სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ექვსი მოთხოვნა წაუყენა

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოლაპარაკების პროცესში ექვსი მოთხოვნა წაუყენა:

1. გუნდზე სრული კონტროლი;
2. იმ მოთამაშეების გაყიდვა, რომლებიც არ სჭირდება;
3. მარსელო და ისკო არ იყიდებიან;
4. გუნდი ნეიმარს არ შეიძენს;
5. ხამეს როდრიგესი არ დაბრუნდება;
6. გუნდი მბაპეს ყიდვას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა, თავკაცის თანამდებობაზე კი ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა. ამ არასრული სამი წლის განმავლობაში გუნდმა ცხრა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო.

“რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსის” ბარიერი ვერ დაძლია (ორი მატჩის ჯამში 3:5). “სამეფო კლუბი” ესპანეთის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, სადაც “ბარსელონასთან” ნახევარფინალში დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4).

ფლორენტინო პერესი ზიდანის წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალში” გატარებული სამი ბრწყივნალე წლის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა, ყველასათვის მოულოდნელად კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგის ეს ქმედება კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, განიხილა.

“ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, მისი ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო. ძალიან ცუდი დღეა ჩემთვის, ფეხბურთელებისა და ფანებისთვის.

მან ძალიან კარგად იცის, რომ ისევე როგორც ფეხბურთელი, ასევე მწვრთნელი, ყოველთვის სასურველი იყო ჩემთვის. მინდოდა ის კიდევ დიდი ხნით დარჩენილიყო ჩვენთან. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვუთხრა – ეს კლუბი შენი ოჯახია.

გუშინ სახლში მივაკითხე იმის სანახავად, იყო თუ არა მზად. მითხრა, რომ დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რაც “რეალისთვის” გააკეთა.

არ მინდა მას დავემშვიდობო – “მალე გნახავ”. დარწმუნებული ვარ, რომ ის “რეალში” დაბრუნდება”, – აცხადებს ფლორენტინო პერესი.

პერესმა ბენზემას უთხრა, რომ მისთვის ეს ბოლო “ელ კლასიკო” იყო

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ძალიან უკმაყოფილოა კარიმ ბენზემას ბოლოდროინდელი ასპარეზობით და მის გაშვებას გეგმავს. პერესმა ფრანგ შემტევს ეს გადაწყვეტილება წაგებული “კლასიკოს” შემდეგ გააცნო.

როგორც იცით, 23 დეკემბერს გამართულ “კლასიკოში” მადრიდელები საკუთარ კედელში განადგურდნენ (0:3). ეს შედეგი კი უმეტესწილად პირველ ტაიმში მადრიდელთა მიერ გამოუყენებელმა მომენტებმა გამოიყენა, რაშიც პერესი ბენზემას ადანაშაულებს.

ბრიტანული Express-ის ცნობით, “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ პერესი პირადად მივიდა ბენზემასთან და უთხრა, რომ კლუბი იანვარში უნდა დაეტოვებინა.

ბენზემამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. მის პოტენციურ შემცვლელებად მაურო იკარდისა და ჰარი კეინს მოისაზრებენ.

ფლორენტინო პერესის ახალი გეგმა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალ გეგმაზე მუშაობს.

“ბლანკოსის” ბოსი აპირებს, რომ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ძირითადმა ბირთვმა სწორედ მის კლუბში მოიყაროს თავი. მსგავსი რამ 2010 წელს “ბარსელონამ” შემოგვთავაზა და გვახსოვს თუ რამდენად წარმატებულები იყვნენ ამ დროს ესპანელები.

რაც შეეხება “რეალს”, ამ მიზნით გუნდში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან: ისკო ალარკონი, მარკო ასენსიო, ხესუს ვალიეხო, მარკოს ლორენტე, დანი კარვახალი, დანი სებალოსი და ა.შ.

თუმცა, როგორც ჩანს პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მას სურს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე სწორედ მისი გუნდიდან იყოს. წლების განმავლობაში იკერ კასილასი იცავდა, როგორც ესპანეთის ნაკრების კარს, ასევე მადრიდის “რეალისას”. ფლორენტინომ რამდენიმე წლის წინ სცადა, რომ დავიდ დე ხეა დაემატებინა, მაგრამ ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამჟამად მადრიდელთა პრეზიდენტი გეგმავს, რომ 23 წლის კეპა არისაბალაგა დაიმატოს და იმედები სწორედ მასზე დაამყაროს.

კეპა ბილბაოს “ატლეტიკის” აღზრდილია. იგი ბასკური კლუბის ძირითად გუნდში 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის. ახალ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მან ექვსი შეხვედრა ჩაატარა. საინტერესოა, დათმობენ თუ არა ბასკები ახალგაზრდა კიპერს.

პერესმა ბეილის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის უელსელ ვარსკვლავზე, გარეტ ბეილზე გააკეთა კომენტარი, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”.

“ბეილის გაყიდვაზე არც კი მიფიქრია, ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეცაა.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შემდეგ, ჩემი და ზიდანის იდეა მხოლოდ არსებული ფეხბურთელების შენარჩუნება და მომავალ წარმატებებზე ფიქრი იყო,” – აცხადებს პერესი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბეილმა გასული სეზონის 27 მატჩში მხოლოდ ცხრა გოლის გატანა შეძლო.

Diario Gol: “რეალს” ბენზემას გაყიდვა უნდა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდიდან ალვარო მოტარას გაშვების შემდეგ, კარიმ ბენზემას გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში 2009 წლის ზაფხულში გამოჩნდა, მაშინ “რეალმა” “ლიონს” მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა და მას შემდეგ, ის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

Diario Gol-ის ცნობით, 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვით ფლორენტინო პერესი “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავის, კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის ამზადებს ნიადაგს.

პერესი: “ჩვენთვის ახლა მთავარი ზიდანისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ტრანსფერებზე დასმულ კითხვებს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ახლა ის ზინედინ ზიდანთან არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

“რა თქმა უნდა, მის მომავალს საფრთხე არ ემუქრება და პირველი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. კლუბსა და ფეხბურთელებს მასზე უკეთ არავინ იცნობს, რაც მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მომავალზე არ ფიქრობს, რათა გარკვეული ტიპის კითხვები თავიდან აეცილებინა, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ტიტულები რომც არ მოეგო, მე მას გუნდში აუცილებლად დავტოვებდი,”- აცხადებს პერესი.