სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

ოფიციალურად: ვალბუენა მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი მატიე ვალბუენა ოფიციალურად მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“დინამო” საინტერესო პროექტია და მინდა, რომ მეც მივიღო ამაში მონაწილეობა. კლუბის ამბიციები სრულად შეესაბამება ჩემს სურვილებს და მოუთმენლად ველი “დინამოს” რიგებში პირველ მატჩს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბის წინაშე დასახული მიზნები შევასრულო”, – ვალბუენას სიტყვები რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რვა სეზონი მატიე ვალბუენამ “მარსელში” გაატარა, რომლის ფორმითაც 250-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფრაგმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონში “მარსელის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.