ევრო-2016-ის კვალიფიკაცია: ჩვენი ჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ამ ციკლში მესამე გამარჯვეა მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. კახა ცხადაძის გუნდმა “დინამო არენაზე” გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, პენლატი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა, ერთი ბურთი კი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა. გიბრალტარის ნაკრებისთვის გოლი ასე გვიან ჯერ არცერთ გუნდს არ გაუტანია.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
საქართველო — გიბრალტარი 4:0
გოლები: ვაწაძე 30′, 45′, ოქრიაშვილი 35′ (პენ), ყაზაიშვილი 87′.
გაფრთხილებები: ოქრიაშვილი 31′ — კაბრერა 15′.

 

სენსაციურად დამარცხდა გერმანიის ნაკრები. “ბუნდესთიმმა” დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ისე წააგო, რომ გოლის გატანაც ვერ შეძლო, რაც პოლონეთთან გასული წლის 11 ოქტომბერს გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ პირველად მოხდა. ირლანდიამ ანგარიშით 1:0 იმარჯვა, ეს ერთადერთი გოლი კი მატჩის 70-ე წუთზე შეინ ლონგმა გაიტანა.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
ირლანდია — გერმანია 1:0
გოლი: ლონგი 70′.
გაფრთხილებები: ჰულაჰანი 89′ — ჰუმელსი 86′.

 

საინტერესოდ წარიმართა გლაზგოში შოტლანდიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა. სტუმრები მე-3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეტ რიჩიმ შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე კი სტივენ ფლეტჩერის ლამაზი და ზუსტი დარტყმის წყალობით მასპინძლები სულაც წინ გავიდნენ. პოლონელები მარცხისგან ისევ ლევანდოვსკიმ იხსნა, რომელმაც მე-4 კომპენსირებულ დროში წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 2:2.

ევრო-2016 – კვალიფიკაცია. D ჯგუფი. მე-9 ტური
შოტლანდია — პოლონეთი 2:2
გოლები: რიჩი 45′, ფლეტჩერი 62′ — ლევანდოვსკი 3′, 90+4′.
გაფრთხილებები: ბრაუნი 56′, ჰატონი 67′ — რიბუსი 22′, კრიხოვიაკი 83′.

 

გუნდი მიღ გაშ +/-
Germany   გერმანია 9 6 1 2 22 8 14 19
Poland   პოლონეთი 9 5 3 1 31 9 22 18
Republic of Ireland   ირლანდია 9 5 3 1 18 5 13 18
Scotland   შოტლანდია 9 3 3 3 16 12 4 12
Georgia   საქართველო 9 3 0 6 9 14 -5 9
Gibraltar   გიბრალტარი 9 0 0 9 2 50 -48 0

 

ჩვენს ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფს ახალი ლიდერი ჰყავს. ფრანკფურტში გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

გერმანელთა მხრიდან დუბლი შეასრულა მარიო გიოტცემ, ერთი გოლი კი ტომას მიულერმა გაიტანა. საპასუხო ბურთი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა 16 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, პოლონეთმა კი, რომელსაც აქტივში 14 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

 

გერმანია — პოლონეთი 3:1

გოლები: მიულერი 12′ (1:0); გიოტცე 19′ (2:0); ლევანდოვსკი 36′ (2:1); გიოტცე 82′ (3:1).
გაფრთხილებები: კროოსი 61′; შვაინშტაიგერი 79′ – რიბუსი 8′; გროსიცკი 66′.

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაიმართა, სადაც გიბრალტარის ნაკრები ირლანდიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. დუბლი გაიფორმა რობი კინმა, თითო-თითო გოლი კი საირუს კრისტიმ და შეინ ლონგმა გაიტანეს. ირლანდიელები 12 ქულით ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადავიდნენ. უქულო გიბრალტარს ბოლო ადგილი უკავია.

Keane

 

გიბრალტარი — ირლანდია 0:4

გოლები: კრისტი 27′ (0:1); კინი 50′ (0:2), 52′ (0:3, პენ.); ლონგი 79′ (0:4).
გაფრთხილებები: კაშარო 9′; ბარნეტი 48′ – უოლტერსი 42′.

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრაში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს. ირლანდია 11 ქულით მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, საქართველოს 6 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

Kazaishvili

საქართველო — შოტლანდია 1:0

გოლი: ყაზაიშვილი 38′ (1:0).
გაფრთხილებები: კაშია 10′, ანანიძე 44′, ნავალოვსკი 78′.

გუნდი გატ მიღ +/-
Germany  გერმანია 7 5 1 1 19 5 14 16
Poland  პოლონეთი 7 4 2 1 21 6 15 14
Republic of Ireland  ირლანდია 7 3 3 1 16 5 11 12
Scotland  შოტლანდია 7 3 2 2 12 7 5 11
Georgia  საქართველო 7 2 0 5 5 13 -8 6
Gibraltar  გიბრალტარი 7 0 0 7 1 38 -37 0

რას წერენ შოტლანდიელი ფანები საქართველოსთან დამარცხების შემდეგ

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შინ შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ამით შოტლანდიელებს ჯგუფიდან გასვლის შანსი მკვეთრად გაუუარესდათ. გთავაზობთ მატჩის შემდეგ შოტლანდიელი ფანების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს.

“ჩემი 3 წლის შვილი მეკითხება: “რას უყურებ, დედა?” არ ვიცი, რა ვუპასუხო”.

“როგორც ჩანს, ჩვენ მაინც საჩოგბურთო ერი ვართ”.

“შოტლანდიის ნაკრებს მთელი ღამე რომ ეთამაშა, გოლს მაინც ვერ გაიტანდა”.

“საცოდაობაა იყო შოტლანდიელი”.

“ჯეიმს მორისონი “ვესტ ბრომვიჩში” მუდმივად ბრწყინავს, მაგრამ დღეს ცუდად ითამაშა. მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”.

“შოტლანდია თავისუფალია! თავისუფალია 2016 წლის ზაფხულში თამაშისგან”.

“დარწმუნებული არ ვარ, სკოტ ბრაუნი იმ მატჩში თამაშობდა, რომელსაც მე ვუყურებდი. კარში მხოლოდ ერთხელ დარტყმა უიღბლობა კი არა, საცოდაობაა”.

“ეს იყო შოტლანდიის ნაკრების ყველაზე ცუდი თამაში ბოლო წლების განმავლობაში. სტრაჩანი უნდა წავიდეს”.

“შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მანამ ვერ ითამაშებს, სანამ ტურნირზე ყველა გუნდს არ დაუშვებენ და ალბათ, მაშინაც ფეხბურთელებს პასპორტები დარჩებათ”.

“სტივენ ფლეტჩერი გორდონ სტრაჩანის დისშვილია თუ რა ხდება?”

“თითოეულ შოტლანდიელ ფეხბურთელს უნდა რცხვენოდეს”.

“ფეხბურთმა ყოველთვის რატომ უნდა ჩამიშხამოს დიდებული მოგზაურობა?!”

“ვუყურე შოტლანდიის ნაკრებს, რომელმაც ვერაფერი წარმოადგინა”.

“გყავდეთ სტივენ ფლეტჩერი თავდამსხმელად და 90 წუთის განმავლობაში კარში ერთ დარტყმასაც ვერ ნახავთ”.

“მთელი შოტლანდიელი ერი სტივენ ფლეტჩერს აკრიტიკებს, თუმცა დანარჩენებმაც ასევე საცოდავად ითამაშეს”.

“გზავნილი ირლანდიიდან საქართველოს შოტლანდიის დამარცხებისთვის”.

 

კახა კალაძე: “გილოცავთ, ბიჭებო! გმადლობთ, ბიჭებო!”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შინ შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გუნდს დღევანდელი გამარჯვება მიულოცა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს ჩვენმა ნაკრებმა შოტლანდიასთან 1:0 მოიგო! ერთი სიტყვით ყველას განწყობას გამოვხატავ — ბრავო! თურმე როგორ გვენატრება მოგება, კარგი თამაში… ეს დასაწყისია! ყველაფერი განახლდება, ყველაფერი თავიდან დაიწყება-და წინ მხოლოდ გამარჯვება, სიამაყე და გახარებული გულშემატკივარი გველის! გილოცავთ ბიჭებო! გმადლობთ ბიჭებო!”, – წერს კალაძე.

 

საქართველო — შოტლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის გასამართ შეხვედრამდე. უკვე ცნობილია მატჩში მონაწილე გუნდების სასტარტო შემადგენლობები.

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი, რ. მარტინი, მალგრიუ, მელონი, მორისონი, ბრაუნი, ს. ფლეტჩერი, ნეისმიტი, ანია.
მთავარი მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი.

მატჩი “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება და მას 35 წლის რუმინელი არბიტრი ოვიდიუ ჰაცეგანი განსჯის.

 

შოტლანდიის მწვრთნელი: „საქართველო სახიფათო მეტოქედ რჩება“

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის ერთ-ერთი თანაშემწე სტიუარტ მაკოლი საქართველოსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. მაკოლის თქმით, გუნდს კონტინენტის პირველობაზე გასვლის იმედი არ დაუკარგავს.

„მართალია, უელსთან და სერბეთთან მარცხით დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ხორვატიას ამხანაგური მატჩი მოვუგეთ და მომდევნო შეხვედრებში თამაში გავაუმჯობესეთ. ირლანდია დავამარცხეთ და პოლონეთში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა დავუწიეთ.

ერთადერთი, რაც ახლა გაგვაჩნია, რწმენაა. როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე მოთამაშეებსა და გულშემატკვირებს, წარმატების მიღწევის გვჯერა. უბრალოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – თვლის მაკოლი.

გარდა ამისა, სპეცილისტმა ასევე საქართველოს ნაკრების თავკაცის კახა ცხადაძის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ გუნდმა, შესაძლოა, განსხვავებული თამაში და ტაქტიკა შემოგვთავაზოს.

საქართველომ პოლონეთთან 0:4 წააგო, თუმცა 89-ე წუთამდე მხოლოდ ერთბურთანი სხვაობით აგებდა, რის შემდეგაც რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა. იმ შეხვედრაში ქართველებს გოლის გატანა შეეძლოთ. დიახ, მათ რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს, მაგრამ ეს გუნდი ჩვენთვის მაინც სახიფათო მეტოქედ რჩება“, – დაასრულა მაკოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება.

თემურ ქეცბაია: “ამ ეტაპზე ეს არის, რაც შეგვიძლია”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მარცხი სამყაროს დასასრული არ არის და იქვე დაამატა, გიბრალტარის ნაკრებს აუცილებლად უნდა მოვუგოთო.

“დღეს ორი-სამი მოთამაშე გვაკლდა, თუმცა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯნენ. ამ ეტაპზე ეს არის, რაც შეგვიძლია. შოტლანდიელთა უმეტესობა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს. შეადარეთ ისინი ქართველ ფეხბურთელებს და დაინახავთ, რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონატისა და ინგლისის პრემიერლიგის ტემპს შორის.

ძალიან რთულია სტუმრად თამაში კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც გულშემატკვრები მხურვალედ უჭერენ მხარს. ჩემმა ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს, ეს არ არის სამყაროს დასასრული. მომდევნო მატჩს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ. უფრო მეტს შევუტევთ. გიბრალტარის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, შოტლანდიაში ეს მოთხოვნა არ გვქონია”, – აღნიშნა ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ეროვნული გუნდი გიბრალტარის ნაკრებს 14 ოქტომბერს, პორტუგალიის ქალაქ ლოლეში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

გიორგი ჭანტურია: “შოტლანდიის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი გლაზგოში გამართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში მოედანზე ბოლო 10 წუთი დაჰყო.

“რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ აქედან ქულის გარეშე მივდივართ, თუმცა ეს ფეხბურთია, დღეს მეტოქემ გვაჯობა. მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. შემიძლია, მხოლოდ მივულოცო შოტლანდიელებს მოგება. მომდევნო შეხვედრა გამარჯვებით უნდა დავასრულოთ.

მეტოქეს ბევრი შანსი ჰქონდა და სამი ქულაც აიღო, ჩვენ კი უქულოდ დავრჩით. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. წინ შემდეგი მატჩია. შინ მომდევნო შეხვედრას პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ და კარგი იქნება, თუ გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ჭანტურიამ.

 

ქეცბაია: “ვეცდებით, ეს მატჩი კარგი შედეგით დავასრულოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის მეორე ოფიციალური მატჩისთვის გლაზგოში ემზადება. გუნდს ტრავმის გამო “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე და “ვიტესის” მცველი გურამ კაშია გამოაკლდნენ.

საკადრო პრობლემების შესახებ “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა.

“ცვლილებები ყოველთვის ხდება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და ტრავმის გამო ვერც სანაკრებო მატჩში იღებენ მონაწილეობას და ვერც კლუბებში თამაშობენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. აქ მყოფი ბიჭები სერიოზულად ემზადებიან. ძნელი თამაში მოგვიწევს, ადვილი მატჩი არც არავისთან გვქონია და ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავამთავროთ ეს შეხვედრა”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას მიროსლავ ზელინკას ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩს ჩეხები განსჯიან

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს.

მატჩს მიროსლავ ზელინკას ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

33 წლის ზელინკა ქართველებისთვის ფეხბედნიერი არბიტრია. სწორედ ის სჯიდა 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ მატჩს, რომელიც “ჯვაროსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

შოთა არველაძე: “რთულია, გუნდი ერთი თქმით შეცვალო, როცა ოთხი წელი ასე თამაშობ”

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს, სადაც შოტლანდის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით BBC-ის შოტლანდიის ბიუროს ჟურნალისტი შოთა არველაძეს გაესაუბრა.

“სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო თაობა. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ინდივიდუალურადაც გამოირჩეოდნენ: მე, ქეცბაია, ქინქლაძე. შემდეგ წლებშიც კარგი თაობა წამოვიდა. მაგალითად, ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი.
ახლა ძალიან ცოტა კარგი ფეხბურთელი გვყავს. ნაკრებში ნამდვილად არის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, თუმცა არა ბევრი, როგორც ეს ადრე იყო.
ყველას სურს, რომ ამ ბიჭებმაც ისევე ითამაშონ, როგორც ჩვენ ვთამაშობდით. ახლა გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს უჩვენებს, რადგან ნაკლები შემოქმედი ფეხბურთელი გვყავს. სწორედ ამიტომაა, რომ მწვრთნელი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

არველაძემ თემურ ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა.

“ქეცბაია ძალზედ პოპულარული იყო. მისი დანიშვნის შემდეგ გუნდმა ერთი წელი წაუგებლად ჩაატარა. ეს მწვრთნელისთვის დიდი წარმატება იყო.
პირველ ეტაპზე ყველასთვის მისაღები იყო, რომ არ ვაგებდით, რადგან მანამდე უმეტესწილად მატჩებს სწორედ მარცხით ვასრულებდით. თუმცა, შემდეგ, როდესაც გუნდს გამარჯვებები სჭირდებოდა, მაინც დაცვით ტაქტიკას არჩევდნენ. დაცვითი ფეხბურთის გამო ხალხმა მწვრთნელის კრიტიკა დაიწყო.
შესაძლებელია, რომ განსხვავებული სიტუაცია იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით: როცა ოთხი წლის განმავლობაში ასე ვარჯიშობ და ასე თამაშობ, რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ გავიდნენ მოედანზე და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.
არა მგონია, საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ძალიან გაიხსნას”, – აღნიშნა 41 წლის ქართველმა სპეციალისტმა.

შოთა არველაძე საქართველოსა და ირლანდის ნაკრებებს შორს თბილისში გამართულ მატჩსაც შეეხო:

“ირლანდია ჩვენზე უკეთ არ გამოიყურებოდა, რამაც გამაკვირვა. წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა იმ დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია. გლაზგოში მნიშვნელოვანი მატჩი გველს და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ”.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ეროვნული ნაკრები გლაზგოში საკადრო პრობლემებით შეიკრიბა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის მეორე ოფიციალური მატჩისთვის გლაზგოში ემზადება. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრების წევრები შოტლანდიაში დღეს ჩავიდნენ და სასტუმრო”Marriott”-ში დაბინავდნენ. გუნდმა საღამოს ექვს საათზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. “სენტ მირენის” სტადიონზე ნაკრებმა 16-კაციანი შემადგენლობით მსუბუქად ივარჯიშა. ამ ეტაპისთვის ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ორი მოთამაშე გამოაკლდა. “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე და “ვიტესის” მცველი გურამ კაშია. შაბათს დაგეგმილი მატჩისთვის გუნდი ამ ეტაპისთვის 22-კაციანი შემადგენლობით გააგრძელებს მზადებას. გლაზგოში დღის ბოლოს ჩავიდნენ ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია და ავთანდილ ებრალიძე. ნაკრებს ხვალ შეურთდებიან “ოთელოსის” ქართველი ლეგიონერები ლევან ხმალაძე და როინ კვასხვაძე. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის 11 ოქტომბერს ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური