გახდება კრიშტიანუ ხვიჩას თანაგუნდელი?

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.

როგორც ცნობილია, 37 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. რონალდუმ “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის დამატებით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის “ნაპოლიც” არის. იტალიური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან მეგობრობა აკავშირებს. ესპანური გაზეთი “ასი” წერს, რომ “ნაპოლის” ხელმძღვანელობა პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენელს დაუკავშირდა და აცნობა, რომ კლუბს რონალდუს დამატების სურვილი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კერპი სწორედ კრიშტიანუ რონალდუა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რონალდუს “იუნაიტედის” დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

“დეილი მეილის” ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის გათამაშებაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

ინგლისურ კლუბს კრიშტიანუ რონალდუს გაშვება არ სურს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელი ფეხბურთელის დარწმუნება სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ნიდერლანდელ სპეციალისტს ეს არ გამოუვიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ოლივერ კანი: “რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რონალდუს საკითხი განვიხილეთ. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენს მოვალებას ცუდად შევასრულებდით. პირადად მე რონალდუს ამ პლანეტაზე მოვლენილ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ვთვლი.

მის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღესდღეობით რონალდუ “ბაიერნის” ფილოსოფიას არ შეეფერება”, – თქვა კანმა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს. რონალდუს “წითელ ეშმაკებთან” შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” 37 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.

“რეალმა” რონალდუ გამორიცხა

მადრიდის “რეალმა” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხა.

გასული წლის ზაფხულში პორტუგალიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” დაბრუნება სურდა. ის დაუკავშირდა “რეალის” ხელმძღვანელობას და საკუთარი თავი შესთავაზა, თუმცა “ბლანკოსმა” აღნიშნული წინადადება არ განიხილა და მის განხილვას არც ახლა აპირებს.

საბოლოო ჯამში, რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა.

ამ უარის შემდეგ ფეხბურთელსა და “რეალის” ხელმძღვაენლობას შორის ურთიერთობა გაცივდა. ახლა რონალდუ “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას აპირებს, თუმცა ამჯერად “რეალთან” კონტაქტი აღარ ჰქონია.

“მარკას” თანახმად, მადრიდულმა კლუბმა სატრანსფერო სტრატეგია შეიმუშავა და მის შეცვლას არცერთი ფეხბურთელის გამო არ აპირებს. ახლა “რეალისთვის” გუნდური ატმოსფერო ინდივიდუალურზე მნიშვნელოვანია.

კილიან მბაპესთან დაკავშირებულმა სიტუაციამ დაარწმუნა “რეალის” ხელმძღვანელობა, რომ არ ღირს ისეთი ფეხბურთელის დამატება, რომელიც გუნდში არსებულ ატმოსფეროს საფრთხეს შეუქმნის.

“რომას” რონალდუს დამატება სურს

იტალიური “ლა რეპუბლიკას” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა გუნდი დატოვოს.

წყაროს თანახმად, 37 წლის პორტუგალიელი “წითელი ეშმაკების” თავკაც ერიკ ტენ ჰაგის ტაქტიკურ მონახაზში ვერ ჯდება.

ფეხბურთელის დამატების სურვილს “რომა” გამოთქვამს, რომელსაც გუნდში ჟოზე მოურინიო-კრიშტიანუ რონალდუს ტანდემის შექმნა სურს. იტალიური კლუბის პრობლემა ფინანსური ფეარ-პლეია. შესაძლოა, “მგლები” პორტუგალიელი მოთამაშის სახელფასო ანაზღაურებას ვერ გასწვდნენ.

კრიშტიანუ რონალდუმ 2021-2022 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კარაგერი “იუნაიტედის” ახალ თავკაცს რონალდუს გაყიდვას ურჩევს

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვას ურჩევს.

“იურგენ კლოპი “ლივერპულში” სერიოზულად მიუდგა იმ ფეხბურთელთა საკითხს, რომლებიც ბრენდან როჯერსისთვის იყვნენ შეძენილები. მან ასეთ მოთამაშეებს მაშინვე უთხრა: “წადით, თქვენ ჩემთვის არ ხართ”. კლოპმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ყველა მიხვდა, რომ ის საქმეს სერიოზულად მიუდგა.

ფიქრობ, ტენ ჰაგი რონალდუსთან დაკავშირებით ანალოგიურად უნდა მოიქცეს, მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა ამის უფლებას. მთელი ამ სეზონის მიმდინარეობისას ვამბობდი, რომ რონალდუს დამატება კარგი ტრანსფერი არ იყო”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Overlap-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან წასვლაზე დაიწყო ფიქრი.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში “წითელი ეშმაკების” რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კინაღამ ევროპის ლიგის საგზურიც დაკარგა

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება. ცნობილია ყველა ის გუნდი, რომელიც მომდევნო სეზონში ინგლისს ევროთასებზე წარადგენს.

ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტი” (ჩემპიონი), “ლივერპული”, ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემ ჰოთსპური” ითამაშებენ.

ევროპის ლიგაზე იასპარეზებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც “კრისტალ პალასთან” 0:1 დამარცხდა. იყო იმის ალბათბა, რომ “წითელი ეშმაკები” სულაც კონფერენციის ლიგაზე მოხვედრილიყვნენ, თუმცა “ვესტ ჰემ იუნაიტედი” ბოლო ტურში “ბრაიტონთან” დამარცხდა (1:3) და სატურნირო ცხრილში “მანჩესტერ იუნაიტედს” ვერ გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე უკანასკნელად 2002 წელს, ლისაბონის “სპორტინგის” ფორმით ითამაშა. “წითელი ეშმაკების” გარდა ევროპის ლიგაზე ითამაშებს ლონდონის “არსენალი”.

კონფერენციის ლიგის საგზური “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დარჩა.

თუ “პსჟ” რონალდუს დაიმატებს, მესი გუნდის დატოვებით იმუქრება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზულ გუნდში საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. “ელ ნასიონალის” ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი წასვლით იმუქრება, თუ “პსჟ” კრიშტიანუ რონალდუს დაიმატებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელ თავდამსხმელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბიციებში ეჭვი ეპარება და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი უკვე დაუკავშირდა რონალდუს და თანამშრომლობა შესთავაზა. კრიშტიანუ პარიზში მესისთან ერთად თამაშის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თავად არგენტინელს ეს გარემოება არ ხიბლავს.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ლეო მესის აცნობა, რომ გუნდიდან მისი გაშვება არ უნდა.

34 წლის არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდიდან რონალდუს გაშვებაზე ფიქრობს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს თამაშით უკმაყოფილოა და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიელი გაყიდოს.

აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის თანამფლობელი ჯოელ გლეიზერი და დირექტორთა საბჭო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” 37 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რონალდუმ “ევერტონის” ფანს ტელეფონი დაუმსხვრია (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “ევერტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გასახდელისკენ გაეშურა, რა დროსაც “ევერტონის” ერთ-ერთმა ფანმა მას მობილური ტელეფონი გაუწოდა. პორტუგალიელმა ტელეფონი გამეტებით ძირს დააგდო და დაამსხვრია. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მომხდარზე შიდა გამოძიება დაიწყო, რონალდუმ კი სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიში მოიხადა.

“იოლი არ არის რთულ მომენტებში ემოციებთან გამკლავება. მიუხედავად ამისა, სხვების მიმართ ყოველთვის პატივისცემასა და მოთმინებას უნდა ვიჩენდეთ, რათა მაგალითი მივცეთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც ეს ლამაზი თამაში უყვარს.

ბოდიშს ვიხდი ჩემი გამოხტომისთვის და თუ შესაძლებელია, ამ ფანს ფეხბურთის საყურებლად “ოლდ ტრაფორდზე” დავპატიჟებ”, – აღნიშნა რონალდუმ.

რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ აპირებს. რონალდუს გუნდის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან ცუდი ურთიერთობა აქვს. როგორც უცხოურ პრესაში იწერება, კრიშტიანუ თვლის, რომ გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო დონე “მანჩესტერ იუნაიტედის” სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, რონალდუ “წითელი ეშმაკების” დატოვებას არ აპირებს. მისი ოჯახი მანჩესტერში ცხოვრებით კმაყოფილია და იქიდან გადაბარგება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ მიჯრით ექვსი მატჩია, კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. პორტუგალიელმა უკანასკნელად ბურთი გასული წლის 30 დეკემბერს მიითვალა, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში “ბარნლი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მიმდიანრე სეზონში რონალდუმ 27 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ტურაგენტმა რონალდუს საბანკო ბარათიდან თანხა უკანონოდ ჩამოაჭრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ტურაგენტმა, რომელთანაც პორტუგალიელი ფეხბურთელი თანამშრომლობდა, მოთამაშის საბანკო ბარათიდან ორასამდე მოგზაურობისთვის სამყოფი თანხა გაიტანა. სინამდვილეში რონალდუს აღნიშნული ტურაგენტის მომსახურეობით არ უსარგებლია. ფეხბურთელმა ტურისტული ფირმის წარმომადგენელს საგზურის დასაჯავშნად აუცილებელ სხვა დოკუმენტებთან ერთად საბანკო ბარათის მონაცემებიც გადასცა. საერთო ზარალმა 288 ათასი ევრო შეადგინა.

სასამართლომ ტურაგენტს მთელი თანხის დაბრუნება დააკისრა.