“მანჩესტერ იუნაიტედმა” კავანისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდის 34 წლის თავდამსხმელ ედინსონ კავანის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

მხარეებს შორის გაფორმებულ ახალ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2020 წლის ოქტომბერში “პარი სენ-ჟერმენიდან” გადავიდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში “წითელი ეშმაკების” ფორმით 35 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

დე ლაურენტისი: “ბენზემა და დი მარია? რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი ფეხბურთელი”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბოლო დროს უცხოურ პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა.

“ვცდილობ თუ არა ბენზემასა და დი მარიას დამატებას? რა თქმა უნდა, არა. მე ახალგაზრდა ფეხბურთელები მჭირდება. რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი მოთამაშე? ამას მათდამი დიდი პატივისცემით ვამბობ.

ფანების მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო? ისინი გულშემატკივრები არიან, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და არა დირექტორები. იმედი მაქვს, სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და მუშაობის საშუალებას მოგვცემენ.

ედინსონ კავანი? ეს ფეხბურთელი ყოველ ათ თვეში 20 მილიონ ევროს იღებს გადასახადების გარეშე, არამგონია, მას კარიერის ბოლოს ისეთ კლუბში მოუნდეს თამაში, სადაც ხელფასი გაუნახევრდება,” – განაცხადა დე ლაურენტისმა.

ედინსონ კავანი: “ვამაყობ, ურუგვაელი რომ ვარ”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ედინსონ კავანიმ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ურუგვაი საფრანგეთთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

“გულგატეხილი ვარ? რა თქმა უნდა… თუმცა ამავდროულად ვამაყობ, რომ ღმერთმა ამ ოჯახში ყოფნის უფლება მომცა, მოედანზე თუ მის მიღმა.

ვამაყობ, რომ ურუგვაელი ვარ და ამავდროულად ძალიან ვწუხვარ ამ შედეგით. ესეც ცხოვრების ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ფეხზე წამოვდგეთ! ჩვენი თავგადასავალი გრძელდება,” – აცხადებს კავანი.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა ამ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.

კავანი “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებას სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს

ფრანგული გამოცემის, Le Parisien-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “პსჟ”-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გამოვარდნა უკანასკნელი წვეთი იყო კავანის მოთმინების ფიალაში და ახლა ედინსონ კავანს კლუბიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბში არსებოული სიტუაციით, რასაც პირველ რიგში გუნდში ნეიმარისა და მისი ბრაზილიელი თანამემამულეების ყოფნა განაპირობებს.

კავანის მსურველები ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატიდან მრავლად ჰყავს. სავარაუდოდ, ეს კლუბები მის შეძენას 60 მილიონ ევროდ შეძლებენ. “პარი სენ-ჟერმენს” კი ერთადერთი ლიდერი ეყოლება ნეიმარის სახით.

კავანი ნეიმარსა და მბაპეზე: “ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით”

“პარი სენ-ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი Goal-თან მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო და გუნდში არსებული თითოეული ფეხბურთელის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

“ბევრი საუბრობს კავანის, ნეიმარისა და მბაპეს ტრიოზე. ჩვენ თამაშის სტილით დიდად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, რაც დადებითია, რადგანაც მწვრთნელს რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტის მოსინჯვის საშუალებას აძლევს.

როგორც არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესია – დაწყებული მეკარედან, დამთავრებული ჩვენით. მათ გარეშე ვერაფერს გავხდებით, “პარი სენ-ჟერმენი” გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი ტრიო.

მაქსიმალურად ვცდილობ, მბაპეს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და თამაშის ტაქტიკურ მხარეზე გავამახვილებინო ყურადღება, რაც მას გაცილებით უფრო მაღალი დონის ფეხბურთელად აქცევს. ამ დროისთვის კი, მას სასწავლი საკმაოდ ბევრი აქვს,” – აცხადებს კავანი.

კავანი პენალტის ეპიზოდზე მორიგი განცხადება გააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ პრესასთან ნეიმართან მომხდარ მცირე გაუგებრობაზე ისაუბრა, რომელიც გასული კვირების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო მსოფლიო ფეხბურთში.

“პენალტის შემთხვევა უკვე წარსულს ჩაბარდა. მსგავსი რამ ფეხბურთში საკმაოდ ხშირად ხდება. მთავარი ისაა, რომ სწორი გამოსავალი ვიპოვოთ და გუნდურად ვიმუშავოთ.

ჩემი გადმოსახედიდან, გუნდში კონკურენცია უნდა იყოს და არა მეგობრობა. აუცილებელია, პროფესიონალები ვიყოთ, პირადი ცხოვრება კი ყველას თავისი აქვს.

ემერიმ მიიღო გადაწყვეტილება პენალტის შემსრულების წესი? არ ვიცი,” – აცხადებს ედინსონ კავანი.

კავანი მბაპესა და ნეიმარზე: “ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის”

“მეცის” კარში გაფორმებული დუბლის შემდეგ (“მეცი” 1-5 “პსჟ”) პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარიზელთა შემტევ ტრიოს ერთმანეთის ძალიან კარგად ესმის და უახლოეს მომავალში ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

“ვფიქრობ, შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა. დიდებულად ვთამაშობდით, მოედნის ყველა მონაკვეთში ვდომინირებდით.

რა თქმა უნდა, 10-კაციანი გუნდისთვის გამარჯვება ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ ეს მოგება კარგი თამაშით დავიმსახურეთ. პირადად მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. მე ყოველ მატჩში მსურს თამაში, ეს ჩემთვის ყველაფერია.

ყოველთვის ვცდილობ, კლუბისთვის საუკეთესო გავაკეთო, რასაც ყველასთვის მოაქვს სარგებელი. მბაპესთან და ნეიმართან მოედანზე და მოედნის მიღმა შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. ვიმედოვნებ, რომ გაძლიერებას ასეთივე ტემპით გავაგრძელებთ,” – აცხადებს ურუგვაელი ფეხბურთელი.

ოფიციალურად: ედინსონ კავანიმ “პარი სენ-ჟერმენთან” გაახანგრძლივა

საფრანგეთის ჩემპიონი გუნდის, “პარი სენ-ჟერმენის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა და ლიდერმა, ედინსონ კავანიმ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი შეთანხმების თანახმად, ურუგვაელი ფეხბურთელი პარიზში 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

“დღეისათვის ედინსონ კავანი მსოფლიოს საუკეთესო გოლეადორია. ის ევროპის დიდებულ ფორვარდთა ელიტარული კლუბის წევრია.

კავანის კლუბთან, ქალაქთან და გულშემატკივრებთან დიდი სიყვარული აკავშირებს. ის “პარის სენ-ჟერმენის” ისტორიის ნაწილია,” – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი.

მადრიდელები და პარიზელები ფორვარდთა ბარტერისთვის ემზადებიან

Bernabeu Digital-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “პსჟ”-ს უფროსებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

წყაროს ცნობით, საქმე კარიმ ბენზემასა და ედინსონ კავანის ბარტერს ეხება.

როგორც ცნობილი ხდება, კლუბების პრეზიდენტები – ფლორენტინო პერესი და ნასერ ალ-ხელაიფი – უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ამ საქმის განსახილველად.

დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე განხორციელდება.

კავანი: “ნაპოლის” არ ვჭირდები”

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ თავის ყოფილ კლუბზე, “ნაპოლიზე” ისაუბრა.

“თავისუფალ დროს “ნაპოლის” თამაშებს ვუყურებ და ძალიან მომწონს თამაშის მათი სტილი, ძლიერი გუნდი ჰყავთ,” – აცხადებს ურუგვაელი Corriere Del Mezzogiorno-სთან საუბრისას.

“აქ, “პარის სენ-ჟერმენში” ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. დღეს, “ნაპოლის” ნამდვილად არ ვჭირდები.”

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სჭირდება “ნაპოლის” კავანი, დრის მერტენსია, რომელიც წლევანდელ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება – მის ანგარიშზე 28 მატჩში გატანილი 20 გოლია.

“ის დიდებული ფეხბურთელია, ძალიან ძლიერი და ჭკვიანი. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ის ცენტრ-ფორვარდი ნამდვილად არ არის. განსხვავება მხოლოდ სანტიმეტრებშია.”

კავანი: “პარის სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია”

“პარის სენ-ჟერმენის” ურუგვაელ ფორვარდს, ედინსონ კავანის სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია, რომლის მოგებაც ყველას შეუძლია, მათ შორის პარიზულ გრანდსაც.

“რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო. ჩემპიონი მხოლოდ ერთი გუნდი ხდება, ფეხბურთში კი არასდროს იცი, რა მოხდება.

გუნდში საუკეთესო ფეხბურთელების ყოლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოიგებ. დააკვირდით, “ატლეტიკოს”, ან “იუვენტუსს” – ერთი შეხედვით, მათ საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებთან გამარჯვების შანსიც არ უნდა ჰქონდეთ, არადა ბოლო პერიოდში ფინალში არაერთხელ გავიდნენ.

იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი წელი იქნება და ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც მოვახერხებ. მჯერა, რომ ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია.” – განაცხადა მან.