რატომ თამაშობდა ოლიმპიადაზე რონალდო რონალდინიოს გვარით? (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს ატლანტაში, 1996 წელს გამართულ ოლიმპიადაზე მოხდა, თუმცა მაშინ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რონალდოს მაისურზე გვარად რონალდინიო იყო მითითებული.

მაშინ რონალდოს ნაკრებში არათუ საფირმო სათამაშო ნომერი, საკუთარი გვარიც კი არ ჰქონდა დაბევებული, ყველაფერი კი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუნდიალზე “სელესაოს” განაცხადში ორი რონალდო მოხვდა: “სან პაულუს” 28 წლის მცველი და “კრუზეიროს” 17 წლის თავდამსხმელი, შემდგომ საქვეყნოდ ცნობილი რონალდო. მაშინ გადაწყდა, რომ ასაკით უფროს რონალდოს მაისურზე გვარად “რონალდაოს” დააწერდნენ, რაც “დიდ რონალდოს” ნიშნავს, ხოლო უმცროსი რონალდო მოხსენიებული იქნებოდა, როგორც “რონალდინიო” ანუ “პატარა რონალდო”. ეს პრაქტიკა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც გაგრძელდა. ამჯერად უფროსი რონალდო იმხანად “ატლეტიკო მინეიროს” 22 წლის მცველი რონალდო გუიარო გახლდათ, კიჭას მაისურზე კი კვლავ “რონალდინიო” იყო მითითებული.

ოლიმპიადაზე ფენომენომ ხუთი ბურთი გაიტანა, რითაც მხოლოდ ბებეტოსა და ერნან კრესპოს ჩამორჩა (6-6 გოლი). ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც განის გუნდი უპრობლემოდ დაამარცხა (4:2), თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ნიგერიის ნაკრების ბარიერი ვერ დაძლია (3:4) და ფინალამდე ვერ გააღწია. “სელესაომ” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჯავრი პორტუგალიის ნაკრებზე იყარა (5:0) და ბრაზილიელები ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

აქვე გთავაზობთ 1996 წლის ოლიმპიადაზე რონალდოს თამაშის ამსახველ ვიდეომასალას.

იხილეთ ვიდეო.

კასანო: “იუვენტუსში” რონალდუს ტრანსფერი არასწორი პროექტია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღნიშნა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა.

“იუვენტუსმა” რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შეიძინა, თუმცა მისი მოსვლის შემდეგ გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. “იუვე” სკუდეტოს მის გარეშეც მოიგებდა. მისი ტრანსფერი არასწორი პროექტია.

რონალდუს ანდრეა პირლოს იდეებთან საერთო არაფერი აქვს. ის გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან მას ეს მჯდომიარესაც კი შეუძლია. პირლოს საკუთარი გუნდისგან აქტიური პრესინგის ხილვა სურს. მართალია, რონალდუს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ პრესინგზე ნაკლებად თამაშობს”, – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” მადრიდის “რეალიდან” 2018 წელს 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი. მასთან ერთად გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფდინალურ (2018-2019) და მერვედფინალურ (2019-2020) ეტაპებამდე გააღწია.

“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

რივალდო: “ბარსელონას” გამო “რეალში” გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ განაცხადა, რომ თავის დროზე რეალური შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კატალონიური გუნდიდან მადრიდის “რეალში” გადასვლაზე უარს არ იტყოდა.

“რონალდოსთან ერთად “რეალში” რომ მეთამაშა, მრისხანე წყვილი ვიქნებოდით. ჩვენ ეს ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის პირობებში დავამტკიცეთ. საკლუბო დონეზეც უფრო მეტად რომ შევთამაშებულიყავით, მომაკვდინებელი დუეტი გავხდებოდით. მცველებს ჩვენი შიში ექნებოდათ, მიუხედავად იმისა, რომელი კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებდით.

იმ ზაფხულს (2002 წელი) რონალდო “რეალში” გადავიდა. მადრიდელებს ჩემ მიმართაც ჰქონდათ ინტერესი და დიდებული იქნებოდა, რონალდოსთან ერთად რომ მეთამაშა. “რეალს” “ბარსელონას” გამო უარს არ ვეტყოდი, თუმც კატალონიურ კლუბთან მშვენიერი ურთიერთობა მქონდა და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს საყვარელ ევროპულ გუნდად. იმ დროს უკლუბოდ ვიყავი, ვინაიდან შევთანხმდით, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებდით. ასე რომ, შემოთავაზებებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის უნდა გაანალიზო დადებითი და უარყოფითი მხარეები. კარგად მესმის, რომ “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ლუიშ ფიგუს ანალოგიური ისტორია განმეორდებოდა, მაგრამ მადრიდულ კლუბში ჩემი გადასვლა არ შედგა.

სინამდვილეში “რეალში” გადასვლასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ვინაიდან მაშინ ჩემით “მილანი” იყო დაინტერესებული და ჩვენ შორის შეთანხმება სწრაფად მოხდა, მადრიდელებმა კი იტალიელებთან სატრანსფერო ბრძოლაში შესვლაზე უარი თქვეს და მეც ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია”, – რივალდოს კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

რობერტო კარლოსი: “რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღლესთან”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები ვარჯიშებზე საკუთარი თვითმფრინავებით მიფრინავდნენ.

“როდესაც იმ წლებს ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვახერხებდით ამას. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. თითოეული მატჩის შემდეგ საკუთარი თვითმფრინავებით ვმგზავრობდით. ერთმანეთს მადრიდის აეროპორტის დახურულ ტერმინალში ვხვდებოდით. ბექჰემი ერთი მიმართულებით მიფრინავდა, ფიგუ და ზიდანი – მეორე მიმართულებით, მე და რონალდო კიდევ სხვა გეზით მივემგზავრებოდით… მომდევნო დღეს კი ისევ ვარჯიში გვქონდა და უკან უნდა გამოვფრენილიყავით.

ვლოცულობდი, რომ მატჩი შაბათ დღეს გვქონოდა. ასეთ შემთხვევაში, კვირას ფორმულა 1-ის რბოლაზე დასწრების შესაძლებლობა მეძლეოდა. კერძო თვითმფრინავები ყველგან იყო, რაღაც სიგიჟე ხდებოდა.

რონალდოს პირველად 1993 წელს შევხვდი. იმ პერიოდიდან ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა. ასე რომ, რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღლესთან”, – ციტირებს რობერტო კარლოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

კარიკატურა: რონალდუს “რეალის” პენალტების დარტყმა მაინც უნდა!

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის მატჩში “რეალმა” “ჟირონა” 4-1 დაამარცხა. თერთმეტმეტრიანების გამოყენება მოახერხეს სერხიო რამოსმა და კარიმ ბენზემამ.

ადრე, პენალტებს “ბლანკოსში” რონალდუ ურტყამდა. ომარ მომანის აზრით, გოლს მოწყურებულ რონალდუს ასეთი რეაქცია ჰქონდა მაშინ, როცა ბურთთან დასარტყმელად რამოსი და ბენზემა მივიდნენ.

 

კარიკატურა: რონალდუ “იუვენტუსში?!

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოსაა. ამაზე სხვადასხვა გამოცემამ დაწერა.

ომარ მომანი პორტუგალიელის ტრასნფერზე კარიკატურას გვთავაზობს.

 

რონალდო მუნდიალის ყოველი მატჩის წინ ინდივიდუალურად ამზადებს ნეიმარს

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, რონალდო, კვლავაც განაგრძობს “სელესაოსთვის” მუშაობას. Marca-ს ცნობით, რონალდო მუნდიალის ყოველი მატჩის წინ ხვდება ნეიმარს და ინდივიდუალურად ამზადებს მას.

“კიჭა” რეგულარულად ხვდება ნეიმარს და ცდილობს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ამზადებს მატჩის წინ. მსგავსი რამ მოხდა შვეცარიასა და კოსტა-რიკასთან გამართული მატჩის წინაც.

გარდა ამისა, რონალდუ ნეიმარს საჯაროდაც ამხნევებს. სწორედ ის გახლავთ ერთ-ერთი ბრაზილიური ტელეკომპანიის კომენტატორი გახლავთ.

როგორც იცით, ნეიმარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო მოედნის ფარგლებს მიღმა გაატარა და ახლახან დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი. ასეთივე მდგომარეობაში იმყოფებოდა რონალდოც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რონალდომ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რონალდომ, რომელიც ახლა ესპანური გრანდის ელჩის ფუნქციებს ასრულებს, პრესასთან ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

“ნეიმარი? ის “პარი სენ-ჟერმენში” ახლახან გადავიდა, თანაც მისი ტრანსფერი ძალიან ხმაურიანი იყო. მეორე მხრივ, პარიზელებს ფული ნამდვილად არ სჭირდებათ. ფრანგები მას არ გაყიდიან, მიუხედავად იმისა, თუ რამდენს შესთავაზებენ.

რა თმა უნდა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს ტრანსფერი თავისუფლად შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ არ მჯერა, რომ ზაფხულში ნეიმარი კლუბს გამოიცვლის.

პარიზში თამაშით ის დიდ სიამოვნებას იღებს. მან თავად გადაწყვიტა კარიერის “პსჟ”-ში გაგრძელება, რადგანაც ისტორიის დაწერა უნდოდა,” – აცხადებს ბრაზილიელი “კიჭა”.

რონალდო: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო იქნება და “რეალს” სწორედ მისი მსგავსი მოთამაშე სჭირდება”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ თანამემამულეზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარი სუპერმოთამაშეა. ალბათ, ის რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ჩემი აზრით, “რეალს” სწორედ საუკეთესოები სჭირდება. მე მილანის “ინტერში” ვთამაშობდი და არ ვგეგმავდი, მომავალი ხუთი წელი სადმე წავსულიყავი. თუმცა, საბოლოოდ, გამოჩნდა მადრიდის “რეალი”. მათი შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი იყო, რადგან  იქ თამაში ყველას სურს.”

“ნეიმარზე “ბლანკოსის” წარმომადგენლებისგან არაფერი გამიგია. მათ ის უნდა იფიქრონ და გააკეთონ, რაც სჭირდებათ. წელს კი, ესპანურ გრანდს რთული პერიოდი უდგას. მათ უნდა მოინდომონ და სეზონი წარმატებით დაასრულონ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდიან და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ტურნირი. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება,” – ამბობს რონალდო.

რონალდო: “ბარსელონა” ბრაზილიელებს ყოველთვის ცუდად ექცევა”

ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდომ “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ბლაუგრანა” ბრაზილიელების მიმართ ყოველთვის უსამართლოა.

“სიმართლე გითხრათ, “რეალში” ყოფნისას გაცილებით უფრო ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონაში” ერთი დიდებული წელი გავატარე. საბოლოო ჯამში ჩემი “ბარსელონური” კარიერა ძალიან ცუდად დასრულდა, ისევე როგორც ნეიმარის.

“ბარსელონას” ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ბრაზილიელ ფეხბურთელებად:ნეიმართან, რომარიოსთან, რონალდინიოსთან და ჩემთანაც. ეს კლუბი თითოუელ ჩვენგანს ცუდად მოგვექცა საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რაც მისთვის გავაკეთეთ,” – აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იმყოფება კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო.