მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ახალგაზრდობის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი 2 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა. მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და მინისტრის მოადგილეები – შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით – “ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და წარმატებული ქვეყანაა სპორტული შედეგების მიხედვით. ბუნებრივია, ჩვენს სპორტსმენებს დიდად წაადგებათ უკრაინელებთან ერთობლივი სპორტული შეკრებები და ორმხირივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. მათ შორის, ჩვენ ვგეგმავთ სუამის სამიტის ფარგლებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ჩემპიონატებისა და შეჯიბრებების გამართვას.

ჩვენს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ რომ ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სპორტის განვითარებას და მეორეს მხრივ, ახალგაზრდული ორგანიზაციების კიდევ უფრო დაახლოვებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ვფიქრობ, ასეთი ფორმატი საშუალებას მოგვცემს სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, კონკრეტული ნაკრებები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველ სპორტსმებებთან ერთად გაიარონ ერთობლივი შეკრებები.”

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ფიზიკური კულტურის, ახალგაზრდობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მოხალისეობრივი, საკანონმდებლო, ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. მემორანდუმის გაფორმება ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლებას.

“ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდების ურთიერთობებს, ასევე გაცვლითი პროგრამების განხორციელებას როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებებით. ჩვენ მდიდარი კულტურული ფასეულობები გაგვაჩნია და ვფიქრობ მათი გაზიარება და ასევე ერთობლივი სპორტული და ახალგაზრდული პროექტების განხორციელება სიკეთის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან საუბარი გვქონდა კონკრეტულ პროექტებზეც, მაგალითად 2017 წლის სექტემბერში ტორონტოში დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულთა შორის სპორტული თამაშები, სადაც უკრაინის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ამ თამაშებისთვის უკრაინელმა სამხედროებმა საქართველოში გაიარონ სპორტული წვრთნები და ასევე ჩატარდეს ამხანაგური მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და უკრაინის გუნდებს შორის.

ზოგადად, მსურს განვაცხადო, რომ საქართველო და უკრაინა დიდი ხანია მეგობრობენ და მჭიდროდ თანამშომლობენ ერთმანეთთან არაერთი მიმართულებით. ჩვენ აქტიურად გიჭერდით მხარს, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესიას ჰქონდა ადგილი საქართველოში და ასევე ქართველები გვედგნენ მხარში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას. ასევე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება.” – განაცხადა იგორ ჟდანოვმა.

აღსანიშნავია რომ უკრაინული მხარის ინიციატივით კიევში სულ ახლახანს გაიმართა სუამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც. საქასრთველოს მხრიდან გამოთქვა ინიციატივა საქართველოში სუამის წევრი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკების ჩატარების თაობაზე.

ამ მხრივ, გამოსარჩევია საქართველოსა და უკრაინის მრავალწლიანი მეგობრული თანამშრომლობა ყველაზე მძიმე პერიოდებში, კონკრეტულად 2014 წელს, როდესაც საქართველომ უმასპინძლა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს „მომავლის ბანაკში”, რამაც ხელი შეუწყო მათი რეაბილიტაციისა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ლევან კობიაშვილმა “ოლიმპიკის” ბაზა დაათვალიერეს (ვიდეო)

25 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის“ დამფუძნებელ კარლო მჭედლიძესთან ერთად დიღომში მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის” ბაზა დაათვალიერეს.

მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული საფეხბურთო სკოლის მიწის ნაკვეთი „ოლიმპიკს” კერძო საკუთრებაში ოფიციალურად დაუმტკიცდა. სკოლის ხელმძღვანელობა მომავალში მნიშვნელოვანი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობას, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონისა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის სასტუმროს აშენებაც.

საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკი“ 1997 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის, „ოლიმპიკში” სხვადასხვა ასაკის 200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

სფფ-ის პრესსამსახური

ტარიელ ხეჩიკაშვილმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა (ვიდეო)

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს, საქართველო გმობს ტერორიზმს და თურქ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა (ვიდეო)

2016 წლის პირველ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა და მათი მზადების პროცესს გაეცნო. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ნაკრების სრულ შემადგენლობას და ახალ სამწვრთნელო შტაბს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ყაზახეთის ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21:00 სთ-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და მისი შეძენა „დინამო არენას“ სალაროებშია შესაძლებელი. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური