ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

ბათუმის “დინამოს” საჩუქრად ავტობუსი გადაეცა

საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოს” საჩუქრად “მერსედესის” მარკის ავტობუსი გადაეცა. გუნდმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება კომპანია “მეტრო ჯორჯიასგან” მიიღო. ტრანსპორტი 150 ათასი ლარის ღირებულებისაა.

ბათუმის “დინამოს” საკუთრებაში არსებული ძველი ავტობუსი ბავშვთა გუნდს გადაეცემა.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. “მეტრო” გუნდის სატიტულო სპონსორი გახდა.