უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

უეფამ მესამე საკლუბო ტურნირი დაამტკიცა

დუბლინში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 2021-2024 წლების საშეჯიბრო ციკლში მესამე საკლუბო ტურნირის ჩატარება დამტკიცდა.

ახალი ტურნირი (სამუშაო სახელწოდებით UEL2) ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის იდენტური ფორმატით გაიმართება. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს.

ფორმატი მოიცავს ჯგუფურ ეტაპს (რვა ჯგუფში გადანაწილებული ოთხ-ოთხი კლუბი), მერვედფინალს, მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს.

ახალი ტურნირის მერვედფინალურ ეტაპამდე ჩატარდება დამატებითი საპლეიოფო რაუნდი, რომელშიც UEL2-ის ჯგუფური ეტაპის მეორე და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ახალი ტურნირი მოიცავს 141 მატჩს და 15 სათამაშო დღეს.

ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის ლიგის მომდევნო სეზონის საგზურს.

მატჩები გაიმართება ხუთშაბათ დღეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები კვლავინდებურად სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩატარდება, ხოლო ევროპის ლიგისა და ახალი ტურნირის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება და დღის პირველი შეხვედრები თბილისის დროით, სავარაუდოდ, 18:30 საათიდან დაიწყება.

ახალი ტურნირის შემოღებით ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 34 ასოციაცია იქნება წარმოდგენილი (დღე მინიმუმ 26 ასოციაციაა წარმოდგენილი). ახალი ტურნირი ყველა ევროპული ასოციაციისთვის იქნება ღია. შენარჩუნებული იქნება დღეს არსებული კვოტირების სისტემა.

ახალი ტურნირის დასახელება/ბრენდი, ფინანსური დეტალები, კოეფიციენტთა სისტემა და კომერციული სტრატეგია 2019 წელს დამტკიცდება.

2021-2024 წლების ციკლში ევროპის ლიგის ფორმატი ახალი ტურნირის ფორმატის შესაბამისი იქნება. კერძოდ, მერვედფინალურ ეტაპამდე აღნიშნული რაუნდის საგზურისთვის ერთმანეთს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი და შერჩევის სქემა უცვლელად დარჩა.

ტექნიკური ცენტრი „ბასა“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგ კურსს მასპინძლობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი „ბასა“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგ კურსს მასპინძლობს. სასწავლო პროგრამის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრო და მონაწილეებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უკვე ოთხ მოდულს მოიცავს და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრული შესაბამისობით ტარდება.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება, მათგან სამი გოგონაა. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

ბრატისლავაში უეფას 42-ე კონგრესი მიმდინარეობს

სლოვაკეთის დედაქალაქში უეფას 42-ე კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესს, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური დელეგაცია- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები ესწრებიან.

კონგრესის მუშაობის დაწყებამდე ოფიციალურ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა – ალექსანდრე ჩეფერინმა.

მისი თქმით, სწორედ შეკრებილ საზოგადოებს აქვს იმის ძალა, რომ მომავალში ფეხბურთის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, ორგანიზაციის მზაობა, გახადოს ევროპული ფეხბურთი იმდენად მასშტაბური, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ჩეფერინიმ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ მომავალში აუცილებელია ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კიდევ უფრო დიდი მიღწევები დაისახოს მიზნად.

უეფას 41-ე რიგითი ყრილობა გასული წლის 5 აპრილს, ფინეთში, კერძოდ ჰელსინკში გაიმართა.  

Gff.Ge

ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ქალაქ ფრანკფურტში გამართულ სხდომას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის რანგში ესწრებოდა. სხდომაზე სულ კომიტეტის ექვსი წევრი მიიწვიეს, რომელსაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის საუბრის თემა ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს განხილული რეზოლუცია – „ფეხბურთის კარგი მმართველობა“ იყო.

სხდომაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ფეხბურთში არსებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის: საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტს, საფეხბურთო ორგანიზაციების ურთიერთობას სხვადასხვა სპორტულ უწყებებთან, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და სხვა. სამუშაოს ჯგუფის მიზანია აღნიშნული თემების გათვალისწინებით მომზადდეს სპეციალური დოკუმენტი,რომელიც წარედგინება ჯერ უეფას აღმასრულებელ კომიტეტს, შემდეგ კი უეფას წევრ ყველა ასოციაციას.

Gff.Ge

ლუიშ ფიგუ უეფაში მრჩევლად იმუშავებს

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ უეფაში მრჩევლად იმუშავებს.

ფიგუს მომავალი საქმიანობა მოითხოვს მისი ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებას, პორტუგალიელი უშუალოდ ფეხბურთში თანამედროვე ტექნიკის დანერგვის თემაზე იმუშავებს.

პორტუგალიელი პირველად არ ცდის თავის ბედს მსგავს საქმიანობაში. ის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ რატომღაც ფიგუმ ბოლო მომენტში უკან დაიხია.

უეფას პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის გადაყვეტილებით, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან ერთად იმუშავებენ ყოფილი ფეხბურთელები დეიან სტანკოვიჩი და ნადინ კესლერი.

უეფას შტაბ-ბინაში ეროვნული ასოციაციების კომიტეტის სხდომა გაიმართა

უეფას შტაბ-ბინაში ეროვნული ასოციაციების კომიტეტის სხდომა ჩატარდა. შეხვედრას შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას წევრი ასოციაციების 19 წარმომადგენელი დაესწრო. სხდომაზე, საქართველოს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენდა.

ეროვნული ასოციაციების კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: ასოციაციების საქმიანობა, უეფას კონგრესი და სხვა მიმდინარე თემები. კომიტეტის სხდომა უეფას ვიცე პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა გახსნა და დამსწრე საფეხბურთო საზოგადოებას სპეციალური სიტყვით მიმართა.

Gff.Ge

“ბაიერნმა” უეფას საჩივრით მიმართა

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ პოლიციისადმი, რომელსაც “რეალი” – “ბაიერნის” მატჩის დროს უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა.

ინციდენტი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოხდა.

“შესვენების მიმდინარეობისას, ესპანელი პოლიციელები “ბიაერნის” გულშემატკივრებს სასტიკად გაუსწორდნენ. “ბაიერნი” მათ ასეთ ქმედებას არაადეკვატურად და არასამართლიანად მიიჩნევს.

კლუბმა უკვე შეიტანა საჩივარი უეფაში. ამასთანავე, “ბაიერნი” ახსნა-განმარტებასაც მოითხოვს ესპანური პოლიციისაგან,” – ვკითხულობთ მიუნხენური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ჯორჯო მარკეტი: “როგორ შეიძლება, რომ წილისყრის დროს ბურთულები თბილი ან ცივი იყოს?”

უეფას საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯორჯო მარკეტი იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წილისყრებზე სხვადასხვა ტემპერატურის ბურთულები გამოიყენება.

“მე ამ საკითხს ხუმრობად მივიღებ. როგორ შეიძლება, რომ წილისყრის დროს ბურთულები თბილი ან ცივი იყოს? ეს შეუძლებელია. იმ დონის ადამიანებს, რომლებსაც ამ პროცედურაზე ვიწვევთ, ისეთ რამეს ვერასდროს შევთავაზებდი, რაც წილისყრის უსამართლო შედეგს დააყენებდა”, – მარკეტის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს წევრი გახდა

ბუდაპეშტში გამართულ უეფა-ს კონგრესზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ორგანიზაციის ახალ წევრად მიიღეს. უეფა-ში კოსოვოს წევრობას ხმა 28 პირმა მისცა, წინააღმდეგი კი 24 იყო. ასევე 2 ბიულეტენი გაბათილდა. ამით კოსოვო უეფა-ს 55-ე წევრი გახდა.

„ეს ისტორიული დღეა, ჩვენ ევროპულ საფეხბურთო ოჯახს ვუერთდებით. ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა ფეხბურთელების სახელით გამოვდივარ. ჩვენს რეგიონში უფრო საფეხბურთო ღირებულებების გასავითარებლად გამოსვლას გავაგრძელებ. ფეხბურთი ჩვენს ერებს შერიგების საშუალებას მისცემს. საფეხბურთო ოჯახში სწორედ ამ პოზიციით შევდივართ“, – განაცხადა კოსოვოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა ფადელ ვოკრიმ.

აქედან გამომდინარე, კოსოვოს ფიფა-ში შესვლა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა შეუძლია. აღნიშნულ საკითხს ფიფა-ს სხდომაზე 12-13 მაისს განიხილავენ.

უეფამ მამადუ სახოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მამადუ სახოს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი გახდა, რომ უეფამ “ლივერპულის” მცველი მხოლოდ 30-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახოს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს, უეფას კი გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა.

წინასწარი ვარაუდით, ფრანგ ფეხბურთელს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტა ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასჯელი შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.