კლოპი: “პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში სკოლის პირველ დღეს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განახლებული საწვრთნელი პროცესისგან შექმნილი შთაბეჭდილების შესახებ ისაუბრა.

“დილა ძალიან კარგად დაიწყო. ჩვეულებრივზე ადრე გავიღვიძე. შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო. სკოლის პირველ დღეს ჰგავდა, რომელიც 46 წლის წინ მქონდა, მაგრამ იმ დღეს მართლა ძალიან ჰგავდა. ჩავიცვი ფორმა და ბაზისკენ გავეშურე.

მივედი მელვუდში (“ლივერპულის” საწვრთნელი ბაზა), ბიჭების დანახვა ძალიან გამიხარდა. მართალია, ჯერ ყველა არ მინახავს, იქ მხოლოდ ათიოდე ფეხბურთელი და მწვრთნელები ვნახე, მაგრამ ვიტყოდი, რომ კარგი დასაწყისი გვაქვს. ისინი კარგ განწყობაზე იყვნენ. ძალზედ სასიამოვნო იყო ბაზაზე დაბრუნება”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.

ლუის სუარესი — „ლივერპულის“ ლიდერი

2011 წლის ზამთარში ლუის სუარესი ამსტერდამის „აიაქსიდან“ „ლივერპულში“ გადაბარგდა. მაშინ მერსისაიდულმა გუნდმა ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 22,8 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, რაც იმ დროისთვის კლუბის სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო. „წითლების“ ხელმძღვანელები და გულშემატკივრები სუარესს დიდი იმედებით შეხვდნენ და მას 7-ნომრიანი მაისურიც უბოძეს, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულ კენი დალგლიშს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით სუარესმა აღიარა, რომ ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, თორემ 7-ნომრიანი მაისურის არჩევას ვერ გაბედავდა.

სუარესის მოსვლამ „ლივერპულის“ შეტევითი ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. 2012 წლის თებერვალში ურუგვაელმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის რიგებში პირველი ტიტულიც მოიგო — ინგლისის ლიგის თასი. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სუარესმა უკვე 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. სულ კი, ურუგვაელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 96 მატჩი ჩაატარა, აქტივში 61 გატანილი გოლი და 31 საგოლე გადაცემა აქვს.

გთავაზობთ 2013/2014 წლების სეზონში სუარესის მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

როსანა დევისონი – „ფლეიბოის“ მოდელი და „ლივერპულის“ ფანი (+18)

„მის მსოფლიო 2003“ როსანა დევისონი თურმე „ლივერპულის“ ფანი ყოფილა და ამიერიდან კლუბის სატელევიზიო რგოლებში მიიღებს მონაწილეობას.

29 წლის მოდელი ჟურნალ „ფლეიბოის“ ფოტოსესიაში მონაწილეობდა, როსანა დევისონი ორ 30-წუთიან ფილმშიც არის გადაღებული, რომელიც „ლივერპულის“ ყოფილ ირლანდიელ ვარსკვლავებს მიეძღვნა.

„რა თქმა უნდა, მიკვირს, როცა ვამბობ, რომ „ლივერპულის“ დიდი ფანი ვარ, თუმცა მიყვარს მათ მატჩებზე დასწრება და ტელევიზორით ყურება. მათი ცქერა ოჯახთან ერთად ან „ენფილდზე“ წასვლა – ეს არის ის, რაც მსიამოვნებს“, – აცხადებს დევისონი.

მან დაამატა: „მამაჩემი დიდი ხნის მანძილზე იყო “წითლების” ფანი ისევე, როგორც ჩემი ძმა და ვფიქრობ, რომ მამამ ყველას შეგვაყვარა „ლივერპული“. ჩვენს ძაღლსაც კი წითელი საყელო აქვს და ისიც მხარს უჭერს მერსისაიდელებს. როდესაც საშუალება მაქვს, „ენფილდს“ ვსტუმრობ. არაფერი შეედრება იმ ატმოსფეროს, რაც იქ ტრიალებს, განსაკუთრებით, „კოპის“ ტრიბუნაზე“.

გეტყვით იმასაც, რომ მამამისი ცნობილი მუსიკოსი კრის დე ბურგია, რომელიც სამიოდე წლის წინათ ბათუმს ეწვია და გრანდიოზული კონცერტიც გამართა.

კოუტინიო – ოქტომბრის ბოლომდე ლაზარეთში

ინგლისური „ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო გუნდს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება. მერსისაიდული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა. კოუტინიომ ტრავმა „სუონსი სიტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

მანამდე „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა იმედი გამოთქვა, რომ 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი შემდეგი კვირის ბოლოს გამოჯანრმრთელდებოდა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ მერსისაიდული გუნდის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ბექა დოგრაშვილი

სტივენ ჯერარდს მოკვლით დაემუქრნენ

„ლივერპულის“ მელვუდის საწვრთნელ  ბაზაზე გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. უცნობმა პირმა მერსისაიდული გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა.

იმ დროს, როდესაც ჯერარდი თანაგუნდელ ფილიპე კოუტინიოსთან ერთად საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობდა, უცნობმა პირმა მელვუდის კედლიდან ინგლისელი ნახევარმცველის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების ყვირილი დაიწყო.

თავდაპირველად ჯერარდმა უცნობ პიროვნებას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ინგლისელ ფეხბურთელს მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც საქმე პირად შეურაცხყოფამდე მივიდა.

„ვიცი, სადაც ცხოვრობ. მე შენს დამპალ სახლს გადავწვამ“, – გაჰყვიროდა უცნობი.

„ლივერპულის“ დამხმარე მწვრთნელმა კოლინ პასკომ ძლივს დააკავა ჯერარდი, რომელიც უცხო პიროვნებასთან საქმის გასარკვევად აპირებდა მისვლას.

ლი რედკლიფმა, რომელსაც „ლივერპულის“ ფეხბურთელთა მაისურებით მომარაგება ავალია, სასწრაფოდ გავარდა მოედნიდან, რათა უცნობი პიროვნება დაეჭირა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. უცხო პიროვნება ველოსიპედს მოაჯდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, თან გაჰყვიროდა:

„შენც მოგკლავ და შენს დამპალ შვილებსაც“.

ბექა დოგრაშვილი