ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მიერ მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, 27 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი 2018/19 წლების სეზონსაც “ბავარიასი” გაატარებს ორწლიანი არენდის წესით, რის შემდეგაც “ბაიერნს” მისი გამოსყდვა 46 მილიონად შეეძლება.

“ადვილი შესაძლებელია, აქ 2019 წლის ემდეგაც დავრჩე. ამ მომენტში მხოლოდ “ბაიერნზე” ვფიქრობ,” – აცხადებს როდრიგესი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ძალიან ბევრს იწერებოდნენ ხამესის დაბრუნების ვარიანტზე, თუმცაღა ამ უკანასკნელმა ყველაფერი უარყო.

ხამეს როდრიგესის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა, თავის ყოფილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ მსაჯებმა “რეალის” სასარგებლოდ იმოქმედეს.

“გოლი არ აღვნიშნე, რადგანაც იმ გუნდს გავუტანე, სადაც სამი ბედნიერი წელი გავატარე. მათი ფინალში გასვლა მახარებს, რადგანაც ვიცი, რომ გუნდში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, რომელიც ამას იმსახურებს.

რასაკვირველია, ვგრძნობ იმედგაცრუებასა და ტკივილსაც, რადგანაც ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვესაც ვიმსახურებდით.

რაც შეეხება ულრაიხის შეცდომას, მსგავსი რამ ნებისმიერს შეუძლია მოუვიდეს. ჩვენ მის გვერდით ვართ. ვფიქრობთ, რომ მსაჯების გადაწყვეტილებებმა დიდი ზიანი მოგვაყენა. მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებთ,” – აცხადებს კოლუმბიელი ფეხბურთელი.

ხამეს როდრიგესმა “ბაიერნი” – “რეალის” დაპირისპირებაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ ჯახზე იაუბრა “ბლანკოსის” საკუთრებაში მყოფმა ხამეს როდრიგესმა, რომელიც ახლა “ბაიერნში” იჯარით (ორწლიანით) თამაშობს.

“ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს ისე, როგორც – რევანშს. ეს უბრალოდ ორი ახალი მატჩია, რომელიც შესანიშნავ შანსს წარმოადგენს, რათა ფინალში გავიდეთ. “რეალს” ვეთამაშებთ და საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ. სხვაგვარად, ასეთი დონის გუნდთან წარმატებულად ვერ ვიასპარეზებთ.”

“ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ორივე თამაშში მაქსიმალურად ვეცადოთ, გამოვიყენოთ შანსები. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, რადგან ესპანური გუნდი ყოველ წელს ამ ტიტულისთვის იბრძვის, ისინი ისტორიას წერენ და იციან, როგორ უნდა მოიგონ ჩემპიონთა ლიგა,” – ამბობს ხამესი.

რუმენიგემ ხამეს როდრიგესის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან ხამეს როდრიგესის მომავალზე ისაუბრა, რომელიც “ალიანც არენაზე” იჯარის წესით ასპარეზობს.

“გუნდში ხამესის მოყვანა კარლო ანჩელოტის იდეა იყო და მე ეს ძალიან სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ჩვენმა კლუბმა ხამესი უკეთეს მოთამაშედ ჩამოაყალიბა, რაშიც დიდი წვლილი იუპ ჰაინკესსაც მიუძღვის.

ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა. ტექნიკურად ძალიან ძლიერია და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ჩვენ ის ნამდვილ პლეიმეიკერად ვაქციეთ და მისი თამაშით უდიდეს სარგებელს ვიღებთ.

ხამესი “ბაიერნში” არენდით არის, ორი წლის შემდეგ კი მისი გამოსყიდვის უფლება გვექნება (42 მილიონ ევროდ). მაგრამ ხამესის მომავალი 2018 წელს არ გადაწყდება, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ საკითხზე დასაფიქრებლად,” – აცხადებს რუმენიგე.

“რეალი” ლევანდოვსკის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზაფხულში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ. პირველ რიგში, “ბლანკოსი” გუნდში კარიმ ბენზემას შეცვლის მიზნით რობერტ ლევანდოვსკის მოყვანას აპირებს.

როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნი” საკმაოდ აქტიურად ცდილობს პოლონელი შემტევის შენარჩუნებას. ბოლო ცნობების თანახმად, “რეალი” 150 მილიონის გადახდაზეც თანახმაა, აგრეთვე განიხილება ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვის ვარიანტიც.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი “ბაიერნში” ორი სეზონით არის განათხოვრებული და ეს გერმანელებს 13 მილიონი ევრო დაუჯდათ. შეთანხმების თანახმად ხამესის გამოსყიდისთვის 42 მილიონია საჭირო.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ აგენტი შეიცვალა, რაც, შესაძლოა, სწორედ “რეალის” ზეგავლენის შედეგი უნდა იყოს.

“ბაიერნი” ხამეს როდრიგესის გამოსყიდვას გეგმავს

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, რომელიც ამ დროისთვის მიუნხენის “ბაიერნშია” განათხოვრებული, დიდი ალბათობით “რეალში” აღარ დაბრუნდება.

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელები მზად არიან “მადრიდელებს” 42 მილიონი ევრო გადაურიცხონ.

როგორც იცით, 26 წლის ხამეს როდრიგესი საკმაოდ კარგად მოერგო “ბავარიელთა” სათამაშო სქემას და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. “ბაიერნმა” “რეალს” ხამესის ორწლიან არენდაში უკვე გადაუხადა 13 მილიონი ევრო.

ჰაინკესი: “ხამეს როდრიგესი “ბაიერნისთვის” უფლის საჩუქარია”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა მადრიდის “რეალისგან” არენდის წესით აყვანილ ხამეს როდრიგესზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს “რეკორდმაისტერის” ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად იქცა.

“ამჟამინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ხამეს როდრიგესი ნამდვილი უფლის საჩუქარია “ბაიერნისთვის”. არასოდეს არის ადვილი ახალ ქვეყანასა და კულტურასთან შეგუება. აქ სულ სხვა მენტალიტეტია, რომელიც მან საკმაოდ მოკლე პერიოდში გაითავისა.

ყველასათვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ ხამესი “რეალში” თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობდა – ძალიან მცირე სათამაშო დროს იღებდა. ასეთი დონის ფეხბურთელი გაცილებით მეტს იმსახურებს.

ხამესის თვისებები დიდ სიმპატიას აღმიძრავს მისდამი, ის მშვენივრად მოქმედებს, ურთიერთობს და რაც მთავარია, ხალისიან აურას ატარებს. მისმა ტრანსფერმა მიუნხენში სიხარული მოიტანა,” – აცხადებს ჰაინკესი.

ხამესი: “ბაიერნი” “რეალის” დონის კლუბია – მე აქ დარჩენა მსურს!”

ხამეს როდრიგესი მიუნხენის “ბაიერნში” გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. კოლუმბიელს გერმანულ გრანდში გაცილებით მეტი დრო მიეცა, რაც მის სათამაშო ფორმას და შედეგიანობასაც შეეტყო.

ხამესმა ბავარიულ კარიერაზე ისაუბრა.

“აქ თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი მაკმაყოფილებს და მაბედნიერებს. სწორედ ამიტომ, “ბაიერნში” დარჩენა მსურს. მინდა, აქ დიდ ხანს ვითამაშო. კლუბი იმავე დონეზეა, რომელზეც მადრიდის “რეალი” იმყოფება. ის უმაღლესი კვალიფიკაციისაა. “ბაიერნი” ტიტულების მოპოვებისა და შემდეგ მათი დაცვისთვის ყოველ წელს იბრძვის.”

“მიუნხენი მომწონს. ეს ცოტათი ცივი ადგილია, თუმცა მას კარგად ვეგუები. კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი ცხოვრებით. მიუნხენი ულამაზესი ქალაქია,” – აცხადებს კოლუმბიელი.

ჰაინკესი: “ხამეს როდრიგესი ძალიან რთულ სიტუაციაშია”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა პრესასთან “ბავარიელთა” კოლუმბიელ შემტევზე, ხამეს როდრიგესზე ისაუბრა, რომელიც ორი წლითაა გერმანიაში განათხოვრებული.

“ხამეს როდრიგესი გერმანულად ვერ ლაპარაკობს. გერმანული ფეხბურთი კი ძალიან განსხვავდება სამხრეთ ამერიკულისაგან. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ძალიან რთული სიტუაციაა.

თუმცა, ხამესმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩემი დახმარების იმედი ჰქონდეს. მე ძალიან მიყვარს ნიჭიერი ფეხბურთელები, მასში კი ძალიან დიდ ნიჭს ვხედავ.

მართალია, “რეალში” მისი თამაშები მინახავს, პირადად არ ვიცნობ. როდესაც სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნდებიან, ყველას გავესაუბრები და რჩევებსაც მივცემ,” – აცხადებს ჰაინკესი.

ანჩელოტი: “ხამესი ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ იმყოფება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “შალკესთან” მოგებული მატჩის შემდეგ გუნდის ახალწვეულის, ხამეს როდრიგესის მდგომარეობა შეაფასა, რომელმაც ამ მატჩში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო.

“მან ყველაფერი კარგად გააკეთა, მშვენიერი თამაში ჰქონდა. რაც მთავარია, ის გუნდისთვის თამაშობდა, სხვა ფეხბურთელების მხარდამხარ იბრძოდა და კომბინაციებშიც იღებდა მონაწილეობას.

თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ხამესი 100 პროცენტით მზად ჯერაც არ არის. ბევრი უნდა ივარჯიშოს, რათა საუკეთესო ფორმაში ჩადგეს. თუმცა ის, რასაც ხამესი დღეს გვთავაზობს, სრულიად მაკმაყოფილებს.

რაც შეეხება ზოგადად თამაშს, პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლეს დონეზე ვთამაშობდით, გუნდი ორგანიზებულობას ამჟღავნებდა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

პრესაში ხამეს როდრიგესის კონტრაქტის აქამდე უცნობმა დეტალებმა გაჟონა

Football Leaks ხამეს როდრიგესის კონტრაქტის ზუსტ დეტალებს ავრცელებს. როგორც იცით, კოლუმბიელი შემტევი “რეალმა” “ბაიერნში” ორი წლით გაანათხოვრა.

კოლუმბიელი ათიანი ბავარიული გრანდისგან ხელფასის სახით 6.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში, საერთო ჯამში კი “რეკორდმაისტერი” მას 13 მილიონს გადაურიცხავს საბანკო ანგარიშზე ყველანაირი გადასახადების გარეშე.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ხამესი სადებიუტო სეზონში 12 გოლის გატანას შეძლებს, მისი ანგარიშის 250 000 ევროთი გაიზრდება, თუ 20-ჯერ დალაშქრავს მეტოქის კარს, მის ხაზინას კიდევ 250 000 დაემატება.

2019 წლის ივნისის თვეში კი გერმანულ გრანდს “რეალისგან” კოლუმბიელ ფეხბურთელზე ყველანაირი უფლების გამოსყიდვის შანსი მიეცემა, რისთვისაც 42 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ხამესი “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნებას არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი, ხამეს როდრიგესი, რომელიც მიუნხენის “ბაიერნშია” განათხოვრებული, არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს უკან, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნდეს.

“გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მე კი სასტარტოში ჩემი ადგილი მოსაპოვებლად მინდა ვიბრძოლო. ორივე ფლანგზე შემიძლია თამაში, ისევე როგორც ფლეიმეიკერის პოზიციაზე. ყველგან ვითამაშებს, სადაც საჭირო იქნება.

ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია, ყველაფერი ახალია. მიუნხენი ულამაზესი ქალაქია, მაქსიმალურად ვეცდები გერმანულ ენას დავეუფლო.

“რეალი”? კარი კვლავ ღიაა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ იმ ორ წელიწადზე ვფიქრობ, რომელიც ბავარიაში უნდა გავატარო. ამის შემდეგ კი დავფიქრდები და საუკეთესო ვარიანტს ავირჩევ,” – აცხადებს კოლუმბიელი ფეხბურთელი.