პოლონელი ჟურნალისტი: “მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი მსაჯებთან კი არ შეიჭრა, პერესს ესაუბრებოდა”

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (4:2) შემდეგ გერმანული გუნდის ფეხბურთელებმა მსაჯთა მიმართ ბრაზი ღიად გამოხატეს. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, არტურო ვიდალი და ტიაგო ალკანტარა არბიტრებისთვის განკუთვნილ ოთახში შეიჭრნენ და მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ ინფორმაციას უარყოფს პოლონელი ჟურნალისტი მიხალ კოლოძიეიჩიკი, რომელიც ამბობს, რომ მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ესაუბრა.

“ბაიერნსა” და “რეალს” შორის გამართული მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი მსაჯებთან არ ყოფილა. ეს ამბავი ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოიგონეს. ლევანდოვსკი პერესს ესაუბრებოდა. ეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი საუბარი ყოფილიყო”, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლონელმა ჟურნალისტმა.

ლევანდოვსკი “რეალთან” მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა “ბაიერნში” დარჩენას ამჯობინებს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და მადრიდის “რეალი” შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. ამავე დროს, პოლონელი ფეხბურთელი პრიორიტეტულ ვარიანტად ბავარიულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას მიიჩნევს. ლევანდოვსკის კარლო ანჩელოტის თავკაცობით თამაში სურს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან ბავარიელებს სწორედ იტალიელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკისა და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2019 წლის 30 ივნისს გასდის.

 

ლევანდოვსკი: “რაში სჭირდება “ბაიერნს” ახალი თავდამსხმელი, როცა მე აქ ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი თვლის, რომ მისი გუნდი შეტევითი ხაზის გაძლიერება არ საჭიროებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავარიულმა კლუბმა შესაძლოა, კიდევ ერთი ფორვარდი დაიმატოს.

“რასი სჭირდება “ბაიერნს” ახალი თავდამსხმელი, როცა მე აქ ვარ. მზად ვარ, სეზონში 60 მატჩამდე ჩავატარო. ჩვენ შეტევით ხაზში სხვა უმაღლესი დონის მოთამაშეებიც გვყავს. არ მჭირდება კონკურენციის გაზრდა იმისთვის, რომ ვარჯიშებზე სრულად დავიხარჯო”, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს AFP.

 

ლევანდოვსკი “ბაიერნიდან” “რეალში”?

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა, მადრიდის “რეალში” აღმოჩნდეს. წყაროს თანახმად, თუ 27 წლის პოლონელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას მოისურვებს, კარიერის გაგრძელების ძირითად ალტერნატივად “რეალის” ვარიანტს განიხილავს.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში რობერტ ლევანდოვსკიმ 14 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე პოლონელმა ფეხბურთელმა ხუთ შეხვედრაში ხუთი ბურთი მიითვალა.

 

ლევანდოვსკის ფრისტაილი (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ფანები საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებით დაატკბო. ბავარიული კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პენტა-ტრიკის გამტანმა ფრისტაილის უნარები წარმოაჩინა.

 

რობენს ლევანდოვსკისთან კონფლიქტი აქვს და შესაძლოა, “ბაიერნი” დატოვოს

ბრიტანული გამოცემა “მირორი” წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა ამავე კლუბის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან არსებული კონფლიქტის გამო შესაძლოა, გუნდი დატოვოს. წყაროს ცნობით, პოლონელ ფორვარდს ჰოლანდიელ ფეხბურთელთან ერთად თამაში არ სურს, მიზეზად კი რობენის ზედმეტ ინდივიდუალიზმს ასახელებს. თავის მხრივ, ჰოლანდიელი გარემარბი ლევანდოვსკის გამო სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებს.

შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “მანჩესტერ იუნაიტედი” და მზად არის, 31 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პირადად არის დაინტერესებული რობენით, რომელსაც “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

 

ლევანდოვსკი: “კლოპისთვის პრემიერლიგა იდეალური არჩევანია”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

“კლოპი იდეალურად ერგება პრემიერლიგას. მას საკუთარი პოზიტიური აზროვნებით “ლივერპულში” ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
ვფიქრობ, მისი გუნდი ძალიან კარგად ათამაშდება და გაიმარჯვებს. პირადად მე კლოპს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. გუნდს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მან იცის, თუ როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს. “ლივერპული” და მთლიანად პრემიერლიგა მისთვის საუკეთესო არჩევანია”, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ლევანდოვსკი: “ეს სიგიჟეა”

გერმანიის ბუნდესლიგის VI ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” “ვოლფსბურგი” ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან ხუთი გოლი ცხრაწუთიან მონაკვეთში გავიდა და ხუთივე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რაც უნიკალური მიღწევაა. პოლონელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

“ეს სიგიჟეა. უბრალოდ ვარტყამდი და არ ვფიქრობდი, რა მოხდებოდა შემდეგ. წარმოუდგენელია. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ! დღეს არაჩვეულებრივი საღამო მქონდა”, – ლევანდოვსკის სიტყვები “დოიჩე ველემ” გამოაქვეყნა.

 

ლევანდოვსკიმ პურის მაღაზიაში წასასვლელად ვერტმფრენი დაიქირავა (ფოტოები)

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მაზაღიაში პურის საყიდლად მეუღლისთვის ვერტმფრენი დაიქირავა.

ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად პოლონეთის სოფელ სტანცლევოში ისვენებს, პურის უახლოესი მაღაზია კი 30 კილომეტრის მოშორებით არის.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის 10 საათით ქირაობა ხუთი ათასი ევრო ღირს. ლევანდოვსკის “ბაიერნში” ჯამაგირის სახით წელიწადში 12 მილიონი ევრო აქვს.

 

პოლონეთის წლის ფეხბურთელად ლევანდოვსკი დასახელდა

პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მიიღო.

“ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამით ვამაყობ! მადლობა ყველას”, – განუცხადა ლევანდოვსკიმ “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტს.

რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

 

ლევანდოვსკიმ გოლი სელფით აღნიშნა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის VII ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ” ჰანოვერი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ორ-ორი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ და არიენ რობენმა გაიტანეს. პოლონელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გატანილი ბურთი ორიგინალურად აღნიშნა.

გატანილი გოლის შემდეგ ლევანდოვსკიმ იმ ტრიბუნასთან მიირბინა, სადაც მისი მეუღლე იჯდა, ერთ-ერთ გულშემატკივარს მობილური ტელეფონი გამოართვა და ქომაგებთან და ცოლთან ერთად სელფი გადაიღო, შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური თავდამსხმელები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ ცენტრალურ თავდამსხმელთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული ცენტრალური ფორვარდები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
12. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) 86
11. ედინსონ კავანი (“პსჟ”) 86
10. კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) 87
9. კარიმ ბენზემა (“რეალი”) 87
8. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 87
7. რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) 88
6. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) 88
5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 88
4. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) 89
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) 90
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”) 90
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) 94