“სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა

დღეს, 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთ “სარბიელის” საიუბილეო ნომერი გამოიცა. ზუსტად 30 წლის წინ, 1990 წლის 28 დეკემბერს აღნიშნული გამოცემის პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ წლების განმავლობაში “სარბიელი” მკითხველს უამრავ საინტერესო მასალას აწვდიდა და რაც მთავარია, ეს არ იყო გაზეთის ფურცლებზე სტანდარტული სიტყვებით მშრალი ინფორმაციის გადმოცემა. “სარბიელის” ჟურნალისტებმა სპეციფიკური წერის მანერით შეძლეს ის, რომ გაზეთს საკუთარი სტილი ჩამოუყალიბდა, რისი წყალობითაც მისი გამორჩევა სხვა უამრავ გამოცემას შორის იყო შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კი საქმისადმი პასუხისმგებლობა და ის გულწრფელობა გახლდათ, რომლისთვისაც ამ გაზეთის ავტორებს ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც არ უღალატიათ, საქებს აქებდნენ, საკრიტიკებელს აკრიტიკებდნენ. მკითხველმაც მალე შეიყვარა “სარბიელი” და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

დღევანდელი საიუბილეო-საკოლექციო ნომერიც ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, ისევ იმ ხალხის მიერაა შედგენილი, ისევ იმ ენით, ისევ ისე საინტერესოდ, ისევ იმ ფასად, განსხვავება კი ისაა, რომ გამოცემა 32-გვერდიანია.

ვულოცავთ “სარბიელს” 30 წლის იუბილეს!

ომი და მშვიდობა იტალიურ ფეხბურთში: ულტრასები და დაძმობილებული გუნდები

ულტრასული დაჯგუფება სპორტული გუნდის მხარდასაჭერად შექმნილ ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს ნიშნავს. მას საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა და განვითარების პიკს 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავდა ულტრასდაჯგუფება. ულტრასების ხსენებისას ხშირად ასოცირება ინგლისელ ხულიგნებთან ხდება, თუმცა ეს სტერეოტიპული წარმოდგენაა. მიუხედავად ამისა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ულტრასდაჯგუფებებს შორის ძალადობა ხშირია, თუმცა ეს მათი არსებობის შედეგი უფრო არის, ვიდრე მიზანი.

ულტრასები ძირითადად სტადიონის ქვედა იარუსზე, კარის მახლობელ სექტორებზე თავსდებიან და იქიდან ქომაგობენ თავიანთ გუნდს სხვადასხვა შეძახილებითა თუ სიმღერებით, ხშირად თვალსასეირო პერფორმანსებსაც დგამენ. ულტრასსამყაროში პოლიტიკაც ღრმად არის ფესვგადგმული. დაჯგუფებები ძირითადად მკვეთრად მემარცხენე ან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები არიან და ხშირად ეს განსაზღვრავს სხვადასხვა გუნდების ფანკლუბების ერთმანეთთან დაახლოებას. ამასთან, მხოლოდ პოლიტიკა არ არის ორი ულტრასდაჯგუფების ერთმანეთთან დაძმობილების მიზეზი.

“ლაციო” და “ინტერი”
იტალიაში სხვადასხვა კლუბთა ულტრასდაჯგუფებებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” ფანთა შემთხვევა. “ლაციოს” ულტრასები ცნობილნი არიან თავიანთი მკვეთრად მემარჯვენე შეხედულებებით, მათთვის არც სვასტიკის დემონსტრირებაა უცხო. ამ გარემოების გამო ისინი “ინტერის” ულტრასებს დაუძმობილდნენ. მართალია, “ნერაძურის” ფანდაჯგუფება ასეთივე ექსტრემალური შეხედულებებით ცნობილი არ არის, თუმცა მათ გარკვეული კავშირი აქვს იტალიის სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფებთან, მათ შორის “შავ გულთან”.

აღნიშნული გუნდების ულტრასები ხშირად კიდებენ ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ პატივსაცემ ბანერებს. პოსტერი წარწერით “Da sempre fieri del nostro gemellaggio alla nord di Milano rendiamo omaggio” (“ვამაყობთ და პატივს ვცემთ ჩვენს დაძმობილებას მილანის ჩრდილოეთთან”) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ამ ორ კლუბს შორის კავშირი კარგად გამოჩნდა 2010 წელს გაჩაღებულ სკუდეტოსთვის ბრძოლაში. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლაციო” “ინტერს” მასპინძლობდა, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. ტიტულისთვის ბრძოლაში მილანელთა უშუალო კონკურენტი “ლაციოს” თანაქალაქელი და პრინციპული მეტოქე “რომა” იყო, რომელიც ლიდერ “ინტერს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა. ის შეხვედრა “ლაციომ” თითქმის უბრძოლველად, ანგარიშით 0:2 დათმო და ორ კვირაში “ინტერმა” ისტორიაში მე-18 სკუდეტოს მოგება იზეიმა.

“მილანი” და “ბრეშა”
იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ძმობა “მილანსა” და “ბრეშას” აკავშირებთ. მათი დამეგობრება პოლიტიკურმა შეხედულებებმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ულტრასდაჯგუფებაში იდეოლოგია შეიცვალა, ამ კლუბების ფანებს შორის ძმობა გრძელდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ერთმანეთის სტადიონებს დაძმობილებული გუნდის გასამხნევებლად. აღსანიშნავია, რომ “ბრეშასთან” დამეგობრებამ “მილანს” ურთიერთობა გაუფუჭა ბერგამოს “ატალანტასთან”.

“ატალანტა” და “ტერნანა”
თავის მხრივ, “ატალანტას” ულტრასდაჯგუფება ნაკლებად ცნობილია. პოლიტიკური იდეოლოგიის თვალსაზრისით ისინი მემარცხენეები არიან და ეს გახდა მათი საფეხბურთო კლუბ “ტერნანას” ფანებთან დაძმობილების მიზეზი. ასე რომ, თუ “ატალანტას” ქომაგთა შორის “ტერნანას” წითელ-მწვანე ფორმასაც მოკრავთ თვალს, არ გაგიკვირდეთ.

“ფიორენტინა” და “ვერონა”
განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია არ არის ფანკლუბების დაძმობილებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. “ფიორენტინას” ულტრასები მემარცხენეები არიან, ხოლო “ვერონასი” – მემარჯვენეები. ამ განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთთან საკმაოდ მყარი ურთიერთობა აკავშირებთ.

“ფიორენტინა” და “ტორინო”
ორი სხვადასხვა კლუბის ულტრასები შესაძლოა, საერთო მოძულე გუნდმა გააერთიანოს. მაგალითად, “ტორინოსა” და “ფიორენტინას” ფანები ერთმანეთთან “იუვენტუსის” სიძულვილმა დაამეგობრა. ამ გუნდების ულტრასები სტადიონზე ერთმანეთს თბილი შინაარსის ბანერებით ესალმებიან: “Il popolo Fiorentino saluta la vera Torino” (“ფლორენციელი ხალხი მიესალმება ნამდვილ ტურინს”).

მარტოხელა “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” იტალიაში გარკვეულწილად მარტოხელა კლუბია. “ბებერი სინიორას” ულტრასებს სხვა გუნდის ფანებთან ალიანსი არ შეუქმნიათ და ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთაგან ორია გამოსაყოფი: “იუვენტუსი” იტალიის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდია და ეს სხვა გუნდის ფანებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მეორე მიზეზად “კალჩოპოლის” სკანდალი უნდა მივიჩნიოთ. მართალია, “იუვენტუსმა” ძველი დიდება მალევე დაიბრუნა, თუმცა ტიტულების მოგებაზე რთული გატეხილი სახელის აღდგენა აღმოჩნდა. “იუვეს” ულტრასები მეგობრებს იტალიის გარეთ ეძებენ და ყველაზე მყარი კავშირი ნიდერლანდურ “დენ ჰააგის” ფანებთან აქვთ.

“პარმა” და”სამპდორია”
იტალიურ ფეხბურთში ერთმანეთთან დაძმობილების შედარებით ნაკლებად ცნობილი შემთხვევებია “პარმასა” და “სამპდორიას” ფანებისა და “ნაპოლისა” და “ჯენოას” ულტრასების მეგობრობა. “პარმასა” და “სამპდორიას” ფანების ძმობა ოც წელზე მეტს ითვლის. 2009 წლის კოპა იტალიის ფინალურ მატჩში გენუელთა საქომაგოდ “პარმას” ფანები რომში საგანგებოდ ჩავიდნენ კიდეც.

“ნაპოლი” და”ჯენოა”
“ნაპოლისა” და “ჯენოას” დამეგობრებას საფუძველი 1982 წელს ჩაეყარა. იმ სეზონის ბოლო ტურში გენუელებს სერია A-ში დასარჩენად კინკილა ქულა ჰყოფნიდათ, თუმცა “სან პაოლოზე” 0:1 მარცხდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, “ჯენოამ” გადასარჩენად საჭირო ქულა მოიპოვა და სერია B-ში მის ნაცვლად “მილანი” დაქვეითდა. ამ ისტორიულმა მოვლენამ “ჯენოას” ულტრასების “ნაპოლის” ფანებთან დამეგობრება განაპირობა.

დარღვეული ძმობა
ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ძლიერი და ერთი შეხედვით დაუშლელი ძმობა დარღვეულა. “ინტერისა” და “ვერონას” ულტრასთა მეგობრობა 80-იან წლებში დაიწყო და 2001 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ “ვერონას” ულტრასდაჯგუფების სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და “ინტერთან” “მეგობრობის ხელშეკრულებაც” გაუქმდა.

სხვადასხვა კლუბების ულტრასების ერთმანეთთან დამეგობრების შემთხვევები იტალიურ ფეხბურთს ლამაზ, რომანტიკულ ელფერს სძენს და ეს ისტორიები დასტურია იმისა, რომ ულტრასკონცეფცია უფრო მეტია, ვიდრე ხულიგნებთან ასოცირებული სტერეოტიპული შეხედულება.

“იუვენტუსის” მოგებათა სერია შეწყდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ბოლონიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ამრიგად, “ბებერი სინიორას” მოგებათა სერია მე-15 მატჩზე შეწყდა. ეს კლუბისთვის სარეკორდო შედეგია. საერთოდ კი, იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებების ყველაზე ხანგრძლივი სერია მილანის “ინტერს” ეკუთვნის. “ნერიაძურიმ” 2006/07 წლების სეზონში ზედიზედ 17 შეხვედრა დაასრულა მოგებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ბებერი სინიორას” ზედიზედ მეცხრე მატჩია, გოლი არ გაუშვია.

“იუვენტუსი” 58 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება. უახლოეს მდევარ “ნაპოლის” აქტივში 56 ქულა აქვს და ორშაბათს ტურის დასკვნით შეხვედრაში “მილანს” მიიღებს.

იტალიის სერია A
26-ე ტური

“ბოლონია” — “იუვენტუსი” 0:0 (0:0)

“ბოლონიას” დონადონი გაწვრთნის

“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი რობერტო დონადონი დაინიშნა.

52 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დონადონიმ ამ პოსტზე დელიო როსი შეცვალა, რომელიც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს: სერია A-ს საწყის ათ ტურში გუნდმა მხოლოდ ექვსი ქულა მოაგროვა.

 

კაცნაკლულმა “ინტერმა” სტუმრად “ბოლონია” დაამარცხა და გალიდერდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს X ტური “ბოლონიასა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. ეს გოლი მატჩის 67-ე წუთზე “ნერიაძურის” მთავარმა მეგოლემ მაურო იკარდიმ გაიტანა, რომელმაც ადემ ლიაიჩის პასი შეირგო. გოლამდე იყო გაძევება: შეხვედრის მე-60 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფელიპე მელომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. სხვათა შორის, მატჩის ბოლოს მსაჯთა მიმართ აქტიურად გამოხატული უკმაყოფილების გამო “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც გააძევეს. ბოლო კომპენსირებულ წუთზე მატია დესტროს ანგარიშის გათანაბრების საუცხოო შანსი მიეცა, თუმცა მარტოდ დარჩენილმა ახლო მანძილიდან ბურთი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს მოარტყა.

“ინტერმა” 21 ქულა დააგროვა და სანამ ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. “ბოლონიას” 6 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.

იტალიის სერია A
X ტური
“ბოლონია” — “ინტერი” 0:1 (0:0)

გოლი: იკარდი 67′.
გაძევება: ფელიპე მელო 60′.

“სამპდორია” — “ბოლონია” გადაიდო

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “სამპდორიასა” და “ბოლონიას” შორის გასამართი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გენუაში ძლიერი წვიმა და ქარია. შესაბამისად, მატჩის ჩატარება ვერ ხერხდება. შეხვედრა შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

 

„მილანმა“ „ბოლონია“ ბალოტელის ზღაპრული გოლით დაამარცხა

იტალიის სერია А-ს 24-ე ტური „მილანსა“ და „ბოლონიას“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ 86-ე წუთზე გაიტანა. იტალიელ ფეხბურთელს ზღაპრული სილამაზის გოლი გამოუვიდა – შორი მანძილიდან ბურთი მეტოქე გუნდის კარის „ცხრიანში“ „დააჭედა“.

ამ გამარჯვების შემდეგ „მილანმა“ 32 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. „ბოლონია“, რომელსაც 21 ქულა აქვს, მე-16 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია А
24-ე ტური
„მილანი“ — „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: ბალოტელი 86′.
გაფრთხილებები: ძაკარდო 85′ — ნატალი 48′, პერესი 88′, ფრიბერგი 90+2′.

„ბოლონიას“ ახალი თავკაცი ჰყავს

იტალიური „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავიდე ბალარდინი დაინიშნა. კლუბმა 50 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ბალარდინი უკანასკნელად „ჯენოაში“ მუშაობდა, რომელსაც 2013 წლის პირველ ნახევარში ხელმძღვანელობდა. იტალიაში ის თავისი ემოციური ჟესტიკულაციით არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ბოლონიას“ სტეფანო პიოლი თავკაცობდა, რომელიც კლუბიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ბოლონიას“ 15 ქულით მე-17 პოზიცია აქვს დაკავებული. მომდევნო ტურში ბოლონიელები რომის „ლაციოს“ უმასპინძლებენ. სხვათა შორის, ბალარდინი 2009/10 წლებში სწორედ რომაულ კლუბს ხელმძღვანელობდა. მატჩი 11 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთი და დიქტატორები

მსოფლიოს ცნობილი დიქტატორები თურმე მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური კარიერით არ ინტერესებოდნენ და ფეხბურთის დიდი ფანებიც ყოფილან. ამის შესახებ უცხოურ პრესაში არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც ფაქტებით ასაბუთებენ ამა თუ იმ დიქტატორის ფეხბურთისადმი სიყვარულს.

ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რის მუ­ა­მარ კა­და­ფის ცხოვრება გაცილებით უცნაური და საიდუმლოებებით მოცულია, ვიდრე ეს ერთი შეხევდვით ჩანს.

ბრიტანულ პრესაში ლიბიელი ექს-დიქტატორის სიცოცხლის ბოლო წუთების ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კადაფის “ლივერპულის” ლოგოს გამოსახულებიანი ფინჯანი ჰქონდა. სურათი იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც კადაფი 2-კვირის განმავლობაში იმალებოდა.

ეს კადაფის ოჯახის მერსისაიდულ კლუბთან დაკავშირების პირველი შემთხვევა არაა. 2002 წელს მაშინ, როდესაც კადაფის შვილი – საადი იტალიის სერია A-ში და ლიბიის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა, ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ “ლივერპულში” ლიბიური ინვესტიციები ჩაიდებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კადაფის “ლივერპულისადმი” სიყვარული ჯერაც საიდუმლოებებით მოცულია.

Daily Mirror-ის რეპორტიორის განცხადებით, კადაფს “ევერტონის” მიმართაც ჰქონია გარკვეული სიმპათიები მით უფრო მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” 1979 წელს ლიბიური ტურნე მოაწყვეს.

მუამარ კადაფი პირველი პოლიტიკური ფიგურა არ არის, ვისაც საფეხბურთო კლუბის ფანობას “აბრალებენ”. მწერალ ადამ რობინსონი “ალ ქაიდას” ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე წერს, რომ ის თავის დროზე ლონდონის “არსენალს” ქომაგობდა. მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” ფანებმა ბინ ლადენის მისამართით სკანდირებდნენ (“ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ის იმალება ქაბულში და მას უყვარს “არსენალი”), “ალ ქაიდას” ლიდერს “არსენალის” მიმართ განსაკუთრებული ერთგულება არ გამოუხატავს.

1936 წლის 7 აგვისტოს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ნაკრები ნორვეგიის ნაკრებს ხვდებოდა. სტადიონზე ერთი გამორჩეული სტუმარი იყო – ადოლფ ჰიტლერი. ეს იყო ფაშისტური გერმანიის ლიდერისთვის  საფეხბურთო მატჩზე პირველი სტუმრობა. იმ მატჩში გერმანელები 0:2 დამარცხდნენ. როგორც ცნობილია, ჰიტლერი “შალკეს” ფანი იყო, თუმცა ამის დამასაბუთებელი მასალა არ არსებობს. ჰიტლერის მმართველობის პერიოდი “ხუმარების” ოქროს ხანა იყო, 1934-1942 წლებში “შალკემ” 6-ჯერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა.

ფაშისტური იტალიის ლიდერი ბენიტო მუსოლინი კი “ბოლონიას” ქომაგობდა. იტალიელი დიქტატორი ფორლიში დაიბადა, რაც სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ბოლონიას.

ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი მილანის “ინტერის” ფანია. სერბი პოლიტიკოსი ამჟამად დაპატიმრებულია სამხედრო დანაშაულებების ბრალდებით.

ბექა დოგრაშვილი