შევჩენკო: “ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია”

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსი ხალხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების შემდეგ რუსების მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. მე რუსულ პრესასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა თითქმის აღარ მქონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ მათგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ბოლომდე ვერ წარმოვიდგენდი. ვერ ვიგებ, რისთვის აკეთებენ ამას, რა მიზნით დაიწყეს ომი?!

ახსნა მიჭირს, მაგრამ ახლა “რუსული სამყაროს” მიმართ ჩემი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს. ეს არამხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ერის გენოციდია.

გამარჯვების, რა თქმა უნდა, მჯერა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენი სახლია, რომელსაც ვიცავთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვხედავ, რაოდენ მძიმე პერიოდს გავდივართ, თუმცა ჩვენი ხალხის სულისკვეთება მთელ მსოფლიოს შთააგონებს. ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერები, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ”, – თქვა ანდრეი შევჩენკომ დმიტრი გორდონის გადაცემაში.

შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვერ ჩაუდგება.

როგორც უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, შევჩენკომ “ჯენოასთან” შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სპეციალისტი იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში რჩება. დოკუმენტს ვადა 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით აქვს.

ამრიგად, პოლონეთის ფეხბურთის კავშირს კანდიდატურის შერჩევა ადგილობრივი სპეციალისტებიდან მოუწევს. ნაკრების ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი გუნდის ყოფილ თავკაც ადამ ნავალკას აქვს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ

იტალიური “ჯენოას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა.

უკრაინული წყაროების თანახმად, 45 წლის სპეციალისტი წელიწადში ანაზღაურების სახით ორნახევარ მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც ნაწილს პოლონეთის ფეხბურთის კავშირი, ნაწილს კი სპონსორები დაფარავენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს

იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება.

45 წლის უკრაინელ სპეციალისტს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ შევჩენკოსა და პოლონეთის ფეხბურთის კავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

“ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა.

“კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და მის თანაშემწეებს ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“ჯენოა” 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს გასული წლის ნოემბერში ჩააბარეს. გუნდმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ ფრედ ითამაშა, შვიდჯერ კი დამარცხდა.

გენუელებს დროებით აბდულაი კონკო უთავკაცებს, რომელსაც რობერტო მურგიტა დაეხმარება.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავია.

შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიური “ჯენოას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სიმპტომები არ აღენიშნება.

უკრაინელი სპეციალისტის გარდა COVID 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა გუნდის მცველ დომენიკო კრიშიტოს ტესტმაც.

“ჯენოა” საწვრთნელ პროცესს 29 დეკემბერს, გუნდის თავკაცის თანაშემწის, მაურო ტასოტისა და ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელიბით განაახლებს.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-18 ადგილი უკავია და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.

შევჩენკომ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 44 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა:

“დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ამომეწურა. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. ეს იყო მძიმე სამუშაო, რამაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. უკრაინის ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობისთვის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ კომიტეტს მადლობას ვუხდი. ყველა იმ ფეხბურთელის და ადამიანის მადლიერი ვარ, რომელიც გვეხმარებოდა და ჩართული იყო გუნდის მუშაობაში. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ქომაგს მხარდაჭერისთვისა და კრიტიკისთვის. ვაჩვენეთ, რომ ჩვენს ფეხბურთს შეუძლია, იყოს კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და ამაღელვებელი”.

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კი იმავე წლის ივლისში გახდა.

მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებმა ევრო-2020-ზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია.

შევჩენკო: “იმედია, რომში იტალიელები მხარს უკრაინას დაუჭერენ”

ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრები დამტებით დროში დაამარცხა (2:1). შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.

“ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ძალისხმევა არ დაიშურეს. ამ გამარჯვებას ყველა უკრაინელს ვუძღვნით, ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ რომში იტალიელი გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ინგლისის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. რთული შეხვედრა გველის”, – ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს “სკაი სპორტ იტალია”.

უკრაინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 3 ივლისს გაიმართება.

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოსთან შრომითი ხელშეკრულება გაახანგრძლივა. მხარეებს შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტი ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ გუნდს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. უკრაინელები C ჯგუფში ჰოლანდიელებისა და ავსტრიელების წინააღმდეგ ითამაშებენ. მეოთხე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა და ის შესაძლოა, საქართველოს ნაკრები იყოს.

შევჩენკოს სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება იტალიაში სურს

უკრაინის ეროვნული ნაკრების თავკაცი ანდრეი შევჩენკო არ გამორიცხავს, რომ მომავალში სამწვრთნელო საქმიანობა იტალიაში გააგრძელოს.

“ტაქტიკური თვალსაზრისით იტალია ფეხბურთის აკადემიაა. ამ მხრივ სერია A ყოველ წელს გვთავაზობს რაღაც ახალს და მეც ყურადღებით ვაკვირდები. ვამაყობ, რომ ფეხბურთელის რანგში იტალიური ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე გვერდი დავწერე და რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს მწვრთნელის ამპლუაშიც მოვახერხო”, – აღნიშნა შევჩენკომ “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო “მილანის” ღირსებას რვა წლის განმავლობაში იცავდა.

ანდრეი შევჩენკო “მილანში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მომავალში “მილანში” დაბრუნებასა და გუნდის თავკაცის პოსტის ჩაბარებას არ გამორიცხავს.

“ახლა მხოლოდ უკრაინის ნაკრებზე ვფიქრობ. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. “მილანი” ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.

ბოლო პერიოდში “მილანის” შედეგები შთამბეჭდავი არ არის, თუ არ ჩავთვლით “ბოლონიასთან” ცხრა კაცით გამარჯვებას. გუნდმა სეზონი ძალზედ კარგად დაიწყო, ამიტომ ეს ვარდნა ლოგიკურიც არის. “ლაციოსთან” ფრე მეტად მნიშვნელოვანი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდი ჯერ კიდევ იბრძვის ევროთასების საგზურისთვის”, – შევჩენკოს კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

თბილისის ტურნირში ანდრეი შევჩენკო ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კლუბების ხელმძღვანელთა ქობულეთურ შეხვედრაზე ლევან კობიაშვილმა გაამხილა, რომ თბილისში მინი-ფეხბურთის ორი ტურნირი იგეგმება, რომლებიც პარალელურ რეჟიმში 13-15 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საგანგებოდ ამ ტურნირისთვის ახალი ხალიჩა დაიგება. პირველში პრო 1 და პრო 2 ლიგების გუნდები ითამაშებენ, რადგან ზამთრის შესვენებაზე ტონუსი შეინარჩუნონ. თუმცა, მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება.

მეორე ტურნირი საერთაშორისო იქნება და მასში უცხოური ნაკრებები მიიწვიეს. ოღონდ მონაწილეები კლასიკური ფეხბურთის ვეტერანი ფეხბურთელები იქნებიან. ისევე, როგორც გერმანიაში, მას თბილისშიც საახალწლო-გასართობი ტურნირის დატვირთვა ექნება.

ცნობილი გახდა, რომ სფფ-მ მონაწილეობისთვის უეფას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გუნდები მიიწვია, კიდევ ერთი გუნდის ვინაობა მალე დაზუსტდება. საინტერესოა, რომ უკრაინის ნაკრებს ანდრეი შევჩენკო უკაპიტნებს, ფინალზე კი უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მოიწვიეს.

15 იანვარს ფინალს ჯერ ქართული ტურნირის მონაწილეები გამართავენ, მერე კი – საერთაშორისო ტურნირში გამოვლენილი საუკეთესოები.