ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, თუმცა საინტერესოა, ორიგინალია თუ არა ტიტული, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ.

ჩემპიონთა ლიგა (უწინდელი სახელწოდება ჩემპიონთა თასი) 1955-1956 წლების სეზონიდან თამაშდება. ტურნირის პირველი თასი დიზაინით დღევანდელისგან განსხვავებული იყო და ის ევროპის ჩემპიონატის ტიტულს უფრო ჩამოჰგავდა. 1967 წელს ეს თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა “რეალს”, რომელსაც იმ დროს გათამაშება ექვსჯერ ჰქონდა მოგებული. ამის შემდეგ ახალი და დღეს არსებული დიზაინის მქონე თასი დამზადდა. მოზრდილი სახელურების გამო ჯილდოს მეტსახელად “დიდი ყურები” შეარქვეს. ეს თასი პირველად გლაზგოს “სელტიკმა” მოიგო, თუმცა შოტლანდიურ კლუბს ტიტული სამუდამო საკუთრებაში არ გადაეცა. დადგენილი წესის თანახმად, ამისთვის საჭირო იყო ტურნირის ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოგება. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ნამდვილი თასი საკუთრებაში ათი თვის ვადით ეძლეოდა, რის შემდეგაც ტიტული უეფაში ბრუნდებოდა, გუნდს კი შემცირებული ასლი ეძლეოდა.

1970-1973 წლებში ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირი მიჯრით სამჯერ მოიგო და გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ტროფეი საკუთრებაში გადაეცა, რის შემდეგაც ახალი ორიგინალი თასი ჩამოისხა. 1973-1976 წლებში იგივე გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნმა” და მასაც გადაეცა ტურნირის ორიგინალი ჯილდო სამუდამო საკუთრებაში. 1994 წელს “მილანმა” გათამაშება მეხუთედ მოიგო და ტიტული სამუდამოდ დაისაკუთრა. 2005 წელს “ლივერპული” გახდა უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ტურნირის ორიგინალი თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა. ამრიგად, მხოლოდ ხუთ კლუბს უდგას მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ნამდვილი თასი.

2008-2009 წლების სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს კლუბებს სამუდამო საკუთრებაში აღარ გადასცემს. ტურნირის მეექვსე ორიგინალი თასი უეფაში ინახება, გამარჯვებულ გუნდებს კი მისი ზუსტი ზომის ასლი გადაეცემათ, რომელზეც მოგებული კლუბის სახელწოდებაა ამოტვიფრული. გარდა ამისა, გამარჯვებულ კლუბებს სურვილისამებრ ტურნირის ორიგინალი თასის ასლის დამზადება შეუძლიათ, თუმცა კოპია ზომით მისი ნამდვილი ანალოგის მაქსიმუმ 80 პროცენტი უნდა იყოს. ახალი წესის თანახმად, კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მეხუთედ ან ზედიზედ მესამედ მოიგებს, სათამაშო ფორმაზე სპეციალური ნიშნის გამოსახვის უფლება ეძლევა.

ჩემპიონთა ლიგის თასის თანამედროვე დიზაინი წარმოადგენს 73,5 სანტიმეტრის ვერცხლის ამფორას, რომელიც შეიგნიდან მოოქროვილია. ტიტული 7,5 კილოგრამს იწონის და მისი ნომინალური ღირებულება ათი ათასი შვეიცარიული ფრანკია. თასზე წინა მხარეს გამოსახულია უეფას ლოგო, ცენტრში კი ფრანგულად აწერია “COUPE DES CLUBS CHAMPIONS EUROPÉENS” (“ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი”). ჯილდო 1967 წელს შვეიცარიელმა იუველირმა იურგ შტადელმანმა დაამზადა.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორიგინალ თასს აღარ იღებს, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ტურნირის პრესტიჟულობასა და მისი მოგების სურვილს.

სიმონე ინძაგი: “ფავორიტი “ლივერპულია”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მილანის “ინტერი” “ლივერპულს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

“ვფიქრობ, ფავორიტი “ლივერპულია”, თუმცა ეს ორი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავაწესოთ. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა საღი გონით ითამაშონ, რათა განსხვავება ვაჩვენოთ. გამარჯვებისკენ ვართ მოწადინებულნი.

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩსა და პრემიერლიგაში მერსისაიდელთა უკანასკნელ შეხვედრას ვუცქირეთ. მათ თითოეულ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. წარუმატებელი პასის გაკეთების შემთხვევაში, ისინი მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოდიან. ვირჯილ ვან დეიკსა და ალისონს ხელით მშვენივრად შეაქვთ ბურთი თამაშში, საკმაოდ შორს ისვრიან. “ლივერპულის” ფლანგის მცველები ძალიან სწრაფები არიან. საერთო ჯამში, მეტოქეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია უსიამოვნების მოტანა”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.

კლოპი: “ინტერთან” უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა შანსი გვქოდეს”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპული” მილანის “ინტერს” ესტუმრება. დამდეგი შეხვედრისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

“ინტერი” ტოპგუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს. ისინი შარშან ჩემპიონები გახდნენ და სერია A-ს სხვა კლუბების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, ამ სეზონშიც საუკეთესონი არიან. ისინი საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ, ტაქტიკურად კარგად არიან განსწავლულნი, შემოქმედებითად მოქმედებენ და ინდივიდუალური ოსტატობაც მაღალ დონეზე აქვთ. უმაღლესი კლასის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შანსი გვქონდეს

სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერვედფინალურ ეტაპზე გასამართი ორი მატჩის შემდეგ მეტის თქმა შემეძლება. ზოგადად გეტყვით, რომ არ მახსენდება შეხვედრა, რომელშიც ჩვენი მიზანი თუნდაც ერთი გოლის გატანა ყოფილიყო. ჩვენ სტუმრად ყოველთვის ერთი მიზნით ვთამაშობთ – შედეგისთვის, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.

არ ვიცი, რა ჩაითვლება დადებით რეზულტატად “ინტერთან” პირველი მატჩი. გამარჯვება მშვენიერი შედეგი იქნება, თუმცა შესაძლოა, ფრეც გვაკმაყოფილებდეს. ვნახოთ.

სტუმრად გატანილი გოლის წესი ყოველთვის მომწონდა. არ ვიცი, რატომ გააუქმეს ეს წესი, თუმცა ფაქტია, რომ აღარ მოქმედებს. არა უშავს, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა კლოპმა.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.

ბარელა “ლივერპულთან” ორივე მატჩს გამოტოვებს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (0:2) ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი ნახევარმცველი გაცხარდა და ედერ მილიტაოს დაუპირისპირდა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და ბარელა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

“ინტერი” “ლივერპულს” “ჯუზეპე მეაცაზე” 16 თებერვალს მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი “ენფილდზე” 8 მარტს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ მიკრობლოგზე ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშების სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, რომელიც 23 ფეხბურთელით არის წარმოდგენილი.

მეკარეები: ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”), ტიბო კურტუა (“რეალი”), ედუარ მენდი (“ჩელსი”).

მცველები: სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”), რუბენ დიაში (“მანჩესტერ სიტი”), მარკინიოსი (“პსჟ”), ანტონიო რიუდიგერი (“ჩელსი”), ბენ ჩილუელი (“ჩელსი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”).

ნახევარმცველები: ჟორჟინიო (“ჩელსი”), მეისონ მაუნტი (“ჩელსი”), ნგოლო კანტე (“ჩელსი”), კევინ დე ბრუინე (“მანჩესტერ სიტი”), ილკაი გიუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), სერჟიუ ოლივეირა (“პორტუ”), ფილ ფოდენი (“მანჩესტერ სიტი”).

თავდამსხელები: ერლინგ ჰოლანი (“დორტმუნდი”), კილიან მბაპე (“პსჟ”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კრიმ ბენზემა (“რეალი”), ნეიმარი (“პსჟ”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”).

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

ალეგრი კრიტიკოსებზე: “ამ ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემდეგ კრიტიკოსებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, “იუვემ” მადრიდული კლუბი 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:2) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

“ის ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენენ, მათ თავად აქვთ პრობლემები. კიდევ რა უნდა გავაკეთო? ხუთ წელში ოთხი სკუდეტო მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ვითამაშეთ და ოთხჯერ იტალიის თასს დავეუფლეთ. კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? ამ ადამიანებს (ვინც მაკრიტიკებს) მკურნალობა ჭირდებათ”, – განაცხადა ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.

სუარესი: “ყოველთვის “აიაქსის” ფანი ვიყავი”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “რეალსა” და “აიაქსს” შორის გამართული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც იცით, “აიაქსმა” “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 4:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (5:3) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სუარესი, რომელიც “აიაქსის” ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა, თავისი ყოფილი კლუბის გამარჯვებით გახარებულია.

“გილოცავთ! მე ყოველთვის “აიქსის” ფანი ვუყავი”, – წერს სუარესი ჰოლანდიურ ენაზე Twitter-ში.