“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას” – ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ განცხადება გაავრცელა.

“ამ ვიდეოს მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მადლობის გადახდაა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც გუშინდელი დღე შესაძლებელი გახადა! მადლობა პასუხისმგებლიანი გულშემატკივრობისთვის და იმ ატმოსფეროსთვის, რაც სტადიონზე შექმენით “- ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ქალაქ ფრანკფურტში გამართულ სხდომას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის რანგში ესწრებოდა. სხდომაზე სულ კომიტეტის ექვსი წევრი მიიწვიეს, რომელსაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის საუბრის თემა ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს განხილული რეზოლუცია – „ფეხბურთის კარგი მმართველობა“ იყო.

სხდომაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ფეხბურთში არსებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის: საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტს, საფეხბურთო ორგანიზაციების ურთიერთობას სხვადასხვა სპორტულ უწყებებთან, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და სხვა. სამუშაოს ჯგუფის მიზანია აღნიშნული თემების გათვალისწინებით მომზადდეს სპეციალური დოკუმენტი,რომელიც წარედგინება ჯერ უეფას აღმასრულებელ კომიტეტს, შემდეგ კი უეფას წევრ ყველა ასოციაციას.

Gff.Ge

„ბასაზე“ მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსები მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ უეფას B ლიცენზიის სამწვრთნელო კურსი მიმდინარეობს. სწავლებას, რომელიც 1 კვირაა დაიწყო და ჯამში 5 კვირას გასტანს, ამ ეტაპზე 25 ლიცენზიის კანდიდატი გადის. სწავლება როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს.

კურსის მსმენელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე შეხვდნენ და წარმატება უსურვეს.

B ლიცენზიის მომდევნო კურსი ზუგდიდში ჩატარდება, ხოლო ივნისის თვეში მწვრთნელთა განათლების განყოფილება უეფას A ლიცენზიის კურსს დაიწყებს, რომელშიც ასევე 25 ლიცენზიის კანდიდატი გაივლის სწავლებას.

Gff.Ge

ლევან კობიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ქართულ ფეხბურთში გატარებულ რეფორმებსა და მიმდინარე პროცესებს შეეხო.

ნიკა ჯღარკავამ და მომავალმა მაგისტრებმა საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილში ფეხბურთის შესახებ იმსჯელეს, არსებული სიტუაცია გაანალიზეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სტუმრებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს და ასევე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისათვის მოხალისეების შერჩევის პროცედურა გააცნეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს ჩემპიონატის მოხალისეთა შესარჩევად კონკურსი დაიწყო. ნებისმიერ მსურველს, 16 წლიდან, შეუძლია ფედერაციის ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმა შეავსოს და შემდგომი გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ორგანიზებაში, რომელიც 2-15 ივლისს თბილისსა და გორში ჩატარდება.

Gff.Ge

ლევან კობიაშვილი სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურის  სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა 2017 წლის 25 მაისს უნივერსიტეტში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. ლევან კობიაშვილი, სტუდენტების მიერ გამოხატული ინტერესის შესაბამისად, ფეხბურთში გატარებულ რეფორმებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორები და პროფესორ მასწავლებლები დაესწრებიან.

ამასთან, უნივერსიტეტში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს მიიტანენ და 25 მაისს მსურველებს თასთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ.

Gff.Ge

ლევან კობიაშივილი და სფფ-ს სხვა წარმომადგენლები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც წინა შეხვედრების მსგავსად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, 2 საათს გაგრძელდა და მისი მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები, უკვე განხორციელებული, ახალი პროექტები და სამომავლო გეგმები იყო.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მედიის წარმომადგენლებმა ფეხბურთის მასობრიობის მიმართულებით უკვე ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის მოყვარულთა თასის, 13-წლამდელთა რეგიონთა თასისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით განხორციელებული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის „კოკა-კოლას თასის“ შესახებ ისაუბრეს, რომლის ახალი სეზონი მაისის თვეში აიღებს სტარტს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე – დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უკვე განახლებულ მინდვრის საფარსა და ახალ სადრენაჟე სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ამავე სტადიონსა და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განათების ახალი სისტემის დამონტაჟების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ეროვნული ლიგის გაშუქების საკითხებზეც იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა რეგიონულ და ლიგის გაშუქებით დაინტერესებულ ცენტრალურ ტელევიზიებთან შეხვედრის შედეგები გააცნო.

მედიასთან შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაჯამა: „უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს ინტერესისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოკლე ანალიზი გავაკეთეთ იმ პროექტების, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განვახორციელეთ. მედიის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. იყო ბევრი კითხვა, რაც ძალიან კარგია და მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ამ კითხვებს პასუხი გავცეთ. ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას,“-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

Gff.Ge

ლევან კობიაშვილი: #NBAVOTE ZAZA PACHULIA (ვიდეო)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის “ზამთრის თასის” ფინალური მატჩი დასრულდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი დააწინაურა, ანგარიში 2:1 გახადა, მაისური გაიძრო და შიდა ფორმაზე გაკეთებული წარწერა დაგვანახა: #NBAVOTE ZAZA PACHULIA შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

კობიაშვილი: „არამგონია, კმაყოფილები ვიყოთ“

ყაზახეთთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაჯამა.

„არამგონია, კმაყოფილები ვიყოთ, იქიდან გმაოდმიანრე, რომ ვერ მოვიგეთ. ბუნებრივია, იყო ეპიზოდები, რომლებითაც პირველ და მეორე ტაიმში ვისიამოვნეთ. მომენტები გვქონდა, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ. გუნდი უკეთესის მოლოდინს ტოვებს. ფეხბურთელები თავის კლუბებში უკეთ უნდა თამაშობდნენ, რათა ნაკრებს მათი კარგი თამაში დაეტყოს“, – განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილი: “მჯერა, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩი მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს”

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. დამდეგი შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხხადებას აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

“ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წლის სადებიუტო მატჩი. მჯერა, ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქომაგს იმ თანადგომისა და ინტერესისთვის, რასაც იჩენენ.
29 მარტს, საღამოს 9 საათზე, “დინამო არენაზე” ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს”, – განცხადება ლევან კობიაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

კობიაშვილი საქართველოს ნაკრების თავკაცს ხვალ წარადგენს

როგორც სფფ-ს პრესსამსახური იუწყება, საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

ორშაბათს, 10:30 საათზე სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა იგეგმება. მოგვიანებით, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში აღმასკომის შემაჯემებელი პრესკონფერენცია გაიმართება. ამ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ახალ თავკაცს წარადგენს.

სფფ ინფანტინოს მხარს უჭერს

ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში უეფა-ს ამჟამინდელ გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა არაერთმა ევროპულმა ფეხბურთის ფედერაციამ და სპეციალისტმა განუცხადა. მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერფაციაც აღმოჩნდა, რომლის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინფანტინოს სპეციალური წერილი გაუგზავნა. აღნიშნული წერილის შინაარსი სფფ-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სურს თქვენს მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატვა და მადლობის გადახდა თბილი მიღებისთვის ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 26 თებერვალს, ფიფა-ს საგანგებო კონგრესის ფარგლებში გაიმართება.

გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ფიფა ის ორგანიზაცია გახდება, რომელიც წევრ ფედერაციებს პატივს სცემს, მხარს დაუჭერს და მიზანმიმართულად იმუშავებს ჩვენი სპორტის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით მოემსახურებით სპორტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

download (1)

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები მოიცავს კლუბების ფინანსურ სტიმულირებას, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, საფეხბურთო განათლების ხელშეწყობას და ა.შ. უახლოეს მომავალში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების გეგმას ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

 სფფ-ის პრესსამსახური