თუ “პსჟ” რონალდუს დაიმატებს, მესი გუნდის დატოვებით იმუქრება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზულ გუნდში საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. “ელ ნასიონალის” ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი წასვლით იმუქრება, თუ “პსჟ” კრიშტიანუ რონალდუს დაიმატებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელ თავდამსხმელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბიციებში ეჭვი ეპარება და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი უკვე დაუკავშირდა რონალდუს და თანამშრომლობა შესთავაზა. კრიშტიანუ პარიზში მესისთან ერთად თამაშის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თავად არგენტინელს ეს გარემოება არ ხიბლავს.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ლეო მესის აცნობა, რომ გუნდიდან მისი გაშვება არ უნდა.

34 წლის არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პარიზელები მესის იტოვებენ, ნეიმარს უშვებენ

ბრიტანული “სქაი სპორტსის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზში მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

წყაროს ცნობით, პარიზელები გუნდის მშენებლობას სწორედ არგენტინელი ფეხბურთელის გარშემო აპირებენ.

რაც შეეხება ნეიმარს, მას, სავარაუდოდ, გუნდის დატოვება მოუწევს. პარიზელები მზად არიან, ბრაზილიელ შემტევს შეელიონ. ვარაუდობენ, რომ ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენში” ახალი მწვრთნელი მივა, რომელიც გუნდში მასშტაბურ გარდაქმნას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ მესი “პარი სენ-ჟერმენში” პირველ სეზონს ატარებს, ნეიმარი კი პარიზული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

ძანეტი: “მესის დამატება “ინტერის” მომავალს საფრთხის წინაშე დააყენებდა”

მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერაძურიში” ლიონელ მესის ტრანსფერი.

“არავინ მოელოდა, რომ ზაფხულში მესი “ბარსელონას” დატოვებდა. კორონავირუსული პანდემია მძვინვარებდა და საკუთარ თავს ასეთი ინვესტიციის განხორციელების უფლებას ვერ მივცემდით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კლუბის მომავალი საფრთხის წინაშე დადგებოდა”, – თქვა ძანეტიმ “ლიბეროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ინტერის” ლეგენდამ კომენტარი კიდევ ერთ არგენტინელ ფეხბურთელზე ლაუტარო მარტინესზე გააკეთა:

“იოლი არ არის სერია A-სთან ადაპტაცია, თუმცა ლაუტარო დღესდღეობით “ინტერისა” და ეროვნული ნაკრების სავიზიტო ბარათია. ის დიდებული ფეხბურთელია და ჩვეულებრივი ფაქტია, რომ მისი დამატება ბევრ წამყვან კლუბს სურს. ლაუტი აქ ძალზედ ბედნიერია, ასე რომ მის მომავალზე არ ვღელავ. ის თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ გრძნობს და ამას ყველა მატჩში ამტკიცებს”.

ლაუტარო: “მესი “ბარსელონაში” მეპატიჟებოდა”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თქვა, რომ ლიონელ მესი მას “ბარსელონაში” იწვევდა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიური გუნდი მართლაც იყო 24 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული.

“სიმართლეა, რომ მესის “ბარსელონაში” ჩემი ხილვა სურდა. ჩვენ არგენტინის ნაკრების ბანაკში ამის თაობაზე ბევრს ვსაუბრობდით. ლეო კლუბში არსებულ სიტუაციაზე მიყვებოდა, თუმცა მე “ინტერთან” მსურდა ხელშეკრულების გაგრძელება და ასეც მოვიქეცი. მიხარია, რომ აქ დავრჩი, ჩემი ოჯახი იტალიაში ბედნიერია”, – ციტირებს ლაუტარო მარტინესის სიტყვებს “სპორტმედიასეტი”.

შეგახსენებთ, რომ “ინტერსა” და ლაუტარო მარტინესს შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს. არგენტინელმა თავდამსხმელმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში რვა გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დარჩენა-არდარჩენა – მესიმ გადაწყვეტილება მიიღო

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გუნდში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს ეწურება.

წყაროს თანახმად, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე “ბლაუგრანაში” დარჩენილიყო. ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ხოსეპ მარია ბარტომეუ ჟოან ლაპორტამ შეცვალა.

ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

არგენტინა-ჩილეს მსაჯმა მოედნიდან მესის გაძევება განმარტა

კოპა ამერიკაზე არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის 37-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მარიო დიას დე ვივარმა მოედნიდან “ალბისელესტეს” კაპიტანი ლიონელ მესი მეტოქის ნახევარმცველ გარი მედელთან დაპირისპირების შემდეგ გააძევა. მსაჯმა ეს გადაწყვეტილება მატჩისშემდგომ პატაკში ახსნა.

“არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ლექსიკა და/ან ჟესტები. არასათამაშო ეპიზოდში ბურთის გარეშე მეტოქესთან ფიზიკური დაპირისპირება. მხრით მეტოქისთვის ძლიერად დარტყმა”, – ციტირებს MSN მსაჯის მატჩისშემდგომ პატაკს.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ კოპა ამერიკაზე მომუშავე მსაჯები არასამართლიანობაში დაადანაშაულა და მატჩისშემდეგომ დაჯილდოების ცერემონიაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა.