ჯერარდი: “ასტონ ვილა” ევროთასებზე უნდა გავიდეს”

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი საკუთარ გუნდს მიზნად ევროთასებზე გასვლას უსახავს.

“სანამ აქ მუშაობას შევუდგებოდი, ყურადღებით ვაკვირდებოდი ევროთასებზე ისეთი გუნდების გამოსვლას, როგორებიცაა “ლესტრი” და “ვესტ ჰემი”.

ვფიქრობ, რომ ევროთასებზე “ასტონ ვილაც” უნდა გავიდეს, რათა სერიოზულად მიგვიღონ. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს შესრულებადი მიზანია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯერარდმა “ასტონ ვილა” 11 ნოემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი გამარჯვებით დაასრულა, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდა (“მანჩესტერ სიტისთან”). “ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე ჯერარდის დანიშვნის მომენტში გუნდს ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი ეკავა, ახლა კი მეათე პოზიციაზეა.

ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელია

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდი დაინიშნა. “სქაი სპორტსის” თანახმად, მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტი ამ დრომდე გლაზგოს “რეინჯერსში” მუშაობდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგო. “ასტონ ვილა” შოტლანდიური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

ჯერარდმა ინგლისური გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ასტონ ვილა” ინგლისურ ფეხბურთში მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა. “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდა, რაოდენ სერიოზული ამბიცია აქვს კლუბს და ჩვენ მის სისრულეში მოყვანას ვეცდებით.

მადლობას ვუხდი “რეინჯერსთან” დაკავშირებულ ყველა პირს, რადგან მათ მე ამ ლეგენდარულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მე გუნდს სარეკორდო 55-ე საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დავეხმარე. “რეინჯერსი” სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში. ფეხბურთელებს, პერსონალსა და ფანებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისის პრემიერლიგის 11 ტურის თავზე “ასტონ ვილას” ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

პრემიერლიგის დიდების დარბაზში ჯერარდი და ბექჰემი შეიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში “ლივერპულის” ყოფილი შუახაზელი სტივენ ჯერარდი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეიყვანეს.

ჯერარდი მერსისაიდული გუნდის ღირსებას 1998-დან 2015 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგაში 504 შეხვედრა ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა და 92 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის ექვსჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.

ბექჰემი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1994-დან 2003 წლამდე გამოდიოდა, რა პერიოდის განმავლობაშიც ინგლისის ჩემპიონატში 265 მატჩი გამართა, 62 ბურთი გაიტანა და 80 საგოლე პასი ჩაიწერა. მან “წითელ ეშმაკებთან” ერთად პრემიერლიგა ექვსჯერ მოიგო. ბექჰემი ერთხელ არის დასახელებული თვის მოთამაშედ.

პრემიერლიგის დიდების დარბაზი წელს დაფუძნდა და მასში მოხვედრის პატივი 2021 წელს რვა ფეხბურთელს ხვდა წილად:  ტიერი ანრიალან შირერიერიკ კანტონაროი კინი, დენის ბერგკამპი, ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექჰემი.

ჯერარდი: “ტორესმა გული მატკინა”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსს” წვრთნის, ის დრო გაიხსენა, როდესაც მერსისაიდულ გუნდში ფერნანდო ტორესთან ერთად თამაშობდა.

“ტორესთან ერთად საკმარისად დიდხანს არ მითამაშია, რადგან ის “ჩელსიში” გადავიდა და გული მატკინა. ლუის სუარესი ნამდვილი ცხოველი იყო, მაგრამ მე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტორესთან ერთად გავატარე.

მაშინ ბევრს ვშრომობდით, რათა კონკურენტებთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა და ბრძოლაში ვყოფილიყავით. ვგრძნობდით, რომ პროგრესი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დიდი ფეხბურთელი წაგვართვეს. ამ დანაკლისის ამოსავსებად დიდი დრო იყო საჭირო.

ტორესთან ერთად თამაშის პერიოდში ბევრი გოლი გამქონდა, კარიერის პიკზე ვიდექი, თავს საოცრად ვგრძნობდი. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს. ადამიანებს თავიანთი ოცნებები და სურვილები აქვთ, გუნდში ყველა ადგილობრივი ვერ იქნება და ყველას ასე ვერ ეყვარება კლუბი. მე ეს მესმის და მათ არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ თანაგუნდელის წასვლა მაინც გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ ტორესი და ჯერარდი “ენფილდზე” თანაგუნდელები 2007-დან 2011 წლამდე იყვნენ.

ჯერარდი “რეინჯერსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ თავად ინგლისელმა სპეციალისტმა თქვა.

“კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე ათი დღის წინ მომმართა. აქ ბედნიერი ვარ. გამარჯვება მწყურია და ენერგიით სავსე ვარ. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო დღეებია. საკმაოდ მარტივი საუბარი გვქონდა, რომელიც დადებითი შედეგით დასრულდა. უახლოეს მომავალში ოფიციალური მოლაპარაკება შედგება”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ბრიტანული მედიის თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდება.

სტივ ჯერარდის დამოძღვრილმა “რეინჯერსმა” შოტლანდიის პრემიერშიფის შარშანდელი სეზონის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც გუნდმა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ პირველად მოახერხა. “ჯერსს” მიმდინარე გათამაშებაში მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ “სელტიკს” ორი ქულით ჩამორჩება.

ჯერარდი შკრტელს “რეინჯერსში” ეპატიჟება

სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა კარიერა შესაძლოა, შოტლანდიაში, კერძოდ კი გლაზგოს “რეინჯერსში” გააგრძელოს, რომელსაც სათავეში სტივენ ჯერარდი უდგას.

როგორც მოგეხსენებათ, შკრტელი და ჯერარდი “ლივერპულში” შვიდი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. სლოვაკი მცველის გადაბირების ინიციატორი სწორედ ინგლისელი სპეციალისტი გახლავთ.

მხარეებმა მოლაპარაკების პირველი ეტაპი უკვე გამართეს.

შეგახსენებთ, რომ მარტინ შკრტელი დღესდღეობით თურქული “ფენერბაჰჩეს” ღირსებას იცავს. 34 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ჯერარდი: “რეინჯერსში” ბედნიერი ვარ და “ლივერპული” მენატრება”

გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ შოტლანდიურ გუნდში მუშაობით ბედნიერია და იქვე დაამატა, რომ “ლივერპული” ენატრება.

“როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ფული მნიშვნელოვანი არ არის. სამწვრთნელო საქმიანობის პირველი წელი მომეწონა და აქ მუშაობით ბედნიერი ვარ. ვცდილობ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანო. აქ ამბიციური და მწყურვალე მოვედი. მიღწეული პროგრესით ვამაყობ, თუმცა მესმის, რომ შეჩერება არ შეიძლება.

როდესაც “ლივერპული” დავტოვე, ჩემს ცხოვრებაში დიდი სიცარიელე გაჩნდა. გულწრფელად გეტყვით, ამ კლუბში თამაში მენატრება. ვერ გეტყვით, რამდენი გუნდის გაწვრთნა მსურს, თუმცა ერთ რამეს გადაჭრით ვამბობ – “რენჯერსში” ბედნიერი ვარ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “დეილი რეკორდი”.

გავრცელებული ინფორმაციით, სტივენ ჯერარდის კანდიდატურა “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებოდა, თუმცა ინგლისელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა.

ჯერარდი: “შოტლანდიური ფეხბურთი იმაზე უარესი გამოდგა, ვიდრე ვფიქრობდი”

გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა შოტლანდიურ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა და ის ღიად გააკრიტიკა.

“ცალკეული მატჩების ცქერით იმედგაცრუებული დავრჩი: სტადიონები ყოველთვის სავსე არ არის, ბურთი ხშირად ჰაერშია. სიმართლე რომ ვთქვა, შოტლანდიაში ფეხბურთის ხარისხია იმაზე უარესია, ვიდრე ვფიქრობდი.

შოტლანდიურ ფეხბურთს არ ვაკრიტიკებ, თუმცა ცარიელი ტრიბუნები ტელევიზიით ცუდი სანახავია. გარდა ამისა, არც ხელოვნური მოედნები მომწონს”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის სტივ ჯერარდი “რეინჯერსს” გასული წლის ზაფხულიდან თავკაცობს.

ჯერარდი: “ვერ ვიხსენებ, ვინ მოიგო 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა. ალბათ, 2005 წლის შემდეგ ისევ მთვრალი ვიყავი”

“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ვერ გაიხსენა, რომელი გუნდი გახდა 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

“ვერ ვიხსენებ, ვინ მოიგო 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა. ალბათ, 2005 წლის შემდეგ ისევ მთვრალი ვიყავი”, – იხუმრა ჯერარდმა სატელევიზიო გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის ფინალში “ლივერპულმა” “მილანი” პენალტების სერიაში დაამარცხა, მომდევნო წელს კი ტურნირის გამარჯვებული “ბარსელონა” გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლონდონის “არსენალს” მოუგო.

ჯერარდი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს

“ლივერპულისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

“ეს ერთგვარი ბონუსია ჩემთვის, როგორც სხვა პირადი მიღწევები. ეს არის კარიერის განმავლობაში გაწეული შრომის, დახარჯული დროისა და საქმის ერთგულებისთვის გადმოცემული ჯილდო.

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემი გმირების გვერდით აღმოვჩნდი და მათ შორის “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელებიც არიან – მაგალითად, კენი დალგლიში და იან რაში. თუ არ ვცდები, ამ სიაში მაიკლ ოუენიც არის.

თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე ამ დიდებას ვერ მივაღწევდი”, – ჯერარდის კომენტარი “ლივერპულის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯერარდის გარდა ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში გარი სპიდი, ბილი ბონდსი და ბობი უილსონი შეიყვანეს.

ლამპარდი და ჯერარდი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ქვეყნის რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დიდების დარბაზში შეყვანით დააფასებს.

ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში ლონდონის “ჩელსის” ყოფილ ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდსა და “ლივერპულის” ექსკაპიტან სტივენ ჯერარდს შეიყვანენ. საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

ლამპარდისა და ჯერარდის გარდა დიდების დარბაზში კიდევ შვიდ ფეხბურთელს შეიყვანენ: ჩარლი რობერტსი, გარი სპიდი, ბობ უილსონი, ბილი ბონდსი, კელი სმიტი, რეიჩელ იანკი და ალისტერ პატრიკ-ჰეზელტონი.

ჯერარდი ალონსოს: “იმ დღიდან მენატრები, რაც “ლივერპული” დატოვე”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს. ბასკი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, “ლივერპულის” ექსკაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოეხმაურა.

“ჩაბი, შენ სრულყოფილი ფეხბურთელი ხარ, უმაღლესი დონის მოთამაშე მოედანზე და ჯენტლმენი მოედანს მიღმა. ჩემთვის პატივი იყო შენ გვერდით თამაში და იმ დღიდან მენატრები, რაც “ლივერპული” დატოვე. გილოცავ დიდებულ კარიერას და სამომავლოდ შენ და შენს ოჯახს წარმატებას ვუსურვებ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჯერარდმა.