“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და “სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და “ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

ბელოტი: “დიდ კლუბში მხოლოდ მაშინ გადავალ, თუ ძირითადის მოთამაშე ვიქნები”

ანდრეა ბელოტიმ საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა დიდ კლუბში, თუ მისთვის ძირითადში თამაში გარანტირებული იქნება.

“ბევრმა მითხრა, რომ ტურინის დატოვების დრო მოვიდა და ახალ, უფრო დიდ კლუბში მოვსინჯო ძალები. მაგრამ “ელ ტოროს” მხოლოდ იმ შემთხვევაში გავცვლი სხვა კლუბში, თუ ძირითადის მოთამაშე ვიქნები. არ მინდა სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე.

ახლა, მას შემდეგ რაც ორი ტრავმა მოვირჩინე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მართალია, ამ პრობლემებმა ჩემს სეზონზე უარყოფითი გავლენა იქონია, მაგრამ წინ ძალიან ბევრი მატჩია და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რითიც კლუბს დავეხმარები,” – აცხადებს ბელოტი.

ბელოტი: “ჩვენ ევროტურნირების საგზურისთვის ვიბრძვით”

“ტორინოს” იტალიელმა თავდამსხმელმა, ანდრეა ბელოტიმ “უდინეზესთან” მოგებული მატჩის (2-0) შემდეგ პრესასთან ტურინული კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“ვარჯიშზე ძალიან ბევრს ვშრომობდი და შედეგიც მივიღე. “უდინეზეს” ორი წლის წინათაც ასეთი გოლი გავუტანე, თუმცა ის გასვლითი შეხვედრა იყო.

“ტორინოს” მიზანი მიმდინარე სეზონში ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ. დანებებაზე არც კი ვფიქრობთ, ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.

“იუვენტუსთან” გასამართი მატჩი? წინ რთული დაპირისპირება გველის და ეს ძალიან კარგად ვიცით. ამ მატჩისთვის შესაფერისად უნდა მოვემზადოთ და მოედანზე სოლიდურად ვითამაშოთ. თუ მოვინდომებთ, გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია, ” – აცხადებს ბელოტი.

სერია ა-ს 24 ტურის შმდეგ “ტორინო” 36 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.

მარეკ ჰამშიკი დიეგო მარადონას გაუთანაბრდა

გუშინ იტალისს სერია ა-ს მეჩვიდმეტე ტურში “ტორინო” “ნაპოლის” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშთ, 1-3 დამარცხდა. ნეაპოლიტანელთა მხრიდან თავის გამოჩენა კალიდუ კულიბალიმ, პიოტრ ზიელინსკიმ და მარეკ ჰამშიკმა მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ მარეკმა სტუმარი გუნდის მაისურით 30-ე წუთზე 115-ე გოლი გაიტანა. მისი დამხმარე ამ მომენტში დრის მერტენსი იყო. სლოვაკი ამ შედეგით გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, დიეგო არმანდო მარადონას. თუმცა, მას 115 გოლის გასატანად 464 მატჩი დასჭირდა, ხოლო, მარადონას –  259. 30 წლის სპორტსმენს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ თავისი კარიერის მანძილზე არგენტინელს საკმაო სხვაობით გაასწროს.

აქვე გეტყვით, რომ “ნაპოლის” “ტორინოსთან” გამარჯვების შემდეგ 42 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე გადავიდა.

მიჰაილოვიჩი: “ბელოტიმ ყველას დაუმტკიცა, რომ 100 მილიონი ღირს”

იტალიური “ტორინოს” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა “სასუოლოსთან” მოპოვებული გამარჯვების (3-0) შემდეგ, გუნდის ლიდერი, ანდრეა ბელოტი შეაქო და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელი 100 მილიონი ევრო ღირს.

“ანდრეა ბელოტი ჯერ კიდევ არ არის თავის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მისი ეს გოლიც კი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მასში 100 მილიონის გადახდა ნამდვილად ღირს.

ძალიან რთული მატჩი იყო, პირველივე წუთებიდანვე ვუახლოვდებოდით სასურველ მიზანს, მაგრამ რაღაც ბიძგი გვჭირდებოდა. შესაძლოა, საბოლოო შედეგი ცოტა გადამეტებულიცაა, მაგრამ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ,” – აცხცადებს სინიშა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ანდრე ბელოტიმ, რომელსაც “ჩელსიში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, გასულ სეზონში 26 გოლი გაიტანა სერია ა-ში.

მიჰაილოვიჩი: “ბალოტელი “ტორინოში”? დიდი სიამოვნებით”

“ტორინოს” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ თავის გუნდში დიდი სიამოვნებით იხილავდა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მარიო ბალოტელია.

როგორც იცით, ამჟამად “ტორინოში” ლიდერის როლის შემსრულებელი ანდრეა ბელოტია, რომელიც ძალიან ახლოსაა კლუბიდან წასვლასთან, უცხოური პრესა კი მის შემცვლელად 26 წლის ბალოტელის ასახელებს.

“ბალოტელი “ტორინოში”? დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მას აქ,” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი და სინიშა “მილანშიც” თანამშრომლობდნენ. სინიშას ხელმძღვანელობით ჩატარებულ 20 მატჩში მარიომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

ბელოტისთვის “პარი სენ-ჟერმენიც” იბრძოლებს

“ტორინოს” იტალიელი ლიდერის, ანდრეა ბელოტის ტრანსფერისთვის გამართულ ბრძოლაში ფრანგული “პარი სენ-ჟერმენიც” ჩაერთო. ამ ინფორმაციას Footbal Italia ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, პარიზელები მზად არიან “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მილანის” სამიზნის სანაცვლოდ ტურინულ კლუბს 100 მილიონი ევრო შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელმა სერია ა-ს გასულ სეზონში 26 გოლის გატანა შეძლო და ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

“ტორინოს” პრეზიდენტი: “რა შემთხვევაში გავყიდით ბელოტის?”

იტალიური “ტორინოს” პრეზიდენტმა, ურბანო კაირომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ანდრეა ბელოტის მხოლოდ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

“ბელოტი ახლა ნაკრებთან ერთად იმყოფება, ხუთშაბათს კი ქორწილი აქვს – მეც დამპატიჟა.

ბელოტიზე ვზრუნავ, ვცდილობ მასთან კავშირი შევინარჩუნო. მას “ტორინოსთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მას მხოლოდ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეველევი.

თუმცა, მთავარი ის არის, თუ რა უნდა მას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენს შემოგვთავაზებენ სხვა კლუბები, თუ მას დარჩენა უნდა, ის დარჩება,” – აცხადებს პრეზიდენტი.

სინიშა მიჰაილოვიჩი: “ეს ფრე ჩემთვის მოგების ტოლფასი იყო”

“ტორინოს” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მსაჯმა “იუვესთან” ფრედ დასრულებულ მატჩში დიდი შეცდომა დაუშვა და რომ ეს ფრე “ტორინოსთვის” ერთ ქულაზე მეტი იყო.

“ძალიან ნათლად დავინახე, რომ მან ბურთზე სუფთად ითამაშა. ამის შესამჩნევად დიდი დაკვირვება ნამდვილად არ იყო საჭირო. რისთვის არის მეოთხე მსაჯი? ის ჩემზე უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა, ეს უნდა დაენახა.

მსაჯმა რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა. იმ მომენტში, მსაჯმა სასტვენს მხოლოდ 6-7 წამის შემდეგ ჩაჰბერა, შველას მოელოდა კოლეგებისაგანა.

ეს ფრე გამარჯვების ტოლფასი იყო ჩვენთვის. ჩემი ფეხბურთელები ვამაყობ. ხასიათი, ტაქტიკური ინტელიგენტი, მონდომება ყველაფერი გამოვაჩინეთ, რაც ძალიან მახარებს,” – აცხადებს მიჰაილოვიჩი, რომლის გუნდმაც “იუვეს” 33-მატჩიანი საშინაო მოგებათა სერია დაასრულა სერია ა-ში.

ალეგრი: “იგუაინი და ბელოტი? ისინი ერთად ვერ ითამაშებენ”

პრესასთან საუბრისას ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ყველასათვის ნათელ იგახადა ის ფაქტი, რომ “ბებერი ქალბატონი” ანდრეა ბელოტის გადაბირებას არ ცდილობს.

“ეს შეუძლებელია. იგუაინი და ბელოტი ერთად ვერ ითამაშებენ, გამორიცხულია.

ანდრეა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც დიდ პროგრესს განიცდის. არ ვიცი, ღირს თუ არა ის 100 მილიონი ევრო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მას წინ ბრწყინვალე მომავალი აქვს.

მჯერა, რომ ის იტალიის ნაკრებში მრავალი წლის მანძილზე ითამაშებს ცხრიანის პოზიციაზე,” – აცხადებს ალეგრი.

ჯო ჰარტი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით არის დაინტერესებული

“მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მეკარე, ჯო ჰარტი, რომელიც დროებით იტალიური “ტორინოს” ღირსებას იცავს, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით არის დაინტერესებული.

საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ცნობით, 30 წლის მეკარე მანჩესტერში, თავის სახლში აპირებს ცხოვრებას, რომელიც 2006 წელს შეიძინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “წითელი ეშმაკები” (კერძოდ სერ ალექს ფერგიუსონი) ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ ჰარტის გადაბირებას, როდესაც ის “შრუსბერში” გამოდიოდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მანჩესტერ სიტიმ” “ტორინოს” ჰარტის შენარჩუნების სანაცვლოდ 15 მილიონი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღეს. არენდას კი ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.