კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

“ბარსელონას” პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატები

მიმდინარე წლის 18 ივლისს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელის პოსტისთვის ოთხი პირი იბრძოლებს. “ბარსას” ყოფილი პრეზიდენტები ჟოან ლაპორტა და ხოსეპ მარია მარტომეუ, ასევე ტონი ფრეიშა და აგუსტი ბენედიტო.

ოთხივე კანდიდატმა კლუბის წევრთა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერა შეაგროვა. საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება ფერან ესტრადას, ჟორდი მახოსა და ჟოან ბატისტსაც სურდათ, თუმცა ხელმომწერთა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს.

ბარტომეუს 8 554, ლაპორტას 4 272, ბენედიტოს 3 367, ფრეიშას კი 3 068 ხელმომწერი ჰყავს.

 

უეფას სუპერთასი: კანონით აკრძალული ქმედებები და სანქციები

უეფას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიზნით საქპატენტი საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომელიც კანონით აკრძალულია. დღეს უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით საქპატენტში პრესკონფერენცია გაიმართა.

იმ პირების მიმართ, რომლებიც უეფას ლოგოს უნებართვოდ გამოიყენებენ, სანქციები გატარდება – კერძოდ, აღკვეთა, 3 ათას ლარამდე ჯარიმა და საქონლის კონფისკაცია. ასევე აკრძალულია მატჩის ბილეთების უკანონოდ
გაყიდვა და ნებართვის გარეშე მატჩის საჯარო ჩვენება.

“კანონით აკრძალულია უეფა-ს ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გაყიდვა ან გათამაშება. “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფა-ს ოფიციალური სპონსორების გარდა ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარე ვაჭრობა და კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფა-ს მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება ასევე კანონით აკრძალულია”, – ვკითხულობთ საქპატენტის განცხადებაში.

 

სფფ სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბილეთების გაყიდვა არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის დასაწყისში არ დაიწყება.

უცვლელად გთავაზობთ სფფ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:

“მეგობრებო, მოკლედ გაგაცნობთ ამჟამინდელ სიტუაციას:

გრძელდება სამუშაო შეხვედრები სფფ-ში და სხვადასხვა უწყებებთან. ჩვენს მიერ უეფაში გაგზავნილი კონცეფცია მოწონებული და დადასტურებულია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბილეთების სალაროებში გაყიდვის მიმართულებით. მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში მივაწოდოთ ბილეთები.

ამასთან, სფფ-ის წარმომადგენლები შეხვდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს და გადმოიბარებენ გაყიდული ბილეთების მონაცემებს (მყიდველების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.).

არც მიმდინარე კვირაში და არც მომავალი კვირის საწყის დღეებში, ბილეთების გაყიდვა არ დაიწყება.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გულშემატკივარს უკვე ექნება სრული, ამომწურავი ინფორმაცია ყველა დეტალზე. გულშემატკივრებს ვთხოვთ, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ სალაროში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი 22 ათასი ბილეთი.

გისურვებთ წარმატებებს”.

 

 

“ბარსელონას” საჩემპიონო მსვლელობა (ფოტოგალერეა)

კატალონიის “ბარსელონას” წელს საოცარი სეზონი ჰქონდა. გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატსა და ქვეყნის თასს ჩემპიონთა ლიგაც დაამატა. კატალონიელებმა გამარჯვების აღსანიშნავად ბარსელონის ქუჩებში სპეციალური ავტობუსით მსვლელობა მოაწყეს, რომელსაც უამრავი ქომაგი შეუერთდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას.

 

“სანტოსი” “ბარსელონას” უჩივის

ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა “სანტოსმა” ნეიმარის, ფეხბურთელის მამისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ ფიფაში საჩივარი შეიტანა.

როგორც კლუბის პრეზიდენტი მოდესტო რომა აცხადებს, “სანტოსმა” ნეიმარის გაყიდვისთვის 17,1 მილიონი ევრო მიიღო და თუ ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში მოხვდებოდა, დამატებით კიდევ ორი მილიონი უნდა მიეღო, თუმცა “ბარსელონამ” ეს პირობა დაარღვია.

“სანტოსი” თვლის, რომ “ბარსელონამ”, ნეიმარმა და მისმა კომპანიამ სატრანსფერო შეთანხმება დაარღვიეს. ვითხოვთ, ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას”, – ციტირებს მოდესტო რომას სიტყვებს “გლობო”.

 

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზედიზედ მერვედ გააღწია, რაც ახალი რეკორდია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.