ზიდანი “პსჟ”-ის წინადადებას განიხილავს

ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა პრიორიტეტულია.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. ახლა ფრანგი სპეციალისტი კლუბის შემოთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა მას სამწვრთნელო კარიერის განახლების სხვა ალტერნატივაც აქვს. კერძოდ, ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტმა 2021 წლის მაისში მადრიდის “რეალი” დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

რონალდო: “საუკეთესო შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტია არაა”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე “პარი სენ-ჟერმენის” შანსების შესახებ ისაუბრა და კომენტარი პარიზელთა ფორვარდ კილიან მბაპეს თაობაზეც გააკეთა.

“სათამაშო მოედანზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მადრიდის “რეალში” ხუთი სეზონი გავატარე, ეს იყო გუნდი, რომელსაც “გალაქტიკოს” უწოდებდნენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოვიგე. გამარჯვება მათემატიკური ფორმულით არ გამოითვლება, თუნდაც საუკეთესო შემადგენლობა გყავდეს. საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს “პარი სენ-ჟერმენს”: ლიონელ მესი, ნეიმარი, კილიან მბაპე, სერხიო რამოსი, თუმცა გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩემპიონთა ლიგას სწორედ პარიზელები მოიგებენ.

მბაპეს ჩემი მსგავსი თვისებები აქვს. ის გასაოცარ უნარებს ფლობს, საოცრად ტექნიკურია და ამ თვისებას მაღალ სიჩქარეზეც ავლენს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა, უკვე გრძელი გზა განვლო. მე მომწონს კილიანი და ვქომაგობ მას”, – თქვა რონალდომ DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნეიმარმა “პსჟ”-ის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა ნეიმარმა პარიზული გუნდის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა. ბრაზილიელი ფეხბურთელის არჩევანი ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი;
მცველები: დანიელ ალვესი, ალექსი, დავიდ ლუისი, მაქსველი;
ნახევარმცველები: დევიდ ბექჰემი, ტიაგო მოტა, ნენე, რონალდინიო;
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟორჟ ვეა.

“პსჟ”-ის სპორტდირექტორი: “გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით”

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და გუნდში ნეიმარისა და კილიან მბაპეს დარჩენა-არდარჩენის თაობაზე კომენტარიც გააკეთა. ცნობისთვის, პარიზულ კლუბთან ორივე მათგანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

“ვფიქრობ, ისინი დარწმუნდნენ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” დიდი ამბიციების მქონე მოთამაშეებისთვის შესანიშნავი გუნდია. ფეხბურთელებთან მოლაპარაკების პროცესში მათი სურვილები და მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით. საკითხი გაცილებით რთულად დგას.

“პარი სენ-ჟერმენში” დარჩებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს მართლა ენდომებათ. მათთან რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს და ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ლეონარდოს კომენტარი “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის თავზე “პარი სენ-ჟერმენი” სატურნირო ცხრილს “ლილთან” ერთად ლიდერობს.

სერხიო რამოსი “პსჟ”-ში არ გადავა

მადრიდის “რეალის” კაპიტნის, სერხიო რამოსის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი არ განხორციელდება.

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები და მადრიდელები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ფეხბურთელების გადაბირებით არ დაკავდებიან. აღნიშნული კლუბები მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ ოფიციალურ შემოთავაზებებს განიხილავენ.

34 წლის სერხიო რამოსს მადრიდის “რეალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

“პარი -სენ-ჟერმენმა” “ბარსელონა” უშანსოდ დატოვა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბარსელონას” წყვილის პირველი მატჩი გაიმართა. პარიზელებმა საკუთარ მოედანზე სტუმრები უშანსოდ დატოვეს. შეხვედრა “პარი სენ-ჟერმენის” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანაგრიშით 4:0 დასრულდა. მატჩში დუბლი შეასრულა ანხელ დი მარიამ, თითო-თითო ბურთი კი იულიან დრაქსლერმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. განმეორებითი მატჩი “ნოუ კამპზე” 8 მარტს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“პარი სენ-ჟერმენი” — “ბარსელონა” 4:0 (2:0)
გოლები: დი მარია 18′, 55′, დრაქსლერი 40′, კავანი 71′.

“პარი სენ-ჟერმენი” —”ბარსელონა” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” სორის პირველი მატჩი შედგება. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“პარი სენ-ჟერმენი”: ტრაპი; მენიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა; ვერატი, რაბიო, დი მარია, მატუიდი, დრაქსლერი; კავანი.

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა; ანდრე გომეში, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი.

შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას შიმონ მარცინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“მანჩესტერ სიტი” — “პსჟ” (სასტარტო შემადგენლობები)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” დღეს “პარი სენ-ჟერმენს” მასპინძლობს. წყვილის პირველი მატჩი, როგორც მოგეხსენებათ, ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში, ფერნანდინიო, ფერნანდო, ხესუს ნავასი, დე ბრეინე, დავიდ სილვა, სერხიო აგუერო.

“პარი სენ-ჟერმენი”: ტრაპი, ვან დერ ვილი, ორიე, ტიაგო სილვა, მაქსველი, რაბიო, მარკინიოსი, ტიაგო მოტა, დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას კარლოს ველასკო კარბალიოს ხელმძღვანელობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.