გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იუწყება, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

“უკრაინული ფეხბურთისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს სპორტული მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ასეთი პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს გარდაეცვალა ბაბუა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც “დინამოელი” დაკრძალვაზე მივიდა, ახლობლებმა მას უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. ის უკვე ემზადება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ”, – ციტირებს ციგანიკის სიტყვებს ua-football-ი.

20 წლის წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დღესდღეობით კი უკრაინელთა 21 წლამდე გუნდის წევრი გახლავთ. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. გასულ წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” წიტაიშვილი ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა.

გიორგი წიტაიშვილი დღესდღეობით იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” თამაშობს.

ვილი სანიოლი — მწვრთნელი ჰიტცფელდის ფილოსოფიითა და უხერხული განცხადებებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მარჯვენაფლანგელი მცველი ვილი სანიოლი დაინიშნა, რომლის სამწვრთნელო კარიერაც მხოლოდ ოთხ წელს ითვლის. ფრანგმა ბუცები ლურსმანზე 2009 წელს, 32 წლის ასაკში, ხშირის ტრავმიანობის გამო დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩენა გადაწყვიტა.

სანიოლს “ბაიერნში” თამაშის პერიოდში არაერთ წარმატებულ სპეციალისტთან უმუშავია და გასაკვირი არ არის, რომ მან საკმაოდ სწრაფად აუღო ალღო სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკას. სანიოლს მოთამაშის კარიერა სულ ოთხი წლის დასრულებული ჰქონდა, როდესაც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდეს. მან ამ პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში, 2013-დან 2014 წლამდე იმუშავა და საკმაოდ წარმატებულადაც. გუნდმა ცხრა მატჩიდან შვიდი გამარჯვებით, ორი კი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებით 29-6-ზე. მაშინ სანიოლის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც არიან: ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიუკა დინი (“ევერტონი”), ფლორენ ტოვენი (“მარსელი”), ადრიან რაბიო (“იუვენტუსი”), სამიუელ უმტიტი (“ბარსელონა”), იაია სანოგო (“ტულუზა”), ჯეფრი კონდოგბია (“ატლეტიკო”). სანიოლს სათამაშო წყობის ვარირების შესაძლებლობა ეძლეოდა და ხშირად ცვლიდა სქემას 4-4-2-დან ე.წ. “რომბით” – 4-2-3-1.

საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში ვილი სანიოლის წარმატებული შედეგებმა უმალ მიიქცია საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგების კლუბთა ყურადღება. მათ შორის იყო “ბორდოც”, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურდა, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ სანიოლის კანდიდატურას მიიჩნევდა.

“ჟირონდელებმა” ახალბედა სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და რაც მთავარია, შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რესურსებითაც უზრუნველყვეს.

სანიოლმა “ბორდოში” “ბაიერნის” ყოფილი თავკაცის, ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფია მიიტანა:

“მინდა შემტევი გუნდის ხილვა. “ბაიერნში” გავიგე, რომ დიდი შედეგების მისაღწევად მოედანზე თამაშით უნდა ისიამოვნო. ამისთვის კი საჭიროა ბურთის ფლობა და თავისუფლად მოქმედება. ჩემს ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ღირსეულად მართებთ თავიანთი საქმის შესრულება, მაგრამ რა აზრი ექნება ამას, თუ მაყურებელი სიამოვნებას ვერ მიიღებს?”

სადებიუტო სეზონის მეორე ტურში სანიოლის” ბორდომ” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა, თუმცა იმ სეზონში “ჟირონდელებს” ასეთი დიდი სხვაობით აღარ მოუგიათ. “ბორდოში” სანიოლის მუშაობის პირველი წელი დადებითად შეფასდა, გუნდმა წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საზოგადოება შეთანხმდა, რომ ვილი სანიოლისგან კარგი მწვრთნელის დადგომა შესაძლებელი იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თავადვე შეილახა იმიჯი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არა შედეგებით, არამედ თავისი განცხადებებით “მოახერხა”.

“სანამ “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი ვიქნები, აფრიკელ ფეხბურთელებს ნაკლებად შევიძენთ. არ მინდა, რომ ყოველ ორ წელიწადში აფრიკის თასის გამო ნახევარი გუნდი დავკარგო. აფრიკელი მოთამაშეების მთავარი უპირატესობები დაბალი ხელფასი, სიიაფე, მებრძოლი ხასიათი და ფიზიკური ძალაა, მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, ინტელექტი და დისციპლინაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული”, – თქვა სანიოლმა.

ამ განცხადების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი ბევრმა აითვალწუნა, მას რასიზმში დასდეს ბრალი და აფრიკული წარმომავლობის ფეხბურთელები მომდევნო ტურის ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ.

“ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა ან მისმა არასწორად ფორმულირებამ ვინმე შეურაცხყო ან გაანაწყენა. ბოდიშს ვიხდი. მე მხედველობაში მხოლოდ ფეხბურთი მქონდა. ინტელექტის თაობაზე ჩემი სიტყვები მხოლოდ ტაქტიკურ განსწავლულობას ეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების დონეს”, – თავი იმართლა მოგვიანებით სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი უხერხული განცხადება მსაჯის მიმართ იყო ნათქვამი, რის გამოც ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. სანიოლმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამჯერადაც სცადა თავის მართლება:

“ეს ხუმრობა იყო, რომელიც არასწორად გაიგეს. ის მსაჯის მიმართ ვთქვი, მაგრამ იმ კომენტარში რაიმე სახის რისხვა ან აგრესია არ ჩამიდია. ეს იყო უბრალოდ ვაზელინთან დაკავშირებული სახალისო ამბავი… ხედავთ? თქვენც გეცინებათ. ჩემი აზრით, ამ სიტყვებში საწყენი არაფერია. სადისციპლინო კომიტეტს განმარტებები მივეცი, მაგრამ ჩემს საქმეს მოწყენილი და იუმორს მოკლებული ხალხი განიხილავდა”.

ვილი სანიოლს პოზიტიურად აღარ უყურებდნენ, “ბორდომ” შედეგებიც გააუარესა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სანიოლს 2015-2016 წლების სეზონი “ბორდოში” აღარ ჩაამთავრებინეს.

ამის შემდეგ ვილი სანიოლს სამუშაოდ აღარ იწვევდნენ, ფრანგმა თავისი სიტყვებით თითქოს კარიერა მოისპო კიდეც. სანიოლი ერთი წელი უსაქმოდ იყო, შემდეგ კი შანსი მისცეს იქ, სადაც უყვართ – მიუნხენის “ბაიერნში”. 2017 წელს ბავარიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ სანიოლი თანაშემწედ მიიწვია, თუმცა მათი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სანიოლის მისვლიდან ორ თვეში იტალიელი სპეციალისტი გაათავისუფლეს, ფრანგმა კი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ ბავარიელები მასში დიდ პოტენციალს ვერ ხედავდნენ და ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა დღე გააჩერეს, შემდეგ კი იუპ ჰაინკესი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანეს. იმ რვა დღეში “ბაიერნმა” სანიოლის” ხელმძღვანელობით ერთი მატჩი ჩაატარა – გუნდმა “ჰერტასთან” ფრედ, 2:2 ითამაშა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ წყვეტაა. მას შემდეგ ფრანგი ძირითადად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი მწვრთნელ სანიოლს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეძლევა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ანანიძე: “ბეილი ჩემზე ძლიერია, მაგრამ ჩემზე ხშირად ტრავმიანობს, აღნაგობა არაფერ შუაშია”

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ხშირი ტრავმიანობა ფიზიკურ მონაცემებთან არის დაკავშირებული.

“სპარტაკის” ლიდერობა მსურს, თუმცა მესმის, რომ ეს ან ახლა მოხდება ან არასდროს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ისე ვითამაშო, როგორც ამას ჩემგან გულშემატკივრები მოელიან. სამწუხაროდ, ხშირად ტრავმები მიშლიდა ხელს. ფაქტობრივად ათი წლიდან სამი მკურნალობაში მაქვს გატარებული. ხშირად ვკითხულობ, თითქოს ყველაფერი ჩემი აღნაგობის ბრალია, მაგრამ შეხედეთ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელ გარეტ ბეილს. ის ჩემზე სამჯერ მეტს იწონის და კუნთებიც სამჯერ დიდი აქვს, თუმცა ჩემზე ხშირად ტრავმიანობს. მან “რეალში” ყოფნის ექვსი წლიდან მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა.

ალბათ, უფროსების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. გარდა ამისა, თავიდან სატრენაჟორო დარბაზებს ხშირად არ ვსტუმრობდი. ახლა გაცილებით ხშირად ვვარჯიშობ. იმას არ ვამბობ, რომ რობოტის დონემდე უნდა მიხვიდე, როცა ბურთსაც ვეღარ გრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკა აუცილებელია, რათა კუნთები და სახსრები კარგ მდგომარეობაში იყოს.

დეკემბრამდე უნდა ვაჩვენო, რა შემიძლია: გოლების გატანა, საგოლე გადაცემები. თამაშის მიმდინარეობის წაყვანა. მთავარი მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს მეხმარება”, – აღნიშნა ანანიძემ.

საქართველო – შვეიცარია: სავარაუდო შემადგენლობები, სტატისტიკა, ფაქტები

საქართველო — შვეიცარია
შეხვედრის ადგილი: თბილისი, “დინამო არენა”
შეხვედრის დრო: შაბათი, 23 მარტი
პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
მთავარი არბიტრი: კრეიგ პოუსონი (ინგლისი)


ხვალ, 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” თბილისში შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ტრავმის გამო გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ასევე, ტრავმირებულია ლაშა დვალი, გიორგი მერებაშვილმა კი მატჩისწინა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და დიდი ალბათობით, თამაშს ისიც ვერ შეძლებს. დანაკლისი აქვთ შვეიცარიელებსაც, მათ შეტევის ხაზის ერთბაშად სამი მოთამაშე დააკლდებათ – ჩერდან შაქირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი.

ყველასათვის ცნობილია, რომ შვეიცარიის ნაკრები მაღალი დონის გუნდია. მათი ფეხბურთელები ინგლისის პრემიერ ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და იტალიის სერია A-ს გუნდებში თამაშობენ.

სავარაუდოდ, “დინამო არენა” ბოლომდე შეივსება, რაც საქართველოს ნაკრებისათვის დამატებითი მოტივაცია და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც იქნება. თბილისში თამაში არცერთი მეტოქისთვის ადვილი არაა და აქ შვეიცარიელებსაც გაუჭირდებათ. ცხადია, გულშემატკივრის ფაქტორი ბევრს ნიშნავს.

ვაისის გუნდმა უეფას ერთა ლიგაზე თავი კარგად წარმოაჩინა, ახლა კი უფრო სერიოზული და რთული ტურნირის დრო მოვიდა.


საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

19/11/18 ელ. საქართველო ყაზახეთი 2:1
15/11/18 ელ. ანდორა საქართველო 1:1
16/10/18 ელ. ლატვია საქართველო 0:3
13/10/18 ელ. საქართველო ანდორა 3:0
09/09/18 ელ. საქართველო ლატვია 1:0

 

შვეიცარიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

18/11/18 ელ. შვეიცარია ბელგია 5:2
14/11/18 ამხ. შვეიცარია ყატარი 0:1
15/10/18 ელ. ისლანდია შვეიცარია 1:2
12/10/18 ელ. ბელგია შვეიცარია 2:1
11/09/18 ამხ. ინგლისი შვეიცარია 1:0

ურთიერთშეხვედრები:

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ორჯერ აქვთ ნათამაშები. ორივე მატჩი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. პირველ მატჩში შვეიცარიელებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს, მეორე შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

08/09/02 – შვეიცარია 4:1 საქართველო
02/04/03 – საქართველო 0:0 შვეიცარია


რას ამბობენ მწვრთნელები?

ვლადიმირ ვაისი: “ხვალინდელი მატჩის ფავორიტი შვეიცარიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ. შვეიცარია რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავეა, მაგრამ მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რესუსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შვეიცარია მხოლოდ კონკრეტული მატჩის ფავორიტი არ არის, ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტია. შევეცდებით, ხვალ ჩვენი ტექნიკური, ქართული თამაში ვაჩვენოთ.”

ვლადიმირ პეტკოვიჩი: “ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ქართული ფეხბურთი გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს ბრაზილიური ტექნიკურობისა და რუსული ძალისმიერი თამაშის, რასაც ემატება ქართული იმპროვიზაციის ნიჭი. რაც შეეხება “დინამოს”, ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენად ლამაზ და წარმატებულ ფეხბურთს თამაშობდა ეს კლუბი.

დღეს ჩემს ფეხბურთელებთან ერთად უნდა განვიხილო ქართველი ფეხბურთელების ძლიერი და სუსტი მხარეები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველები ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ და ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”


საინტერესო ფაქტები:

– ხვალინდელი მატჩის განაცხადში მყოფი ფეხბურთელებიდან, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული წევრი (transfermarkt-ის მიხედვით) სოლომონ კვერკველიაა. მისი ფასი 8 მილიონი ევროა.

– შვეიცარიელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გრანიტ ჯაკაა. “არსენალის” ნახევარმცველს transfermarkt 45 მილიონ ევროდ აფასებს.

– მოქმედი ფეხბურთელებიდან, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი ვაკო ყაზაიშვილს აქვს გატანილი, მან მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

– მოქმედი ფეხბურთელებიდან, შვეიცარიელთა ბომბარდირი, 22 გოლით, ჩერდან შაქირია, თუმცა ის ტრავმის გამო საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.


მთავარი არბიტრი – კრეიგ პოუსონი

კრეიგ პოუსონი 40 წლის ინგლისელი არბიტრია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერ ლიგის და უეფას სანაკრებო ტურნირების მატჩებში იღებს მონაწილეობას. მან მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა განსაჯა, სადაც 118 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.


საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ხარაბაძე; კანკავა, კვეკვესკირი; ანანიძე, გვილია, ყაზაიშვილი; ქვილითაია.

შვეიცარიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ზომერი; ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, როდრიგესი; ჯაკა, ზაქარია; აეტი, ემბოლო, ცუბერი; გავრანოვიჩი.


Fanebi.Com-ის პროგნოზი

საქართველო 2:1 შვეიცარია

ვლადიმირ პეტკოვიჩი: “მოედანზე სამი ქულისთვის საბრძოლველად გავალთ”

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისში, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.

“რა თქმა უნდა, ბელგიასთან გამართულმა მატჩმა გარკვეული დადებითი ზეგავლენა იქონია ჩვენ ნაკრებზე. ოთხი თვეა, რაც ფორმის აღდგენასა და შენარჩუნებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, რაც ნათლად აისახა გუნდზე. ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

ქართული ფეხბურთი გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს ბრაზილიური ტექნიკურობისა და რუსული ძალისმიერი თამაშის, რასაც ემატება ქართული იმპროვიზაციის ნიჭი. რაც შეეხება “დინამოს”, ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენად ლამაზ და წარმატებულ ფეხბურთს თამაშობდა ეს კლუბი.

ჩვენი ნაკრების წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია – თავაუზოგავი შრომა და დისციპლინის მაღალის დონე. თავხედურად არასოდეს არ მოვპყრობივართ მეტოქეს და ასეთი მიდგომა გვექნება ხვალაც. ვეცდებით, რომ შინ სასურველი შედეგით დავბრუნდეთ – მოედანზე სამი ქულითვის საბრძოლველად გავალთ.

დღეს ჩემს ფეხბურთელებთან ერთად უნდა განვიხილო ქართველი ფეხბურთელების ძლიერი და სუსტი მხარეები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველები ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ და ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ხდება ხოლმე. ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და შევძლებთ, რომ სიცარიელე შევავსოთ,” – აცხადებს ვლადიმირ პეტკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-შვეიცარიის მატჩი ხვალ, 23 მარტს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ვლადიმირ ვაისი: “გვინდა, რომ ეს ერთა ლიგისათვის მოსამზადებელი ეტაპი არ იყოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასტან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შვეიცარიასთან მატჩზე: “ხვალინდელი მატჩის ფავორიტი შვეიცარიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ. შვეიცარია რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავეა, მაგრამ მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რესუსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შვეიცარია მხოლოდ კონკრეტული მატჩის ფავორიტი არ არის, ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტია. შევეცდებით, ხვალ ჩვენი ტექნიკური, ქართული თამაში ვაჩვენოთ.”

ჩაკვეტაძის შესახებ: “ჩაკვეტაძე განაცხადში ტრავმის გამო არ იმყოფება, რაც თავიდანვე ცნობილი იყო. ის კლუბში აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. საქართველოს ნაკრების სამედიცინო ჯგუფი მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს.”

ნავალოვსკის შესახებ: “მან ერთი კვირის წინ დაიწყო სრულყოფილი ვარჯიში. გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ შესაძლოა, ის 100 პროცენტით მზად არ იყოს სათამაშოდ.”

შვეიცარიელთა დანაკლისზე: “რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს. მათ სამი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდათ, მაგრამ ამ გუნდს მათი შემცვლელები ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვეიცარიელთა შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, ფეხბურთელები ძალიან კარგ გუნდებში თამაშობენ და მათ დიდი რესურსი აქვთ.”

საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ: პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ეს ერთა ლიგისათვის მოსამზადებელი ეტაპი არ იყოს. ჩვენი მიზანია, თითოეულ მატჩში გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯოს. სამწუხაროა, ფეხბურთელების ტრავმები, მაგრამ ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე დაგვიბრუნდნენ.”

ლევან ხარაბაძისა და ვატო არველაძის შესახებ: “ორივე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია, მაგრამ ზოგიერთი ვითარდება, ზოგი კი – იკარგება. ხარაბაძე შვეიცარიის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობს და განვითარების სწორ გზას ადგას. ვატო არველაძის თამაშებს ვუყურებ, მან ოთხი გოლი გაიტანა და ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა. შესაძლოა, ხვალ ის მოედანზეც ვიხილოთ.”

გულშემატკივრებზე: “ერთა ლიგის ჯგუფური ეტაის მოგებაში გულშემატკივარი მნიშვნელოვნად დაეხმარა. მათ მხარდაჭერას მთელი გუნდი გრძნობდა. 55000 ქომაგის სტადიონზე ყოფნა ფეხბურთელებისათვის განსაკუთრებული რამ არის. ახლაც, გულშემატკივრების გვერდში დგომა გვჭირდება. ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრაც არ იქნება გამონაკლისი.”

შეგახსენებთ, რომ საქართველო-შვეიცარიის მატჩი ხვალ, 23 მარტს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

“საბურთალოს” აკადემიას ახალი ხელმძღვანელი ყავს

ამიერიდან, “საბურთალოს” აკადემიასა და სკოლას ვოვა მუსერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლებია “საბურთალოში”, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში წარმატებით მუშაობს.

მუსერიძემ თემურ შალამბერიძე შეცვალა, რომელიც ბოლნისის “სიონის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ვოვა მუსერიძე:
“დიდი მადლობა “საბურთალოს” ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. “საბურთალოს” წარმატებული აკადემია და კლუბი ყავს, რომელსაც თავისი ხედვა აქვს. აღებულ კურსს გავაგრძელებ და მიზნების განხორციელებას ვეცდები. გვინდა, ასაკობრივ ნაკრებებს გავუზარდოთ ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ თავიანთ სიტყვას ევროპაშიც იტყვიან.  
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თემურ შალამბერიძეს, რომელმაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და ის, რომ ჩვენი აკადემია წინ მიიწევს, მისი წვლილი ძალიან დიდია”. 

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

 

მნიშვნელოვანი 3 ქულა – ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა. 4 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათდარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-2 მოიგო.

მატჩის გმირი მამია გავაშელიშვილი გახდა, რომელმაც სტუმრებს დუბლი შეუსრულა.

დისკვალიფიკაციის გამო, სამტრედიასთან მატჩში, ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა ვერ დაეხმარა. მისი ადგილი, დაცვის მარცხენა ფლანგზე ირაკლი კომახიძემ დაიკავა, კაპიტანი კი ნიკა ჭანტურია იყო.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. რეალური საგოლე მომენტის შექმნა არცერთ გუნდს არ გამოუვიდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე, გიორგი ახალაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ლოკომ ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში შეძლო. ოთარ კობახიძის კარგი პასის შემდეგ, საჯარიმოში, დასწრებაზე თამაში შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ სცადა, თუმცა მას გიორგი გურულმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

79-ე წუთზე, ლოკომოტივი მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. ლოკოს ფორვადმა საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ ოთარ კობახიძესა და ზურიკო დავითაშვილს. პირველ შემთხვევაში კობახიძეს სიზუსტე დააკლდა, დავითაშვილს კი სტუმართა მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამტრედიამ ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. საჯარიმოში, სტუმართა შემტევი გიორგი გაბაძემ წააქცია, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

გამარჯვების გოლის ავტორი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გავაშელიშვილი გახდა. მამიამ, საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა.

19 ტურის შემდეგ, ლოკომოტივმა 22 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო, სამტრედია ცხრა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

“ჩიხურა” “მარიბორთან” დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

საჩხერის “ჩიხურამ” სლოვენიის “მარიბორთან” ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩი გამართა.

შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში, “მარიბორის” ფეხბურთელმა, ლუკა ზაჰოვიჩმა გახსნა ანგარიში. მან ეს 70-ე წუთზე გააკეთა. ხოლო, შეხვედრის მიწურულს სლოვენიელთა კაპიტანმა, ტავარეშმა მეორე გოლიც გაუტანა იმერლებს. ორი შეხვედრის ჯამში 2-0 და “ჩიხურა” ევროპის ლიგას გამოეთიშა.

 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსების მეორე მოდული იწყება

25 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის მეორე მოდული დაიწყება. მოდულს „დავით პეტრიაშვილი არენა“ უმასპინძლებს. სწავლება, ამ ეტაპზე, სამ დღეს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან B ლიცენზიის კურსი განსხვავებული ფორმატით ტარდება. ამიერიდან, B ლიცენზიის კურსი შედგება 6 მოდულისაგან.

ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.