კარლო ანჩელოტი — მატჩამდე თქმული

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — “ლივერპული” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“ფეხბურთი შეიცვალა და მე შევძელი ამ ცვლილებებთან ადაპტაცია. 2003 წელს ჩატარებული ჩემი პირველი ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეს პოზიტიური ცვლილებებია. ფეხბურთი ძალიან საინტერესო შოუა და ცვლილებებს ვეჩვევი, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს.

კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულს” ხშირად გადავეკვეთე. პირველად ეს 1984 წელს, რომის ფინალში მოხდა. მაშინ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. შემდეგ იყო 2005 და 2007 წლების ფინალი. ჩვენი მეტოქეობა, რა თქმა უნდა, გამძაფრდა იმ პერიოდში, როდესაც “ევერტონში” ვმუშაობდი.

მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომლის წინააღმდეგაც თამაში რთულია. “ლივერპული” ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ფიზიკურად მშვენივრად არის მომზადებული. კარგია, რომ გადამწყვეტ მატჩში ასეთ მეტოქეს ვხვდებით.

“ლივერპულს” 2018 წლის ფინალისთვის “რეალზე” შურისძიება სურს? 1981 წლის პარიზის ფინალის გამო არც “რეალი” აპირებს რაიმეს დათმობას. არ ვთვლი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება, გაიმარჯვებს უფრო გაბედული და ქარიზმატული”, – ანჩელოტის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “ლივერპულსა” და “რეალს” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

იურგენ კლოპი — მატჩამდე თქმული

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — “ლივერპული” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“გუნდში კარგი, ძალიან კარგი განწყობაა. ძალიან გვიხარია, რომ აქამდე მოვედით. ფაბინიოც და ტიაგო ალკანტარაც კარგად არიან. ფაბინიომ ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა. ტიაგომ გუშინ ივარჯიშა და დღესაც ივარჯიშებს.

“რეალი” ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოგება უკვე მეხუთედ შეუძლია, მწვრთნელს კი – მეოთხედ. ამ გამოცდილებას ვერ იყიდი, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფინალში მესამედ გავედით და ეს ძალიან კარგი ფაქტია.

მოჰამედ სალაჰისთვის განსაკუთრებული მატჩია. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა რაღაცები გვძენს მოტივაციას. ეს ნორმალურია. 2018 წლის ფინალი სალაჰისთვის ერთადერთი მოტივაცია არ არის. ნორმალურია ის, რომ მას ყველაფრის გამოსწორება უნდა.

სადიო მანე კარიერის საუკეთესო ფორმაშია. ვარჯიშებსა და მატჩებში მისი ცქერა ერთი სიამოვნებაა. ეს სეზონი მისთვის და მთლიანად ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.

მგონია, რომ ნაბი კეიტაც კარიერის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს. მან სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა.

გამარჯვება დიდი მიღწევა იქნება. თუ ფეხბურთში ერკვევით, უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ, რითაც ძალიან ვამაყობ.

არ ვიცი, რომელი გუნდია ფავორიტი. “რეალს” გამოცდილების ხარჯზე ფავორიტად დავასახელებდი, მაგრამ მინდა, რომ ჩვენც იმავე დონეზე ვიყოთ. როდესაც ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე ვთამაშობთ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში ძალზედ რთულია. ყველაფერი უნდა გავავეკთო იმისთვის, რომ ჩემმა გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენოს. ახლა სხვა არფერი მაღელვებს.

რასაც არ უნდა აკეთებდე, გამოცდილებას უნდა იძენდე. ახალ სამსახურში პირველი დღეები საუკეთესო არ ყოფილა. უნდა ისწავლო, როგორ მოიგო. ამის სწავლა რთული გზით მომიწია – ცხოვრებაში ბევრი ფინალი წავაგე.

ტაქტიკის მხრივ რაღაც მოულოდნელი რომ გავაკეთო, ჩემი ფეხბურთელები იფიქრებენ, რომ ვნერვიულობ. თუ ყველაფერს სწორად აკეთებ, ფინალშიც ანალოგიურად უნდა მოიქცე”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მატჩი “ლივერპულსა” და “რეალს” შორის შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კლოპი: “გასაგები იყო, რომ აბრამოვიჩი პუტინთან საკმაოდ დაახლოებულია”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დადებითად აფასებს ლონდონის “ჩელსის” მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას.

“თომას ტუხელს ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ისე ახლოს არ ვართ, რომ არასაფეხბურთო თემებზე ვისაუბროთ. არც ის, არც ფეხბურთელები და არც “ჩელსის” თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მათ თავს ხდება.

მხოლოდ ერთი დამნაშავე არსებობს და ის ვლადიმირ პუტინია. არ ვიცი, რა როლი აქვს რომან აბრამოვიჩს ამ ყველაფერში, მაგრამ წლები გვიჩვენებს, რომ ის საკმაოდ დაახლოებულია პუტინთან.

ჩემი აზრით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა ასი პროცენტით გულახდილი რომ ვიყო, ეს კარგი არ არის “ჩელსის” თანამშრომლებისთვის და ფანებისთვის. მე ეს მესმის, მაგრამ მთავრობა სწორად მოიქცა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მეტრო”.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” სანქციები დაუწესეს. კლუბს კომერციული საქცმიანობა და ტრანსფერები აეკრძალა. “ჩელსის” სატიტულო სპონსორმა Three UK-მა კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ხოლო ტექნიკური სპონსორი Nike განხილვის პროცესშია.

სიმონე ინძაგი: “ფავორიტი “ლივერპულია”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მილანის “ინტერი” “ლივერპულს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

“ვფიქრობ, ფავორიტი “ლივერპულია”, თუმცა ეს ორი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავაწესოთ. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა საღი გონით ითამაშონ, რათა განსხვავება ვაჩვენოთ. გამარჯვებისკენ ვართ მოწადინებულნი.

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩსა და პრემიერლიგაში მერსისაიდელთა უკანასკნელ შეხვედრას ვუცქირეთ. მათ თითოეულ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. წარუმატებელი პასის გაკეთების შემთხვევაში, ისინი მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოდიან. ვირჯილ ვან დეიკსა და ალისონს ხელით მშვენივრად შეაქვთ ბურთი თამაშში, საკმაოდ შორს ისვრიან. “ლივერპულის” ფლანგის მცველები ძალიან სწრაფები არიან. საერთო ჯამში, მეტოქეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია უსიამოვნების მოტანა”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.

კლოპი: “ინტერთან” უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა შანსი გვქოდეს”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპული” მილანის “ინტერს” ესტუმრება. დამდეგი შეხვედრისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

“ინტერი” ტოპგუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს. ისინი შარშან ჩემპიონები გახდნენ და სერია A-ს სხვა კლუბების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, ამ სეზონშიც საუკეთესონი არიან. ისინი საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ, ტაქტიკურად კარგად არიან განსწავლულნი, შემოქმედებითად მოქმედებენ და ინდივიდუალური ოსტატობაც მაღალ დონეზე აქვთ. უმაღლესი კლასის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შანსი გვქონდეს

სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერვედფინალურ ეტაპზე გასამართი ორი მატჩის შემდეგ მეტის თქმა შემეძლება. ზოგადად გეტყვით, რომ არ მახსენდება შეხვედრა, რომელშიც ჩვენი მიზანი თუნდაც ერთი გოლის გატანა ყოფილიყო. ჩვენ სტუმრად ყოველთვის ერთი მიზნით ვთამაშობთ – შედეგისთვის, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.

არ ვიცი, რა ჩაითვლება დადებით რეზულტატად “ინტერთან” პირველი მატჩი. გამარჯვება მშვენიერი შედეგი იქნება, თუმცა შესაძლოა, ფრეც გვაკმაყოფილებდეს. ვნახოთ.

სტუმრად გატანილი გოლის წესი ყოველთვის მომწონდა. არ ვიცი, რატომ გააუქმეს ეს წესი, თუმცა ფაქტია, რომ აღარ მოქმედებს. არა უშავს, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა კლოპმა.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.

კლოპი: “პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში სკოლის პირველ დღეს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განახლებული საწვრთნელი პროცესისგან შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ ისაუბრა.

“დილა ძალიან კარგად დაიწყო. ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე. შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო. სკოლის პირველ დღეს ჰგავდა, რომელიც 46 წლის წინ მქონდა, მაგრამ იმ დღეს მართლა ძალიან ჰგავდა. ჩავიცვი ფორმა და ბაზისკენ გავეშურე.

მივედი მელვუდში (“ლივერპულის” საწვრთნელი ბაზა), ბიჭების დანახვა ძალიან გამიხარდა. მართალია, ჯერ ყველა არ მინახავს, იქ მხოლოდ ათიოდე ფეხბურთელი და მწვრთნელები ვნახე, მაგრამ ვიტყოდი, რომ კარგი დასაწყისი გვაქვს. ისინი კარგ განწყობაზე იყვნენ. ძალზედ სასიამოვნო იყო ბაზაზე დაბრუნება”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.

იურგენ კლოპი: “ყველაზე კარგად გერმანულ ფეხბურთს ვიცნობ, მაგრამ ეს დიდ უპირატესობას არ იძლევა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებს მეტოქედ მიუნხენის “ბაიერნი” ერგოთ.

“ყველამ ვიცით, რომ “ბაიერნს” დიდებული სტადიონი აქვს და არენაზე საოცარი ატმოსფერო იქნება. ჩვენს ქომაგებს ნამდვილად კარგი მოგზაურობა ელით, მიუნხენი მშვენიერი ქალაქია. ფრენას დიდი დრო არ სჭირდება. ყველაზე კარგად სწორედ გერმანულ ფეხბურთს ვიცნობ, თუმცა ეს დიდ უპირატესობას არ იძლევა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს მაინც მოედანზე გასული ბიჭები წყვეტენ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც “ბაიერნთან” დაპირისპირება მიწევდა. ასე რომ, მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი”, – კლოპის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა “ენფილდზე”, 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებით მატჩს კი “ალიანც არენა” 13 მარტს მიიღებს.

“ლივერპულს” 126-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს

“ლივერპულს” 126-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს. “წითლებს” ინგლისის პრემიერლიგის საწყისი 15 ტურის შემდეგ არ წაუგიათ, მერსისაიდულმა გუნდმა 12-ჯერ იმარჯვა, სამჯერ კი შეხვედრა ფრედ დაასრულა, რაც “ენფილდროუდელთა” ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მიუხედავად ამისა, “ლივერპულს” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და ლიდერ “მანჩესტერ სიტის” ორი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულს” ინგლისის ჩემპიონატი 1989–1990 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია.

იურგენ კლოპი მსაჯის გადაწყვეტილებამ განარისხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” მიიღო. შეხვედრა უგოლოდ მიილია.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მსაჯის გადაწყვეტილებამ განარისხა. გერმანელმა სპეციალისტმა ბრაზი ასე გამოხატა.

კლოპი: “ლივერპულისთვის” იდეალური მწვრთნელი ვარ”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოურიდებლად ამბობს, რომ მერსისაიდული გუნდისთვის იგი იდეალური თავკაცია.

“რომ ვფიქრობდე, რომ ჩემს საქმეს სხვა ჩემზე უკეთ გააკეთებდა, მაშინ აქ აღარ ვიქნებოდი. დასახულ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. რა დრო დასჭირდება მიზნების მიღწევას? წარმოდგენა არ მაქვს.

ვგრძნობ, რომ ფანები გუნდისთვის შესაფერის მწვრთნელად მთვლიან, ისინი ჩვენ გვენდობიან და ეს უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ გარშემო ბევრი დიდებული გუნდია. საქმე მხოლოდ ჩვენს მონდომებაში არ არის, მხოლოდ ამით ტიტულებს ვერ მოიგებ. მიზნების მისაღწევად უბრალოდ საუკეთესო უნდა იყო. სწორედ ამაზე ვმუშაობთ”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის თავზე “ლივერპულს” გათამაშების სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავია. კვირას მერსისაიდული გუნდი “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება.

კლოპი: “ეს ამ სეზონში “ლივერპულის” ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო”

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” გაიმართა, სადაც “ლივერპულმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრა მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაჯამა.

“არსენალის” მოცემული შემადგენლობისა და სიძლიერის გათვალისწინებით, ჩვენ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ბიჭები შესანიშნავად მოქმედებდნენ. “ლესტერ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდში სერიოზული საუბარი გვქონდა. ის შეხვედრა კარგად გავაანალიზეთ.

ახლა პრემიერლიგაში ატრაქციონ “ამერიკული მთების” მაგვარი სიტუაციაა – ხან ზემოთ ხარ, ხანაც – ქვემოთ. ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ბიბისი”.

იურგენ კლოპი: “ბრექსიტი, ტრამპი, რანიერი… უცნაურობები ხდება”

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლებას “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი გამოეხმაურა. გერმანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევას შეადარა.

“ამ გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. ბოლო პერიოდში რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილების მომსწრენი გავხდით: ბრექსიტი, ტრამპი, რანიერი”, – აღნიშნა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მოგებიდან ცხრა თვის თავზე “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ კლაუდიო რანიერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.