“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს”

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის გათავისუფლებას სწორედ ინგლისელ არბიტრს აბრალებს.

ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელი სპეცილიასტი 2015 წლის დეკემბერში, მომავალ ჩემპიონ “ლესტერ სიტისთან” დამარცხების (1:2) შემდეგ გაათავისუფლა. იმ მატჩს სწორედ კლატენბურგი სჯიდა. ინგლისელმა რეფერიმ მოურინიოსთან იმხანად არსებული ურთიერთობის შესახებ Paddy Power-ისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა:

“მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს, მე კი ვიტყოდი, რომ ის გუნდიდან მანამდე დაფიქსირებული შედეგების გამო უფრო გაუშვეს. “რეალიდან” დაბრუნებული მოურინიო ბევრს შრომობდა და თურმე, “ჩელსიდან” ჩემ გამო დაითხოვეს.

როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მივიდა, იგივეს ფიქრობდა. ეგონა, რომ მე ვაპირებდი მის გათავისუფლებას, ამიტომ ის ჩემ მიმართ ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი. საერთოდაც, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი მწვრთნელები ასეთები არიან: თუ მათი გუნდი იგებს, მატჩს მსოფლიოში საუკეთესო რეფერი სჯიდა”.

მოურინიო: “შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს”

ჟოზე მოურინიოს თქმით, შეუძლებელია მანჩესტერული კლუბი იმაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელშიც ახლა არის. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ევროპა ლიგაზე თამაში გუნდს პრემიერ ლიგაში დიდ პრობლემებს შეუქმნის.

“პრემიერლიგა გამონაკლისს არ დაუშვებს. არამგონია, ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე თამაშის შემდეგ, მათ ორშაბათს თამაშის უფლება მოგვცენ. ჩვენ კვირას მოგვიწევს თამაში, პირველი სწორედ ჩვენი მატჩი იქნება.

ასე რომ, შეუძლებელია, “მანჩესტერი” ამაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს ყველაზე ცუდი სიტუაციაა იმ გუნდისთვის, ვისაც პრემიერ ლიგის მოგება უნდა.

გაცილებით უფრო ადვილად არის ყველაფერი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. გაცილებით უფრო ადვილია ისე თამაში, როგორც “ლივერპული” თამაშობდა ორი წლის წინ და როგორც “ჩელსი” ითამაშებს მომდევნო სეზონში.”

აზარმა „ლესტერს“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუტანა (ვიდეო)

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის ბოლო მატჩი, ფრედ, 2:2 დასრულდა. აქედან გამომდინარე, „ტოტენჰემს“ ცხრილში 70 ქულა დაუგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პოჩეტინოს გუნდი პირველზე მყოფ „ლესტერ სიტის“ 7 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ რანიერის გუნდი ოფიციალურად ინგლისის ახალი ჩემპიონია.

არადა, „ტოტენჰემი“ მატჩს ანგარიშით 2:0 იგებდა. 35-ე წუთზე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, 9 წუთში კი „მამლების“ უპირატესობა ორამდე სონმა გაზარდა.

მეორე ტაიმში „ჩელსის“ ჯერი დადგა – 58-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე გარი კეიჰილმა შეამცირა, 83-ე წუთზე კი გააზრებული კომბინაცია ლამაზი გოლით ედენ აზარმა დააგვირგვინა.

„ჩელსი“ – „ტოტენჰემი“ 2:2
გოლები: კეიჰილი 58′, აზარი 83′ – კეინი 35′, სონი 44′
გაფრთხილებები: ვილიანი 45′, ივანოვიჩი 71′, ობი მიკელი 88′ – ულკერი 27′, ვერტონგენი 38′, როუსი 45′, ლამელა 51′, ერიკსენი 70′, დაიერი 88′, კეინი 90′, დემბელე 90′

„Daily Mail“: მარეზი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდება

„ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდება, იუწყება ბრიტანული „Daily Mail“-ი.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ფეხბურთელი ამ ჯილდოს მიიღებს და მისი გადაცემის ცერემონიალისთვის უკვე ემზადებიან.

სეზონის საუკეთესო მოთამაშისთვის ტიტულის გადაცემის ცერემონიალი კვირას საღამოს ლონდონში შედგება, „ლესტერი“ – „სუონსის“ მატჩი კი ადგილობრივი დროით საღამოს ექვს საათზე დასრულდება. ამის გამო ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელების ინგლისის დედაქალაქში პირადი ვერტმფრენით გადაყვანის ვარიანტიც განიხილება.

ციფრები: „არსენალი“ აუტსაიდერებზე მეტ საგოლე მომენტს ვერ იყენებს

ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მეტ საგოლე მომენტს (67,1%) „არსენალი“ ვერ იყენებს. არადა, გოლის გატანის შესაძლებლობას ჩემპიონატის აუტსაიდერებიც კი უფრო იყენებენ – „ნიუკალის“ ანალოგიური მაჩვენებელი 65,7% შეადგენს, „სუონსისა“ და „ნორვიჩს“ 63,9% აქვთ, იუწყება „სქაი სპორტსი“.

28-ე ტურში „მეთოფეებს“ კონკურენტების ქულების დაკარგვის გამოყენება შეეძლოთ, თუმცა ვენგერის გუნდია მე-16 ადგილზე მყოფ „სუონსისთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

რუნიმ პრემიერლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ენფილდზე“ „ლივერპული“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 78-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა, რომელიც მისთვის პრემიერლიგაში, მანჩესტერელთა მაისურით, 176-ე გამოდგა. აქედან გამომდიანრე, 30 წლის ფორვარდმა „არსენალის“ ლეგენდარულ თავდამსხმელ ტიერი ანრის გაუსწრო, რომელსაც „მეთოფეთა“ შემადგენლობაში ინგლისის პირველობაში 175 გოლი ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ერთი კლუბის მაისურით პრემიერლიგაში გატანილი გოლების ამ რაოდენობით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა.

მერსესაიდელთა კარში გოლი რუნისთის ბოლო ოთხ მატჩში მეხუთე გამოდგა.

სათქმელია ისიც, რომ რუნისთვის2005 წლის შემდეგ „ენფილდზე“ ეს პირველი გოლია. მანჩესტერელთა ღირსებას უეინი 2004 წლიდან იცავს.

ვან გაალი: „ჯერ კიდევ ლიდერებს შორის ვართ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „სუონსი სიტისთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„სუონსისთან“ სარისკო ტაქტიკა ავირჩიეთ, ნახევარდაცვაში მეტოქე მშვენივრად მოქმედებდა. ჩვენ სამი მცველით ვთამაშობდით, მაგრამ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. პირველი გოლის შემდეგ გაგვიადვილდა.

ფეხბურთელების გამო მიხარია, რადგან მათ დიდი წნეხის ქვეშ ითამაშეს, თუმცა მოგება მაინც შეძლეს. ჯერ კდიევ ლიდერებს შორის ვართ, სხვაობა არც თუ ისე დიდია. ეს ფეხბურთია, სეზონი გრძელდება.

ახლა ასევე კარგად „შეფილდთან“ უნდა ვითამაშოთ“, – განაცხადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

რუნი პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის მეორე ბომბარდირი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „სტოკ სიტის“ კარში თავისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის 188 გოლით მეორე ადგილზე გავიდა. ამ შედეგით მან ენდი კოულს გაუსწრო, რომელსაც ერთი გოლით ნაკლები აქვს გატანილი.

ზოგადად, ამ მაჩვენებლით ალან შირერი ლიდერობს – მისი მონაგარი 260 ბურთს შეადგენს.

რუნი 2002 წლიდან 2004 წლამდე „ევერტონში“ თამაშობდა, რის შემდეგაც დღემდე „წითელი ეშმაკების“ ღირსებას იცავს.