ანჩელოტი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ: “მირჩევნია, ახლა შევრცხვეთ”

“ლივერპულთან” ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში განცდილი გამანადგურებელი მარცხის (5-0) შემდეგ, “ნაპოლის” ახალმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესასთან ისაუბრა.

“ასეთი შედეგები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ საჭიროცაა. წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ გვჯერა და ენთუზიაზმით ვართ აღსავსენი.

გვინდოდა გახსნილი თამაში გვეჩვენებინა. ბევრ სირთულეს წავაწყდით, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც ბურთი ჩვენს საჯარიმოსთან დავკარგეთ, მაგრამ ვცდილობდით მალევე გადაგვეჭრა პრობელემები.

ბუნებრივია, ყველაფერს დრო სჭირდება. მჯერა რომ რაღაც კარგად გავაკეთეთ. 2-0-ის შემდეგ, თამაში უფრო დაბალანსებული გახდა და რამდენიმე კარგი შანსიც გვქონდა.შეგვეძლო დაცვაში ჩავმჯდარიყავით, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი.

არ გვჭირდებოდა დაცვიდან თამაში. “ლივერპულის” დონის გუნდებთან თამაში ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, თუნდაც ეს შერცხვენადაც დაგვიჯდეს. მირჩევნია ახლა შევრცხვეთ, ვიდრე სეზონის დაწყების შემდეგ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ჰამშიკი მომავალზე საუბრისას: “ანჩელოტის ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს”

“ნაპოლიდან” მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, მარეკ ჰამშიკი საკმაოდ აქტიურად ფიქრობდა კლუბის დატოვებაზე. კარლო ანჩელოტის მოსვლამ კი, ჰამშიკი დარჩენაში დაარწმუნა.

“ჩემი ოცნება კვლავაც იგივეა – მინდა “ნაპოლისთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გავხდე. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, მინდა “ნეაპოლიტანელებს” ოცნება რეალურად ვუქციო.

გასულ სეზონში “იუვენტუსის” შეჩერება ვერ შევძელით. ანჩელოტისთან ერთად, ახლა, უფრო ძლიერები ვართ. ის დიდებული სპეციალისტია და მისი დანიშვნა ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო კლუბის მხრიდან. ეს ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემი მომავლისთვის.

მე რომ “ნაპოლი” მიყვარს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კლუბის დატოვება რომ მომიხდეს, სხვა იტალიურ კლუბში არავითარ შემთხვევაში არ გადავალ. სავარაუდოდ, ევროპულ კლუბში არც გადავიდოდი, რადგანაც არ შემიძლია, ჩემს ხალხს ვუღალატო,” – აცხადებს ჰამშიკი.

ლაურენტისი: “როცა კარლოს ფეხბურთელების ყიდვაზე უარი ვუთხარი, კონტესგან განსხვავებით, გამიგო”

“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, კლუბის შიდა სამზარეულოზე ღიად ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არჩია ანტონიო კონტეს კარლო ანჩელოტი.

“იმედი მაქვს, ანჩელოტი ჩვენთან კიდევ ათი წლის განმავლობაში დარჩება, მაგრამ მე ყოველთვის იმაზე უნდა ვიფიქრო, თუ რა არის კლუბისთვის უკეთესი.

ყოველთვის ვცდილობ, ობიექტური გადაწყვეტილებები მივიღო და გრძნობებს არ დავეყრდნო. ნუ ღელავთ, კარლოსთან ერთად ყველაფერი კარგად იქნება.

როდესაც მან კონკრეტული ფეხბურთელების შეძენა მთხოვა და უარი ვუთხარი, გამიგო და ისე არ დაუჟინებია, როგორც კონტეს. ანჩელოტი აქ იმიტომ მოვიდა, რომ კლუბი, გუნდი მოსწონს. ის “ნაპოლის” გამოყენებას არ ცდილობს, ამაში დარწმუნებული ვარ,” – აცხადებს ლაურენტისი.

დიეგო კოშტა ანჩელოტის შეხვდა და “ნაპოლის” მაისურთან ფოტოც გადაიღო (ვიდეო)

“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ხუთშაბათს მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელს, დიეგო კოშტას შეხვდა.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, კოშტა და ანჩელოტი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ ლონდონურ რესტორან Babbo-ში, სადაც იტალიელი სპეციალისტი აგენტ კია ჯურაბჩიანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

სარი გაბრაზებულია: “ნაპოლისგან” ამას არ ვიმსახურებდი”

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მაურისიო სარი უკმაყოფილოა “ნეაპოლიტანელთა” ქმედებებით. როგორც იცით, მაურისიო სარის კლუბიდან მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გაუშვეს, მისი ადგილი კი კარლო ანჩელოტიმ დაიკავა.

“კლუბისგან ასე გაშვებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი, ეს ამბავი ტელევიზორის მეშვეობით გავიგე. ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეზე მომიწია თვალის დახუჭვა” – ციტირებს სარის სიტყვებს Il Mattino.

მართალია, “პარტენოპეიში” გატარებული სამი წლის მანძილზე სარიმ ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ მისი თაოსნობით “ნაპოლი” სკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა და ორჯერ სერია ა-ში მოპოვებულ ქულათა რეკორდიც დაამხო (ბოლო სეზონში 91 დააგროვა).

ანჩელოტი “ნაპოლიში” “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელის მიყვანას აპირებს

“ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. ნეაპოლიტანელებმა კლუბში უკვე მოიწვიეს ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი, რომელმაც პირველ რიგში თვალი არტურო ვიდალს დაადგა.

როგორც ცნობილი ხდება, “რეალის”, “მილანის,” პსჟ-ს”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” ყოფილი თავკაცი აქცენტს მებრძოლ ფეხბურთელებზე აკეთებს. საბრძოლო სულისკვეთება ჩილელ ფეხბურთელს ნამდვილად არ აკლია.

დღეს არტურო ვიდალს 31 წელი უსრულდება. მასსა და “რეკორდმაისტერს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ივნისის თვეში ეწურება. ვიდალი “ბავარიას” 2015 წელს შეუერთდა 37.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასც, რომ მარეკ ჰამშიკი საკმაოდ სერიოზულად ფიქრობს იტალიის დატოვებასა და კარიერის ჩინურ კლუბში გაგრძელებაზე.

“არსენალის” ხელმძღვანელებს კარლო ანჩელოტისთვის სურთ გუნდის ჩაბარება

ლონდონის “არსენალმა” ახლახან გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, კლუბს 22-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ არსენ ვენგერი ტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს “მეთოფეებს” მომავალ სეზონში.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, Le Parisien, ირწმუნება, რომ ინგლისელები პრიორიტეტულ ვარიანტად კარლო ანჩელოტის მიიჩნევენ, რომელიც საკმაოდ კარგა ხანია, რაც უსაქმოდა არის.

გეტყვით იმასაც, რომ 58 წლის სპეციალისტს ბოლო დროს ლონდონის “ჩელსის” ჩაბარებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, სადაც ის 2010 წელს მუშაობდა, როდესაც “არისტოკრატებმა” “ოქროს დუბლი” გაიფორმეს – მოიგეს რა ჩემპიონატი ინგლისის თასთან ერთად.

“იუვენტუსი” ზაფხულში კარლო ანჩელოტის მოწვევის ვარიანტს განიხილავს

უცხოურ პრესის ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლებიც ირწმუნებიან, რომ მასიმილიანო ალეგრიმ “იუვენტუსში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ახლა ძალების გამოცდას პრემიერ ლიგაში, კერძოდი კი ლონდონის “ჩელსიში” აპირებს.

შესაბამისად, “ბებერმა ქალბატონმაც” დაიწყო თავის ახალ დამრიგებელზე ფიქრი. ბოლო ცნობების მიხედვით, ტურინში უნდათ, რომ კლუბი იტალიელ სპეციალისტს ჩააბარონ, რომელიც ბოლომდე დაიცავს “ბიანკონერის” ღირებულებებს.

ამ დროისთვის იტალიის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები მხოლოდ კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც გასული წლის სექტემბრის თვიდან უმუშევარია. ბოლოს ის მიუნხენის “ბაიერნს” წვრთნიდა.

ფეხბურთის იტალიელი ექსპერტის, ლუკა მომბლანოს თქმით, 50 წლის ალეგრიმ უკვე აცნობა ფეხბურთელებს იტალიის დატოვების სურვილის შესახებ.

ხორვატიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე კარლო ანჩელოტი წარუძღვება?

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში თანახმანი არიან, ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები კარლო ანჩელოტის ჩააბარონ, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” დატოვების შემდეგ უკლუბოდ არის.

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მის დასრულებამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მოლაპარაკებებში მონაწილეობას ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩიც იღებს, რომელსაც იტალიელ სპეციალისტთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მხოლოდ კონტრაქტის ვადა დარჩა შესათანხმებელი. ხორვატებს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ, ანჩელოტის კი 2017 წლის დეკემბრის თვეში სურს ნაკრების ჩაბარება, 2018 წლის ივლისში კი გუნდიდან წასვლა.

ანჩელოტი: “ახალ კლუბზე ფიქრს ზაფხულიდან დავიწყებ”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიუნხენის “ბაიერნიდან” გაანთავისუფლეს, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ახლა საკმაოდ დიდი დრო მაქვს ფეხბურთის საყურებლად და მინდა ამით სიამოვნება მივიღო. ბუნებრივია, სამომავლო ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ არა ახლა.

ჩემსა და “ბაიერნს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, ამის შემდეგ კი ახალ წინადადებებს დიდი ყურადღებით მოვუსმენ.

მინდა, სერიოზული პროექტის ნაწილი ვიყო, სადაც დრო და მართვის სადავეები მექნება. თუნდაც რთული სამუშაო იყოს, ახლა ასეთი გამოწვევა მჭირდება,” – აცხადებს “ჩელსის, “რეალის”, “პსჟ-სა” და “ბაიერნის” ექს-თავკაცი.

ჰუმელსი: “ანჩელოტის წინააღმდეგ არ წავსულვარ”

მატს ჰუმელსი, რომელსაც გერმანულმა პრესამ კარლო ანჩელოტის ურჩობა დააბრალა, ყველანაირი ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ის იტალიელი სპეციალისტის წინააღმდეგ არ წასულა.

“არავისთან მითქვამს, რომ მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი, ან იმით, რომ პარიზში თამაშის უფლება არ მომეცა,” – აცხადებს ჰუმელსი Bild-თან საუბრისას.

“პრესაში ხუთი ფეხბურთელი იქნა დასახელებული, მათ შორის მეც. დანარჩენ ოთხზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე მსგავსი არაფერი გამომიხატავს, არც ის, რომ თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი.

მე “მეფის შემრაცხავი” არ ვარ. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა, ან დაწერა მსგავსი რამ, მაგრამ მე მის წინააღმდეგ არ წავსულვარ,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

“ბაიერნის” ფეხბურთელები ანჩელოტის ზურგს უკან ვარჯიშობდნენ

კარლო ანჩელოტისა და მიუნხენის გზები უკვე ოფიციალურად გაიყარა და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო დეტალი ვლინდება იტალიელ სპეციალისტსა და ფეხბურთელებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ კარლო ანჩელოტის მეთოდებით. “პაპა კარლოს” განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა შემდეგ “ბავარიელებთან” ჰქონდა: ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და ტომას მიულერი).

როგორც სჩანს, ამ ფეხბურთელთაგან ანჩელოტისთან ყველაზე რთული ურთიერთობა არიენ რობენს ჰქონდა, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა მას. ჰოლანდიელი ფეხბურთელის თქმით, ანჩელოტის ფეხბურთელებისგან დაახლოებით იმდენს ითხოვდა, რამდენსაც თავის შვილს სკოლაში სთხოვენ.

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ფეხბურთელები კარს უკან, კარლო ანჩელოტის დახმარების გარეშე ცდილობდნენ ვარჯიშს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი, Bild-იც ადასტურებს.