ბალოტელი თურქეთში ითამაშებს

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ხვალ თურქეთში ჩაფრინდება და “ადანა დემისფორთან” კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქული კლუბი 30 წლის იტალიელ ფორვარდს ორწლიან შრომით ხელშეკრულებას შესთავაზებს. ბალოტელის წლიურმა ანაზღაურებამ ორი მილიონი ევრო უნდა შეადგინოს.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ გასული სეზონი საფეხბურთო კლუბ “მონცაში” გაატარა, რომლის რიგებშიც 14 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბალოტელი: “უფრო მეტი გამაკრიტიკეთ”

“ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამბობს, რომ ფრანგულ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს. ეს მის შედეგებზეც აისახება: იტალიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი “ნიცას” ფორმით ნათამაშებ 27 შეხვედრაში 19 ბურთი აქვს მითვლილი.

“ნიცაში” დავრჩი, ვინაიდან აქ თავს კარგად ვგრძნობ. კარგი თანაგუნდელები და მწვრთნელები მყავს, ფანებიც მომწონს. როდესაც აქ გადმოვედი, არ მეგონა, რომ ასეთი კმაყოფილი ვიქნებოდი.

ვცდილობ, რომ ქებას დიდი ყურადღება არ მივაქციო. პირიქით, საკუთარ თავს ვაკრიტიკებ. შეცდომებზე უფრო მეტი უნდა ვისაუბრო და არა იმაზე, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებ, რადგან ადამიანი შეცდომებზე სწავლობს”, – ციტირებს ბალოტელის სიტყვებს “ნიცას” ოფიციალური ვებგვერდი.

მინო რაიოლა: “ბალოტელის ენას მოვაჭრი”

საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში “ლორიანის” წინაარმდეგ გამართულ მატჩში (1:0) “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს. ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ.

“ბალოტელის პრობლემების მოსაგვარებლად ერთი იდეა გამიჩნდა. მე მას ენას მოვაჭრი. ფეხბურთის სათამაშოდ ენა არ არის საჭირო.

მარიომ აღიარა, რომ გაძევება მისი ბრალი იყო. ეს მნიშვნელოვანია. მან იცის, რომ შეცდომა დაუშვა და ამას გამართლება არ აქვს. მარიოს სიტყვებმა არამხოლოდ იგი, არამედ გუნდიც დააზარალა”, – ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს RMC.

სალვატორე ბოკეტი: “ბალოტელი უტვინოა”

მოსკოვის “სპარტაკის” იტალიელმა მცველმა სალვატორე ბოკეტიმ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა და მას უტვინო უწოდა.

“ბალოტელი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რთულია რამის მიღწევა, როდესაც თავში ტვინი არ გაქვს. ერთხელ ბალომ მარკო მოტას მხოლოდ იმიტომ ესროლა თეფში, რომ მან მარიოზე ადრე გადაიღო კერძი. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა”, – ციტირებს ბოკეტის სიტყვებს Football Italia.

სალვატორე ბოკეტი და მარიო ბალოტელი ერთად თამაშობდნენ იტალიის 21 წლამდე გუნდში. ისინი გასულ წელსაც თანაგუნდელები იყვნენ, როდესაც ორივე მათგანი “მილანში” იჯარის წესით გამოდიოდა.

ბალოტელი: “აქცენტს მხოლოდ ფეხბურთზე გავაკეთებ, ღამის კლუბებზე ფიქრიც არ მინდა”

“ნიცამ” გუნდის ახალწვეული მარიო ბალოტელი ოფიციალურად წარადგინა. იტალიელმა ფეხბურთელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ აქცენტს მხოლოდ ფეხბურთზე გააკეთებს.

“ნიცას” კარგი პროქეტი აქვს. იმედი მაქვს, წელს ყველაფერი კარგად ჩაივლის. აქ მშვენიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, თავს კომფორტულად ვგრძნობ.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ეროვნულ გუნდში თამაში მინდა, მაგრამ ბოლო პერიოდში არ მიძახებენ. ახლა მხოლოდ “ნიცაში” თამაშზე ვარ ფოკუსირებული. მომწონს, რომ გუნდის მწვრთნელი ფავრი აქცენს ბურთის კონტროლზე აკეთებს.

საფრანგეთის ჩემპიონატი კარგი ლიგაა როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ყურადღებას მხოლოდ ფეხბურთზე გადავიტან. ღამის კლუბებზე ფიქრიც არ მინდა. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ”, – ბალოტელის სიტყვებს “ნიცას” პრესსამსახური აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი “ნიცას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მარიო ბალოტელი: “ოქროს ბურთს” მოვიგებ”

“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დარწმუნებულია, რომ კვლავინდებურად ათამაშდება და მეტიც, “ოქროს ბურთსაც” დაისაკუთრებს.

“10-ბალიანი სისტემით საკუთარ თავს 5 ქულაზე შევაფასებ, თუმცა 10 ბალზეც ავალ და “ოქროს ბურთსაც” ავიღებ. მესმის, რომ ბოლო ორ წელიწადში 10 ქულასთან ახლოსაც არ ვყოფილვარ. “ოქროს ბურთზე” ჩემი ამბიციები ბევრს აცინებს, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი არ არის გვიანი.

არ მინდა კარიერა ბოლოს ვფიქრობდე, რომ ვერ გავაკეთე ის, რაც შემეძლო. მანამდე ვიცოდი, რომ თამაში შემეძლო და ამით კმაყოფილი ვიყავი, განვითარებას არ ვცდილობდი.

ბოლო ორ წელიწადში სერიოზულად დავიწყე ვარჯიში, თუმცა ჯერ შედეგი არ არის. შესაძლოა, ეს გასული 23 წლის ერთგვარი საზღაური იყოს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა”, – ციტირებს ბალოტელის სიტყვებს Footbal Italia.

ბალოტელი: “მილანში” დარჩენა მინდა”

იტალიის სერია А-ს 33-ე ტურში “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ “მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ “ლივერპულში” დაბრუნებას არ აპირებს. მეტიც, მან იმედი გამოთქვა, რომ იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდება და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

“წარუმატებელი პერიოდი უკან მოვიტოვე და ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. “მილანში” დარჩენა მინდა. რაც შეეცება ნაკრებს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატზე მიახლოს”, – ციტირებს ბალოტელის კომენტარს TMW.

 

ბალოტელი ჩინეთში ან თურქეთში?

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ზაფხულში შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს.

იტალიური წყაროების ცნობით, ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა, ჩინეთში ან თურქეთში გააგრძელოს. ჩინური “ცზიანსუ სუნინი” ბალოტელის წელიწადში ჯამაგირის სახით 15 მილიონ ევროს სთავაზობს.

გარდა ამისა, იტალიელი თავდამსხმელით რამდენიმე თურქული კლუბი გახლავთ დაინტერესებული.

“ლივერპული” მარიო ბალოტელის სანაცვლოდ მინიმუმ 16 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს. მერსისაიდულმა გუნდმა 2014 წლის ზაფხულში სწორედ ამ ოდენობის თანხა გაიღო იტალიელი ფეხბურთელის შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი “მილანში” იჯარის წესით თამაშობს.

 

მიხაილოვიჩი: “ბალოტელის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა “კიევოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

“მატჩამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. ასე რომ, ჯერ ვერ გეტყვით, რა წყობით ვითამაშებთ, თუმცა ის კი ვიცი, რომ მოედანზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოვიყვან, რომლებიც ასი პროცენტით იქნებიან მზად.

რაც შეეხება ბალოტელის, იგი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მას ამ ტიპის სირთულეები ყოველთვის ჰქონდა და როგორმე უნდა დაძლიოს.

ბალოტელი ბოლო ორი თვეა, ბევრს შრომობს. ვიმეორებ, იგი სასურველ კონდიციებშია. მე მარიოსა და ჟერემი მენეზს რაღაცის გაკეთება ვთხოვე, თუმცა მათ ხუთი ცდიდან მხოლოდ ერთხელ შეძლეს შესრულება, რაც გუნდისთვის საკმარისი არ არის. თუ ჟერემის ფიზიკური მდგომარეობის მხრივ აქვს პრობლემა, მარიოს კონცენტრაცია არ ჰყოფნის”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, მატჩი “კიევოსა” და “მილანს” შორის კვირას, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

 

ბალოტელის ოპერაცია გაუკეთეს

“მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ტრავმირებულ საზარდულზე ოპერაცია გაიკეთა. პროცედურამ გართულებების გარეშე ჩაიარა. 25 წლის იტალიელ ფეხბურთელს კიდევ ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ ტრავმა 4 ოქტომბერს “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:4) მიიღო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ფეხბურთელი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებდა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა და საქმე ქირურგიულ ჩარევამდე მივიდა.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მარიო ბალოტელიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

ბალოტელის შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

Sky Italia-ს ცნობით, “მილანის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

იტალიელმა ფეხბურთელმა 4 ოქტომბერს “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:4) ტრავმა მიიღო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ბალოტელი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებდა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა. დანიელი ექიმი პერ ჰოლმიხი, რომელიც იტალიელ თავდამსხმელს მკურნალობს, ამბობს, რომ ბალოტელის მკურნალობის კიდევ ერთი კურსის გავლა მოუწევს და არც ოპერაციის საჭიროებაა გამორიცხული.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მარიო ბალოტელიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

ბალოტელიმ 26 მეტრის მანძილიდან “უდინეზეს” ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს V ტურში “უდინეზესა” და “მილანს” შორის მიმდინარე მატჩში “როსონერი” მარიო ბალოტელიმ მე-5 წუთზე დააწინაურა. იტალიელმა თავდამსხმელმა დაახლოებით 26 მეტრის დისტანციიდან საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. მისთვის ეს ამ სეზონში გატანილი პირველი გოლია.