სპალეტი: “კვარაცხელია ძვრება ისეთი სიტუაციებიდან, საიდანაც გამოსვლას არავინ მოელის”

“ნაპოლისა” და “ჟირონას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. შეხვედრის მე-80 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის შემდეგ ქართველ შემტევზე კომენტარი “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა.

“მას პოტენციალი აქვს, ურტყამს, ტექნიკურია, თავს იძვრენს ისეთი სიტუაციებიდან, საიდანაც გამოსვლას არავინ მოელის და იძლევა თავის დაღწევის საშუალებას. ამას თქვენც შეამჩნევდით”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.

გახდება კრიშტიანუ ხვიჩას თანაგუნდელი?

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.

როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. რონალდუმ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის დამატებით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის “ნაპოლიც” არის. იტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან მეგობრობა აკავშირებს. ესპანური გაზეთი “ასი” წერს, რომ “ნაპოლის” ხელმძღვანელობა პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენელს დაუკავშირდა და აცნობა, რომ კლუბს რონალდუს დამატების სურვილი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კერპი სწორედ კრიშტიანუ რონალდუა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მარიუ რუი: “კვარაცხელია “ნაპოლის” დიდ დახმარებას გაუწევს”

“ნაპოლის” მცველმა მარიუ რუიმ გუნდის ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ლორენცო ინსინიე აღარ გვყავს, მაგრამ გუნდში არიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც თავის წარმოჩენა სურთ. ჩემი აზრით, კვარაცხელია საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. მას გარკვეული დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა ძლიერი მოთამაშეა, რაც უბრალო დრიბლინგსა და გადაცემებშიც ჩანს. ის გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს”, – თქვა მარიუ რუიმ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი უპირველესი ოცნებაა”

იტალიურმა ინტერნეტპორტალმა ilmattino.it-მა “ნაპოლის” ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

— რას ნიშნავს თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა?
— ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთთან დაკავშირებული ჩემი პირველი ოცნებაა. ამ ტურნირზე თამაშზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. “ნაპოლიში” ამ მხრივ ძალზედ მიმზიდველი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მოედანზე გასვლას.

— თქვენს მაისურზე “კვარა” იქნება გამოსახული?
— მირჩევნია, რომ სრული გვარი იყოს დაწერილი. ასე რომ, ჩემს 77-ნომრიან მაისურზე გამოსახული იქნება “კვარაცხელია”.

— რას გვეტყოდით კრიშტიანუ რონალდუზე?
— კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი პროფესიონალია. მე მისით ყოველთვის შთაგონებული ვიყავი. საქართველოში ბევრს მესი უფრო მოსწონს, რომელიც თითქოს სხვა პლანეტიდან არის ჩამოსული. რონალდუთი აღფრთოვანებული ვარ, რადგან ის მესის დონეს დიდი მუშაობისა და თავგანწირვის წყალობით გაუთანაბრდა. მეც ასე მსურს საკუთარი კარიერის მოწყობა.

— ფაბიო კაპელომ თქვენ მოჰამედ სალაჰს შეგადარათ.
— იმედი მაქვს, ამ დონეს მივაღწევ. ამისთვის ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.

— რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე მეტად კომფორტულად?
— ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბის ადგილია, თუმცა თითქმის ყველა პოზიციას ვერგები. მიყვარს სტანდარტულების შესრულება, მაგრამ ვხედავ, რომ “ნაპოლიში” ძალიან კარგი დამრტყმელები არიან. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. თუ ამ პასუხისმგებლობას მე დამაკისრებენ, ძალზედ მოხარული ვიქნები.

— როგორი ურთიერთობა გაქვთ სპალეტისთან?
— ის აჩვენებს, რომ დიდი მასწავლებელია. ყოველდღე მასწავლის რაღაც ახალს და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამას ყველასთან აკეთებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენამდე საკუთარი იდეები მოიტანოს.

— როგორ ფლობს რუსულ ენას?
— რამდენიმე სიტყვა მითხრა რუსულად, თუმცა შემდეგ ინგლისური ენა ვამჯობინეთ, რათა ურთიერთობა უფრო პირდაპირი იყოს.

— და თქვენ როგორ ხართ იტალიურთან?
— მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა შევისწავლო, შემდეგ კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს, რომლებიც დამეხმარებიან. ადგილობრივი სამზარეულოს, პიცის, მოცარელასა და ყავის შესახებ უკვე ვისწავლე რაღაცები.

— მამათქვენი ბადრი ფეხბურთელი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი ზრდისთვის?
— მე მის წინაშე ვალდებული ვარ თუნდაც იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მან მომცა. მან გზის არჩევის საშუალება დამიტოვა: “შვილო, დაკავდი სპორტის იმ სახეობით, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს”.

ხვიჩა “ნაპოლიში” გატარებული პირველი კვირის შესახებ

“ნაპოლის” ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლურ კლუბში გატარებული პირველი კვირის შესახებ ისაუბრა.

“მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური ენა უნდა შევისწავლო, შემდეგ კი – იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს, რომლებიც დამეხმარებიან. ადგილობრივი სამზარეულოს, პიცის, მოცარელასა და ყავის შესახებ უკვე ვისწავლე რაღაცები.

თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. ყველას ვუყვარვარ. მათ მე თავისიანად მიმიღეს და თავი საკუთარ სახლში მაგრძნობინეს”, – ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს Il Mattino.

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ამ ზაფხულს შეუერთდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლური გუნდის რიგებში 77-ნომრიანი ფორმით თამაშობს.

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა შეუძლია”

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ხვიჩას ბევრი შრომა მოუწევს, რათა თავისი ნიჭი კიდევ უფრო გამოავლინოს. ის დიდებული ბიჭია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი აზრით, კვარაცხელია მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან წარმატებული მოთამაშე გახდება.

მას კიდევ უფრო გასაზრდელად წამყვანი ლიგა და ევროტურნირები სჭირდება. სწორი დრო არის “ნაპოლიში” გადასასვლელად, სერია A მნიშვნელოვანი ლიგაა, ლუჩანო სპალეტი კი ძლიერი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ყველაფრით იამაყებს.

ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელს, როგორიც კვარაცხელიაა, სერია A-ში თავის დამკვიდრება შეუძლია. შესაძლოა, ეს მაშინვე არ მოხდეს. ამისთვის დრო არის საჭირო. ასეთ ლიგაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის.

არც ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შეცვლაა მარტივი, როგორიც ინსინიე გახლავთ. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, განსხვავებული თვისებები და სათამაშო სტილი აქვთ. მათი პირდაპირი შედარება არ შეიძლება. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტალანტი წარმოაჩინოს. ვიმეორებ, მას დიდებული ლიგა და ისეთი დიდებული კლუბი სჭირდება, როგორიც “ნაპოლია”, რომელსაც სპალეტის სახით ძლიერი მწვრთნელი თავკაცობს.

კვარაცხელიას სხვა წამყვანი კლუბებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მან “ნაპოლი” აირჩია. ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატზე აქვს გადატანილი, შემდეგ კი უკვე “ნაპოლიზე” გადაერთვება.

მე მას ვუთხარი, რომ მუშაობა გააგრძელოს, რათა “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდეს. ასეთ გუნდში გადასვლა მისთვის მხოლოდ დადებითი ფაქტორი იქნება”, – აღნიშნა ლადო დვალიშვილმა.

რამდენს იხდის “ნაპოლი” კვარაცხელიას სანაცვლოდ?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში კარიერას, სავარაუდოდ, “ნაპოლიში” გააგრძელებს.

იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისის კლუბი 21 წლის ქართველი გარემარბის სანაცვლოდ რვა მილიონ ევროს იხდის. “ნაპოლი” კვარაცხელიას ხუთწლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით სეზონში 1,1 მილიონ ევროს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” ხვიჩა კვარაცხელიას ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა, თუმცა ზაფხულში მის დიდ კლუბში გადასვლას არ შეაფერხებს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ამ დროისთვის 16 მილიონ ევროდ აფასებს.

ვლადიმირ ვაისი: “ხვიჩა “ნაპოლიში” გადასასვლელად მზად არის”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ხვიჩა “ნაპოლიში” გადასასვლელად მზად არის. მას ყველა ის თვისება აქვს, რაც დიდი ფეხბურთის სათამაშოდ არის საჭირო. გამიხარდება, თუ ეს ტრანსფერი შედგება. “ნაპოლი” კარგი გუნდია, ხვიჩას კი ინსინიეს ჩანაცვლება იოლად შეუძლია. ვფიქრობ, ის თავის დონეს აჩვენებს: სისწრაფე, დრიბლინგი, საგოლე გადაცემები. ხვიჩა დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელია და მშვენიერი კარიერის მოწყობა შეუძლია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ყველა საჭირო თვისება აქვს”, – ციტირებს ვაისის სიტყვებს “ჩემპიონატი”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის “დინამოსთან” ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში “ნაპოლიში” გადავა, რომელთანაც ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შესაძლოა, ლეგიონერებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტების გაწყვეტის უფლება მიეცეთ

შესაძლოა, რუსეთის ჩემპიონატის კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტების ანულირების შესაძლებლობა მიეცეთ.

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ფიფას მიმართა წინადადებით, რომ რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს ყოველგვარი ჯარიმის გარეშე კლუბებთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულებების გაწყვეტის უფლება მიეცეთ.

“აუცილებელია, რომ ეს ღონისძიება მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს. მზარდი კონფლიქტი ხდება მიზეზი, რომ ფეხბურთელებს კლუბებთან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე კონტრაქტების გაწყვეტის უფლება მიეცეთ. ამ საკითხს ფიფასთან განვიხილავთ. ორი წლის წინ კორონავირუსული პანდემიის გამო ფიფამ დროებით სატრანსფერო წესის კორექტირება მოახდინა. ფიფას ხელმძღვანელობას საგანგებო სიტუაციებში წესების შეცვლა შეუძლია. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ფეხბურთელებს ქვეყნიდან თავისუფლად გასვლის უფლება უნდა მიეცეთ”, – ციტირებს პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრის, ლუის ევერარდის სიტყვებს ნიდერლანდური გამოცემა “ვოტბალ ინტერნეიშენალი”.

აღნიშნულ თემაზე კომეტარი გააკეთა ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნის:

“რუბინს” ცოტა ჰყავს თავისი აღზრდილები? ლეგიონერებთან ეს თემა განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ სანამ სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ყველანი ერთად ვიქნებით”.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში “ვესტ ჰემი” დაწინაურდა

“ფუტბოლ ინსაიდერის” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას დამატებისთვის ბრძოლაში “ვესტ ჰემ იუნაიტედი” დაწინაურდა.

წყაროს თანახმად, ყაზანის “რუბინი” ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, “ჩაქუჩები” კი დასახელებული თანხის გადასახდელად მზად არიან. დევიდ მოიესის გუნდი კვარაცხელიას დამატებას იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.

ცნობისათვის, 20 წლის ნახევარმცველით “ევერტონი” და “საუთჰემპტონიც” არიან დაინტერესებულნი. დასახელებულ კლუბებს ზამთარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურში” ან “მილანში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე.

ქართველ ფეხბურთელსა და “რუბინს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 3 კლუბი დაინტერესდა

ინტერნეტგამოცემა “ფუტბოლ ინსაიდერი” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ სამი კლუბი დაინტერესდა.

წყაროს თანახმად, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ კონკრეტულ ინტერესს “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და “ევერტონი” აფიქსირებენ. კვარაცხელიას დამატებაზე “საუთჰემპტონიც” ფიქრობს. დასახელებულ კლუბებს ზამთარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურში” ან “მილანში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე.

ქართველ ფეხბურთელსა და “რუბინს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

ხვიჩა კვარაცხელიას დამატება “ტოტენჰემსაც” სურს

“სკაი იტალია” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაინტერესდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება იტალიურ “მილანსაც” სურს, თუმცა “როსონერის” ტრანსფერისთვის მოთხოვნილი ფინანსური რესურსის მობილიზება უჭირს, რის გამოც “რუბინს” ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიმართავს. ფინანსების მხრივ ინგლისურ კლუბში გაცილებით კარგი სიტუაციაა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია “რუბინში” 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მან რუსეთის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მან სეზონის მიმდინარეობისას 78 წარმატებული დრიბლინგი მოაწყო, რითაც ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორი გახდა. კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ რვა შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.