“ბაიერნის” მომავალ პრეზიდენტად ოლივერ კანის კანდიდატურა მოიაზრება

გერმანული პრესის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მეკარე ოლივერ კანი შესაძლოა, კლუბის პრეზიდენტი გახდეს. აღნიშნულ პოსტზე სწორედ კანი ითვლება მთავარ პრეტენდენტად.

“ბილდის” თანახმად, ოლივერ კანი “ბაიერნის” მოქმედი პრეზიდენტის, ული ჰიონესის ნდობით სარგებლობს და კლუბის ხელმძღვანელი საკუთარ მემკვიდრედ სწორედ მას მოიაზრებს. 66 წლის ჰიონესმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ორ-სამ წელიწადში პოსტს დატოვებს. არ არის გამორცხული, რომ კანი თავდაპირველად კლუბის სპორტული დირექტორი გახდეს, შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელის “ბაიერნის” გენერალურ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რომელსაც კონტრაქტი 2019 წელს ეწურება.

ოლივერ კანმა გვარდიოლა გააკრიტიკა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა კიპერმა და კაპიტანმა ოლივერ კანმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა. გერმანელის თქმით, გუნდის თავკაცმა დაცვაში თამაში ვერ დააწყო.

“ბაიერნში” გატარებული ორი წლის განმავლობაში გვარდიოლამ ვერ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა დაცვაში გადამწყვეტ შეხვედრებში.

ფილიპ ლამი “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში არიენ რობენის პოზიციაზე თამაშობდა. არ ვიცი, რამდენად ნორმალურია ეს. უნდა ვიკითხოთ, რამდენად მაღალი დონის მოთამაშეები არიან მეჰდი ბენატია და რაფინია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისგან ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემდეგ დანტეს ნდობის პრობლემა აქვს. ერთადერთი, ვისთანაც არანაირი პრეტენზია არ არსებობს, ჯერომ ბოატენგია”, – კანის კომენტარს Sport1 ციტირებს.

 

რაული: “ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. ლეგენდარულმა ესპანელმა ასეთ მოთამაშედ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნია.

“მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. გამიმართლა, რომ მოედანზე ზინედინ ზიდანს, რონალდოს, ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანუ რონალდუს შევხვდი, მაგრამ მესი ყველასგან განსხვავებულია…

მას ყველაფერი იოლად გამოსდის, შეუძლებელსაც კი უმარტივესად აკეთებს. როდესაც მის თამაშს უყურებ, გგონია, რომ ის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ფეხბურთს თამაშობს.

თუ ჩემი კარიერის ადრეულ წლებზე ვისაუბრებთ, მაშინ საუკეთესოებად რობერტო ბაჯოსა და რაიან გიგზს დავასახელებ.

საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, პაოლო მალდინია. ის ძლიერი და ელეგანტური მოთამაშე იყო. მახსოვს, როგორ მიჭირდა მის წინააღმდეგ თამაში. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მოედნის მიღმაც საოცარი პიროვნებაა. ის საფეხბურთო კერპია.

საუკეთესო მეკარედ კი ოლივერ კანს დავასახელებ. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” ყოველთვის რთული მატჩები გვქონდა”, – რაულის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ოლივერ კანის ფავორიტი მეკარე

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა კიპერმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერია. კანის თქმით, ნოიერმა საკმაოდ ადრეულ ასაკში წარმოაჩინა საკუთარი ნიჭი.

“მის ასაკში ასე კარგად ვერ ვთამაშობდი. მე ფორმის პიკს დაახლოებით 30 წლის ასაკში მივაღწიე. ნოიერმა საუკეთესო მეკარის წოდება გაცილებით ადრეულ ასაკში მოიპოვა. ის სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერად”, – ციტირებს კანის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.