ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, თუმცა საინტერესოა, ორიგინალია თუ არა ტიტული, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ.

ჩემპიონთა ლიგა (უწინდელი სახელწოდება ჩემპიონთა თასი) 1955-1956 წლების სეზონიდან თამაშდება. ტურნირის პირველი თასი დიზაინით დღევანდელისგან განსხვავებული იყო და ის ევროპის ჩემპიონატის ტიტულს უფრო ჩამოჰგავდა. 1967 წელს ეს თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა “რეალს”, რომელსაც იმ დროს გათამაშება ექვსჯერ ჰქონდა მოგებული. ამის შემდეგ ახალი და დღეს არსებული დიზაინის მქონე თასი დამზადდა. მოზრდილი სახელურების გამო ჯილდოს მეტსახელად “დიდი ყურები” შეარქვეს. ეს თასი პირველად გლაზგოს “სელტიკმა” მოიგო, თუმცა შოტლანდიურ კლუბს ტიტული სამუდამო საკუთრებაში არ გადაეცა. დადგენილი წესის თანახმად, ამისთვის საჭირო იყო ტურნირის ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოგება. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ნამდვილი თასი საკუთრებაში ათი თვის ვადით ეძლეოდა, რის შემდეგაც ტიტული უეფაში ბრუნდებოდა, გუნდს კი შემცირებული ასლი ეძლეოდა.

1970-1973 წლებში ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირი მიჯრით სამჯერ მოიგო და გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ტროფეი საკუთრებაში გადაეცა, რის შემდეგაც ახალი ორიგინალი თასი ჩამოისხა. 1973-1976 წლებში იგივე გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნმა” და მასაც გადაეცა ტურნირის ორიგინალი ჯილდო სამუდამო საკუთრებაში. 1994 წელს “მილანმა” გათამაშება მეხუთედ მოიგო და ტიტული სამუდამოდ დაისაკუთრა. 2005 წელს “ლივერპული” გახდა უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ტურნირის ორიგინალი თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა. ამრიგად, მხოლოდ ხუთ კლუბს უდგას მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ნამდვილი თასი.

2008-2009 წლების სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს კლუბებს სამუდამო საკუთრებაში აღარ გადასცემს. ტურნირის მეექვსე ორიგინალი თასი უეფაში ინახება, გამარჯვებულ გუნდებს კი მისი ზუსტი ზომის ასლი გადაეცემათ, რომელზეც მოგებული კლუბის სახელწოდებაა ამოტვიფრული. გარდა ამისა, გამარჯვებულ კლუბებს სურვილისამებრ ტურნირის ორიგინალი თასის ასლის დამზადება შეუძლიათ, თუმცა კოპია ზომით მისი ნამდვილი ანალოგის მაქსიმუმ 80 პროცენტი უნდა იყოს. ახალი წესის თანახმად, კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მეხუთედ ან ზედიზედ მესამედ მოიგებს, სათამაშო ფორმაზე სპეციალური ნიშნის გამოსახვის უფლება ეძლევა.

ჩემპიონთა ლიგის თასის თანამედროვე დიზაინი წარმოადგენს 73,5 სანტიმეტრის ვერცხლის ამფორას, რომელიც შეიგნიდან მოოქროვილია. ტიტული 7,5 კილოგრამს იწონის და მისი ნომინალური ღირებულება ათი ათასი შვეიცარიული ფრანკია. თასზე წინა მხარეს გამოსახულია უეფას ლოგო, ცენტრში კი ფრანგულად აწერია “COUPE DES CLUBS CHAMPIONS EUROPÉENS” (“ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი”). ჯილდო 1967 წელს შვეიცარიელმა იუველირმა იურგ შტადელმანმა დაამზადა.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორიგინალ თასს აღარ იღებს, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ტურნირის პრესტიჟულობასა და მისი მოგების სურვილს.

“ტოტენჰემი” დიბალას დაუკავშირდა

ტურინის “იუვენტუსის” შემტევ პაულო დიბალას დამატებით “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაინტერესდა.

ჟურნალისტი პედრო ალმეიდა იუწყება, რომ ლონდონური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი არგენტინელ ფეხბურთელს დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება გამართა. შეგახსენებთ, რომ პარატიჩი მანამდე “იუვენტუსში” ანალოგიურ პოსტს იკავებდა და ის დიბალას კარგად იცნობს.

28 წლის შემტევის დამატებაზე სხვა კლუბებიც ფიქრობენ. “რომას” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად არის გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის მიყვანით დაინტერესებული. დიბალას მსურველთა შორის სახელდება მილანის “ინტერი”, ლონდონის “არსენალი” და მადრიდის “ატლეტიკოც”.

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალა ამ ზაფხულს “ბებერ სინიორას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

ფრანჩესკო ტოლდო — 50

დღეს ლეგენდარულ იტალიელ კიპერ ფრანჩესკო ტოლდოს 50 წელი შეუსრულდა. Fanebi.Com-ი თქვენთან ერთად გაიხსენებს ტოლდოს კარიერის ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდებს.

ჰოლანდიის დამმარცხებელი
ნიჭიერ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა: ის უმეტესად უფრო სახელოვანი თანაგუნდელების ჩრდილში ექცეოდა. ასე იყო ნაკრებში და ასე იყო “ინტერშიც”. ტოლდომ ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. ტურნირამდე გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა ხელი მოტეხა და ასე გაეხსნა გზა ფრანჩესკოს.

ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ამსტერდამ არენაზე”, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტოლდომ ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა. აქედან ორი თერთმეტმეტრიანი შეხვედრის ძირითად დროში დაინიშნა. თანაც, იტალიელები ჯანლუკა ძამბროტას გაძევების შემდეგ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ტოლდომ ჯერ ფრანკ დე ბურის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერიაში ჰოლანდიელები აშკარად ცუდად გამოიყურებოდნენ. ტოლდომ თითქოს მოაჯადოვა იმ საღამოს თავისი კარი. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ტოლდომ მატჩის წინა ღამეს პერსონალურ კომპიუტერში დისკეტებზე ჩაწერილი მასალის დახმარებით მეტოქე გუნდი პენალტების შესრულების მხრივ დაწვრილებით შეისწავლა.

 

მხსნელი გოლეადორი
ტოლდოს “ინტერი” ბევრჯერ გადაურჩენია, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არა საკუთარ, არამედ მეტოქე გუნდის კართან მოხდა. 2002 წელი, პრინციპული ბრძოლა ტურნირის “იუვენტუსთან”. ყველაზე დრამატული მატჩის ბოლო ნაწილი გამოდგა: 89-ე წუთზე პიერლუიჯი კოლინამ „ინტერის” კარის მიმართულებით საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ალესანდრო დელ პიერომ გოლად აქცია. 95-ე წუთზე კი ნამდვილი სასწაული მოხდა: „იუვენტუსის” კართან კუთხური დაინიშნა, ტოლდო მეტოქის საჯარიმოსკენ გაეშურა, ბურთის მოწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, რითაც ფრანჩესკომ ისარგებლა და ბურთი ბუფონის კარში გადაგზავნა. ტურინელებს ისღა დარჩენოდათ, კოლინასთან დაეჩივლათ, ჩვენს მეკარეზე თავდასხმა მოხდაო, თუმცა გოლი გავიდა და ამას ვინღა გააუქმებდა?!

 

“იების” საგუშაგოზე
90-იანი წლების ბოლოს “ფიორენტინა” მრისხანე ძალა იყო. “იების” რიგებში მანუელ რუი კოშტა და “მკვლელად” წოდებული ფორვარდი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ბრწყინავდნენ, თუმცა ერთ დღეს, როდესაც კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მან ასეთად ტოლდო დაასახელა. 1998/99 წლების სეზონში “ფიორენტინა” დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა სერია A-ს, თუმცა ფინიშის ხაზთან მას “მილანმა” და “ლაციომ” გადაასწრეს. ამის მიუხედავად, ქომაგებს სიხარული არ განელებიათ, რადგან “ფიორენტინამ” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც ყველაზე მთავარია, ფლორენციელები იშვიათი სილამაზის ფეხბურთს თამაშობდნენ.

 

“ფიორენტინა” ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად გამოვიდა. ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩად ლონდონის “არსენალთან” სტუმრად გამართული მატჩი გამოდგა. იმ შეხვედრაში ფლორენციელები ბატისტუტას გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა ტოლდო, ინგლისელები, ალბათ, სასურველ შედეგსაც მიაღწევდნენ. იტალიელმა კიპერმა “ჰაიბერიზე” ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც ორი მეტრის მანძილიდან კანუს დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და ბურთი მოიგერია. ნიგერიელ თავდამსხმელს ასეთი გაოცებული სახე, ალბათ, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია.

 

ტოლდო იტალიის ხუთგზის ჩემპიონი და “ინტერის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თუმცა მან ეს ტიტული მაშინ მოიგო, როდესაც მილანური გუნდის პირველ მეკარედ ჟულიო სეზარი ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტოლდო ქალაქ მილანიდან არ არის და არც “ინტერს” ქომაგობდა ბავშვობიდანვე, მან “ნერაძურის” სამაგალითოდ უერთგულა: “ინტერის” გამო უარი “ბენფიკას”, “ბაიერნს”, “ლივერპულსა” და “რეალს” ვუთხარი. ამ კლუბში გამარჯვება განსაკუთრებული რამაა. ეს იმ გრძნობას ჰგავს, შტორმის შემდეგ პორტს რომ უბრუნდები”.

ფრანჩესკო ტოლდო შეყვანილი იყო 1998 და 2002 წლის მსოფლიოს და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატების სანაკრებო განაცხადებში, თუმცა არცერთ მატჩში არ უთამაშია. მან იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ტოლდო იტალიის რესპუბლიკისადმი გაწეული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია კავალერის ორდენით.

ყველაზე დიდი გამარჯვება
ფრანჩესკო ტოლდოს კარიერის მანძილზე 16 გუნდური ტიტული აქვს მოგებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ გამარჯვებად იმ სიყვარულს თვლის, რომელსაც ხალხისგან გრძნობს: “იცით, რა არის საუკეთესო? ხალხს 40 წლისა და უფრო დიდი ხნის ასაკშიც ვახსოვარ და ადამიანები ჩემზე დადებითად საუბრობენ. ჩემდამი ხალხის გულთბილი განწყობა ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა”.

Toldo

კარიერის დასრულება
ფრანჩესკო ტოლდო თავმდაბალი და მოკრძალებული პიროვნებაა და კარიერაც მოკრძალებულად, გამოსათხოვარი მატჩის გარეშე დაასრულა. 2010 წლის 7 ივლისს ტოლდომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა: “კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ამას ოფიციალურად პირველად ვამბობ, ამიტომ ძალიან მიჭირს, თუმცა კლუბიდან არ მივდივარ — ახალგაზრდებთან მუშაობას გავაგრძელებ. რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს, ის არ იქნება“.

პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ ფრანჩესკო ტოლდო გარკვეული ხნით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, დღესდღეობით კი პროექტ “ინტერი” სამუდამოდ” ერთ-ერთი ხელმძღვანელია. პროექტი კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელებს აერთიანებს.

„ბითლზის“ მეხუთე წევრი

22 მაისს ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით Fanebi.com-ი ბესტის განვლილი ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ. შეუძლებელია, ერთ პუბლიკაციაში ამ ფეხბურთელის ბიოგრაფიაზე დაწვრილებით ვისაუბროთ, ამიტომ დღეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს წარმოგიდგენთ.


ჯორჯ ბესტი 1946 წლის 22 მაისს კრეგაგში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის აღმოსავლეთ რაიონში დაიბადა.

ბესტი ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. „ჯორჯი ბურთს არასდროს შორდებოდა“, – იხსენებს ბესტის დედა.

პატარა ჯორჯი საკუთარი სახლის ეზოში მუდამ ფეხბურთს თამაშობდა, კარად კი მამის ავტოფარეხს იყენებდა, ხშირად ბურთთან ერთად ეძინა კიდეც.

ბესტის პირველი კლუბი „კრეიგ ბოიზის“ საბავშვო გუნდი იყო. ჯორჯმა საკუთარი ტალანტის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხა. 1957 წელს, 11 წლის ასაკში ბესტმა სკოლის გრანტი მოიგო და ქალაქის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა იქ სპორტის ერთადერთი სახეობა რაგბი გახლდათ, ბესტი კი ფეხბურთით იყო „მოწამლული“. საბოლოოდ, ჯორჯის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილი სხვა სკოლაში უნდა გადაეყვანათ. ბესტი ლისნაშარგის სკოლაში მოხვდა, სადაც ის ძველ მეგობრებს შეხვდა და ფოკუსირებაც ფეხბურთის თამაშზე გადაიტანა.

რამდენიმე წელიწადში ბესტით ბელფასტის „გლენტორანი“ დაინტერესდა, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის აყვანა მისი სიგამხდრის გამო გადაიფიქრა. რას წარმოიდგენდნენ მაშინ, რომ ასეთ გენიას დაკარგავდნენ?!

სამაგიეროდ, 1961 წელს ბესტი ინგლისში ჩადის და ვარჯიშს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაში იწყებს.

1963 წელს, 17 წლის ასაკში ბესტმა სკოლაში სწავლას თავი მიანება და მშობლებს განუცხადა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა სურს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და ინგლისიდან სამშობლოში ბრუნდება. მალე ჩრდილოეთ ირლანდიაში „მანჩესტერის“ თავკაცი მეთ ბასბი ჩადის და ბესტი ისევ გუნდში მიჰყავს. 1963 წლის 14 სექტემბერს, 17 წლის ასაკში ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში დებიუტი აქვს. იმ შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ანგარიშით 1:0 დამარცხა. პირველ სეზონში ბესტმა 26 ჩატარებულ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, „მანჩესტერი“ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. „წითელ ეშმაკებს“ ოთხი ქულით აჯობა „ლივერპულმა“.

1964 წელს დებიუტი აქვს ჩრდ. ირლანდიის ნაკრებში.

1965 წელს „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონის პირველ ტიტულს იგებს.

1966 წელს იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს კლუბად მიჩნეულ „ბენფიკას“ „მანჩესტერი“ ანგარიშით 5:1 უგებს. პირველი ორი გოლი ბესტის ანგარიშზეა. ამ დროს პორტუგალიურ მედიაში ბესტს „ბითლზის“ მეხუთე წევრი შეარქვეს. ბესტმა თავისი ნიჭის წყალობით მოახერხა და ხალხისა და მედიის ფავორიტი გახდა. ამ უკანასკნელის გულის მოგება კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ფეხბურთელის გრძელი თმა მის ექსტრავაგანტულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ბესტი მოურჯულებელ, თავისუფალი სულის მატარებელ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ბევრი მასთან კომპრომისზე მიდიოდა. ის ერთგვარი მსახიობიც იყო, კარგად იცოდა, რა სურდა პუბლიკას, იცოდა სკანდალის ფასიც, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამიტომაც იყო ასეთი ხმაურიანი.

1967 წელს ბესტი „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა.

1968 წელს „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ამავე წელს ბესტი ინგლისისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

60-იან წლებში ბესტმა ბიზნესმენობასაც მიჰყო ხელი და ქალაქ მანჩესტერში ორი ღამის კლუბი გახსნა. გარდა ამისა, ის ფლობდა რამდენიმე სამოდელო ბუტიკს, თუმცა ბესტს მხარზე სამი მაცდური ეშმაკი აჯდა: აზარტული თამაშები, ქალები და ალოკოჰოლი. „მანჩსტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მეთ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტი კიდევ უფრო უდისციპლინო გახდა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან, რამაც ზეგავლენა მოახდინა „იუნაიტედის“ შედეგზეც. „წითელი ეშმაკები“ სუსტ მეტოქეებთან ხშირად აგებდა, გამარჯვებული სულის მქონე ბესტი კი მარცხს ძნელად ეგუებოდა.

ბესტი „იუნაიტედში“ თამაშობდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთელებს ნომრებს სათამაშო პოზიციის მიხედვით აძლევდნენ. მარჯვენა ფლანგზე თამაშისას ლეგენდარულ ფეხბურთელს 7-ნომრიანი მაისური ემოსა, მოგვიანებით ის მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, სადაც 11-ნომრიანი ფორმა არგუნეს. იყო პერიოდი, როცა ბესტი 8 და 10-ნომრიანი მაისურებითაც ასპარეზობდა. ერთხელ კი, როცა ბობი ჩარლტონს ტრავმა ჰქონდა, მისი 9-ნომრიანი ფორმა ბესტმა მოირგო. იმ დღეს „მანჩესტერმა“ „შეფილდს უენსდეის“ ანგარიშით 1:0 მოუგო. იმ ერთადერთი გოლის ავტორი კი სწორედ ბესტი გახლდათ.

1970 წელს „ნორთჰემპტონის“ კარში ექვსი გოლი გაიტანა.

1971 წელს ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კვიპროსს სამ გოლს უტანს და ნაკრებიდან მიდის, რადგან მას მოკვლით ემუქრებიან.

1972 წლის 26 მაისს ბესტი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას აკეთებს.

1973 წელს ბრუნდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში და ორ თვეში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდიდან კვლავ მიდის. საბოლოოდ, ბესტმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჩატარებულ 470 მატჩში 179 გოლი გაიტანა.

1975 წელს თამაშს იწყებს „სტოკპორტში“, საიდანაც „ფულემში“ გადადის.

1978 წელს კარიერას ამერიკაში აგრძელებს, მაგრამ „ფულემი“ ფიფაში ჩივის და აცხადებს, რომ ბესტმა კლუბი დაუკითხავად დატოვა. ფიფა ბესტს მსოფლიო მასშტაბით დისკვალიფიკაციას აძლევს და ნებისმიერ დონეზე თამაშს უკრძალავს.

1979 წელს ფიფასგან თამაშის ნებართვას იღებს და შოტლანდიურ „ჰიბერნიანში“ გადადის.

1980 წელს კარიერას ისევ ამერიკულ ლიგაში აგრძელებს.

1984 წელს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო აპატიმრებენ. ბესტი ფეხბურთს არც ციხეში ყოფნის დროს ივიწყებდა და რამდენჯერმე პატიმრების გუნდის შემადგენლობაშიც კი ითამაშა.

1985 წელს კარიერას საბოლოოდ ასრულებს. საერთოდ, სათქმელია, რომ ბესტმა თავისი შესაძლებლობები სრულად მაინც ვერ აჩვენა და პირველ რიგში, ეს თავისივე ბრალია. ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი ცხოვრობდა საკუთარ ნებაზე და არა ისე, როგორც ნამდვილი სპორტსმენი.

1990 წელს ერთ-ერთ შოუზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მთვრალი მივიდა და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

1996 წელს სურვილი აქვს, ირლანდიის ნაკრები გაწვრთნას, მაგრამ უარს ეუბნებიან.

1998 წელს ბრიტანულ ტელევიზიაში მუშაობას ფეხბურთის ექსპერტის რანგში იწყებს.

2001 წელს გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებისგან თითქმის დაშლილ ღვიძლს ურთულესი ოპერაციის შედეგად იცვლის.

2003 წელს სასტუმროში ატეხილი ჩხუბის გამო ისევ აპატიმრებენ.

2004 წელს მართვის მოწმობას ორი წლით ართმევენ – ბესტი საჭეს ისევ ნასვამი მართავდა.

2005 წლის 1 ოქტომბერს საავადმყოფოში გრიპის ვირუსით წვება.

2005 წლის 15 ნოემბერს ექიმები აცხადებენ, რომ ბესტი უმძიმესი ავადმყოფია და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. 20 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა News Of The World–მა საავადმყოფოში მოთავსებული ბესტის სურათი მისივე თხოვნით გამოაქვეყნა. გაზეთმა ალკოჰოლიკებისთვის ლეგენდარული ბრიტანელის ბოლო რჩევა მსხვილი შრიფტით დაწერა: „ნუ მოკვდებით ისე, როგორც მე“.

2005 წლის 25 ნოემბერს ბესტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი აკეთებს.

2005 წლის 3 დეკემბერის წვიმიან დღეს, ბელფასტში ჯორჯ ბესტი დაასაფლავეს. უკანასკნელ გზაზე იგი 32 ათასმა ადამიანმა გააცილა და ერთი ამდენი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უბრალოდ არ დაუშვეს.

2006 წლის 22 მაისს, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის აეროპორტს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი მიანიჭეს.

ქართველ ფეხბურთელთაგან ბესტის წინააღმდეგ მსოფლიო პირველობაზე რევაზ ძოძუაშვილს უთამაშია. ძოძუაშვილმა საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის ორი მაისური ჩამოიტანა. ერთი მათგანი თბილისის მუზეუმს უსახსოვრა, მეორე კი – ქუთაისისას. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის მუზეუმში არსებული ბესტის ფორმა 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და მისი კვალი დაიკარგა. მეორე ფორმა კი ახლაც ქუთაისის სპორტის მუზეუმში ინახება. ბევრია მისი ყიდვის მსურველი, მაგრამ ვინღა გაყიდის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მაისურს?!

ადრიანოს ისტორია (II ნაწილი)

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ ერთსაათიანი ვიდეომონოლოგი ჩაწერა, რომელშიც განვლილი ცხოვრებისა და კარიერის საინტერესო, ბევრისთვის უცნობ ეპიზოდებს იხსენებს. გთავაზობთ ბრაზილიელის მონათხობის მეორე მონაკვეთს.


“როდესაც იტალიაში ჩავედი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ისეთ ბიჭებს შევცქეროდი, როგორებიცაა ზეედორფი, რონალდო, ძანეტი, ტოლდო. ჯანდაბა. მე ამ ბიჭებს ვაღმერთებ. ზეედორფი გასახდელში ტანზემოთ შიშველი დადის, სხეულზე ცხიმი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი. პატივისცემა!!!

არასოდეს დამავიწყდება მადრიდის “რეალთან” “ბერნაბეუზე” ჩატარებული ამხანაგური მატჩი. შეცვლაზე შევედი. საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმის დარტყმის უფლება მოვიპოვეთ და ბურთთან მე მივედი. რატომაც არა? უკნიდან ვიღაც მიახლოვდება ძახილით: “არა, არა, მე დავარტყამ”.

მატერაცი! დიდი ნაბიჭვარი ვინმეა. ჰაჰა!

კარგად არ მესმოდა, რას ამბობდა, რადგან იტალიური ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ გაღიზიანებული იყო.

მას სურდა ჯარიმის შესრულება. საუბარში ზეედორფი ჩაერთო, რომელმაც მატერაცის უთხრა: “არა, ამ ბიჭს დავარტყმევინოთ”.

ზეედორფს არავინ ეწინააღმდეგებოდა, მატერაციც განზე გადგა. ვიდეოს თუ ნახავთ, დაინახავთ დოინჯშემორტყმულ მატერაცის, რომელიც, ალბათ, ფიქრობდა: “ახლა ეს ბიჭი ბურთს ზედა იარუსებისკენ გაუშვებს”.

ხალხი ამ ჯარიმის შესახებ მუდამ მეკითხება:

“როგორ? როგორ? როგორ დაარტყი ასე ძლიერად?”

მე კი მათ ვპასუხობ: “არ ვიცი. მე ჩემი მარცხენათი დავარტყი და დანარჩენი ღმერთმა გააკეთა”.

დავარტყი.

ზედა კუთხე.

მართლა ვერ ავხსნი. ეს უბრალოდ მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ეს იყო “ინტერთან” სასიყვარულო ისტორიის დასაწყისი. იმ დღიდან “ინტერი” ჩემი კლუბია. “ფლამენგოც” მიყვარს, “სან პაულუც” და “კორინთიანსიც”, მაგრამ “ინტერი” ჩემთვის განსაკუთრებულია.

იტალიური პრესა? ეს ცალკე ისტორიაა. ჰაჰაჰ.

თუმცა, “ინტერი” საუკეთესო კლუბია.

ახლაც მბურძგლავს, როდესაც ამღერებულ “სან სიროს” ვიხსენებ.

(სიმღერები)
Che confusione
Sarà perché tifiamo
Un giocatore
Che tira bombe a mano
Siam Tutti in piedi
per questo brasiliano
batti le mani
che in campo c’è Adriano

ბიჭი ფაველადან იტალიის იმპერატორი გახდა? ჯერ ამდენიც არ გამიკეთებია. ყველა მეფესავით მეპყრობა. სიგიჟე იყო. მახსოვს, რიოდან ჩემი ოჯახი ჩამოვიდა და როდესაც ოჯახს ვახსენებ, ვერ მიხვდები, რაზეა საუბარი. მე ვგულისხმობ ოჯახს ბრაზილიურ სტილში. მარტო დედ-მამა კი არა, მთელი 44 კაცი ჩამოვიდა: ბიძაშვილები, დეიდები, ბიძები, ჩემი ბიჭები.

თვითმფრინავში მთელი უბანი ჩაჯდა.

ეს პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა მასიმო მორატიმაც გაიგო და თქვა: “ბიჭისთვის განსაკუთრებული მომენტია. მისი ოჯახისთვის ავტობუსი მოიყვანეთ”. მორატიმ საკუთარი ხალხით ავტობუსი და მთელი ტური უზრუნველყო. წარმოგიდგენიათ 44 ბრაზილიელი ტურით იტალიაში? კარგი დრო იყო.

ეს არის მიზეზი, რატომაც არასდროს ვიტყვი აუგს მორატისა და “ინტერის” შესახებ. ყველა კლუბი ასე უნდა იმართებოდეს. ის ზრუნავდა ჩემზე, როგორც პიროვნებაზე.

ვიცი, რასაც ფიქრობ:

“რატომ ჩამოშორდი ფეხბურთს? რატომ მიგვატოვე?”

იტალიაში სულ ამას მეკითხებიან.

ფეხბურთის სამყაროში, ალბათ, ყველაზე შეუცნობელი მოთამაშე ვარ. ხალხი სინამდვილეში ვერ ხვდება, რა დამემართა. თქვენ არაზუსტად იცით ჩემი ამბავი. ყველაფერი ძალიან მარტივია.

ცხრადღიან მონაკვეთში ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღიდან ყველაზე უბედური დღე დამიდგა,

სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდი. მართლა.

2004 წლის 25 ივლისი. კოპა ამერიკის ფინალი არგენტინის წინააღმდეგ. თითოეულ ბრაზილიელს ახსოვს ეს დღე. ბოლო წუთები იყო და იმ ნაძირლებთან ვმარცხდებოდით. დაგვცინოდნენ, გვაღიზიანებდნენ, დრო გაჰყავდათ. ლუის ფაბიანოს ყველასთვის მუშტის დარტყმა უნდოდა. ჰაჰაჰა! “დავივიწყოთ ფეხბურთი. დავხოცოთ ეს ნაძირლები!”.

დანარჩენი უბრალოდ პოეზიაა. სიმღერაა.

საჯარიმოში ბურთი შემოვარდა. დაბნეულობა იყო. სხეულები, იდაყვები, ვერაფერს ვხედავდი. ვიღაცას იდაყვიც მოვარტყი. უცებ ბურთი ჩემს ფეხებთან გაჩნდა. საჩუქარი სამოთხიდან.

გავიფიქრე, – ოჰ! მოდი აქ, ლამაზო. მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ ვიცოდი, სად ვურტყამდი. უბრალოდ მარცხენა ფეხი მაქსიმალურად ძლიერად მოვიქნიე.

კოცნა არგენტინელებს მსუქანი კაცისგან. ბურთი ბადეში გაეხვა. ვერ აღვწერ იმ ემოციებს. დაუჯერებელია.

ანგარიში ჯერ მხოლოდ გათანაბრდა, მაგრამ ვიცოდით, რომ მეტოქე გავტეხეთ. ვიცოდით, რაც მოხდებოდა პენალტებში და მოხდა კიდეც.

ჩვენ ჩემპიონები გავხდით. ჩემი ქვეყნისთვის არგენტინა ასე დავამარცხეთ, ოჯახი მიყურებდა… ალბათ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო.

ბიჭი გაპარტახებული ჯურღმულებიდან. როგორ არ უნდა ვიფიქრო, რომ ღმერთმა სამოთხიდან ხელი დაბლა ჩამოსწია და ჩემს ცხოვრებას შეეხო?

ეს გაკვეთილია ყველასთვის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ. შენ შეგიძლია, იყო მსოფლიოს მწვერვალზე, შეგიძლია იყო იმპერატორი – მაგრამ შესაძლოა, ცხოვრება უცბად ასეც შეიცვალოს…

2004 წლის 4 აგვისტო. ცხრა დღის შემდეგ. “ინტერში” დავბრუნდი. სახლიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. გულის შეტევა.

არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვი, რომ იმ დღიდან ფეხბურთი ისე აღარ მიყვარდა, როგორც მანამდე. მამას უყვარდა ფეხბურთი და მეც მიყვარდა. ეს იყო ჩემი ბედი. როდესაც ვთამაშობდი, ვთამაშობდი ოჯახისთვის. როდესაც გოლი გამქონდა, გამქონდა ოჯახისთვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ფეხბურთი ისეთი აღარ იყო.

ოკეანის გამოღმა ვიყავი, იტალიაში, ოჯახისგან მოშორებით და ამას ვერ გავუმკლავდი. დეპრესიაში ჩავვარდი, სმა დავიწყე. ვარჯიში აღარ მინდოდა. “ინტერში” აღარაფერი მესაქმებოდა. შინ წასვლა მინდოდა.

სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში სერია A-ში ბევრი გოლი გავიტანე და მიუხედავად იმისა, რომ ფანებს მართლა ძალიან ვუყვარდი, სიხარულის გრძნობა გამქრალი მქონდა. მამის გამო, გესმის? არ შემეძლო ღილაკისთვის თითის დაჭერა და ისევ ძველებურად ყოფნა.

ყველა ტრავმას არ აქვს ფიზიკური სახე, გესმის?

2011 წელს აქილევსის მყესი დავიშავე და მივხვდი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ყველაფერი დასრულდა. ოპერაციის გაკეთება და რეაბილიტაცია შეგიძლია, მაგრამ ისეთი ვეღარ იქნები. ჩემი ფეთქებადობა გაქრა, ბალანსი დავკარგე. დღემდე კოჭლობით დავდივარ, კოჭში ხვრელი დღემდე მაქვს.

იგივე იყო მამის გარდაცვალებისას. უბრალოდ მაშინ იარა ჩემს შიგნით იყო.

“რა მოუვიდა ადრიანოს?”

ძმაო, ეს ძალიან მარტივია.

ერთი ხვრელი კოჭში მაქვს, მეორე კი – სულში.

2008 წელს “ინტერში” მოურინიო მოვიდა და ყველაფერი გაბევრდა. ჟურნალისტები ყველგან დამდევენ, მოურინიო კი მეუბნება: “ჯანდაბა! ბიჭო, ჩემს გაგიჟებას აპირებ?”

არა, ღმერთო, აქედან წამიყვანე. ვერ გავუმკლავდი.

ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს და სანამ წავიდოდი, მოურინიომ მკითხა: “აღარ დაბრუნდები, ხომ?”

“შენ უკვე ყველაფერი იცი”.

ცალმხრივი ბილეთი, ძმაო.

პრესას ზოგჯერ არ ესმის, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. დიდი წნეხია, იყო იმპერატორი. მე არსაიდან მოვედი. მე ვიყავი ბიჭი, რომელსაც უბრალოდ ფეხბურთის თამაში, შემდეგ კი სმა და ბიჭებთან ერთად ხეტიალი მინდოდა. დღეს ასეთ რამეს ბევრი ფეხბურთელისგან ვეღარ გაიგებ, რადგან ყველაფერი გასერიოზულდა, საკმაოდ დიდი ფული შემოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა, მე ყოველთვის ფაველაში მყოფი ბიჭი ვიყავი.

ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ გავქრი. ისინი ამბობდნენ, რომ ფაველაში დავბრუნდი, ნარკოტიკებზე ვარ… მსგავსი გიჟური ისტორიები. მათ ფოტო გამოაქვეყნეს და თქვეს, რომ განგსტერებით გარშემორტყმული ვიყავი და რომ ჩემი ამბავი ტრაგედიაა. მეცინება, რადგან არ იციან, რაზე ლაპარაკობენ.

მე ჩემს ხალხს, ჩემს მეგობრებსა და ჩემს საზოგადოებას დავუბრუნდი. არ მინდოდა გორაზე მდებარე ციხე-სიმაგრეში, ხალხისგან მოშორებით ცხოვრება. მე დავუბრუნდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ მიცნობდნენ, როდესაც “ადირანო” ვიყავი და როდესაც ავტობუსში პოპკორნს ვჭამდი.

რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ფორმაში არც ფიზიკურად და არც მენტალურად აღარ ვიყავი. ვხვდებოდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. “სან პაულუში” მივედი, დახმარების მიღება კლუბის ცენტრში შემეძლო. მაშინ “სან პაულუს” მსოფლიოს საუკეთესო ექიმები ჰყავდა. დეპრესიასთან ბრძოლა ფსიქოლოგთან სეანსებით დავიწყე.

აქ სიყვარულით კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო მორატი, რადგან მან იცოდა, რას განვიცდიდი და ჩემს სივრცეს ყოველთვის მიტოვებდა. რამდენჯერმე ჩამოვედი ბრაზილიაში იტალიიდან. მორატის მაინც ვერ მოვატყუებდი.

ერთ დღესაც მორატიმ თავისთან მიხმო.

– თავს როგორ გრძნობ?
– უბრალოდ აღარ შემიძლია. ბრაზილიაში უნდა დავრჩე.

მორატიმ თანხმობა განაცხადა. მან მშვიდად გამომიშვა და ამისთვის დიდ პატივს ვცემ.

“ადრიანომ მილიონები დათმო შინ დასაბრუნებლად”.

დიახ, შეიძლება მილიონები დავთმე, მაგრამ რა ფასს დაადებთ თქვენს სულს? რამდენს გადაიხდით იმისთვის, რომ თქვენი რაობა დაიბრუნოთ?

მამაჩემის სიკვდილმა გამტეხა. თავის დაბრუნება მინდოდა. ნარკოტიკებზე არ ვყოფილვარ. ვსვამდი თუ არა? კი, რა თქმა უნდა. ჯანდაბა! ვსვამდი. გაგიმარჯოს, ძმაო. შარდს თუ შემიმოწმებენ, ნარკოტიკის ნატამალს ვერ მიპოვნიან. ნარკოტიკს იმ დღეს გავიკეთებ, როდესაც დედა და ბებია გარდამეცვლება. აი, ალკოჰოლს კი ნამდვილად აღმოაჩენენ.

როდესაც “ფლამენგოში” დავბრუნდი, იმპერატორობა აღარ მინდოდა. მინდოდა, ვყოფილიყავი ადრიანო. იმ სილაღის დაბრუნება მინდოდა და დავიბრუნე კიდეც. ზოგჯერ ვარჯიშებზე არა ფეხბურთისთვის, არამედ დასალევად მივდიოდით. როგორც კი ვარჯიშიდან გვათავისუფლებდნენ, წვეულება იწყებოდა. ყველას ცოლმა იცოდა ჩვენი ეს შეთანხმება. იცოდნენ, რომ სახლებში შუაღამისას დავბრუნდებოდით. ჰაჰაჰ.

როცა მეორე დღეს ვარჯიშზე ვიღაცას უჭირდა, მას სხვა ეხმარებოდა: “ნუ ღელავ, ძმაო. შენ მაგივრადაც მე ვირბენ”.

ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.

და ჩვენ გავიმარჯვეთ. “ფლამენგომ” 17-წლიანი პაუზის შემდეგ ლიგის თასი მოიგო. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო.

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ძველებური ადრიანო აღარ დაბრუნებულა, მაგრამ იმ სეზონში შინ ვიყავი და სილაღეს ვგრძნობდი. ისევ ადრიანო ვიყავი.

ადრიანო იყო ბიჭი ფაველადან.

ადრიანო იყო ავტობუსში ბებიასთან ერთად მჯდარი ბიჭი.

ადრიანო იყო ბიჭი, რომელსაც “ფლამენგოდან” აგდებდნენ.

ადრიანო იყო ბიჭი, რომელმაც იბრძოლა.

მე ყოველთვის ეს ადამიანი ვიყავი. ფული, დიდება, აღიარება… ეს ყველაფერი ვერ შეცვლის იმას, როგორიც ხარ დაბადებით.

მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოვიგე.
ლიბერტადორესის თასი ვერ მოვიგე.

მაგრამ იცი, რას გეტყვი? დანარჩენი ყველაფერი მოვიგე და მე ცხოვრებისეული ჯოჯოხეთი გამოვიარე, ძმაო.

ვამაყობ, რომ იმპერატორი ვიყავი, მაგრამ ადრიანოს გარეშე იმპერატორად ყოფნას აზრი არ აქვს.

ადრიანო გვირგვინს არ ატარებს. ადრიანო არის ბიჭი ღარიბი უბნიდან, რომელსაც შეეხო ღმერთი.

ახლა გესმის? ხედავ?

ადრიანო ფაველაში არ ჩაკარგულა. ის უბრალოდ სახლში წავიდა.


იხილეთ ირველი ნაწილი.

ადრიანოს ისტორია (I ნაწილი)

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ ერთსაათიანი ვიდეომონოლოგი ჩაწერა, რომელშიც განვლილი ცხოვრებისა და კარიერის საინტერესო, ბევრისთვის უცნობ ეპიზოდებს იხსენებს. გთავაზობთ ბრაზილიელის მონათხობს ორ ნაწილად.


“ამბობდნენ, რომ გავქრი.

“ადრიანო მილიონებს დაშორდა”.
“ადრიანო ნარკოტიკებზეა”.
“ადრიანო ფაველებში გაუჩინარდა”.

იცით, რამდენჯერ მინახავს ასეთი სათაურები? ჯანდაბა.

აი, აქ ვარ. თქვენ წინ ვდგავარ ღიმილით.

გაინტერესებთ სინამდვილე? პირდაპირ ჩემგან. ყოველგვარი სისულელეების გარეშე. მაშინ სკამი მოიდგი. ადრიანოს შენთვის მოსაყოლი აქვს.

ფაველა
თვითონ სიტყვასაც კი ხალხი არასწორად იგებს. მათ არ ესმით. ისინი ყოველთვის ბნელ სურათებს ხატავენ. მათთვის ფაველა ყოველთვის ტკივილსა და უბედურებას ნიშნავს.

ჰო, ზოგჯერ ასეა, მაგრამ – მთლად ასეც არა. როდესაც ფაველაში გატარებულ ბავშვობაზე ვფიქრობ, ის სილაღე მახსენდება, რომელიც მაშინ მქონდა: ცაში აფრენილი ფრანები, სათამაშო ბზრიალები, ქუჩის ფეხბურთი. აი, ესაა ნამდვილი ბავშვობა და არა ის, რასაც დღევანდელი ბავშვები აკეთებენ – მუდმივი კაკუნი ეკრანზე.

გარშემორტყმული ვიყავი ჩემი ოჯახით, ჩემი ხალხით. საზოგადოებაში გავიზარდე.

არ განვიცდიდი. მე ვცხოვრობდი.

მისმინე, კარიერის განმავლობაში ბევრი ფული გამოვიმუშავე, მაგრამ რამდენს გადაიხდიდი იმისთვის, რომ ეს სილაღე დაგიბრუნდეს? გესმის, რასაც ვგულისხმობ?

ბურთი მუდამ ფეხთან მქონდა. იქ ღმერთმა დამიგდო. როდესაც შვიდი წლის ვიყავი, ოჯახის წევრებმა ცოტაოდენი ფული შეაგროვეს, რათა “ფლამენგოს” აკადემიაში მეთამაშა. ჯანდაბა! ფაველადან “ფლამენგომდე”??? წავედით! ფეხსაცმელები ჩავიცი, მაგრამ სად არის ავტობუსის გაჩერება?

ეს ყველაფერი სიგიჟეს ჰგავდა. ჩვენ პენიაში ვცხოვრობდით და რიოს თუ იცნობ, გეცოდინება, რომ პენიადან გავეაში მდებარე ფლამენგოს სკოლამდე საკმაოდ გრძელი გზაა. პატარა ბიჭი ვიყავი, თან ვიღაც უნდა გამომყოლოდა.

აქ ჩნდება ბებია. მის გარეშე ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა. თქვენ ადრიანო არ გეცოდინებოდათ.

მისმინე, შენ არ იცი, როგორი და რა ხასიათის ქალია. ის ლეგენდაა! პატარა ამბავს მოგიყვები…

“ინტერში” თამაშის დროს, ჟურნალისტები მუდამ თან დამყვებოდნენ. ჩემს სახლთანაც იყვნენ დაბანაკებულნი და იქიდან ფეხს არ იცვლიდნენ. თავს ხაფანგში გაბმულად ვგრძნობდი. მაშინ ბებია ჩემთან დარჩა. დავინახე, რომ სამზარეულოში იყო და გაზქურაზე წყალს ადუღებდა.

– რა ხდება, ბებია? რას აკეთებ?
– არა, საყვარელო. არაფერს ვამზადებ.

დიდი ქვაბი ედგა, თითქოს მაკარონი უნდა მოეხარშა.

– მე უბრალოდ გარეთ მყოფი მეგობრებისთვის საჩუქარს ვამზადებ.
– რა? ხომ არ გაგიჟებულხარ? ამას არ გააკეთებ!!!
– არა. ჩვენი მეგობრებისთვის უბრალოდ პატარა შხაპის გაკეთებას ვაპირებ. წყალი თბილია და მოეწონებათ.

ჰაჰაჰ! ჯანდაბა! ამის გაკეთებას სერიოზულად აპირებდა. ძლივს დავამშვიდე. ასეთ რამეს ამბობდა: “ჩემი ბიჭუნას შეწუხება უნდა შეწყვიტონ. მე მათ გაკვეთილს ჩავუტარებ!”

აი, ჩემი ბებია. ახლა გესმის?

ბავშვობაში ვარჯიშებზე ყოველდღე ის მომყვებოდა ავტობუსით. რა თქმა უნდა, ბევრი ფული არ გვქონდა და რაღაც რომ მეჭამა, პოპკორნს ამზადებდა ხოლმე. ზოგჯერ კი თეთრ პურს ნაჭერს მოაჭრიდა და შუაში შაქარს მოაყრიდა. ეს იყო მაშინ ჩვენი ძირითადი საჭმელი. ეს იყო, რისი საშუალებაც გვქონდა, მაგრამ ზოგჯერ ამ უბრალო საკვებს საუკეთესო გემო აქვს. ასე არ არის? მით უფრო მაშინ, როდესაც მშიერი ხარ. იმ პოპკორნს მართლაც ღვთიური გემო ჰქონდა.

რას აკეთებდა ბებია, როდესაც ვარჯიშზე მიმიყვანდა? ლამაზ კაფეში ჯდებოდა და ჩაის სვამდა? არა, ის იქვე ჩერდებოდა და საათობით უყურებდა ჩემს ვარჯიშს.

ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ ბებია ჩემს სახელს სწორად ვერასდროს ამბობდა. ის მუდამ “ადირანოს” მეძახდა.

ვარჯიშზე ის სხვა ბიჭებს უყვიროდა: “ჰეი! ბურთი ადირანოს მიეცით! რას აკეთებ, ძვირფასო? მიეცი ბურთი ადირანოს!”

მე კი მისი დაწყნარება მიწევდა: “დამშვიდდი, ბებია. ასე ნუ ლაპარაკობ”.

შემდეგ ავტობუსით შინ ვბრუნდებოდით და ანალიზის კეთებაც იწყებოდა.

“ადირანო, ასე რატომ დარბიხარ? რატომ არ გადახვედი მეორე მხარეს? არ მესმის, რატომ არ დაარტყი, საყვარელო”.

ჰაჰაჰ! ის იყო მოურინიო მოურინიომდე.

ამ რუტინაში ვიყავით რვა წლის განმავლობაში. ყოველდღე, ერთად. ამას არასოდეს დავივიწყებ. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს. არც კი ვიცი, რამდენი საათი მაქვს ბებიასთან ერთად ავტობუსში გატარებული. ეს იყო ჩვენი მთელი ცხოვრება. როდისღა ვსწავლობდი? გასაკვირი არ არის, რომ მეხუთე კლასში სამჯერ ჩავრჩი.

ბებიამ სიცოხლე შესწირა, რათა ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ერთ დღესაც არსაიდან ეს ოცნება თითქმის დაგვენგრა.

15 წლის ვიყავი, “ფლამენგო” გუნდიდან ჩემს გამოშვებას აპირებდა. სერიოზულად. საქმე იმაში გახლდათ, რომ თავიდან მე მარცხენა მცველი ვიყავი და საკმაოდ სწრაფად ვიზრებოდი. ალბათ, ბევრი პოკორნის დამსახურება იყო. წარმოგიდგენიათ ადრიანო მარცხენა მცველად? წლის ბოლოს მწვრთნელებმა ყველა ბავშვი შეგვკრიბეს და ორ რიგად გაგვანაწილეს.

მარცხენა რიგი გუნდიდან გაშვებულია. მარჯვენა რიგი რჩება.

ჩემი განაწილების ჯერი მოვიდა. მე მარცხენა რიგისკენ მიმითითეს. ნახვამდის.

როდესაც რიგისკენ მივემართებოდი, ღვთის წყალობით, ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაიძახა: “არა, არა. ადრიანო ჯერჯერობით ჩვენთან რჩება”.

დაუჯერებელია, არა? როდესაც ღმერთის ხელი ჩვენს ცხოვრებაში ერევა, ამის ახსნა შეუძლებელია.

ვიცოდი, რომ საქმე გადარჩენაზე იყო. როდესაც პოზიცია შემიცვალეს და წინ წამწიეს, ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი შანსი იყო.

მე ვიბრძოლე. ყველა მოვისროლე, ვინც წინ აღმიდგა.

სხვა საქმეა, რომ ეს უცხოებს არ ესმით. თავდამსხმელი რბოლაში არ არის. როდესაც ბურთი შენამდე მოდის და წინ ორი დიდი ცენტრალური მცველი გყავს, რომლებიც შენი მოკვლისთვის მზად არიან, ამას რბოლა არ ჰქვია.

ეს არის ბრძოლა. ეს არის ქუჩური ბრძოლა.

რისი გაკეთება შემეძლო? მე ჩემ წინ მდგარი ყველა ლაწირაკი მოვიშორე!

მადლობა ღმერთს, “ფლამენგომ” თავდამსხმელად შემინარჩუნა. ორიოდე წელიწადში კი, 17 წლის ასაკში, პირველ გუნდში ვარჯიშის შანსიც მივიღე, მაგრამ ახლა უკვე ზრდასრული მამაკაცების წინააღმდეგ მიწევდა თამაში. ისინი თავიანთი ოჯახების შესანახად თამაშობენ. ეს სულ სხვა დონეა. მე ყველასთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ მათ ჩემი დაჩაგვრა არ შეეძლოთ. არასდროს დავივიწყებ ერთ ეპიზოდს: 11 11-ზე ვთამაშობდით, ბურთი წინ და უკან დაგორავდა. არაფერი ხდებოდა. უცებ ბურთი საჯარიმოში მივიღე. თითქოს ციდან ჩამოვარდა. მცველები მომვარდნენ, მე ისინი მოვიშორე. შემოვტრიალდი და ჩემ წინ მდგარი კარი დავინახე. ბურთი მარცხენა ფეხზე მქონდა და კი იცი, რასაც ასეთ დროს დავაპირებდი, ძმაო.

ვერც კი ავხსნი. თითქოს ღმერთმა სამოთხიდან თითი ჩამოსწია და ბუცს შეეხო. თვალები დავხუჭე და რაც ძალი და ღონე მქონდა დავარტყი.

ბახ!!!

ბურთი ძელს მოხვდა და ჰაერში ჩიტივით აფრინდა.

ღმერთს გეფიცები, ბურთმა მოედნის ცენტრამდე იფრინა. არ გეხუმრები. ყველას ვუყურებდი სახეზე, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ყველას.

თითქოს ისინი ფიქრობდნენ: “ო, ჯანდაბა, აი ეს არის ბიჭი!”

მე მადლობას ვუხდიდი ზეციურ მამას ამ საჩუქრისთვის.

რამდენიმე თვეში ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მაშინ მშობლებთან ერთად ჯერ კიდევ ფაველაში ვცხოვრობდი. როდესაც ტელევიზორში გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადეს, ძილბურანში ვიყავი.

ოთახში დედაჩემი შემოვიდა ყვირილით: “ადრიანო! ადრიანო! შვილო! ნაკრებში გამოგიძახეს. ღმერთო ჩემო!”

ვხვრინავდი.

– ნაკრებში გამოგიძახეს! ღმერთო ჩემო!
– რა? მეხუმრები?

წამოვჯექი და ტელევიზორში ჩემი სახელი დავინახე.

18 წლის ვარ, ფაველაში ვცხოვრობ. როგორ უნდა იფიქრო, რომ აქ ღმერთი არ ურევია? ჩემი ისტორია არავითარ ლოგიკურ აზრს არ ექვემდებარება.

ერთი წლის შემდეგ მილანის “ინტერში” გადავედი და ხალხმა “იმპერატორი” შემარქვა.

ამას როგორ ახსნი? გეუბნები, ღმერთის ხელი ურევია”.


გაგრძელება იხილეთ ხვალ.

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

შვეიცარიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლიხტშტაინერი დღეს მესაათედ მუშაობს

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი, რომის “ლაციოს”, ტურინის “იუვენტუსისა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილი მცველი შტეფან ლიხტშტაინერი დღესდღეობით ციურიხში მესაათედ მუშაობს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა, რის შემდეგაც ახალ პროფესიას დაეუფლა და დღეს საათის ხელოსნად მუშაობს.

“ძალიან მსიამოვნებს ეს საქმიანობა. ზოგადად, ყოველთვის მიყვარდა საათები. მოთამაშის კარიერა დავასრულე და ახლა მინდა, რომ ამ სამყაროში ჩავეფლო. მაინტერსებს, როგორ მუშაობს საათი, როგორ უნდა დაშალო და ააწყო ის. ვიმედოვნებ, დიდ ცოდნას შევიძენ. შვეიცარიაში ამ მხრივ საკმაოდ მაღალი დონეა.

დაცვაში თამაში ხელოვნებაა, ისევე როგორც საათები. რიგითი გულშემატკივარი მოედანზე მიმდინარე ტაქტიკურ ნიუანსებში ვერ ერკვევა. ხშირად დიდი ეფექტის მოსახდენად საკმარისია მხოლოდ ერთი ბერკეტის მოქცევა. ეს ფეხბურთსაც ეხება და საათებსაც.

ფეხბურთს ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ ძირითადი ჩემპიონატების მატჩებს ტელევიზიის მეშვეობით ვადევნებ თვალყურს. ახლა სხვა დეტალებსაც ვაქცევ ყურადღებას. ისეთ ნიუანსებს ვიჭერ, რომლებზეც მწვრთნელები ამახვილებენ ყურადღებას”, – აღნიშნა ლიხტშტაინერმა 20 Minuten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შტეფან ლიხტშტაინერმა შვეიცარიის ნაკრებში 108 მატჩი ჩაატარა. ის სანაკრებო დონეზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია.

ვილი სანიოლი — მწვრთნელი ჰიტცფელდის ფილოსოფიითა და უხერხული განცხადებებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მარჯვენაფლანგელი მცველი ვილი სანიოლი დაინიშნა, რომლის სამწვრთნელო კარიერაც მხოლოდ ოთხ წელს ითვლის. ფრანგმა ბუცები ლურსმანზე 2009 წელს, 32 წლის ასაკში, ხშირის ტრავმიანობის გამო დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩენა გადაწყვიტა.

სანიოლს “ბაიერნში” თამაშის პერიოდში არაერთ წარმატებულ სპეციალისტთან უმუშავია და გასაკვირი არ არის, რომ მან საკმაოდ სწრაფად აუღო ალღო სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკას. სანიოლს მოთამაშის კარიერა სულ ოთხი წლის დასრულებული ჰქონდა, როდესაც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდეს. მან ამ პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში, 2013-დან 2014 წლამდე იმუშავა და საკმაოდ წარმატებულადაც. გუნდმა ცხრა მატჩიდან შვიდი გამარჯვებით, ორი კი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებით 29-6-ზე. მაშინ სანიოლის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც არიან: ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიუკა დინი (“ევერტონი”), ფლორენ ტოვენი (“მარსელი”), ადრიან რაბიო (“იუვენტუსი”), სამიუელ უმტიტი (“ბარსელონა”), იაია სანოგო (“ტულუზა”), ჯეფრი კონდოგბია (“ატლეტიკო”). სანიოლს სათამაშო წყობის ვარირების შესაძლებლობა ეძლეოდა და ხშირად ცვლიდა სქემას 4-4-2-დან ე.წ. “რომბით” – 4-2-3-1.

საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში ვილი სანიოლის წარმატებული შედეგებმა უმალ მიიქცია საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგების კლუბთა ყურადღება. მათ შორის იყო “ბორდოც”, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურდა, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ სანიოლის კანდიდატურას მიიჩნევდა.

“ჟირონდელებმა” ახალბედა სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და რაც მთავარია, შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რესურსებითაც უზრუნველყვეს.

სანიოლმა “ბორდოში” “ბაიერნის” ყოფილი თავკაცის, ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფია მიიტანა:

“მინდა შემტევი გუნდის ხილვა. “ბაიერნში” გავიგე, რომ დიდი შედეგების მისაღწევად მოედანზე თამაშით უნდა ისიამოვნო. ამისთვის კი საჭიროა ბურთის ფლობა და თავისუფლად მოქმედება. ჩემს ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ღირსეულად მართებთ თავიანთი საქმის შესრულება, მაგრამ რა აზრი ექნება ამას, თუ მაყურებელი სიამოვნებას ვერ მიიღებს?”

სადებიუტო სეზონის მეორე ტურში სანიოლის” ბორდომ” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა, თუმცა იმ სეზონში “ჟირონდელებს” ასეთი დიდი სხვაობით აღარ მოუგიათ. “ბორდოში” სანიოლის მუშაობის პირველი წელი დადებითად შეფასდა, გუნდმა წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საზოგადოება შეთანხმდა, რომ ვილი სანიოლისგან კარგი მწვრთნელის დადგომა შესაძლებელი იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თავადვე შეილახა იმიჯი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არა შედეგებით, არამედ თავისი განცხადებებით “მოახერხა”.

“სანამ “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი ვიქნები, აფრიკელ ფეხბურთელებს ნაკლებად შევიძენთ. არ მინდა, რომ ყოველ ორ წელიწადში აფრიკის თასის გამო ნახევარი გუნდი დავკარგო. აფრიკელი მოთამაშეების მთავარი უპირატესობები დაბალი ხელფასი, სიიაფე, მებრძოლი ხასიათი და ფიზიკური ძალაა, მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, ინტელექტი და დისციპლინაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული”, – თქვა სანიოლმა.

ამ განცხადების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი ბევრმა აითვალწუნა, მას რასიზმში დასდეს ბრალი და აფრიკული წარმომავლობის ფეხბურთელები მომდევნო ტურის ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ.

“ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა ან მისმა არასწორად ფორმულირებამ ვინმე შეურაცხყო ან გაანაწყენა. ბოდიშს ვიხდი. მე მხედველობაში მხოლოდ ფეხბურთი მქონდა. ინტელექტის თაობაზე ჩემი სიტყვები მხოლოდ ტაქტიკურ განსწავლულობას ეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების დონეს”, – თავი იმართლა მოგვიანებით სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი უხერხული განცხადება მსაჯის მიმართ იყო ნათქვამი, რის გამოც ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. სანიოლმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამჯერადაც სცადა თავის მართლება:

“ეს ხუმრობა იყო, რომელიც არასწორად გაიგეს. ის მსაჯის მიმართ ვთქვი, მაგრამ იმ კომენტარში რაიმე სახის რისხვა ან აგრესია არ ჩამიდია. ეს იყო უბრალოდ ვაზელინთან დაკავშირებული სახალისო ამბავი… ხედავთ? თქვენც გეცინებათ. ჩემი აზრით, ამ სიტყვებში საწყენი არაფერია. სადისციპლინო კომიტეტს განმარტებები მივეცი, მაგრამ ჩემს საქმეს მოწყენილი და იუმორს მოკლებული ხალხი განიხილავდა”.

ვილი სანიოლს პოზიტიურად აღარ უყურებდნენ, “ბორდომ” შედეგებიც გააუარესა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სანიოლს 2015-2016 წლების სეზონი “ბორდოში” აღარ ჩაამთავრებინეს.

ამის შემდეგ ვილი სანიოლს სამუშაოდ აღარ იწვევდნენ, ფრანგმა თავისი სიტყვებით თითქოს კარიერა მოისპო კიდეც. სანიოლი ერთი წელი უსაქმოდ იყო, შემდეგ კი შანსი მისცეს იქ, სადაც უყვართ – მიუნხენის “ბაიერნში”. 2017 წელს ბავარიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ სანიოლი თანაშემწედ მიიწვია, თუმცა მათი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სანიოლის მისვლიდან ორ თვეში იტალიელი სპეციალისტი გაათავისუფლეს, ფრანგმა კი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ ბავარიელები მასში დიდ პოტენციალს ვერ ხედავდნენ და ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა დღე გააჩერეს, შემდეგ კი იუპ ჰაინკესი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანეს. იმ რვა დღეში “ბაიერნმა” სანიოლის” ხელმძღვანელობით ერთი მატჩი ჩაატარა – გუნდმა “ჰერტასთან” ფრედ, 2:2 ითამაშა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ წყვეტაა. მას შემდეგ ფრანგი ძირითადად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი მწვრთნელ სანიოლს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეძლევა.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.