამო ტოტი მაშინ ბევრმა გაკიცხა.

“სუონსი სიტისა” და “ჩელსის” შორის ორწელიწადნახევრის წინათ ინგლისის თასზე გამართული შეხვედრაც გავიხსენოთ. დაფიქსირებული ანგარიში უელსურ კლუბს აძლევდა უპირატესობას. ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა, ე.წ. “ბოლბოიმ” მიირბინა და დროის გაყვანის მიზნით ბურთი ჩაიხუტა, რაც ედენ აზარს არ მოეწონა და ფეხების რტყმით სცადა ბურთის გამორთმევა, თან ნეკნებშიც მიარტყა ერთი-ორჯერ. ამან სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა აღაშფოთა, სიტუაცია ფეხბურთელებს შორისაც დაიძაბა. აშკარა იყო, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა ეპიზოდი გააფორმა, რასაც ჯოი ბარტონი ჩვეულ სტილში გამოეხმაურა: “ეს ბიჭი კინოში უნდა გადაიღონ. ამ ეპიზოდში ისე ითამაშა, თითქოს ტყვია ესროლეს, თუმცა ხალხი დამნაშავედ აზარს თვლის. ამ მომენტში ედენი მხოლოდ ერთ რამეშია დამნაშავე, მან ამ იდიოტს საკმარისად ძლიერად არ დაარტყა”. აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო აზარი არ დასჯილა, ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა კი ამ ინციდენტის შემდეგ საკმაო პოპულარობა მოიპოვა.