ბალოტელი: “ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე”

თურქული “ადანა დემირსფორის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გამოტყდა, რომ ყოველთვის სურდა “ნაპოლის” რიგებში თამაში. 31 წლის იტალიელი ფეხბურთელის თქმით, გუნდში მისი ხილვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ უნდა.

“ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე. დე ლაურენტისს პატივს ვცემ, მაგრამ, სამწუხაროდ, მას კლუბში ჩემი ხილვა არ სურდა. ასე რომ, ამ გუნდში ვერაფრით მოვხვდი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა გწამდეს. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვარ, ტექნიკაც ადგილზეა. ასე რომ, ვნახოთ”, – აღნიშნა ბალოტელიმ.

იტალიელ ფეხბურთელსა და თურქულ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 30 იანვარს ეწურება.

მარიუ რუი: “კვარაცხელია “ნაპოლის” დიდ დახმარებას გაუწევს”

“ნაპოლის” მცველმა მარიუ რუიმ გუნდის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ლორენცო ინსინიე აღარ გვყავს, მაგრამ გუნდში არიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც თავის წარმოჩენა სურთ. ჩემი აზრით, კვარაცხელია საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. მას გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა ძლიერი მოთამაშეა, რაც უბრალო დრიბლინგსა და გადაცემებშიც ჩანს. ის გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს”, – თქვა მარიუ რუიმ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი უპირველესი ოცნებაა”

იტალიურმა ინტერნეტპორტალმა ilmattino.it-მა “ნაპოლის” ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

— რას ნიშნავს თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა?
— ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთთან დაკავშირებული ჩემი პირველი ოცნებაა. ამ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. “ნაპოლიში” ამ მხრივ ძალზედ მიმზიდველი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მოედანზე გასვლას.

— თქვენს მაისურზე “კვარა” იქნება გამოსახული?
— მირჩევნია, რომ სრული გვარი იყოს დაწერილი. ასე რომ, ჩემს 77-ნომრიან მაისურზე გამოსახული იქნება “კვარაცხელია”.

— რას გვეტყოდით კრიშტიანუ რონალდუზე?
— კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი პროფესიონალია. მე მისით ყოველთვის შთაგონებული ვიყავი. საქართველოში ბევრს მესი უფრო მოსწონს, რომელიც თითქოს სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული. რონალდუთი აღფრთოვანებული ვარ, რადგან ის მესის დონეს დიდი მუშაობისა და თავგანწირვის წყალობით გაუთანაბრდა. მეც ასე მსურს საკუთარი კარიერის მოწყობა.

— ფაბიო კაპელომ თქვენ მოჰამედ სალაჰს შეგადარათ.
— იმედი მაქვს, ამ დონეს მივაღწევ. ამისთვის ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.

— რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე მეტად კომფორტულად?
— ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბის ადგილია, თუმცა თითქმის ყველა პოზიციას ვერგები. მიყვარს სტანდარტულების შესრულება, მაგრამ ვხედავ, რომ “ნაპოლიში” ძალიან კარგი დამრტყმელები არიან. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. თუ ამ პასუხისმგებლობას მე დამაკისრებენ, ძალზედ მოხარული ვიქნები.

— როგორი ურთიერთობა გაქვთ სპალეტისთან?
— ის აჩვენებს, რომ დიდი მასწავლებელია. ყოველდღე მასწავლის რაღაც ახალს და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამას ყველასთან აკეთებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენამდე საკუთარი იდეები მოიტანოს.

— როგორ ფლობს რუსულ ენას?
— რამდენიმე სიტყვა მითხრა რუსულად, თუმცა შემდეგ ინგლისური ენა ვამჯობინეთ, რათა ურთიერთობა უფრო პირდაპირი იყოს.

— და თქვენ როგორ ხართ იტალიურთან?
— მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა შევისწავლო, შემდეგ კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს, რომლებიც დამეხმარებიან. ადგილობრივი სამზარეულოს, პიცის, მოცარელასა და ყავის შესახებ უკვე ვისწავლე რაღაცები.

— მამათქვენი ბადრი ფეხბურთელი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი ზრდისთვის?
— მე მის წინაშე ვალდებული ვარ თუნდაც იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მან მომცა. მან გზის არჩევის საშუალება დამიტოვა: “შვილო, დაკავდი სპორტის იმ სახეობით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს”.

დიბალა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება?

პაულო დიბალასთვის ბრძოლაში “ნაპოლიც” ჩაერთო.

იტალიური მედიის თანახმად, ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის სატელეფონო საუბარი ჰქონდა არგენტინელი ფეხბურთელის აგენტთან. “ნაპოლის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დიბალას წარმომადგენელს აცნობა, რომ კლუბი 28 წლის ნახევარმცველის დამატებით დაინტერესებულია.

პაულო დიბალას მიმართა “ნაპოლის” ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟმაც:

“გადმოდი “ნაპოლიში”, პაულო. აქ მეფესავით შეგიყვარებთ”.

პაულო დიბალას დამატებაზე ფიქრობს ორივე მილანური კლუბიც.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ნახევარმცველი დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

მინოლეს აგენტი:”ნაპოლისგან” ველი წინადადებას”

“ლივერპულის” სათადარიგო მეკარის სიმონ მინოლეს აგენტი ადასტურებს ცნობებს, რომლის თანახმადაც, ბელგიელი კლიენტის გადაბირების ვარიანტზე “ნაპოლის” ხელმძღვანელები მუშაობენ.

“მათგან წინადადებას მომდევნო დღეებში ველი. იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ბაზარი მალე იხურება, შეთავაზება მალე უნდა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან საეჭვოა, მხარეები შეთანხმდნენ.

მათი ინტერესი მინოლესადმი ახალი ნამდვილად არ არის. კარგა ხანია, რაც “ნაპოლის” მინოლე მოსწონს. ისინი მუდმივად აკვირდებოდნენ მინოლეს გარშემო არსებულ სიტუაციას და მომავალშიც ასე იქნება,” – აცხადებს ნიკო ვაესენი.

ანჩელოტი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ: “მირჩევნია, ახლა შევრცხვეთ”

“ლივერპულთან” ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში განცდილი გამანადგურებელი მარცხის (5-0) შემდეგ, “ნაპოლის” ახალმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესასთან ისაუბრა.

“ასეთი შედეგები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ საჭიროცაა. წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ გვჯერა და ენთუზიაზმით ვართ აღსავსენი.

გვინდოდა გახსნილი თამაში გვეჩვენებინა. ბევრ სირთულეს წავაწყდით, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც ბურთი ჩვენს საჯარიმოსთან დავკარგეთ, მაგრამ ვცდილობდით მალევე გადაგვეჭრა პრობელემები.

ბუნებრივია, ყველაფერს დრო სჭირდება. მჯერა რომ რაღაც კარგად გავაკეთეთ. 2-0-ის შემდეგ, თამაში უფრო დაბალანსებული გახდა და რამდენიმე კარგი შანსიც გვქონდა.შეგვეძლო დაცვაში ჩავმჯდარიყავით, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი.

არ გვჭირდებოდა დაცვიდან თამაში. “ლივერპულის” დონის გუნდებთან თამაში ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ეს შერცხვენადაც დაგვიჯდეს. მირჩევნია ახლა შევრცხვეთ, ვიდრე სეზონის დაწყების შემდეგ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

“ნაპოლის” პრეზიდენტი იტალიური კლუბის ყიდვას გეგმავს

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, ბანკროტად გამოცხადებული “ბარი” შეისყიდოს. ამ ინფორმაციას La Gazetta dello Sport ავრცელებს.

გასულ სეზონში “ბარი” სერია ბ-ში გამოდიოდა, სადაც ამ კლუბმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა. მიუხედავად ამისა, კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ბანკროტად გამოცხადდა და პროფესიონალური კლუბის სტატუსიც წაერთვა.

აურელიო დე ლაურენტისი დიდი პროექტის შედგენას გეგმავს, რომელიც “ბარის” სერია ა-ში დაბრუნების ვადად სამ სეზონს განსაზღვრავს.

თუმცა, საქმე ის არის, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესის თანახმად, შეუძლებელია ერთი მფლობელის ორმა კლუბმა ერთ დივიზიონში იასპარეზოს.

ამ თემაზე საუბრისას, ლაურენტისმა განაცხადა: “ვაპირებ რევოლუცია მოვახდინო და ფედერაციას ეს წესი გავაუქმებინო”.

“ბარის” შეძენით ასევე დაინტერესებულია “ლაციოს” პრეზდიენტი კლაუდიო ლოტიტო.

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერი დიდებული პროპაგანდა გახლდათ”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უშუალო კონკურენტების მიერ გაკეთებულ ბრწყინვალე ტრანსფერს გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლას პროპაგანდა უწოდა.

“იუვენტუსის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი დიდებული პროპაგანდა გახლდათ მთლიანი ჩემპიონატისთვის და იმედი მაქვს, რომ ფანებში ენთუზიაზმს უფრო გააღვივებს. დიდი ტრანსფერის გარეშე მასიმილიანო ალეგრის ეს ნიშნული უდავოდ დაეცემოდა.

ზედიზედ შვიდი მოგებული “სკუდეტოს” შემდეგ ძალიან რთულია ფანების დაინტერესება, მათი აღელვება, ისევე როგორც სპონსორების. დღევანდელი სამყარო მთლიანად ინდუსტრიასა და პოლიტიკას ეკუთვნის.

რონალდუს, თავის მხრივ, ყველაზე ჭკვიანი აგენტი ჰყავს. რუი პატრისიოს ტრანსფერის თაობაზე მას პორტუგალიაში შევხვდი და მითხრა, რომ კრიშტიანუს ტრანსფერი გამამდიდრებდა. მაგრამ მაშინ ამაზე დავეწვდი, ახლა კი “იუვენტუსმა” ამ ტრანსფერით სერია ა-ს კლუბების მარკეტინგის დონე აწია.

რონალდუ ახლა ისეთივე ახალგაზრდა აღარ არის და საეჭვოა, შეძლებს თუ არა გაღებული თანხის ამოღებას. გაუმართლებლად მიმაჩნია კარიერის დასასრულში მყოფი ფეხბურთელისთვის ასეთი ხელფასის შეთავაზება,” – აცხადებს დე ლაურენტისი.

დე ლაურენტისი: “ბენზემა და დი მარია? რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი ფეხბურთელი”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბოლო დროს უცხოურ პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა.

“ვცდილობ თუ არა ბენზემასა და დი მარიას დამატებას? რა თქმა უნდა, არა. მე ახალგაზრდა ფეხბურთელები მჭირდება. რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი მოთამაშე? ამას მათდამი დიდი პატივისცემით ვამბობ.

ფანების მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო? ისინი გულშემატკივრები არიან, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და არა დირექტორები. იმედი მაქვს, სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და მუშაობის საშუალებას მოგვცემენ.

ედინსონ კავანი? ეს ფეხბურთელი ყოველ ათ თვეში 20 მილიონ ევროს იღებს გადასახადების გარეშე, არამგონია, მას კარიერის ბოლოს ისეთ კლუბში მოუნდეს თამაში, სადაც ხელფასი გაუნახევრდება,” – განაცხადა დე ლაურენტისმა.

“ნაპოლი” ბენზემას ტრანსფერს უმიზნებს

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდში კარიმ ბენზემას მოყვანის სურვილი გამოთქვა, რომელთან ერთადაც მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mirror ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “იუვენტუსის” ტრანსფერის საპასუხოდ, “ნეაპოლიტანელები” მზად არიან ბენზემას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზონ მადრიდულ გრანდს.

იქიდან გამომდინარე, რომ “რეალი” ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუ რონალდუმ დატოვეს, ბენზემას წასვლის ალბათობა ძალიან დიდია. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “რეალში” ყოფნისას კარლო ანჩელოტი მუდმივად იცავდა ფრანგ თავდამსხმელს.

სტატისტიკისთვის გეტყვიტ, რომ კარიმ ბენზემა “ბერნაბეუზე” 2009 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე კი 413 ოფიციალურ მატჩში გატანილი 192 გოლია.

“ნაპოლიმ” სიმონე ვერდი დაიმატა

“ნაპოლიმ” “ბოლონიას” თავდამსხმელი, სიმონე ვერდი შეიძინა. ნეაპოლურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის შემტევი “ნაპოლიში” გადასვლასთან ახლოს იანვარშიც იყო, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

ვერდი “მილანის” აღზრდილია. 2011 წელს მან “როსონერი” დატოვა და “ტორინოში” გადავიდა, ამის შემდეგ იყო “იუვე სტაბიაში”, “ემპოლიში”, “ეიბარსა” და “კარპიში. 2016 წელს ის “ბოლონიას” წევრი გახდა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა.