“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს”

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის გათავისუფლებას სწორედ ინგლისელ არბიტრს აბრალებს.

ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელი სპეცილიასტი 2015 წლის დეკემბერში, მომავალ ჩემპიონ “ლესტერ სიტისთან” დამარცხების (1:2) შემდეგ გაათავისუფლა. იმ მატჩს სწორედ კლატენბურგი სჯიდა. ინგლისელმა რეფერიმ მოურინიოსთან იმხანად არსებული ურთიერთობის შესახებ Paddy Power-ისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა:

“მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულებს, მე კი ვიტყოდი, რომ ის გუნდიდან მანამდე დაფიქსირებული შედეგების გამო უფრო გაუშვეს. “რეალიდან” დაბრუნებული მოურინიო ბევრს შრომობდა და თურმე, “ჩელსიდან” ჩემ გამო დაითხოვეს.

როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” მივიდა, იგივეს ფიქრობდა. ეგონა, რომ მე ვაპირებდი მის გათავისუფლებას, ამიტომ ის ჩემ მიმართ ყოველთვის ანტაგონისტურად იყო განწყობილი. საერთოდაც, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავსი მწვრთნელები ასეთები არიან: თუ მათი გუნდი იგებს, მატჩს მსოფლიოში საუკეთესო რეფერი სჯიდა”.

“გუნდში არავის ვაკავებთ”

მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. ჯუზეპე მაროტა ამბობს, რომ კლუბი არ დააკავებს იმ მოთამაშეებს, რომელთაც გუნდიდან წასვლა სურთ:

“კონტემ ამის შესახებ უკვე ამომწურავად ისაუბრა. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ გუნდში დარჩენას არ ვაიძულებთ მოთამაშეს, რომელსაც წასვლა სურს.

სიტუაცია განსახილველია, მანამდე კი ერიქსენი კონტეს განსაკურგულებაშია. კრისტიანისგან რაიმე სახის თხოვნა ჯერ არ მიგვიღია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, ვეცდებით, მართებული გადაწყვეტილება მივიღოთ”.

კრისტიან ერიქსენს იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

კრისტიან ერიქსენით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული

“კალჩომერკატოს” ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.

წყაროს თანახმად, 28 წლის ფეხბურთელით სამი იტალიური კლუბია დაინტერესებული: “რომა”, “მილანი” და “ლაციო”. დანიელი ნახევარმცველის შეძენა შესაძლოა, 20 მილიონი ევრო დაჯდეს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი “ინტერში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. მას იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

კრისტიან ერიქსენი ესპანურ გრანდში?

ბოლო დროს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, რობერტო ფერნანდესი არაერთხელ დააფიქსირეს “ტოტენჰემის” მატჩებზე. Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ დროის მანძილზე მას კრისტიან ერიქსენისთვის თვალყურის დევნება ჰქონდა დავალებული.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრების” მთავარ სამიზნედ ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე ფილიპე კოუტინიოს მიიჩნევენ. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ “ლივერპული” მაქსიმალურად ცდილობს ბრაზილიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას, შესაძლოა, ტრანსფერი ჩაშალოს.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, კატალონიელები ერიქსენზე გადაერთვებიან, რომელსაც “ტოტენჰემის” პრეზიდენტი, დანიელ ლევი 225 მილიონ ევროდ აფასებს.

კლოპი: “კეინი უკეთესია, ვიდრე ლუკაკუ”

22 ოქტომბერს ლონდონში “ტოტენჰემი” “ლივერპულს” უმასპინძლებს (19:00).

ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა შეხვედრის წინ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

მე არ მაქვს უფლება განვსაჯო ეს ორი ფეხბურთელი, ლუკაკუ და კეინი შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. იმ შემთხვევაში, თუ გოლი ვერცეთ მათგანს ვერ გააქვს, ჩემი აზრით, შეხვედრაში ბევრად შესამჩნევი ინგლისელი ფეხბურთელია, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კეინი უკეთესია, ვიდრე ლუკაკუ, მაგრამ მჯერა, მსგავსი სამუშაოს შესრულება ბელგიელსაც შეუძლია. “ტოტენჰემთან” შეხვედრაში ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ დელე ალის, რომელიც მინდორზე ყველგანაა. ასევე საკმაოდ სახიფათოა კრისტიან ერიკსენი, დანიელი მოედნის ყველა წერტილიდან ურტყავს, როგორც კი ამის შანსი ეძლევა,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

ერიქსენი: “ტოტენჰემს” ისევ აქვს პრემიერ ლიგის მოგების შანსი!”

ლონდონის “ტოტენჰემი” 34 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში მეორე პოზიციაზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

ამ სიტუაციის შესახებ ისაუბრა “სპურსების” ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა.

“ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს! ისევ ვიბრძვით იმისთვის, რომ ინგლისის ჩემპიონები გავხდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენზე არაა ყველაფერი დამოკიდებული და ლიდერმა გუნდმაც უნდა დაკაროს ქულები. თუმცა, ყველა თამაშზე ბოლომდე უნდა მოვახდინოთ კონცენტარცია და ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ.”

“დღევანდელი სიტუაცია გვაძლევს დიდ მოტივაციას, რომ მეტოქეს ტიტულში შევეცილოთ!” – განაცხადა ერიქსენმა.

 

ერიქსენი ევროპის საუკეთესო მეპასეა

დღეს ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში ლონოდნის “ჩელსი” თანაქალქელ “ტოტენჰემს” “უემბლიზე” შეხვდა და მეტოქე ანგარშით, 4-2 დაამარცხა. “სპურსებიდან” გოლები ჰარი კეინმა და დელე ალიმ გაიტანეს. საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში ასისტენტის როლში კრისტიან ერიქსენი მოგვევლინა.

25 წლის ნახევარმცველისთვის ესენი ყველა ტურნირზე გაკეთებული მეცხრამეტე და მეოცე საგოლე პასები იყო. მიმდინარე სეზონში ამ კომპონენტში იგი ევროპაში ნომერ პირველია.

ამ მხრივ საუკეთესო ხუთეული (ექვსი ფეხბურთელი) ასე გამოიყურება.

 

ოფიციალურად: ერიქსენმა “ტოტენჰემთან” გაახანგრძლივა

კრისტიან ერიქსენმა საკუთარი მომავალი “ტოტენჰემს” კიდევ ოთხი წლით დაუკავშირა – 24 წლის დანიელმა ლონდონურ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენი გასულ სეზონში ლონდონელთა წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, კონტრაქტი კი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

“ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს. მე ამას ნათლად ვხედავ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთთან და სამწვრთნელო შტაბთან არიან დაკავშირებულები.

კონტრაქტის გახანგრძლივებას ყოველთვის ვაპირებდი. რაც შეეხება გეგმას, გარკვეული გეგმა უკვე გვაქვს. ” – განაცხადა დანიელმა შემტევმა.