დარჩენა-არდარჩენა – მესიმ გადაწყვეტილება მიიღო

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გუნდში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს ეწურება.

წყაროს თანახმად, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე “ბლაუგრანაში” დარჩენილიყო. ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტის პოსტზე ხოსეპ მარია ბარტომეუ ჟოან ლაპორტამ შეცვალა.

ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რატომ მოუხადა ბოდიში მალდინიმ მარადონას

“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც მას დიეგო მარადონასთვის ბოდიშის მოხდა მოუწია:

“სერია A-ს დიდების დარბაზის დაჯილდოების ცერემონია იყო, მე მის გვერდით ვიჯექი. ეკრანზე ჩვენი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი აჩვენეს. თავს ყოველთვის კორექტულ მცველად ვთვლიდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ ვიდეოებში მის წინააღმდეგ ძალზედ უხეშად ვთამაშობდი. ეს მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ მარადონა ჩემს ქმედებებს წინასწარ იცნობდა და მე ყოველთვის ვაგვიანებდი.

ის ძალიან სწრაფი იყო, მას მთელი კარიერის განმავლობაში ურტყამდნენ. შემრცხვა და იმ ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ მარადონას ბოდიში მოვუხადე.

ის ძალზედ მარდად აკონტროლებდა ბურთს და სწრაფად ცვლიდა მიმართულებას. მარადონა მართლაც ექსტრაორდინარული ფეხბურთელი იყო”.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის “ნაპოლის” შემადგენლობაში 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა. არგენტინელი ფეხბურთელი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა, ერთხელ მოიგო უეფას თასი. მის პატივსაცემად “ნაპოლიმ” კლუბში ათნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინადადების დათანხმების შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის ამოწურვისას არგენტინელი ფეხბურთელი 43 წლის იქნება.

City Football Group-ი არის კომპანია, რომელიც შესულია ათი სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის მფლობელობაში, მათ შორის 100 პროცენტიანი წილი უკავია “მანჩესტერ სიტიში”. ჩანაფიქრის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საწყის რამდენიმე წელს ლეო მესი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გაატარებს, რის შემდეგაც ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ რომელიმე კლუბში გადავა. კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინელი კლუბის ელჩი გახდება.

შესაძლოა, ტრანსფერი 2021 წლის იანვარშივე გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო პერიოდში ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სურდა. არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში შექმნილი სიტუაციით იყო უკმაყოფილო, თუმცა კლუბმა დაარწმუნა, რომ მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენილიყო. მასსა და კლუბს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.

City Football Group-ი დღესდღეობით შემდეგი საფეხბურთო კლუბების მფლობელობაშია:

“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) — 100%
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია) — 100%
“მონტევიდეო სიტი ტორკე” (ურუგვაი) — 100%
“ლომელი” (ბელგია)  — 99%
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)  — 80%
“მუმბაი სიტი” (ინდოეთი)  — 65%
“ჟირონა” (ესპანეთი)  — 44.3%
“სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)  — 29.7%
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) — 20%
“ტრუა” (საფრანგეთი).

მესიმ გაიტანა, არგენტინის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

20 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე პარაგვაელთა ნახევარმცველმა რიჩარდ სანჩესმა გახსნა. არგენტინელებმა წონასწორობა 57-ე წუთზე აღადგინეს. პარაგვაის ნაკრების მცველმა პირისმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.

ამ ფრის შემდეგ, არგენტინის ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. 1 ქულა აქვს ყატარსაც, რომელიც ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მესამე პოზიციაზეა და არგენტინას ბოლო ტურში დაუპირისპირდება. ჯგუფის ლიდერი კოლუმბიაა, ხოლო მეორე ადგილს პარაგვაი იკავებს.

იხილეთ მესის გოლი და მომენტები

მატჩის მიმოხილვა

სიმეონე: “მესისა და რონალდუს შორის არჩევანს ყოველთვის მასზე გავაკეთებდი”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას პირად მიმოწერაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის მესისა და რონალდუს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ მესი ძალიან კარგია. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ექსტრაორდინარული თანაგუნდელები ჰყავს. კითხვა მაქვს, მესის აირჩევდით თქვენი გუნდში რეგულარულად სათამაშოდ, თუ რონალდუს?” – ვკითხულობდით WhatsApp-ის მიმოწერიდან.

“მესისა და რონალდუს შორის არჩევანს ყოველთვის მესიზე გავაკეთებდი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე,” – განმარტა არგენტინელმა სპეციალისტმა დღევანდელ ინტერვიუში.

“მე არ მითქვამს რომ რონალდუ უკეთესია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ საშუალო დონის მოთამაშეების გუნდში ის უკეთ შეძლებს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას. მაგრამ, როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელები ყავს შემოკრებილი, მესი უკონკურენტოა,” – დაამატა მან.

სამპაოლი: “ვცდილობდით, მისთვის ცარიელი სივრცე შეგვექმნა”

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა საფრანგეთთან, ანაგარშით, 3-4 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. ლათინოამერიკელთა უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან მტკივნულია, რომ ჩემპიონატს გამოვეთიშეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მიზნისთვის მიეღწიათ. ურთულესი შეხვედრა იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ მოვახერხეთ ის, რომ რუსეთში მიზნისთვის მიგვეღწია. მოწყენილი ვარ. ვიმყოფები ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ჩემს მომავალს არ ვწყვეტ.

მიზანი ერთი იყო: გაგვეტანა და მოგვეგო. თუმცა, შესაძლოა, ჩვენი სათამაშო ფილოსოფია არ იყო იმდენად დახვეწილი, რომ ეს ამოცანა შეგვესრულებიან. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. გვუსრდა, კოლექტიურად შეგვექმნა ამ საოცარი სპორტსმენისთვის საჭირო მომენტები. მის გარშემო ბევრი ტაქტიკა ვცადეთ. გვსურდა, შეგვექმნა ცარიელი სივრცე, სადაც იმოძრავებდა თავისუფლად. მოკლედ, ყველაფერი ვცადეთ, რომ მას სასურველი რაღაცების გაკეთება შეძლებოდა. თუმცა, ზოგჯერ ართმევ თავს ამ ყველაფერს, ზოგჯერ ვერა,” – ამბობს არგენტინელი.

ლიონელ მესის პირველი კომენტარი ისლანდიასთან მატჩის შემდეგ

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პრიველი ტურის შეხვედრაში არგენტინამ და ისლანდიამ ფრე, 1-1 ითამაშეს. საგულისხმოა, რომ სამხრეთამერიკელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა და გუნდს გამარჯვების გოლის გატანით, პირველი სამი ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა.

“ბლაგურნას” ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ამ შედეგის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დამწუხრებული ვარ თერთმეტმეტრიანის გაცუდების გამო. გვინდოდა, მოგებით დაგვეწყო, რადგან ეს ძალიან დაგვამშვიდებდა. იდეა ისევ იგივეა: მოვიგოთ დარჩენილი ორი შეხვედრა. მეტი დავიმსახურეთ. მეტოქის ხაზებს შორის სივრცეებს ვერ ვპოლუბდით. მეორე ნახევარში კი, ისლანდია საერთოდ სხვანაირად თამაშობდა. ისინი გვიცდიდნენ. ორი მატჩი დარჩა. ვფიქრობ, ხორვატიასთან რთული დაპირისპირება გველის იქიდან გამომდინარე, რასაც ეს ნაკრები წარმოადგენს. ისინი დაცვაში მჭიდროდ თამაშობენ და ერთი მოძრაობით თამაშის შეცვლა შეუძლიათ,” – ამბობს არგენტინელი.

ლიონელ მესი: “ჩემს თავს საუკეთესოდ არ მივიჩნევ”

ბევრისთვის ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, თავად მოთამაშე თავმდაბლობას არ კარგავს და ამბობს, რომ იგი სულაც არ ფიქრობს სხვებისავით.

“ჩემს თავს საუკეთესოდ არ მივიჩნევ. ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ. როცა თამაში იწყება, მინდორზე ჩვენ, ყველანი ერთნაირები ვართ. ნაკრებზე იმას გეტვყით, რომ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ და ისეთ დონეზე ავიდეთ, როგორზეც, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, ბრაზილია ან ესპანეთია. თუმცა, ჩვენც გვყავს ფეხბურთელთა კარგი ჯგუფი და, როგორც ყოველთვის, არგენტინა გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტია.”

ლეომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცხოველების მიმართ აქვს სიმპათია.

“ცხოველები ძალიან მიყვარს. მათთან ერთად გავიზარდე და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. სახლში გვყავს ძაღლი, სახელად, ჰალკი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია და ბევრგან დაგვყავს. შვილები ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ ჰალკისგან. სიყვარული, რომელიც მათ შორის არსებობს, მუდმივია,” – ამბობს მესი.

 

მესი: “ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მშვენიერ ტურნირზე ასი გოლი გავიტანე”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა და ანგარიშით, 3:0 მოიგო. დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელსაც აღნიშნულ ტურნირზე ზუსტად ასი გოლი დაუგროვდა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მშვენიერ ტურნირზე ასი გოლი გავიტანე. თუმცა, მთავარი მაინც მეოთხედფინალში გასვლაა იმ გუნდით, რომელშიც ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ საკმაოდ რთულ თამაშში ვიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი თამაშის დასაწყისშივე გავიტანეთ. ძალიან მიხარია, რომ მოვლენები ასე განვითარდა. კონტეს ნათქვამი სიტყვები კარგად ვერ გავიგე. თუმც, როგორც მერე მითცხრეს, მან შემაქო. ეს ძალიან სასიამოვნოა,” – ამბობს მესი.

ფეხბურთის ვარსკვლავებმა შობა აღნიშნეს (ფოტო)

მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ამჟამად საშობაო შესვენებაა, რომელსაც ფეხბურთელები თავიანთ ოჯახებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი, ტიაგო სილვა, იაია ტურე, ჰარი კეინი, ჯესე ლინგარდი, ბასტიან შვაინშტაიგერი, დიეგო კოშტა… ეს იმ ფეხბურთელების მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც სოციალურ ქსელში საშობაო მილოცვებს აქვეყნებენ.

Feliz navidad para todos !!!

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

Família❤️Feliz Natal ?

A post shared by Nj ?? ? neymarjr (@neymarjr) on