შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდოს

“ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, უეფა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

წყაროს თანახმად, შესაძლოა, ევროპის პირველობაზე მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა 24-დან 32-მდე გაიზარდოს. შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს მიიღონ, ძალაში კი 2028 წელს შევიდეს. თუ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა, საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატი შეიცვალოს ან სულაც გაუქმდეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა ბოლოს 2016 წელს შეიცვალა, როდესაც ტურნირზე 16-ის ნაცვლად 24 გუნდი დაუშვეს. როგორც მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში 55 ფედერაციაა გაწევრიანებული.

საქართველოს თასი: თბილისურ დერბიში გოლების წვიმა და პენალტების სერია (ვიდეო)

დღეს საქართველოს თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა. “მიხეილ მესხი 2”-ზე, დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივი” “დინამოს” დაუპირისპირდა.

“დინამო” უკვე მეოთხე წუთზე ნიკა ძალამიძემ გაიყვანა წინ. ხოლო, 38-ეზე დმიტრო ივანისენიამ ორბურთიანი გახადა სხვაობა. პირველი ნახევარი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა კომფორტული სხვაობით მოიგო. თუმცა, მეორე ტაიმში “რკინიგზელები” გააქტიურდნენ და ჯერ 49-ე წუთზე ლუკა კიკაბიძემ მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო 83-ეზე რატი არდაზიშვილმა გაათანაბრა. ოთხ წუთში ოთარ კიტეიშვილმა 2:3 გახადა ანგარიში, თუმცა მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა წონასწორობა ისევ აღადგინა – 3-3.

გამომდინარე იქიდან, რომ დუელი ერთმატჩიანია, დაინიშნა დამატებითი დრო. 99-ე წუთზე თამაზ ბაბუნაძემ “დინამო” წინ გაიყვანა. თუმცა, მეორე დამატებითი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე არდაზიშვილმა 4-4 გახადა ანგარიში.

ეს სანახაობრივი, დაძაბული და არანორმალური თამაში ტერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც, საბოლოოდ, “დინამომ” იმარჯვა, ანგარიშით, 5:3. ერთადერთი პენალტი “ლოკოს” მხრიდან ნიკა ჭანტურიამ გააცუდა.

 

დანარჩენ ხუთ შეხვედრას რაც შეეხება, გეტყვით იმას, რომ “საბურთალო” გათამაშებას გამოეთიშა. მისი გამოგდება “ვიტ ჯორჯია 2”-მა შეძლო თერთნეტმეტრიანების სერიით. 120 წუთი უგოლოდ დასრულდა, თუმცა პენალტებში “ვიტ ჯორჯია 2”-მა იმარჯვა ანგარიშით, 4-2.

მარტივად მოიგო საჩხერის “ჩიხურამ”, რომელმაც ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა “თბილისი 2016”-ს. ქუთაისის “ტორპედომ” გორის “გორთან” 2-0 მოიგო. ხოლო, “გაგრამ” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა “სიონი”.

 

რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებებს:

“გარდაბანი” – “იმერეთი”

“ლიახვი” (ცხ.) – “ალგეთი”

“მარგვეთი 2006” – “თელავი”

“ვიტ ჯორჯია” – “დინამო” (ბთ.)

“შუქურა” – “ნორჩი დინამო”

 პირველი ოთხი თამაში 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო უკანასკნელი შეხვედრა 19:00 საათზე. ეს იქნება 1/16 ფინალის ბოლო მატჩები.

 

მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს

სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება.  ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით  ღია ფერი დაკრავდა.

სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.

ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

რაგბის მსოფლიო თასი თბილისშია

რაგბის უმაღლესი ჯილდო – უებ ელისის თასი თბილისშია! რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, პრიზი საგაისო მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება და ეს დღეები საქართველოში იქნება. დღეს ჯილდოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მედიამენეჯერმა ჯეიმს ფიცჯერალდმა, რომელიც სპეციალურად თასთან ერთად ეწვია საქართველოს, განაცხადა: „რაგბი ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ჯილდო კი ყველა მორაგბის ოცნებაა. რამდენადაც ვიცი, თასი პირველად გამოიფინება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ძალიან გაიხარებენ – საქართველო ხომ მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრია”!

დღეს დილით უებ ელისის თასი კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა, შაბათს, 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთა თასისთვის ითამაშებენ. სხვათა შორის 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, ეს ჯილდო საქართველო-რუმინეთის დაპირისპირების მასპინძელ სტადიონზეც იდგა.

რაგბის მსოფლიო თასი პირველად 1987 წელს, ახალ ზელანდიაში გათამაშდა. მას შემდეგ ეს პრიზი მხოლოდ ოთხმა გუნდმა აღმართა: 1987 და 2011 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებმა, 1991 და 1999 წლებში ავსტრალიამ, 1995 და 2007 წლებში სამხრეთი აფრიკამ, 2003 წელს კი ერთადერთმა ევროპულმა გუნდმა – ინგლისმა.

უებ ელისის თასი ოქრო-ვერცხლისგან 1906 წელსაა დამზადებული და 38 სანტიმეტრი სიმაღლისაა. სხვადასხვა ორნამენტებით დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პრესონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა, სადგამზე კი იმ გუნდების დასახელებებია ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. ავსტრალიაში ამ ჯილდოს „ბილ”-საც უწოდებენ.

საქართველოს შემდეგ უებ ელისის თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ურუგვაისა და იაპონიაში გამოიფინება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური