კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად „ელ მადრიგალზე“ მომხდარი ამბავი იქცა, როდესაც „ბარსელონას“ მცველ დანი ალვესს „ვილიარეალის“ გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ბანანი ესროლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადმოგდებული ხილი აიღო და მიირთვა, მეორე დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტირასისტული კამპანია აგორდა. როგორც ირკვევა, ალვესის ქმედება სპონტანური არ ყოფილა, მან მიზანმიმართულად შეჭამა ბანანი, რადგან ანტირასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“ – წინასწარ დაგეგმილი იყო.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ მსგავსი ინციდენტი „ესპანიოლსა“ და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე კვირის წინათ გამართულ მატჩშიც მოხდა. იმ შეხვედრაში ნეიმარი და დანი ალვესი რასისტული შეძახილებით „შეამკეს“ და ტრიბუნიდან ბანანიც ისროლეს. მომხდარ ინციდენტს ბრაზილიელმა პიარსპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს და მსგავსი ინციდენტის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს.

ამ საშვილიშვილო საქმეს სააგენტო Loducca-მ მოჰკიდა ხელი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანანის სროლის შემთხვევაში, ფეხბურთელს ის უნდა შეეჭამა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ ამას ნეიმარი გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც წესი, ის ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, თუმცა „ვილიარეალთან“ მატჩში ბანანი დანი ალვესს ესროლეს და ბანანის შეჭმაც ბრაზილიელ მცველს მოუწია.

„მოქმედება უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ჟესტს არ სჭირდება თარგმნა. როგორც დაინახეთ, ამ ქმედებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩაფიქრებული იყო, რომ ბანანს ნეიმარი შეჭამდა, მაგრამ ეს ალვესმა გააკეთა. იდეამ მაინც იმუშავა. ჩვენ შევქმენით ჰეშთეგები #somostodosmacacos და #weareallmonkeys, რომლებმაც რასიზმის წინააღმდეგ სწორი ორიენტირი აიღო. იმედია, მსგავს ფაქტს ანალოგი აღარ ექნება“, – განაცხადა კომპანია Loducca-ს წარმომადგენელმა გუგა კეტცერმა.

საბოლოო ჯამში, რასისტული ქმედების მსხვერპლად თავად ბანანის მსროლელი იქცა. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა ხულიგანი რამდენიმე საათში ამოიცნო და მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალა. თუმცა, მას მხოლოდ ეს არ აკმარეს. ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს, რომ სამშაბათს ბანანის მსროლელი გულშემატკივარი პოლიციამ დააკავა. აქამდე დამნაშავის ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა ესპანურმა „მარკამ“ გაარკვია, რომ მას დავიდი ჰქვია, არის 25 წლის, ითვლება „ვილიარეალის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრად. გარდა ამისა, გამოცემამ ფოტოც მოიპოვა, რომელზეც დავიდი „ვილიარეალის“ პრეზიდენტ ფერნანდო როიგ ალფონსოსთან ერთად არის გამოსახული.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

დელ ბოსკე: „ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს“

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თვლის, რომ ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს.

„ფეხბურთში რასიზმი არ არის, საერთოდ არ არის“, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ესპანეთში სკანდალი მოხდა, როდესაც „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიური გუნდის ბრაზილიელ მცველ დანიელ ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს.

„ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურმა დამნაშავე პირი ამოიცნო, მისი აბონემენტის ანულირება მოახდინა და სტადიონზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში აუკრძალა შესვლა.

„ამას ყველა არ აკეთებს. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ერთეული შემთხვევებია. ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს“, – დაამატა დელ ბოსკემ.

აქვე გეტყვით, რომ  დელ ბოსკე 25 მაისს სამუნდიალო განაცხადის გაფართოებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელშიც 30 ფეხბურთელი იქნება შეყვანილი. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც 2 ივნისს გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

იაია ტურე: „ზოგიერთი აფრიკელს ჯერ კიდევ ცხოველად თვლის“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ფერადკანიან ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევიან. კოტ დივუარელი მოთამაშე თანაკლუბელ სამირ ნასრის დაეთანხმა, რომელმაც ამასწინათ აღნიშნა, რომ ტურე უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევდა, თეთრკანიანი რომ ყოფილიყო.

„ზოგიერთი ამ დრომდე თვლის, რომ აფრიკელი ცხოველია და არა – ადამიანი. ნასრის მიერ გაკეთებული განცხადება სრული სიმართლეა. ნამდვილი აღიარება გულშემატკივრებისგან მოდის, მაგრამ როცა კარგად თამაშობ და პრესაში საკმარისად არ გაღიარებენ, ამას არ უნდა შეეგუო.

აფრიკის ნებისმიერ ნაწილში რომ იკითხოთ, ვინ არის მესი, მაშინვე გიპასუხებენ. იკითხეთ ევროპაში, ვინ არის იაია ტურე. იცით, რას გიპასუხებენ?! „მის შესახებ გამიგია, მაგრამ სახეზე ვერ ვცნობ“. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან დიდიე დროგბა და სამუელ ეტოო, ჩვემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლეგენდა. არც მათ აფასებენ სათანადოდ. ვამაყობ, რომ აფრიკელი ვარ. მინდა, დავამტკიცო, რომ აფრიკელებს ევროპელებზე და სამხრეთ ამერიკელებზე არანაკლებ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში“, – იაია ტურეს სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოსკოვის „ცსკას“ გულშემატკივრებმა ტურეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. აფრიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ამის შესახებ აცნობა, თუმცა მსაჯმა მომხდარი ინციდენტი პროტოკოლში არ შეიტანა. სამაგიეროდ, მოსკოველები უეფამ დასაჯა და „ცსკას“ ერთი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე თამაში მიუსაჯა.

ბექა დოგრაშვილი

ევრა: „არამგონია, რასიზმის დამარცხება შევძლოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის პატრის ევრას აზრით, ფეხბურთში რასიზმის დამარცხება შეუძლებელია.

„რასიზმის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. მაგრამ ახლა, როგორც თქვა იაია ტურემ, უეფას რაღაცის გაკეთება მოუწევს. ამ თემაზე საუბარი ყოველწლიურად არის. ბევრი ადამიანი იმდენად გაუნათლებელია, რომ შავკანიანი მოთამაშეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებს“, – აცხადებს ევრა.

„მე ადამიანი ვარ და ჩემი კანის ფერს მნიშნელობა არ აქვს. ძალიან ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს. არ ვიცი, თუ რას აპირებს თვითონ იაია. ყველას თავის აზრი გაგვაჩნია, თუმცა, მსურს, დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მიუხედავად ამისა, არამგონია, რასიზმის დამარცხება ვინმემ შეძლოს“ , – დაასრულა „წითელი ეშმაკების“ მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი