ნამდვილია თუ არა თასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ამ ღამეს “ლივერპულის” ან მადრიდის “რეალის” კაპიტანი თავზემოთ სანუკვარ თასს აიტაცებს, თუმცა საინტერესოა, ორიგინალია თუ არა ტიტული, რომელსაც გამარჯვებული გუნდი მიიღებს. ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოგახსენებთ.

ჩემპიონთა ლიგა (უწინდელი სახელწოდება ჩემპიონთა თასი) 1955-1956 წლების სეზონიდან თამაშდება. ტურნირის პირველი თასი დიზაინით დღევანდელისგან განსხვავებული იყო და ის ევროპის ჩემპიონატის ტიტულს უფრო ჩამოჰგავდა. 1967 წელს ეს თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა “რეალს”, რომელსაც იმ დროს გათამაშება ექვსჯერ ჰქონდა მოგებული. ამის შემდეგ ახალი და დღეს არსებული დიზაინის მქონე თასი დამზადდა. მოზრდილი სახელურების გამო ჯილდოს მეტსახელად “დიდი ყურები” შეარქვეს. ეს თასი პირველად გლაზგოს “სელტიკმა” მოიგო, თუმცა შოტლანდიურ კლუბს ტიტული სამუდამო საკუთრებაში არ გადაეცა. დადგენილი წესის თანახმად, ამისთვის საჭირო იყო ტურნირის ხუთჯერ ან ზედიზედ სამჯერ მოგება. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის ნამდვილი თასი საკუთრებაში ათი თვის ვადით ეძლეოდა, რის შემდეგაც ტიტული უეფაში ბრუნდებოდა, გუნდს კი შემცირებული ასლი ეძლეოდა.

1970-1973 წლებში ამსტერდამის “აიაქსმა” ტურნირი მიჯრით სამჯერ მოიგო და გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ტროფეი საკუთრებაში გადაეცა, რის შემდეგაც ახალი ორიგინალი თასი ჩამოისხა. 1973-1976 წლებში იგივე გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნმა” და მასაც გადაეცა ტურნირის ორიგინალი ჯილდო სამუდამო საკუთრებაში. 1994 წელს “მილანმა” გათამაშება მეხუთედ მოიგო და ტიტული სამუდამოდ დაისაკუთრა. 2005 წელს “ლივერპული” გახდა უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ტურნირის ორიგინალი თასი სამუდამო საკუთრებაში გადაეცა. ამრიგად, მხოლოდ ხუთ კლუბს უდგას მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ნამდვილი თასი.

2008-2009 წლების სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს კლუბებს სამუდამო საკუთრებაში აღარ გადასცემს. ტურნირის მეექვსე ორიგინალი თასი უეფაში ინახება, გამარჯვებულ გუნდებს კი მისი ზუსტი ზომის ასლი გადაეცემათ, რომელზეც მოგებული კლუბის სახელწოდებაა ამოტვიფრული. გარდა ამისა, გამარჯვებულ კლუბებს სურვილისამებრ ტურნირის ორიგინალი თასის ასლის დამზადება შეუძლიათ, თუმცა კოპია ზომით მისი ნამდვილი ანალოგის მაქსიმუმ 80 პროცენტი უნდა იყოს. ახალი წესის თანახმად, კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მეხუთედ ან ზედიზედ მესამედ მოიგებს, სათამაშო ფორმაზე სპეციალური ნიშნის გამოსახვის უფლება ეძლევა.

ჩემპიონთა ლიგის თასის თანამედროვე დიზაინი წარმოადგენს 73,5 სანტიმეტრის ვერცხლის ამფორას, რომელიც შეიგნიდან მოოქროვილია. ტიტული 7,5 კილოგრამს იწონის და მისი ნომინალური ღირებულება ათი ათასი შვეიცარიული ფრანკია. თასზე წინა მხარეს გამოსახულია უეფას ლოგო, ცენტრში კი ფრანგულად აწერია “COUPE DES CLUBS CHAMPIONS EUROPÉENS” (“ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი”). ჯილდო 1967 წელს შვეიცარიელმა იუველირმა იურგ შტადელმანმა დაამზადა.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორიგინალ თასს აღარ იღებს, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ამ ტურნირის პრესტიჟულობასა და მისი მოგების სურვილს.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

“ინტერმა” რაჯა ნაინგოლანი ტრანსფერზე დააყენა

მილანის “ინტერმა” გუნდის ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტა.

მილანურ გუნდში ბელგიელი ფეხბურთელის პირველი სეზონი არაერთმნიშვნელოვანი გამოდგა: ნაინგოლანმა დიდი პერიოდი ლაზარეთში გაატარა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა საკმაოდ კარგი თამაშებიც.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ “ნერაძურიმ” ფეხბურთელთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ნაინგოლანის აგენტ ალესანდრო ბელტრამის უკვე აცნობა, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული.

ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ექვსი მოთხოვნა წაუყენა

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოლაპარაკების პროცესში ექვსი მოთხოვნა წაუყენა:

1. გუნდზე სრული კონტროლი;
2. იმ მოთამაშეების გაყიდვა, რომლებიც არ სჭირდება;
3. მარსელო და ისკო არ იყიდებიან;
4. გუნდი ნეიმარს არ შეიძენს;
5. ხამეს როდრიგესი არ დაბრუნდება;
6. გუნდი მბაპეს ყიდვას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა, თავკაცის თანამდებობაზე კი ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა. ამ არასრული სამი წლის განმავლობაში გუნდმა ცხრა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო.

“რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსის” ბარიერი ვერ დაძლია (ორი მატჩის ჯამში 3:5). “სამეფო კლუბი” ესპანეთის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, სადაც “ბარსელონასთან” ნახევარფინალში დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4).

მარსელო: “მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიურმა “ჟირონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. დედაქალაქელებმა ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

შეხვედრის შემდეგ მარსელომ, რომელიც მოულოდნელად, მე-60 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გაკვირვებული დავრჩი, როცა მწვრთნელმა მოედნიდან გამიყვანა. თავს 100%-ით კარგად ვგრძნობდი და თამაშის გაგრძელება მინდოდა. თუმცა, დამრიგებლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩით წინ წავიწევთ, გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. დღეს მშვენივრად ვმოქმედებდით მოედანზე და სასურველი სამი ქულაც მოვიპოვეთ.

კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, ის გვენატრება. თუმცა, ბეილი და ბენზემაც ძალიან კარგები არიან. მეკარეების თემა? ჩვენ ორი უმაღლესი დონის კარის დარაჯი გვყავს. ბედნიერი ვარ კეილორის თამაშით, ის კარგად გამოიყურება,” – ამბობს მარსელო.

კლოპი: “ფინალში ჩვენს მარცხზე ამან დიდი ზეგავლენა იქონია”

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალმა” მერსესაიდის “ლივერპული” ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და თასს დაეუფლა. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ მომეტში მადრიდელა კაპიტნის, სერხიო რამოსის იდაყვი მოწინააღმდეგეთა კარის დარაჯს, ლორის კარიუსს თავში მოხვდა. თამაშის შემდეგ გერმანელი მეკარე შეამოწმეს და მას ტვინის შერყევა დაუფიქსირდა.

ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სწორედ ნახსენებ შემთხვევას დააბრალა ფინალში წაგება.

“კარიუსის ასეთ ცუდ გამოსვლას სწორედ მასსა და რამოსს შორის მომხდა ინციდენტი ხსნის. დარტყმამ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რამაც შეცდომები განაპირობა,” – ამბობს გერმანელი.

მარტინ ედეგორი: “თუ “რეალი” აღარ გამანათხოვრებს, დავამტკიცებ, რა შემიძლია”

მადრიდის “რეალის” ახალაგზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი, რომელიც “ბლანკოსმა” 2014 წელს შეიძინა, ბოლო ორი სეზონია ჰოლანდიურ “ჰერენვენში” იჯარით თამაშობდა. 19 წლის შემტევს არენდის ვადა დაუსრულდა და ახლა ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა. ჯერჯერობით, უცნობია, დარჩება თუ გუნდი მას კვლავ გაანათხოვრებს.

საკუთარ მომავალზე თავად ნორვეგიელმა ისაუბრა.

“მთავარია, ისეთ გუნდს შევუერთდე, სადაც თამაშის საშუალება მომეცემა. თუმცა, ახლა ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება. თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ კლუბთან ერთად შეკრებაზე წასვლა მომიწევს, სადაც შანსი მომეცემა, ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო.”

ფეხბურთელს “რეალის” ბოლო მიღწევაზეც ჰკითხეს.

“აღარ არსებობს კითხვა, რომელია საუკეთესო კლუბი. სასიამოვნოა, როცა ზედიზედ სამჯერ იგებ ჩემპიონთა ლიგას. ამის შემდეგ, შენს სიძლიერეზე ყველა ეჭვს აქრობ,” – ამბობს ედეგორი.

კრიშტიანუ რონალდუ: “ფული პრობლემა არაა, თუმცა სათქმელი ნამდვილად მაქვს”

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ თავის მომავალს შეეხო. მან განაცხადა, რომ ცოტა ხანში, ყველაფერს ზუსტად იტყოდა.

პორტუგალიელმა თავისი ნათქვამი, შემდეგ უფრო განავრცო.

“ფული პრობლემა არაა. საქმე სხვა საკითხებს ეხება. მოვიგე ხუთი ოქროს ბურთი და ამდენივე ჩემპიონთა ლიგა. უკვე დავწერე ისტორია. არ ვარ მოწყენილი. ზუსტად ვიცი, რაც გავაკეთე ჩემი გუნდისთვის. ახლა, არ მსურს ამ უნიკალური მომენტიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მინდა, წარმატება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიზეიმო.”

“ახლა ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. მომდევნო რამდენიმე დღეში ყველაფერს ვიტყვი. კლუბის პრეზიდენტთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ის თავისი საქმის პროფესიონალია. მასთან ვისაუბრე და ძალიან დიდი პატივს ვცემ. ბევრს არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ, როცა ლაპარაკს ვიწყებ, ყველაფერს ვამბობ. თამაშის შემდეგ, არ იყო სწორი დრო, რომ ბოლომდე მესაუბა იმაზე, რაზეც ცოტა ხანში მოგიყვებით. ნამდვილად, რაღაც მაქვს სათქმელი და ამას მალე გაიგებთ,” – ამბობს პორტუგალიელი.

ისკო: “ვხვდებოდი, რომ ოდესღაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდი, მაგრამ ბოლო ხუთ წელში ეს უკვე მეოთხედ ხდება”

დღეს მადრიდის “რეალის” ვარჯიში მედიისთვის გახსნილი იყო. ფეხბურთელებმა, საწვრთნელი პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. მათ შორის იყო ისკო ალარკონიც.

“სამი კვირის მანძილზე მხრის ტრავმა მქონდა. თუმცა, ფიზიკურ ასპექტზე ბევრი ვიმუშავე და ახლა ტყვიასავით ვარ. ადრე ამდენი ფინალის თამაშს ვერ ვიფიქრებდით. ეს იმ შრომის დამსახურებაა, რასაც ყოველდღე აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. როცა მადრიდში ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ოდესღაც ვითამაშებდი. მაგრამ, ბოლო ხუთ წელში ეს უკვე მეოთხედ ხდება, რაც წარმოუდგენელია.”

“არ იფიქროთ, რომ წარსულს ვუყურებ. არ მინდა მიღწეულზე გაჩერება და ძველზე ფიქრი, რადგან ეს ცუდ მოთამაშედ მაქცევს. ოცნებაა, რომ ამ ტურნირზე მეოთხედ გავიმარჯვო,” – ამბობს ისკო.