რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ინგლისის პრემიერლიგაში კარიერა “ვესტ ჰემის” კარში გატანილი დუბლით დაიწყო (2:0).

“ვთვლი, რომ ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. ის მთავარი მიზეზი იქნება, რითაც “სიტი” ტიტულს დაიცავს. “ლივერპული” საოცარი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ მგონია, რომ “მანჩესტერ სიტის” უკეთესი მოთამაშეები ჰყავს და როგორც გუნდი, უკეთესია.

ინგლისის პრემიერლიგაში დიდი მოლოდინებით მოსული ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს. მგონია, რომ ჰოლანის შემთხვევაში ასე არ იქნება. ის “სიტის” კიდევ უფრო გააძლიერებს და “ლივერპულთან” უპირატესობას მისცემს. თუ ის სეზონს კარგად დაიწყებს, ვფიქრობ, ლიგის სუპერვარსკვლავად გახდომა შეუძლია”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “დეილი მეილი”.

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

“ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს ხელმძღვანელობას შევხვდი, რათა კლუბის დატოვების შესახებ ჩემი გადაწყვეტილება მემცნო. ეცადნენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეეცვალათ, მაგრამ მე ის უკვე მივიღე. კლუბში გატარებული მთელი ეს პერიოდი სავსე იყო ემოციებით, აღმასვლებითა და დაღმასვლებით. მომეწონა ეს გამოწვევა.

“დერბიში” გატარებულ დროს დიდი სიამაყით გავიხსენებ. მადლობას ვუხდი პერსონალს, ფეხბურთელებს და ფანებს, რომლებიც საოცრად გვამხნევებდნენ. არასოდეს დაგივიწყებთ და იმედია, ისევ გიხილავთ უფრო გახარებულებს”, – აღნიშნა რუნიმ.

უეინ რუნი “დერბის” 2021 წლის იანვრიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობის პირობებში გუნდი ინგლისის ჩემპიონშიფიდან გავარდა. კლუბს ახლა სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან “ევერტონის” გაწვრთა სურს

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “დერბი ქაუნთის” მთავარ მწვრთნელ უეინ რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან ლივერპულის “ევერტონის” ჩაბარება სურს. ამის შესახებ თავად ინგლისელმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ამ ორი კლუბის გაწვრთნის სურვილი მაქვს, თუმცა ახლა მთლიანად “დერბი ქაუნთიზე” ვარ გადართული, რომელიც ჩემპიონშიფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ევერტონი” ჩემთვის ახლობელი კლუბები არიან. იმედი მაქვს, ოდესმე რომელიმე მათგანს ჩავუდგები სათავეში. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ მოთამაშის კარიერა “ევერტონის” შემადგენლობაში დაიწყო, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, რომლის რიგებშიც 393 მატჩი ჩაატარა და 183 გოლი გაიტანა. 2017-2018 წლების სეზონში ის კვლავ “ევერტონის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც სულ 117 შეხვედრა ჩაატარა და 28 ბურთი გაიტანა.

რუნიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს “დერბი ქაუნთიში” დაიწყო.

რუნი: “სუპერლიგის კლუბების ხელმძღვანელები სულელები არ არიან”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი, რომელიც დღესდღეობით “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს, ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა.

“ამ კლუბების სათავეში მყოფი ადამიანები სულელები არ არიან. უნდა დაველოდოთ და ვნახავთ, რა გეგმები აქვთ მათ. საკლუბო ტურნირებს ჩამოშორება კარგი არ უნდა იყოს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “ბიბისი”.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

რუნი VAR-ის წინააღმდეგ

“დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი ფეხბურთში მსაჯის დამხმარე ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) წინააღმდეგ გამოდის.

“ინგლისის პრემიერლიგის მატჩების ცქერისას VAR ზოგჯერ იმედებს მიცრუებს და ვერ ვხვდები, როგორ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ფეხბურთი უკეთესია ვიდეოგამეორების სისტემის გარეშე.

მსაჯებს უნდა ვენდოთ. ზოგჯერ მათ გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებით, მაგრამ არბიტრებს მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ და საქმე დავუფასოთ”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მსაჯის დამხმარე ვიდეოგამეორების სისტემა 2019-2020 წლების სეზონიდან დაინერგა.

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

რუნი ინგლისის ნაკრებში გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს

“დი სი იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისის ნაკრებში გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს.

33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი “სამი ლომის” რიგებში გამოსამშვიდობებელ შეხვედრას 15 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და საკუთარ გუნდს უკანასკნელად უკაპიტნებს.

უეინ რუნიმ საერთაშორისო კარიერა გასულ წელს დაასრულა, თუმცა მას ეროვნულ ნაკრებში გამოსათხოვარი მატჩი ჩატარებული არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ “ევრტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობს და იქაური “დი სი იუნაიტედის” ღირსებას იცავს.

რუნიმ რონალდუსა და მესის შორის უკეთესი გამოარჩია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ და “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი შეადარა და მათ შორის უკეთესი გამოარჩია.

“მესი თუ რონალდუ? მესი უფრო სასარგებლო ფეხბურთელია. ის იტანს გოლებს და ზოგჯერ ნახევარმცველის ფუნქციებსაც ასრულებს. აქედან გამომდინარე, მესი, ალბათ, საუკეთესოა”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და უეინ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედში” ერთად 2004-დან 2009 წლამდე თამაშობდნენ.

ზუსტად 15 წლის წინ რუნიმ პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგაში უეინ რუნის მიერ გატანილი პირველი გოლიდან ზუსტად 15 წელი გავიდა.

2002 წლის 19 ოქტომბერს “ევერტონის” თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალს” გაუტანა და ჩემპიონატში პირველი ბურთი ჩაიწერა. იმ დროისთვის რუნი 16 წლისა გახლდათ. მაშინ ლონდონელთა კარს დევიდ სიმენი იცავდა.

უეინ რუნი “ევერტონის” ღირსებას 2002-დან 2004 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა და “ოლდ ტრაფორდზე” 13 წელიწადი დაჰყო. 2017 წელს რუნი “ევერტონში” დაბრუნდა.

“ვესტ ჰემმა”, შესაძლოა, რუნი უსასყიდლოდ დაიმატოს

“ვესტ ჰემს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” უეინ რუნის გადაბირება სურს. თუ ინგლისელი თავდამსხმელი სეზონის ბოლოს “წითელი ეშმაკების” დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, “ჩაქუჩები” მის დამატებას შეეცდებიან. ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

არც ის არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელი ზაფხულში მშობლიურ “ევერტონში” დაბრუნდეს.

უეინ რუნისა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ კლუბი მზად არის, 31 წლის თავდამსხმელი უსასყიდლოდ გაუშვას.

უეინ რუნის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩინეთში “გუანჩჟოუ ევერგრანდი” და “ბეიცზინ გოანი” ეპატიჟებოდნენ და საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოსაც სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უეინ რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით 18 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რუნის ჩარლტონის რეკორდი სინამდვილეში არ მოუხსნია

დღის ერთ-ერთი მთავარი თემა უეინ რუნის მიღწევაა. ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) ინგლისელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და “წითელი ეშმაკების” რიგებში სულ 250 გატანილი ბურთი მოუგროვდა, რაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესებაა. თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა.

ბობი ჩარლტონი “მანჩესტერ იუნაიტედს” 1972-1973 წლების სეზონის გათამაშების შემდეგ დაემშვიდობა. იმ დროისთვის მას “წითელი ეშმაკების” ფორმით 249 გოლი ჰქონდა. სეზონის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ანგლო-იტალიური თასის გათამაშებაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვერონას” დაუპირისპირდა. ინგლისელთა რიგებში ჩარლტონიც თამაშობდა და იმ შეხვედრაში ორი ბურთიც მიითვალა. შესაბამისად, მას “წითელი ეშმაკების” ფორმით სულ 251 გატანილი გოლი აქვს, თუმცა ინგლისური კლუბი აღნიშნულ შეხვედრას “პირველი კლასის მატჩად” არ მიიჩნევს და ჩარლტონის ამ ორ გოლს ოფიციალურად არ თვლის. მანჩესტერელთა ამ პოზიციის მიუხედავად, მატჩი ინგლისისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებისა და უეფას ორგანიზებით ჩატარდა და შესაბამისად, შეხვედრა ოფიციალურად ითვლება. აქედან გამომდინარე, ბობი ჩარლტონს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში სულ 251 გოლი აქვს გატანილი და არა 249, რუნის კი ამ რეკორდის მოსახსნელად კიდევ ორი გოლის გატანა სჭირდება.

გვარდიოლა რუნის გამოექომაგა: “სანაკრებო შეკრებებზე ხანდახან მეც ვსვამდი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის გამოექომაგა და განაცხადა, რომ ფეხბურთელელად ყოფნის დროს გუნდის შეკრებებზე თავადაც დამთვრალა.

“ესპანეთის ნაკრების შეკრებებზე მეც არაერთხელ დავმთვრალვარ. გამიმართლა, რომ ფოტოები არ გადამიღეს. თქვენ, ჟურნალისტებიც სვამთ. თქვენ თქვენს საქციელზე ხართ პასუხისმგებლები, მე ჩემსაზე, ხოლო რუნი თავისაზე.

საკმარისი ასაკი გვაქვს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ. ყველას აქვს პირადი ცხოვრება, რასაც სხვებმა პატივი უნდა სცენ. უეინ რუნის დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელსა და ადამიანს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:0) შემდეგ უეინ რუნი სასტუმროში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გამოიჭირეს, რის გამოც შესაძლოა, მას “სამი ლომის” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვან.