“დილა” – “ტორპედოს” მატჩისას მოედანზე ძაღლი შევიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ძაღლი შევიდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

ქუთაისის სტადიონზე დაკავებულები პირები დააჯარიმეს

ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის გუშინ გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი გაიმართა.

25 პირი დაჯარიმდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადმინისტრაციული სახდელი „ტორპედოს“ იმ გულშემატკივრებს დაეკისრათ, რომლებიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლით სტადიონზე აიყვანეს. მოსამართლემ ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალურად დაადგინა, თანხა 200-დან 500 ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 58-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი შეიჭრა და ჯერ „დინამოს“ ფეხბურთელებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა შემდეგ კი, თბილისური კლუბის ქომაგებთან მოხდა დაპირისპირება. ანგარიში ამ დროს „დინამოს“ სასარგებლოდ 2:0 იყო.

 

„სოხუმი“ დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტია

დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი ცნობილია.

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა “სოხუმმა” გუშინ “შსს-აკადემიას” დამარცხების შემდეგ დღეს “ქუთაისსაც” სძლია და პირველად, არსებობის მანძილზე აღნიშნული ტურნირის ფინალში გავიდა.“ა” ჯგუფში ხვალ კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, თუმცა სატურნირო თვალსარისით ამ შეხვედრას მნიშვნელობა დაკარგული აქვს- სოხუმელებისგან ძლეული “შსს-აკადემია” და “ქუთაისი” ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ითამაშებენ.

თავად მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თანაბარი პირველი მეოთხედის (20:20) შემდეგ სოხუმელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს. ჯოშუა ჯექსონის ორგანიზებით სოხუმელები შეტევებს ორგანიზებას უწევდნენ, პერიმეტრიდან კი გრიგოლ შვანგირაძე გამოირჩეოდა, რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო.

დიდი შესვენებისთვის კვარაცხელიას გუნდი 3 ქულით იგებდა, მესამე პერიოდში კი ლიდერობას 2 ქულაც წაამატა – 65:60. სოხუმელებმა ბოლო მეოთხედში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, რამდენიმე გარღვევა ჩააგდეს და შეხვედრის ბოლო წუთზე დავით ბარბაქაძის ზუსტი სროლის შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 78:80. თამაშის დასრულებამდე 29 წამი რჩებოდა, სოხუმელებმა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი ბოლომდე გამოიყენეს, თუმც ჯექსონმა არაზუსტად ესროლა. აცილებული ბურთი ქუთაისელმა დავით ბარბაქაძემ მოხსნა, თუმცა იქვე სოხუმელმა ნიკა მეტრეველმა წაართვა და დროც ამოიწურა.

“სოხუმი” ფინალში “ოლიმპსა” და “არმიას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. არმიელებმა დღეს “რუსთავს” მოუგეს, თუმცა – გაჭირვებით. თავიდანვე რომ ლიდერობა მოიპოვეს, არმიელები მთელი თამაშის განმავლობაში სოლიდურად გამოიყურებოდნენ. თუმცა ბოლო მეოთხედის წინ,  როდესაც “ძალოვნები” 55:41 იგებდნენ, რუსთაველებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვების შანსიც მოიპოვეს.

დავით გუგავას, რევაზ ჩაჩანიძის და დავით არწივიძის შედეგიანობის წყალობით ქვემოქართლელები არმიელებს 1 ქულით მიუახლოვდნენ – 59:60. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა რუსთაველებმა ბურთი მოიპოვეს და წარმატებული შეტევის შემთხვევაში წინ გადიოდნენ, თუმცა არწივიძემ გარბენი გააკეთა, ხოლო გიორგი ჯგერენაიამ შეტევაში იმარჯვა, თავისიანთა აცილებული ბურთი მოხსნა და ჩააგდო – თან რუსთაველები მასზე დაჯარიმდნენ და ჯგერენაიამ არმიელთა ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა – 63:59. თამაშის ბედიც აქ გაირკვა.

ხვალ, მემორიალზე 2 მატჩი გაიმართება. 15 საათზე “ქუთაისი” და “შსს-აკადემია” ითამაშებენ, ხოლო 17 საათზე მეორე ფინალისტის ვინაობა “არმიასა” და “ოლიმპის” დაპირისპირებაში გაირკვევა.

არმია– რუსთავი  63:59

ქუთაისი – სოხუმი  78:80

სუპერლიგის ოფიციალური საიტი

პელე საქართველოში ჩამოვა

ფეხბურთში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის წევრმა ნიკო პატარქალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე თბილისსა და ქუთაისში გასამართ საქველმოქმედო ახალგაზრდულ ტურნირს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს ბრაზილიიდან ოფიციალური ცნობა მიიღო, რომელიც იუწყება, რომ პელე საქართველოში ჩამოვა. ეს ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილეს მიეძღვნება“, – ციტირებს პატარქალიშვილის სიტყვებს „იტარ-ტასი“.

გარდა ამისა, ნიკო პატარქალიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნული ტურნირი ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით ჩატარდეს.

სხვათა შორის, საქართველოში პელეს სეხნია ცხოვრობს – პელე მიხეილის ძე გურული. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის მოსახელე 1970 წლის 14 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, პელე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ახალშობილ ბიჭს სახელად პელე დაარქვეს, მამამისმა კი ცნობილ ფეხბურთელს წერილი გაუგზავნა, რაშიც ამ ამბავს აუწყებდა. „ფეხბურთის მეფე“ წერილს მალევე გამოეხმაურა და ახალშობილისთვის პელეს დარქმევის ნებართვაც გასცა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიხეილ გურულს სუვენირიც გამოუგზავნა – მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლი.

ბექა დოგრაშვილი