კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

დღეს ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემას პირველად გამოიყენებენ

დღევანდელი დღე სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის გამორჩეულია. დღეს ჰოლანდიის თასის გათამაშების მატჩში უმაღლესი კატეგორიის ტურნირების არსებობის ისტორიაში პირველად გამოიყენებენ ვიდეოგამეორების სისტემას. “აიაქსი”-“ვილემ II” და “ფეინოორდი” – “ოსს”-ის შეხვედრებში მსაჯთა ჩვეულებრივ ბრიგადასთან ერთად იმუშავებს ვიდეო-არბიტრი, რომელიც პირდაპირ ეთერში მიადევნებს თვალყურს მატჩს და საჭიროების შემთხვევაში, მთავარ მსაჯს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

პროფესიულ ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემის დანერგვაზე საუბრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამით სურთ, რომ საკამათო ეპიზოდებსა და მატჩის შედეგზე მსაჯის გავლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

“აიაქსი”-“ვილემ II” დღეს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. “ფეინოორდი” – “ოსს”-ი ხვალ ჩატარდება.

ფეხბურთში ვიდეორეფერის ტესტირება ოფიციალურად გადაწყვიტეს

უახლოეს წლებში ფეხბურთში ვიდეოგამეორებებს ექსპერიმენტალურ დონეზე გამოიყენებენ.

ეს გადაწყვეტილება საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სხდომაზე მიიღეს. როგორც მოგეხსენებათ, IFAB ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ფეხბურთში ცვლილებების შეტანის უფლება გააჩნია. IFAB-ის წევრები არიან ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ფიფა.

სხდომას ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოგამეორებებს არაუგვიანეს 2017-2018 წლების სეზონიდან დანერგავენ. ინიციატივით დაინტერესება თორმეტმა საფეხბურთო ასოციაციამ და ერთმა კონფედერაციამ გამოთქვა.

ვიდეორეფერის დახმარებას თამაშგარე მდგომარეობის, გაძევებისა და პენალტის ეპიზოდებში გამოიყენებენ. გარდა ამისა, ვიდეოგამეორებას მიმართავენ იმ შემთხვევაშიც, თუ მსაჯი უდანაშაულო ფეხბურთელს შეცდომით ბარათს უჩვენებს.

“ეს ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. დისკუსია მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ იდეა ხორციელდება. ჩვენ ვუსმენთ ფეხბურთს”, – განაცხადა ინფანტინომ.