იტალიაში “ინტერი” გალიდერდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც მილანის “ინტერმა” რომის “ლაციო” მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “მილანმა” “სპეციასთან” შეხვედრა დათმო (0:2), რითაც “ნერაძურის” გალიდერების შანსი გაუჩნდა. ამისთვის ანტონიო კონტეს გუნდს “ლაციო” უნდა დაემარცხებინა. თავის მხრივ, რომაელები, გამარჯვების შემთხვევაში, მეექვსედან მესამე პოზიციამდე აღზევდებოდნენ.

თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ანგარიში კი 22-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გათამაშებული კომბინაცია რომაელთა საჯარიმო მოედანზე არგენტინელი ფეხბურთელის წაქცევით შეფერხდა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ლუკაკუმ უშეცდომოდ შეასრულა – 1:0. ტაიმის ბოლოს “ლაციოს” საჯარიმოს მისადგომებთან მარსელო ბროზოვიჩის ვარდნის შედეგად ბელგიელი ფორვარდი პეპე რეინასთან ერთი ერთზე დარჩა და დუბლი შეასრულა – 2:0.

მატჩის 61-ე წუთზე “ლაციოს” თამაშის შემოტრიალების იმედი მიეცა. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი გონსალო ესკალანტეს მოხვდა და სამირ ჰანდანოვიჩის კარში შევარდა – 2:1. “ნერაძურიმ” სიმონე ინძაგის გუნდს ცივი შხაპი სამ წუთში გადაასხა: ბროზოვიჩმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომეთან მეტოქეს ბურთი აართვა და ლუკაკუს გრძელი გადაცემა გაუკეთა, ბელგიელმა ფეხბურთელმა სოლო რეიდი მოაწყო, მეტოქეს გაასწრო, მოტიტვლებულ საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მარტოდმარტო დარჩენილ ლაუტაროს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი ცარიელ კარში შეაგორა – 3:1.

“ლაციოსთან” მოპოვებული გამარჯვებით “ინტერმა” აქტივში 50 ქულას მოუყარა თავი და გათამაშების სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, ერთი პუნქტით ნაკლები აქვს “მილანს”, ხოლო მესამე პოზიციაზე 43 ქულით “რომა” გახლავთ. “ლაციო” 40 პუნქტით “ნაპოლისთან” და “ატალანტასთან” 5-7 ადგილებს იყოფს.

იტალიის სერია A
XXII ტური
“ინტერი” — “ლაციო” 3:1 (2:0)
გოლები:
ლუკაკუ 22′ (პენ), 45′, მარტინესი 64′ — ესკალანტე 61′.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს”

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის გათავისუფლებას სწორედ ინგლისელ არბიტრს აბრალებს.

ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელი სპეცილიასტი 2015 წლის დეკემბერში, მომავალ ჩემპიონ “ლესტერ სიტისთან” დამარცხების (1:2) შემდეგ გაათავისუფლა. იმ მატჩს სწორედ კლატენბურგი სჯიდა. ინგლისელმა რეფერიმ მოურინიოსთან იმხანად არსებული ურთიერთობის შესახებ Paddy Power-ისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა:

“მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს, მე კი ვიტყოდი, რომ ის გუნდიდან მანამდე დაფიქსირებული შედეგების გამო უფრო გაუშვეს. “რეალიდან” დაბრუნებული მოურინიო ბევრს შრომობდა და თურმე, “ჩელსიდან” ჩემ გამო დაითხოვეს.

როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მივიდა, იგივეს ფიქრობდა. ეგონა, რომ მე ვაპირებდი მის გათავისუფლებას, ამიტომ ის ჩემ მიმართ ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი. საერთოდაც, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი მწვრთნელები ასეთები არიან: თუ მათი გუნდი იგებს, მატჩს მსოფლიოში საუკეთესო რეფერი სჯიდა”.

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. ჯუზეპე მაროტა ამბობს, რომ კლუბი არ დააკავებს იმ მოთამაშეებს, რომელთაც გუნდიდან წასვლა სურთ:

“კონტემ ამის შესახებ უკვე ამომწურავად ისაუბრა. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ გუნდში დარჩენას არ ვაიძულებთ მოთამაშეს, რომელსაც წასვლა სურს.

სიტუაცია განსახილველია, მანამდე კი ერიქსენი კონტეს განსაკურგულებაშია. კრისტიანისგან რაიმე სახის თხოვნა ჯერ არ მიგვიღია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, ვეცდებით, მართებული გადაწყვეტილება მივიღოთ”.

კრისტიან ერიქსენს იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

კრისტიან ერიქსენით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული

“კალჩომერკატოს” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.

წყაროს თანახმად, 28 წლის ფეხბურთელით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული: “რომა”, “მილანი” და “ლაციო”. დანიელი ნახევარმცველის შეძენა შესაძლოა, 20 მილიონი ევრო დაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი “ინტერში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. მას იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

“ლაციოს” პრეზიდენტი: “მილინკოვიჩ-სავიჩი? მხოლოდ გიჟურად დიდ წინადადებას განვიხილავთ”

რომაული “ლაციოს” პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ, გუნდდა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის წასვლის შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი დედაქალაქურ კლუბს მხოლოდ წარმოუდგენლად სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში დატოვებს.

“ფელიპე ანდერსონის გარდა, კლუბის დატოვების სურვილი ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს. მილინკოვიჩი არ იყიდება. ჩვენ მხოლოდ გიჟურად დიდი წინადადების განხილვას ვაპირებთ,” – აცხადებს ლოტიტო.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე სწორედ ის კლუბი მუშაობს, რომელსაც სჩვევია სატრანსფერო ბაზრის დაპყრობა – საუბარია “პარი სენ-ჟერმენზე”.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ სერია ა-ს გასულ სეზონში 23 წლის სერბი ფეხბურთელი საშუალოდ 81 წუთს ატარებდა მოედანზე. მის ანგარიშზე 35 მატჩში გატანილი 12 გოლია.

ჩირო იმობილეს “მილანში” სურს კარიერის გაგრძელება

“ლაციოს” შემტევ ჩირო იმობილეს კარიერის გაგრძელება “მილანის” რიგებში სურს, თუნდაც “როსონერიმ” ევროპულ სარბიელზე ვერ შეძლოს ასპარეზობა. ამ ინფორმაციას ტრანსფერების იტალიელი გურუ ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა მილანურ კლუბს თავისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა, თუმცა ტრანსფერამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა – საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ლაციო” ძალიან რთულად აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიურ კლუბებთან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დორტმუნდის “ბორუსიასა” და “სევილიაში” ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, 2016 წელს იმობილე “ლაციოში” გადაბარგდა და 47 სატურნირო მატჩში 41 გოლი გაიტანა.

ეტო “ლაციოს” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

Football Italia-ს მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, “კონიასპორის” თავდამსხმელი, სამუელ ეტო “ლაციოსთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეები დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, შეხვედრამ ოთხი საათი გასტანა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის კამერუნელი ფეხბურთელი “კონიასპორს” მიმდინარე წლის იანვრის თვეში შეუერთდა და თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისის თვემდე აკავშირებს.

სავარაუდოდ, ეტო ლუის ნანის შემცვლელი იქნება, რომელმაც “ლაციოს” შემადგენლობაში ღირებული ვერაფერი გააკეთა.

რაც შეეხება ეტოს კარიერას, მან 2010 წელს “ინტერთან” ერთად ტრიპლეტის მოგება შეძლო, რის შემდეგაც “სამპდორიაში” განაგრძო კარიერა (2015).

ჩირო იმობილე “ლაციოს” რეკორდსმენი გახდა

რვა აპრილს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა რომის “ლაციომ”, რომელიც “უდინეზეს” ეწვია. გაშვებული გოლის შემდეგ რომაელებმა მალევე შეძლეს რეაბილიტაცია და იმობილესა და ალბერტოს გოლებიც წყალობით სამი ქულა წაიღეს შინ.

ეს გოლი იმობილესთვის რიგით 27-ე გახლდათ იტალიური კლუბის მაისური, რითიც მან ერნან კრესპოსა და ჯუზეპე სინორის რეკორდი დაამხო ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით.

რაც შეეხება იტალიის სერია ა-ს სატურნირო მდგომარეობას, “იუვენტუსი” 81 ქულით პირველზეა, მას ოთხი ქულით ჩამორჩება “ნაპოლი”, მესამე ადგილს კი “ლაციო” იკავებს 60 ქულით.