კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

უეფა და კონმებოლი შეთანხმდნენ

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი ოდნავ განსხვავებულ დროს — 6 ივნისს ჩატარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კოპა ამერიკა იმავე თვის 11 რიცხვში იღებს სტარტს, რაც ჩემპიონთა ლიგის დასკვნით შეხვედრაში გამსვლელი ლათინოამერიკელი ფეხბურთელებისთვის ერთგვარ პრობლემას ქმნიდა.

კონმებოლისა და უეფას ხელმძღვანელებმა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გამსვლელ გუნდებში მოთამაშე ლათინოამერიკელ ფეხბურთელებს კოპა ამერიკაზე ოდნავი დაგვიანებით ჩასვლის უფლება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ წელს ლათინური ამერიკის მთავარი სანაკრებო ჩემპიონატი
ჩილეში გაიმართება.