ვატცკე: “ლევანდოვსკისნაირი ფეხბურთელებისთვის ას მილიონსაც გადავიხდი”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვატცკე მზადაა, რობერტ ლევანდოვსკის დაბრუნებისთვის მიუნხენის “ბაიერნს” 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

“რობერტმა ფეხბურთის, ჩვენი ჩემპიონატისა და კლუბის შესახებ ყველაფერი იცის. მხოლოდ ასეთი ფეხბურთელების ნდობა შეიძლება. ასეთი ფეხბურთელებისთვის მზად ვარ, 100 მილიონი ევროც კი გადავიხადო.

დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელებს 50 მილიონად ვეღარ იყიდი, მათი ფასი 100 მილიონიდან იწყება.ჩვენც შეგვიძლია ამდენის გადახდა, თუ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიქნებით ფეხბურთელში.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, მირჩევნია თავად შევქმნათ ვარსკვლავები. “ბორუსია” ერთ-ერთ საუკეთესოა ამ საქმეში,” – დაამატა ვატცკემ.

შეგახსენებთ, რომ “ბავარიელთა” პოლონელი თავდამსხმელს ძალიან უნდა კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება.

ლევანდოვსკი კვლავ “რეალში” გადასვლაზე ოცნებობს

რობერტ ლევანდოვსკი კვლავ არ ეშვება მადრიდის “რეალში” გადაბარგებაზე ფიქრს, თვლის რა, რომ მისი “ბავარიული” კარიერა დასასრულს მიუახლოვდა და თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.

როგორც ცნობილი ხდება, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი უკვე იმყოფებოდა მადრიდში, სადაც “ბლანკოსის” ხელმძღვანელებს გაესაუბრა პოლონელი ფეხბურთლის ტრანსფერის შესახებ.

პრობლემას მიუნხენის “ბაიერნი” წარმოადგენს, რომელთანაც ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ამასთანავე მადრიდულ გრანდს არ სურს ურთიერთობა გაიფუჭოს გერმანელ მეგობრებთან.

“იუვენტუსმა” იგუაინის შემცვლელი უკვე იპოვა

ბოლო დროს ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გონსალო იგუაინის თამაშით და მზად არიან, არგენტინელ ფეხბურთელს წასვლის უფლება მისცენ, თუ რომელიმე კლუბისგან შესაფერის წინადადებას მიიღებენ.

იგუაინის შემცვლელად კი “ბებერი ქალბატონი” კლუბში რობერტ ლევანდოვსკის მიყვანას გეგმავს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ გერმანიის დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება სურს.

იგუაინის წასვლის შემთხვევაში, ტურინელები მზად არიან 29 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმეში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ “მანჩესტერ სიტის”, “პარი სენ-ჟერმენსა” და ლონდონის “ჩელსის”.

ლევანდოვსკი არჩევნის გაკეთებას “ჩელსისა” და “რეალს” შორის აპირებს

Bleacher Report-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რობერტ ლევანდოვსკის მკაცრად აქვს გადაწყვეტილი მიუნხენის “ბაიერნის” დატოვება და ამის შესახებ უკვე განუცხადა კლუბის ხელმძღვანელობას.

ბრიტანული პრესის ცნობით, პოლონელ ვარსკვლავს თავისი შესაძლებლობების გამოცდა ახალ ასპარეზზე სურს. მისდამი ინტერესს კი მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში შეიცვალა აგენტი და სავარაუდოდ, ეს მისი სატრანსფერო გეგმების გავლენით უნდა მომხდარიყო.

“რეალი” ლევანდოვსკის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზაფხულში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ. პირველ რიგში, “ბლანკოსი” გუნდში კარიმ ბენზემას შეცვლის მიზნით რობერტ ლევანდოვსკის მოყვანას აპირებს.

როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნი” საკმაოდ აქტიურად ცდილობს პოლონელი შემტევის შენარჩუნებას. ბოლო ცნობების თანახმად, “რეალი” 150 მილიონის გადახდაზეც თანახმაა, აგრეთვე განიხილება ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვის ვარიანტიც.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი “ბაიერნში” ორი სეზონით არის განათხოვრებული და ეს გერმანელებს 13 მილიონი ევრო დაუჯდათ. შეთანხმების თანახმად ხამესის გამოსყიდისთვის 42 მილიონია საჭირო.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ აგენტი შეიცვალა, რაც, შესაძლოა, სწორედ “რეალის” ზეგავლენის შედეგი უნდა იყოს.

ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ლევანდოვსკიმ აგენტი დაითხოვა

მატეუშ ბორეკი, პოლონური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამშუქებელი, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომლის თანახმადაც, ლევანდოვსკიმ თავისი აგენტი დაითხოვა.

როგორც ცნობილი ხდება, 29 წლის პოლონელ თავდამსხმელსა და ცეზარ კუხარსხკისთან არსებულ 10-წლიან თანამშრომლობას წერტილი “ბაიერნის” ფეხბურთელმა დაუსვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იზრუნებს ლევანდოვსკის კარიერაზე მომავალ წლებში.

შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ პოლონელ ვარსკვლავს საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. არაა გამორიცხული, ლევანდოვსკის ამ ნაბიჯის უკან სწორედ მადრიდელთა სურვილი იდგეს.

“რეალი” ზაფხულში ახალი შემტევი ტრიოს შექმნას გეგმავს

მადრიდის “რეალი” ახალი შემტევი ტრიოს შექმნისთვის ემზადება – ფლორეტნინო პერესი არც თუ ისე მომთმენი აღმოჩნდა და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე აპირებს გუნდში ძირეული ცვლილებების მოხდენას.

Marca-ს მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ახალი “გალაქტიკოს” ლიდერი ნეიმარ ჟუნიორი იქნება, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს. მის გვერდით კი ისეთი ფეხბურთელები შემოიკრიბებიან, როგორებიც არიან ედენ აზარი და რობერტ ლევანდოვსკი.

ბუნებრივია, ეს ტრანსფერები დიდ დანახარჯებს მოითხოვს და მადრიდელები ამისთვისაც მზად არიან: მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის 500 მილიონი ევროა გამოყოფილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სრულ ნდობას უცხადებს ზინედინ ზიდანს.

ლევანდოვსკი:”ბაიერნს” ახალგაზრდა თავდამსხმელი სჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი თვლის, რომ ყველასათვის უკეთესი იქნება, თუ “რეკორდმაისტერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალგაზრდა თავდამსხმელის დამატებას შეძლებს.

“ვფიქრობ, “ბაიერნს” ახალგაზრდა და “მშიერი” თავდამსხმელი სჭირდება, რომელიც ჩემგან სწავლას შეძლებს და საჭირო მომენტში ჩემს შეცვლასაც მოახერხებს. ზოგიერთ მატჩში 15-20 წუთით ადრე შეცვლაზე უარს არ ვიტყვი.

თუ კლუბი ამას გაითვალისწინებს, ეს ყველასათვის უკეთესი იქნება – მე უფრო მეტი ძალა მექნება მნიშვნელოვან მატჩებში სათამაშოდ, კლუბი კი დაზღვეული იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ ტრავმას მივიღებ,” – აცხადებს რობერტ ლევანდოვსკი.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ პოლონელი შემტევი წელსაც არ კარგავს ფორმას და ბუნდესლიგის 11 მატჩში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი.

ლევანდოვსკი “რეალში” 2018 წელს გადავა

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელ თავდამსხმელს, ახალი თავგადასავლები სწყურია. ესპანური As ირწმუნება, რომ “ბავარიელთა” შეტევის ლიდერი კარიერის გაგრძელებას მადრიდის “რეალში” აპირებს.

როგორც ცნობილი ხდება, ამ საკითხთან დაკავშირებით ლევანდოვსკი უკვე გაესაუბრა თავის აგენტს და მას მადრიდულ გრანდთან მოლაპარაკებების წამოწყება სთხოვა.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე კონტრაქტი ლევანდოვსკის “ბაიერნთან” 2021 წლამდე აკავშირებს. კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით კი აღნიშნულ ხელშეკრულებაში ლევანდოვსკის გაშვების პუნქტი სულაც არ არის შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს პოლონელმა თავდამსხმელმა უკმაყოფილება გამოთქვა თანაგუნდელების მიმართ, რომლებიც მას გოლების დაგროვებაში სათანადოდ არ ეხმარებოდნენ.

ანჩელოტი: “სრულყოფილ სამყაროში აგენტები არ ლაპარაკობენ”

კარლო ანჩელოტი “ბაიერნის” პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ლევანდოვსკი ბავარიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და თანაგუნდელების ქმედებებით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურამდე ყველაზე მეტი გოლი სწორედ ლევანდოვსკის ჰქონდა გატანილი, ობამეიანგი კი მას ერთი გოლით ჩამორჩებოდა. ბოლო ტურში გაბონელმა ორი გოლი გაიტანა, პოლონელმა კი ვერცერთი და პრიზი სწორედ “ბორუსიას” შემტევს დარჩა. ამ ყველაფერს ის, აგენტის თქმით, თავის თანაგუნდელებს აბრალებს და კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

“ლევანდოვსკის ჩემთან მსგავს რამეზე არასდროს უსაუბრია. სეზონის ბოლოს, მასთან მივედი და წარმატებული თამაში მივულოცე, მისი ასპარეზობით უზომოდ კმაყოფილი ვიყავი.

როგორც ყოველთვის, არიან აგენტები, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ – არ ვიცი, რატომ. პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც ისინი გაზეთებს რაღაც გაურკვეველი მიზეზისთვის იყენებენ. სრულყოფილ სამყაროში კი აგენტები საერთოდ არ ლაპარაკობენ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ლევანდოვსკის აგენტი: “ბაიერნის” ფეხბურთელებმა რობერტს იმედები გაუცრუეს”

“ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვკის აგენტმა აღიარა, რომ მისი კლიენტი ძლიერ იმედგაცრუებას გრძნობდა, როდესაც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მის ნაცვლად პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადასცეს.

“რობერტმა მითხრა, რომ ჩემპიონატის ბოლო მატჩში გუნდისგან მხარდაჭერას საერთოდ ვერ გრძნობდა.

ის ძალიან იმედგაცრუებული იყო, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი რომ ვერ მოიპოვა, ასეთი იმედგაცრუება მასში არასდროს შემიმჩნევია.

მას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ კლუბი დაეხმარებოდა. ახლა ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმ დროს, ეს ასე არ იყო,” – აცხადებს პოლონელი ფეხბურთელის აგენტი.

ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა წლის საუკეთესო მოთამაშე და მეკარე დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ ბუნდესლიგაში მოთამასე ფეხბურთელების მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული.

Kicker-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 248 პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო.

რობერტ ლევანდოვსკიმ ხმების 25 პროცენტი დააგროვა, “ლაიფციგის” ნაბი კეიტამ კი 15,7 პროცენტი და მეორე ადგილზე გავიდა. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა – 10,5 პროცენტი.

წლის საუკეთესო მეკარედ კი “რეკორდმაისტერის” გერმანელი მეკარე, მანუელ ნოიერი დასახელდა. 31 წლის მეკარემ ტიმ ჰორნსა (“კიოლნი”) და რუნ იარსტეინს (“ჰერტა”) აჯობა.