შევჩენკო: “იმედია, რომში იტალიელები მხარს უკრაინას დაუჭერენ”

ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრები დამტებით დროში დაამარცხა (2:1). შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.

“ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ძალისხმევა არ დაიშურეს. ამ გამარჯვებას ყველა უკრაინელს ვუძღვნით, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ რომში იტალიელი გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ინგლისის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. რთული შეხვედრა გველის”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს “სკაი სპორტ იტალია”.

უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იუწყება, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

“უკრაინული ფეხბურთისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს სპორტული მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ასეთი პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს გარდაეცვალა ბაბუა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც “დინამოელი” დაკრძალვაზე მივიდა, ახლობლებმა მას უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. ის უკვე ემზადება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ”, – ციტირებს ციგანიკის სიტყვებს ua-football-ი.

20 წლის წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დღესდღეობით კი უკრაინელთა 21 წლამდე გუნდის წევრი გახლავთ. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. გასულ წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” წიტაიშვილი ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა.

გიორგი წიტაიშვილი დღესდღეობით იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” თამაშობს.

დარიო სრნა: “უკრაინის ჩემპიონატი გერმანიისა და საფრანგეთის ლიგებს ჯობდა”

დონეცკის “შახტარის” ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო სრნამ, რომელიც დღესდღეობით ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ და დირექტორად მუშაობს, წარსული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავის დროზე უკრაინის ჩემპიონატი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის ლიგები.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის ჩემპიონატი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის ლიგები. მაშინდელი ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა: “შახტარი”, “დინამო”, “დნიპრო”, “მეტალისტი”, “ჩერნომორეცი”, “ზორია”, “მეტალურგი”.

ძალიან რთული იყო მეტოქისთვის, ჩამოსულიყო უკრაინაში და ეთქვა, რომ ის გაიმარჯვებს. როგორი გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელები გვყავდნენ მაშინ… ძალიან სერიოზული ჩემპიონატი იყო”, – აღნიშნა სრნამ.

მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ახალგაზრდობის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი 2 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა. მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და მინისტრის მოადგილეები – შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით – “ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და წარმატებული ქვეყანაა სპორტული შედეგების მიხედვით. ბუნებრივია, ჩვენს სპორტსმენებს დიდად წაადგებათ უკრაინელებთან ერთობლივი სპორტული შეკრებები და ორმხირივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. მათ შორის, ჩვენ ვგეგმავთ სუამის სამიტის ფარგლებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ჩემპიონატებისა და შეჯიბრებების გამართვას.

ჩვენს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ რომ ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სპორტის განვითარებას და მეორეს მხრივ, ახალგაზრდული ორგანიზაციების კიდევ უფრო დაახლოვებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ვფიქრობ, ასეთი ფორმატი საშუალებას მოგვცემს სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, კონკრეტული ნაკრებები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველ სპორტსმებებთან ერთად გაიარონ ერთობლივი შეკრებები.”

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ფიზიკური კულტურის, ახალგაზრდობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მოხალისეობრივი, საკანონმდებლო, ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. მემორანდუმის გაფორმება ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლებას.

“ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდების ურთიერთობებს, ასევე გაცვლითი პროგრამების განხორციელებას როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებებით. ჩვენ მდიდარი კულტურული ფასეულობები გაგვაჩნია და ვფიქრობ მათი გაზიარება და ასევე ერთობლივი სპორტული და ახალგაზრდული პროექტების განხორციელება სიკეთის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან საუბარი გვქონდა კონკრეტულ პროექტებზეც, მაგალითად 2017 წლის სექტემბერში ტორონტოში დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულთა შორის სპორტული თამაშები, სადაც უკრაინის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ამ თამაშებისთვის უკრაინელმა სამხედროებმა საქართველოში გაიარონ სპორტული წვრთნები და ასევე ჩატარდეს ამხანაგური მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და უკრაინის გუნდებს შორის.

ზოგადად, მსურს განვაცხადო, რომ საქართველო და უკრაინა დიდი ხანია მეგობრობენ და მჭიდროდ თანამშომლობენ ერთმანეთთან არაერთი მიმართულებით. ჩვენ აქტიურად გიჭერდით მხარს, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესიას ჰქონდა ადგილი საქართველოში და ასევე ქართველები გვედგნენ მხარში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას. ასევე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება.” – განაცხადა იგორ ჟდანოვმა.

აღსანიშნავია რომ უკრაინული მხარის ინიციატივით კიევში სულ ახლახანს გაიმართა სუამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც. საქასრთველოს მხრიდან გამოთქვა ინიციატივა საქართველოში სუამის წევრი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკების ჩატარების თაობაზე.

ამ მხრივ, გამოსარჩევია საქართველოსა და უკრაინის მრავალწლიანი მეგობრული თანამშრომლობა ყველაზე მძიმე პერიოდებში, კონკრეტულად 2014 წელს, როდესაც საქართველომ უმასპინძლა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს „მომავლის ბანაკში”, რამაც ხელი შეუწყო მათი რეაბილიტაციისა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ანტირეკორდი დაამყარა

უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ანტირეკორდი დაამყარა.

უკრაინის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის ზედიზედ ხუთ შეხვედრაში თუნდაც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ევრო-2012-ის სასტარტო მატჩში უკრაინელებმა შვედები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს, შემდეგ კი ფრანგებთან (0:2) და ინგლისელებთან (0:1) დამარცხდნენ.

ევრო-2016-ზე უკრაინის ნაკრებმა სამივე მატჩი დათმო: გერმანიასთან 0:2, ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2, პოლონეთთან 0:1.

ლამაზმანი უკრაინული ფეხბურთიდან

უკრაინულ ფეხბურთში გოგონათა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ერთ-ერთი მათგანი მარია შპაკი გახლავთ, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და საქალაქო ტურნირზე არბიტრის ასისტენტად მუშაობს. გთავაზობთ მარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს.

Shpak1 Shpak2 Shpak3 Shpak4 Shpak5 Shpak6 Shpak7 Shpak8 Shpak9 Shpak10 Shpak11 Shpak12 Shpak13 Shpak14 Shpak15 Shpak16 Shpak17 Shpak18 Shpak19 Shpak20

აღსანიშნავია, რომ მარია შპაკის შეყვარებული ალექსეი დუბოვოიც მსაჯად მუშაობს.

Shpak21 Shpak22 Shpak23 Shpak24 Shpak25 Shpak26 Shpak27 Shpak28 Shpak29 Shpak30 Shpak31 Shpak32 Shpak33 Shpak34 Shpak35 Shpak36 Shpak37 Shpak38 Shpak39 Shpak40 Shpak41 Shpak42

 

“დნიპრო” და “რეიმსი” კანკავას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

უკრაინული ინტერნეტპორტალი Tribuna.com-ი იუწყება, რომ ფრანგულმა “რეიმსმა” ჯაბა კანკავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” 1,2 მილიონი დოლარი (1 მილიონი ევრო) უნდა მიეღო, თუმცა შემდეგ ტრანსფერი შეფერხდა. როგორც კანკავამ აღნიშნა, უკრაინულმა კლუბმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა.

გუშინ “რეიმსი” და “დნიპრო” საბოლოოდ შეთანხმდნენ სატრანსფერო ღირებულებაზე. ფრანგები საქართველოს ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

დღეს 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშზე გუნდს დაემშვიდობა, უახლოეს პერიოდში კი საფრანგეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა “დნიპროში” 2007 წლიდან ირიცხება. მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო (2013/14), ითამაშა ევროპის ლიგის ფინალშიც (2014/15).

 

ჯაბა კანკავას “დნიპროს” დატოვება სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველ ჯაბა კანკავას უკრაინული კლუბის დატოვება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელით ფრანგული “რეიმსი” დაინტერესდა და ახლა კლუბებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“დნიპროს” არაოფიციალური ვებგვერდის FCDNIPRO.COM-ის ინფორმაციით, ჯაბა კანკავამ უკრაინული კლუბის დატოვება ისურვა. დნეპროპეტროვსკიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

სააკაშვილი: “ჩერნომორეცი” ოდესას უბრუნდება, სუპერთასის მატჩიც აქ ჩატარდება”

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ “ჩერნომორეცს” ნება მიეცა, საშინაო მატჩები ოდესაში გამართოს. სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის სუპერთასის შეხვედრასაც ოდესა უმასპინძლებს.

“სტაბილურობის განცდა უნდა დამკვიდრდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი პაველკოს ვესაუბრე. ნება მოგვცეს, “ჩერნომორეცმა” საშინაო მატჩები კვლავ ოდესაში გამართოს.

უფრო მეტიც, “შახტარსა” და კიევის “დინამოს” შორის გასამართი სუპერთასის მატჩიც ოდესაში ჩატარდება და აქ გავმართავთ სხვა საერთაშორისო შეხვედრებსაც.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე რამის მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ვითარების გამო გასული სეზონის მეორე ნახევარში “ჩერნომორეცი” საშინაო მატჩებს კიევსა და დნეპროპეტროვსკში მართავდა.

 

რუსლან როტანი: “საქართველოს ნაკრებს შეუძლია, “ბრაზილია” მოგვიწყოს”

უკრაინის ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა რუსლან როტანმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

“საქართველოს ნაკრები ტიპიური სამხრეთული გუნდია: საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებსაც ბურთის ფლობა უყვართ. თუ მათ გათამაშების საშუალებას მივცემთ, შეიძლება “ბრაზილია” მოგვიწყონ.

ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. საქართველოს ნაკრებში კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. ზოგიერთი მათგანი სერიოზულ ევროპულ, ზოგი კი – წამყვან უკრაინულში კლუბში ირიცხება. საქართველოს ნაკრები ყოველთვის სათანადოდ თამაშობს და თუ აგებს ძლიერ გუნდთან, ისიც მინიმალური ანგარიშით. მათთან მარტივად ვერავინ ვერ იგებს.

საქართველოსთან გასამართ მატჩში ჩვენს შეცდომებს აღმოვაჩენთ. ყოველთვის კარგია ძლიერ გუნდთან თამაში. სუსტი მეტოქე შენს სისუსტეებს ვერ დაგანახებს. ამიტომ, საქართველოს ნაკრებთან კარგი სპარინგი გველის.

ჯაბას (კანკავა) ხუმრობით ვუთხარი, რომ ღვინო და ყანწი წამოეღო, თუმცა გავიგე, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს და ნაკრებში არ გამოიძახეს. გამიხარდებოდა მისი ნახვა, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა”, – აღნიშნა როტანმა.

ამხანაგური მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის დღეს, ავსტრიის ქალაქ ლინცში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

ანდრეი ვორონინმა კარიერა დაასრულა

„ლივერპულისა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორონინმა დღეს თავისი აგენტის ანდრეი გოლოვაშის დახმარებით მოთამაშის კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა.

„ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ პროფესიონალურ კარიერას ვასრულებ. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან და აგენტთან საუბრის შემდეგ მივიღე“, – განაცხადა 35 წლის ანდრეიმ.

შეგახსენებთ, რომ ვორონინმა 2007 წლიდან 2010 წლამდე „ლივერპულში“ 27 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. ბოლოს უკრაინელმა მოსკოვის „დინამოს“ რიგებში ითამაშა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი უკრაინის ჯარში გაიწვიეს?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვის „მეტალისტის“ ნახევარმცველმა ედმარმა უკრაინის არმიიდან უწყება მიიღო. წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი 2011 წელს ნატურალიზაციის წესით უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინელთა ეროვნულ გუნდში 9 მატჩიც ჩაატარა.

„ძალიან გამიკვირდა, ჯარში გაწვევას არ ველოდი. კლუბის ოფისში მივედი, იქ რაღაც ფურცელი მომცეს, წარადგინე და პრობლემა მოიხსნებაო. არ ვიცი, შესაძლოა ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმაც მიიღო უწყება, ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს.

ჩემი მეუღლე ძალიან შეშინდა, თუმცა დავაწყნარე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მუდმივად ვვარჯიშობ, მალე ჩემპიონატიც დაიწყება.

უცებ მართლაც რომ მომიწიოს ჯარში წასვლა, არ ვიცი, რას გავაკეთებ. მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში გამომდის კარგად“, – სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს სიტყვები თავად ფეხბურთელს ეკუთვნის.

მოგვიანებით „მეტალისტის“ დირექტორმა ალექსეი ტარგონსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედმარი უკრაინის ჯარში გაიწვიეს.

„ვესაუბრე ედმარს. მან მითხრა, რომ არავითარი უწყება არ მიუღია. როგორც ჩანს, ვიღაცამ უბრალოდ მოიგონა ეს ამბავი, რომ სასაუბრო თემა ყოფილიყო“, – განაცხადა ტარგონსკიმ.